
იმპრესიონიზმის გარიჟრაჟი
კლოდ მონეს ტილომ სახელად „შთაბეჭდილება“ (Impression) ახალ მიმდინარეობას ჩაუყარა საფუძველი!
13/11/1872 წ., დილის 7:35 წუთზე ხელოვნების სამყარო სამუდამოდ შეიცვალა – ზუსტად ამ დროს, ჰავრში (საფრანგეთი), მხატვარმა სასტუმროს ოთახიდან გაიხედა და ხატვა დაიწყო. კლოდ მონეს ტილომ სახელად „შთაბეჭდილება“ (Impression) ახალ მიმდინარეობას ჩაუყარა საფუძველი!
საიდან ასეთი სიზუსტე? ხელოვნებათმცოდნე ჟერალდინ ლეფევრმა და მარმოტან-მონეს მუზეუმის თანამშრომელმა მარიან მატიომ ტეხასის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასტროფიზიკოს დონალდ ოლსონს მიმართეს. ოლსონმა ჯერ რუკებით და ფოტოებით მონეს სასტუმროს მდებარეობა განსაზღვრა. შემდეგ, მზისა და მთვარის ასტრონომიული მონაცემებით დაადგინა მოქცევა, თვე და საათი. ნახატზე დანახულმა კვამლმა კი ქარის მიმართულება (აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ) უჩვენა. ამინდის არქივმა ქარის მიმართულებით დღე განსაზღვრა. მონეს მიწერილმა რიცხვმა „72“ წერტილი დაუსვა შედევრის შექმნის ზუსტი დროის გამოძიებას.