ინდოეთის ენერგოგამოწვევა
შეძლებს ეს ქვეყანა მზარდი საშუალო ფენის მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებას და, ამავე დროს, ნახშირბადის ემისიათა შემცირებას? ჩვენი პლანეტის მომავალი, გარკვეულწილად, ამ კითხვაზეა დამოკიდებული.


ინდოეთის ენერგოგამოწვევა
შეძლებს ეს ქვეყანა მზარდი საშუალო ფენის მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებას და, ამავე დროს, ნახშირბადის ემისიათა შემცირებას? ჩვენი პლანეტის მომავალი, გარკვეულწილად, ამ კითხვაზეა დამოკიდებული.
გასული სექტემბრის ერთი თბილი და ტენიანი დილაა ცენტრალური ინდოეთის შტატ მადჰია-პრადეშში. ჩეტან სინგჰ სოლანკი ჩამოდის თავისი ავტობუსიდან (სადაც ბოლო 10 თვეა ცხოვრობს) და საშუალო სკოლის აუდიტორიაში შედის, სადაც მისი ლექციის მოსასმენად მოსწავლეები, მასწავლებლები და ოფიციალური პირები არიან შეკრებილნი.
45 წლამდე ასაკის ტანადი სოლანკი მზის ენერგიის პროფესორია ინდოეთის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში (IIT). 2020 წლის მიწურულს მან 11-წლიანი მოგზაურობა დაიწყო ინდოეთის გარშემო, რათა ადამიანებს კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა შთააგონოს. სოლანკის ავტობუსი განახლებადი ენერგიის მოძრავი დემონსტრაციაა: მზის პანელები საკმარის ენერგიას გამოიმუშავებენ, რომ განათება, ვენტილატორები, კომპიუტერები, ქურა და ტელევიზორი ჩართოთ მგზავრობისას. მას შემდეგ, რაც სოლანკის აუდიტორიის კათედრისკენ გაუძღვნენ, პროფესორმა თავისი გამოსვლა ერთი უჩვეულო მოთხოვნით დაიწყო.
„ამ ოთახში 15 ჭერის ვენტილატორს ვხედავ. ახლა შუადღეა, გარეთ ამდენი მზის სინათლეა და ჩვენ მაინც უამრავი ნათურა გვინთია“, – ამბობს იგი. – „მართლაც გვჭირდება ყველა ეს ვენტილატორი და განათება? მოდი, გამოვრთოთ ზოგიერთი მათგანი და ვნახოთ, იქნებ, მათ გარეშეც ნორმალურად ვიგრძნოთ თავი“.
როდესაც ვენტილატორებისა და ნათურების ნახევარი გამორთეს, აუდიტორიაში ტემპერატურამ იმატა და ჩამობნელდა, მაგრამ განა ეს ამდენად მნიშვნელოვანია? – კითხულობს იგი. „ერთმანეთს კარგად ვხედავთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ოთახში საკმარისი სინათლეა, – ამბობს სოლანკი, – ვინმე ხომ არ გრძნობს დისკომფორტს, რომ ზოგიერთი ვენტილატორი გამოვრთეთ? და ფიქრობს, ღმერთო, მიშველე, როგორ უნდა გავუძლო ამას?“ – აუდიტორია იცინის.

აქ სოლანკიმ წარმოაჩინა ერთ-ერთი ხედვა იმ ორი მიდგომიდან, რომელთა დახმარებით იგი ცდილობს ინდოელთა დარწმუნებას, მიაღწიონ ენერგოდამოუკიდებლობას – როგორც თავად უწოდებს, „ენერგიის თვითმმართველობას“. ერთი იდეა გახლავთ ენერგიის პირდაპირი დაზოგვა მისი გამოყენების შემცირებით და არაპირდაპირ – ნაკლები პროდუქტის მოხმარებით, ხოლო მეორეა ელექტროენერგიის ადგილობრივად გამომუშავება მზის მსგავსი განახლებადი რესურსებიდან, რომ თითოეული ქალაქი თვითუზრუნველყოფილი გახდეს. მომდევნო ათწლეულში სათბურის აირების ემისიები ინდოეთში მკვეთრად უნდა გაიზარდოს იმ ფონზე, როდესაც ქვეყნის ეკონომიკა ფართოვდება და მოსახლეობის რიცხვიც 1,5 მილიარდს უმიზნებს – ამ მაჩვენებლით ის ჩინეთის პოპულაციასაც კი უკან მოიტოვებს.
„ეკონომიკური ზრდისკენ კაცობრიობის დაუცხრომელი ლტოლვა სწრაფად ცვლის დედამიწის კლიმატს, – გვაფრთხილებს იგი, – ჩვენი ამპარტავნობა გვაფიქრებინებს, რომ ადამიანებს შეგვიძლია სულ უფრო და უფრო მეტი რესურსი მოვიხმაროთ უკუშედეგების გარეშე, მაგრამ დედამიწაზე რესურსები შეზღუდულია. თუ ჩვენ არ შევცვლით ცხოვრების არსებულ წესს, მომავალ თაობებს დიდ განსაცდელში ჩავაგდებთ“.
ინდოეთის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში სოლანკიმ დააარსა მზის ფოტოელემენტის ტექნოლოგიის ცენტრი. „მზის რევოლუციის“ სწრაფად დასაწყებად მან დააფუძნა ასევე არაკომერციული ორგანიზაცია Energy Swaraj Foundation-ი (ენერგიის თვითმმართველობის ფონდი), რომელიც სოფელში მცხოვრებ ქალებს მზის სანათების თუ სახურავის პანელების აწყობასა და გაყიდვას ასწავლის. სამი წლის წინ სოლანკიმ გაიფიქრა: ნეტავ, როგორ უპასუხებდა მაჰათმა განდი კლიმატურ კრიზისს! და ამ ფიქრებმა მიიყვანა ავტობუსით მოგზაურობამდე: იგი იმედოვნებს, რომ მასობრივ სახალხო მოძრაობას გააღვივებს, ისევე როგორც განდი გაუძღვა 25-დღიან და 388-კილომეტრიან ისტორიულ მსვლელობას ინდოეთის თავისუფლებისთვის ბრძოლისას.

სოლანკის მოწოდება უფრო მოკრძალებულად ცხოვრებისკენ შეიძლება გასაოცრად მოგეჩვენოთ იმ ქვეყანასთან მიმართებით, სადაც მატერიალური რესურსების ერთ სულზე მოხმარების ასეთი დაბალი მაჩვენებელია. საშუალოდ, ინდოელთა მოხმარებული საქონელი და სერვისები თანხობრივად 1000 დოლარს უტოლდება წელიწადში, რაც აშშ-ის იმავე მაჩვენებლის ერთი მეორმოცედი ნაწილია. ეკონომიკური ზრდის მიმდინარე ტემპით ინდოეთის საშუალო ფენის გაორმაგებას პროგნოზირებენ 2030 წლისთვის – ასეთ შემთხვევაში მათი რაოდენობა 800 მილიონ მოქალაქეს გაუტოლდება. ამგვარი ზრდით ინდოელთა ცხოვრებაში ნანატრი ეტაპი დაიწყება, როდესაც უამრავი ადამიანი თავს დააღწევს სიღარიბეს, მაგრამ ეს ნიშნავს, ასევე, მსყიდველუნარიან მომხმარებელთა ახალ ტალღას, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ნახშირბადის კვალს ინდოეთში.
15 აგვისტოს ინდოეთმა უნდა აღნიშნოს დამოუკიდებლობის 75-ე წლისთავი. აღნიშნულ პერიოდში ქვეყანამ უზარმაზარ პროგრესს მიაღწია: გახდა დამოუკიდებელი საკვების წარმოებაში, შექმნა კოსმოსური პროგრამა, ვაქცინებს აწვდის 100-მდე სახელმწიფოს; ამასთან, ინდოეთი მოგვევლინა, როგორც ტექნოლოგიების „გენერატორი“ და მსოფლიოს რიგით მეექვსე უდიდესი ქვეყანა ეკონომიკური მაჩვენებლის მიხედვით.
დღეს ინდოეთი ნაბიჯებს დგამს უკვე კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად: შეიქმნა 45 მზის ელექტროსადგური, შემუშავდა გეგმა, რომლის მიხედვით 2030 წლისთვის ავტობუსების 40%, კერძო ავტომობილთა 30%, მოტოციკლების, სკუტერებისა და რიქშების 80% ელექტროტრანსპორტს უნდა წარმოადგენდეს; დაისახეს მიზნად, რომ ქვეყანა გახდეს წყალბადის – როგორც წიაღისეული საწვავის ალტერნატიული ენერგიის წყაროს – წარმოების ლიდერი მსოფლიოში. ამგვარად, ინდოეთი დიდ ნაბიჯებს დგამს საკუთარი მომავლისა და თავად მსოფლიოს „გასამწვანებლად“.
და მიუხედავად ამ ყველაფრისა, ინდოეთი უპირისპირდება უფრო რთულ გამოწვევებს, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქვეყანა. სწრაფად მზარდი საშუალო ფენის პირობებში ენერგიის მოხმარება ყველაზე მეტად ინდოეთში გაიზრდება მომდევნო 2 ათწლეულში. ამ რესურსზე მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ინდოეთი, დიდი ალბათობით, კიდევ უამრავი წელი დარჩება ქვანახშირზე (უხვი რესურსი ქვეყანაში) მძიმედ დამოკიდებული და, ამასთან, ნავთობპროდუქტების იმპორტსაც გაზრდის. ფსონები უპრეცედენტოდ მაღალია. ჩვენი პლანეტის მომავალს – უამრავი მიმართულებით – განსაზღვრავს ინდოელთა ნაბიჯები, თუ როგორ გაიკვალავენ წინ მდებარე გზას – როგორ დააბალანსებენ ეკონომიკური ზრდის სურვილსა და ემისიების შეკვეცის საჭიროებას.

სათბურის აირთა გამოყოფის მხრივ ინდოეთს უსწრებს მხოლოდ ჩინეთი, აშშ და ევროკავშირი. პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის დაპირებით, ნახშირბადნეიტრალობას ქვეყანა მიაღწევს 2070 წლისთვის – ეს თარიღი ცოტა დაგვიანებულია აშშ-სა და ჩინეთთან შედარებით, რომლებმაც თავ-თავიანთი ზღვრული ვადა 2050 და 2060 წელზე გაასწორეს. ინდოეთმა განაცხადა ასევე ემისიათა ინტენსივობის – ემისიების მოცულობა მთლიანი შიდა პროდუქტის ერთეულზე – 45%-ით შემცირების შესახებ (2005 წელთან შედარებით) მიმდინარე ათწლეულის დასრულებამდე. თუმცა, როგორც ვარაუდობენ, ამ ქვეყნის ჯამური ემისიები, დაახლოებით, 2045 წლამდე განაგრძობს ზრდას.
ნახშირბადნეიტრალობამდე მისაღწევად აღებული დროის ასეთი შორეული ჰორიზონტი და პროგრესის გაზომვა ემისიების ინტენსივობით, ნაცვლად ემისიათა მთლიანი რაოდენობისა, ზოგიერთ გარემოსდამცველ აქტივისტს იმედებს უცრუებს. თუმცა, ინდოეთის ოფიციალურ პირთა თქმით, განვითარებადი სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი შეზღუდული რესურსების გათვალისწინებით, ეს ქვეყანა უფრო მეტს აკეთებს, ვიდრე „მოეთხოვება“. დაახლოებით 15 წლის წინ და კიდევ უფრო ადრე ინდოეთის პოზიცია – დღემდე დამახასიათებელი არაერთი განვითარებადი ქვეყნისთვის – შემდეგი გახლდათ: კლიმატის ცვლილებას უნდა ებრძოლონ აშშ-ის მსგავსი ინდუსტრიული ქვეყნები, რადგან იქ ვლინდება ნახშირორჟანგის ატმოსფეროში გაფრქვევის ბევრად უფრო დიდი ხნის ისტორია. რთულია, ვერ დავინახოთ პასუხისმგებლობის შეუსაბამო გადანაწილება. ამ პრობლემის საილუსტრაციოდ ერთადერთი, რაც გვჭირდება, უნდა შევადაროთ დასავლეთის განვითარებული სახელმწიფოების ცხოვრების წესი ინდოეთისას, სადაც მოქალაქეთა უმეტესობა დღემდე უკიდურესად ხელმომჭირნედ ცხოვრობს.
როდესაც კლიმატის ცვლილებამ განგაშის ზარები ჩამოკრა 2000-იანი წლების შუა პერიოდში, ინდოეთმაც მეტი ენერგიით დაიწყო მოგვარების გზათა ძიება. „იმ დროს სულ უფრო იზრდებოდა შეგრძნება, რომ ჩვენ უნდა გავცდენოდით დანაშაულის ერთმანეთზე გადაბრალებას“, – ამბობს რ. რ. რაშმი, ენერგიისა და რესურსების ინსტიტუტის (TERI) მეცნიერ-თანამშრომელი. „ეს გლობალური პრობლემაა; ტვირთი ყველამ უნდა გაინაწილოს“.
ინდოეთს არაერთი მიზეზი მოეძებნება, რომ კლიმატის ცვლილება აღელვებდეს. ამ ქვეყნის 7520-კილომეტრიან სანაპირო ხაზს ემუქრება ზღვის დონის აწევა, რამაც დამღუპველად შეიძლება იმოქმედოს ათობით მილიონ ადამიანზე. მიმდინარე წლის გაზაფხულზე, ისტორიულად უცხელესი მარტის შემდეგ, გახანგრძლივებული სითბური ტალღების შედეგად ტემპერატურა 45 გრადუსს ასცდა ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე და მინდვრებზე ნათესები გაახმო. გვალვებიც ძლიერდება. ციკლონები კი სულ უფრო შმაგად ეხეთქება სანაპიროებს და ურბანულ ზონებს ტბორავს.
„ძლიერი ციკლონი შეიძლება გადაიქცეს ციკლონურ შტორმად, ციკლონური შტორმი კი ძლიერ და ძალიან ძლიერ ციკლონურ შტორმად“, – ამბობს სურუჩი ბჰადვალი, TERI-ში მომუშავე მკვლევარი. „ამგვარად, სახეზეა ბუნებრივ მოვლენათა ხასიათის ცვლილება“.
კლიმატის ცვლილების მიმართ ინდოეთი მოწყვლადია, რაც მას ეკოლოგიური ნაბიჯების გადადგმისკენ უბიძგებს, მაგრამ იქ ენერგოუსაფრთხოებაც აფიქრებთ – წელს ინდოეთი 100 მილიარდ დოლარს დახარჯავს ნავთობის იმპორტზე.
„ინდოეთი მართლაც კარგ სტარტს იღებს“, – ამბობს ახალი კლიმატის ინსტიტუტის (გერმანია) მკვლევარი ნიკლას ჰიონე და განსაკუთრებით აღნიშნავს განახლებადი ენერგიის გაფართოებას და იმგვარი სატრანსპორტო სისტემის განვითარებას, რომელიც არ იყენებს წიაღისეულ საწვავს. მაგრამ, იგი აქვე აღნიშნავს, რომ ეს ქვეყანა დამოკიდებულია ქვანახშირზე მომუშავე 285 ელექტროსადგურზე – და გეგმავს კიდევ 48 სადგურის აშენებას მიმდინარე ათწლეულში.

თუ რამდენად ძლიერ არის ინდოეთი დამოკიდებული ქვანახშირზე, ამის გასაგებად ვეწვიე ჯარიის რაიონს – ქვანახშირით მდიდარ შტატ ჯარხანდში. იქ მოვხვდი ერთი-ორი ფეხბურთის მოედნის ზომის, 10 მეტრი სიღრმის მაღაროსთან, სადაც მუშები ასაფეთქებლებს აწყობდნენ გაბურღულ ხვრელებში. ვიღაცამ ჩაფხუტი გამომიწოდა, ზედამხედველმა კი დეტონირების ბრძანება გასცა – აფეთქების ხმა ექოსავით გავრცელდა მაღაროში, თავს ზემოთ კი მტვრის ღრუბელი აიზიდა.
მოსახლეობის მზარდ მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად ინდოეთი სულ ახალ-ახალ კარიერებს ხსნის. მათი არჩევანი სუფთა საწვავის ნაცვლად ქვანახშირის მოხმარების გაგრძელების შესახებ ერთი მარტივი ფაქტიდან გამომდინარეობს: ინდოეთი ფლობს ქვანახშირის უზარმაზარ მარაგებს – მსოფლიოს ჯამური რეზერვების თითქმის მეათედ ნაწილს. და მაინც, ინდოეთში ქვანახშირის წარმადობა – 780 მილიონი ტონა წელიწადში – საკმარისზე ნაკლებია და 200 მილიონი ტონა დამატებით შემოაქვთ ყოველწლიურად უცხოეთიდან.
ამ აფეთქების შემდეგ მივუახლოვდი გოფრირებული მეტალის ჩარდახს, სადაც შეკრებილი მუშები ესაუბრებოდნენ რამ მადჰაბ ბატაჩარჯის, სამთო მრეწველობის პროფესორს IIT-ში. ბატაჩარჯი იმ სამთავრობო კომისიის წევრი გახლავთ, რომელიც ქვანახშირის მომავალს იკვლევს ინდოეთში. აღნიშნული კომისიის პროგნოზების თანახმად, ქვანახშირზე მოთხოვნა დაახლოებით 1,4 მილიარდ ტონას მიაღწევს 2035 წლისთვის.
„ჩვენ ვერ მივცემთ თავს უფლებას, რომ აღარ გავზარდოთ ქვანახშირის წარმოება“, – მითხრა ბატაჩარჯიმ. – „1,4 მილიარდი ტონის წარმოებას რომ მივაღწევთ, შეიძლება ამ ნიშნულზე გავჩერდეთ მომდევნო 5-10 წელი და შემდეგ დავიწყოთ შემცირება, მაგრამ ეს არ მოხდება დაახლოებით 2050 წლამდე“.
რამდენიმე დღის წინ ბატაჩარჯის ულაპარაკია ქვანახშირის უდიდესი მწარმოებელი კომპანიის, „ინდოეთის ქვანახშირის“ ხელმძღვანელთან, რომელსაც მისთვის უთქვამს: „მე იმდენი ზარი შემომდის, ხან ქვანახშირის მდივანი მირეკავს, ხან ქვანახშირის მინისტრი და ხანაც ელექტროსადგურებიდან მეხმიანებიან – და ყველა მათგანი სიტყვა ქვანახშირს გაიძახის“.
ქვანახშირის წარმოებაზე უარის თქმა სხვა მხრივაც წარმოშობს პრობლემებს: ამ ინდუსტრიაში საარსებო წყაროს პოულობს 4 მილიონამდე ინდოელი. „ინდოეთში ისედაც მაღალი უმუშევრობაა“, – მეუბნება მაღაროს მუშა ჯიტენდერ სინგჰი. „თუ თქვენ შეწყვეტთ ქვანახშირის წარმოებას, ეს კიდევ უფრო გაართულებს ჯარხანდის მდგომარეობას“.
მაღაროს მუშაკებმა, რომლებსაც ველაპარაკე, დიდად არც არაფერი იცოდნენ კლიმატის ცვლილებაზე. „მე საერთოდ არ მრჩება დრო, რომ ახალ ამბებს ვუსმინო“, – მეუბნება მაღაროს ზედამხედველი რაჯეშ ჩაუჰანი. „აქ რომ სამუშაო ცვლას დავასრულებ, შემდეგ სახლში მივდივარ და ოჯახზე ვზრუნავ“.
ეს ქვეყანა უნდა მოემზადოს გარდამავალი პერიოდისთვის და თანდათან დაშორდეს ქვანახშირს, ამბობს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის (ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი) მკვლევარი სანდიპ პაი. ერთი იმპერატიული ამოცანაა ქვანახშირის მოხმარების ოპტიმიზაცია – მეტი ენერგიის გამოყოფა მოცემულ ერთეულზე. ძველი ელექტროსადგურები უფრო ახლოს მდებარეობს მაღაროებთან და, შესაბამისად, უკეთ მიუწვდებათ ხელი ქვანახშირზე, ვიდრე ახალ სადგურებს, არადა, ეს უკანასკნელები მათზე ეფექტურად მუშაობენ.
„თუ ზოგიერთ ძველ ელექტროსადგურს დახურავთ, ქვანახშირზე თქვენი მთლიანი მოთხოვნილებაც შემცირდება“, – ამბობს პაი. ასეთ შემთხვევაში ქვანახშირზე დამოკიდებულ ჯარხანდის მსგავს რეგიონებს დასაქმების ალტერნატიული წყაროს მოძიება დასჭირდებათ – გამოწვევა, რომელსაც მსოფლიოს სხვა ქვეყნებიც უპირისპირდებიან. „ინდოეთის ზოგიერთ შტატში კი მართლაც კარგი ტურისტული პოტენციალია“, – აღნიშნავს იგი. კიდევ ერთი იდეაა მიტოვებული მაღაროების ათვისება სოფლის მეურნეობისა თუ სხვა დანიშნულებით.

ინდოეთი უკვე ნაბიჯებს დგამს იმ მომავლისკენ, რომელშიც ენერგიის დიდ წილს გამოიმუშავებს მზე, ქარი და წყალი. 2010 წელს ინდოეთის მთავრობამ დაისახა ნაკლებად ამბიციური მიზანი: მზის ენერგიით 20 გიგავატის მიღება 2022 წლისთვის – თუმცა მათ მკვეთრად გადააჭარბეს დაწესებულ ზღვარს. აღნიშნული ზრდა განაპირობა, ერთი მხრივ, ფოტოელემენტის ფასების ვარდნამ, მეორე მხრივ, მთავრობის ინიციატივამ, შეექმნა ხელსაყრელი პირობები ენერგოკომპანიებისთვის მზის ელექტროსადგურების ასაშენებლად. თავდაპირველ მიზანს – 20 გიგავატს – ინდოეთი გასცდა დათქმულ ვადამდე 4 წლით ადრე და უკვე დიდი ენერგიით მუშაობს ახალი ნიშნულის, 100 გიგავატის საწარმოებლად მიმდინარე წლის დასასრულამდე. დღეს ინდოეთის განახლებადი ენერგიის მოცულობა დაახლოებით 150 გიგავატია, რომელიც მიეწერება მზეს, ქარს, ბიომასასა და ჰესებს. თუმცა, გასულ წელს ნარენდრა მოდიმ განაცხადა, რომ ინდოეთი 500 გიგავატსაც გამოიმუშავებს 2030 წლისთვის.
ასეთ ამბიციურ მიზანს ადევნებული ინდოეთი გეგმავს მზის და ქარის პროექტების გაფართოებას რაჯასტანის მსგავს შტატებში, რომლის ორ მესამედ ტერიტორიას უდაბნო ფარავს. იქ ზაფხულის ტემპერატურა 45 გრადუსსაც სცდება; ბუნებრივი პირობები იმდენად მკაცრია, რომ მიწის უზარმაზარი ნაკვეთები სრულიად უკაცრიელია.
სულ ცოტა ხნის წინ ეს უმოწყალო ლანდშაფტი გამოუსადეგარ მიწად აღიქმებოდა, თუმცა დღეს მისი გარკვეული ნაწილი აღსანიშნავ ტრანსფორმაციას განიცდის. ბჰადლას სახელით ცნობილი 57 კვ. კმ-იანი ტერიტორია ლურჯ ზღვად გადაიქცა მზის პანელთა მწკრივების დამსახურებით.
ბჰადლას მზის სადგურები ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში. მათ შეუძლიათ 2,25 გიგავატამდე ელექტროენერგიის გამომუშავება – საკმარისი რაოდენობა მილიონი ოჯახის უზრუნველსაყოფად. რაჯასტანში კიდევ რამდენიმე სადგურის მშენებლობა მიმდინარეობს ან იგეგმება. ერთ-ერთი მათგანი მოვინახულე ქალაქ ჯაისალმერთან, რომელიც ინდოეთ-პაკისტანის საზღვართან მდებარეობს.
იქ ჩვენ ჩავუარეთ მზის ათასობით პანელს, რომლებიც მეტალის სვეტებზე უნდა აღემართათ. რამდენიმე ჰექტარ ტერიტორიაზე პანელები უკვე დამონტაჟებულია. პერიოდულად მათ წყალს ასხურებენ ზედაპირზე დაგროვილი მტვრის სქელი ფენის მოსაცილებლად. პანელებს აქეთ-იქითაც ხრიან მზის სხივების კუთხეზე გასასწორებლად. ახლომდებარე შენობაში 5-6 ინჟინერი იჯდა კომპიუტერის ეკრანებთან. „ამ წუთში ჩვენ გამოვიმუშავებთ 167 მეგავატ ელექტროენერგიას“, – მეუბნება ერთ-ერთი ინჟინერი და მონიტორის გრაფიკზე მიმითითებს. „მაქსიმალურ რაოდენობას მივაღწევთ შუადღის თორმეტი-პირველი საათისთვის, შემდეგ კი თანდათან ქვემოთ დავეშვებით მზის ჩასვლამდე“.
ინდოეთის ერთ-ერთი პრობლემა ადგილობრივად წარმოებული მზის ფოტოელემენტების სიმცირე გახლავთ. საჭირო აღჭურვილობის დიდი ნაწილი ჩინეთიდანაა იმპორტირებული. ამ წლის დასაწყისში ინდოეთის მთავრობამ განაცხადა 2,6-მილიარდდოლარიანი პროგრამის შესახებ მზის ენერგიის მისაღებად საჭირო დანადგარების წარმოების დასაჩქარებლად.
იმედის სხივს აჩენს სოლანკის აზრიც იმის შესახებ, რომ ინდოელები თავიანთი ცხოვრების წესის შეცვლითაც აჰყვებიან „მზის რევოლუციას“. მაგალითად, ფერმერებს შეუძლიათ ისარგებლონ ახალი სამთავრობო პროგრამით და თავიანთი მიწა იჯარით გასცენ მზის ელექტროსადგურებისა თუ ტუმბოების განსათავსებლად. მზით „მდიდარ“ შტატებში, რაჯასტანსა თუ გუჯარათში, სახლის მეპატრონეები და ბიზნესმენები ფოტოელექტრულ მოდულებს ამონტაჟებენ სახურავებზე.


(მარცხნივ) რაკეშ კუმარი (მდგომარე) და მისი მამა, მეთევზეები ტამილნადუს შტატიდან, გზას იკვალავენ პიჩავარამის წყლებში, რომელიც მსოფლიოს რიგით მეორე უდიდესი მანგროს ტყეა. კლიმატის ცვლილებით ნალექიანობა იკლებს, მარილიანობა იცვლება და ტემპერატურაც იწევს, რაც მანგროს ტყის ნახშირბადის შენახვის უნარს აქვეითებს.
(მარჯვნივ) დჰოლერას „ჭკვიან ქალაქში“ (გუჯარათი) მუნიციპალური მუშაკი წყალს უსხამს ახალდარგულ ხეს. ამ რაიონში დაგეგმილია მზის სადგურის აშენება, თუმცა უცნობია, როგორ იმოქმედებს ის ჭაობებზე, რომელთაც გადამფრენი ფრინველები იყენებენ.
წლის დასაწყისში ინდოეთის ტრანსპორტის მინისტრი ნიტინ გადკარი წყალბადზე მომუშავე ავტომობილით გამოჩნდა პარლამენტის შენობასთან. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მთავრობის მიზანია, ინდოეთი გახდეს „მწვანე“ წყალბადის მოწინავე მწარმოებელი მსოფლიოში.
დღეს წყალბადის დიდ ნაწილს წიაღისეული საწვავის გამოყენებით იღებენ, მწვანე წყალბადი კი ელექტროლიზით წყლის გაყოფის შედეგად მიიღება; ამ დროს მხოლოდ განახლებადი ენერგია მოიხმარება. თუ მას გამოვიყენებთ ტრანსპორტის საწვავად, ემისიები შემცირდება, რადგან მისი წვისას არ გამოიყოფა სათბურის აირები. ამასთან, განსხვავებით მზისა და ქარისაგან, მწვანე წყალბადი შეგვიძლია მომავალი გამოყენებისთვისაც შევინახოთ წიაღისეული საწვავის მსგავსად.
განახლებადი ენერგიისა და ელექტროლიზის დანადგარების ფასთა ვარდნის კვალდაკვალ, მწვანე წყალბადის გაიაფებასაც უნდა ველოდოთ. ინდოეთი ცდილობს, რომ მათი ღირებულება 75%-ით შეამციროს 2030 წლამდე, აცხადებს ამიტაბჰ კანტი ინდოეთის დაგეგმარების სააგენტოდან. „ინდოეთი განახლებადი ენერგიის ჩემპიონია. ახლა ჩვენი გამოწვევაა სუფთა მოლეკულის მიღება – რაც მწვანე წყალბადი გახლავთ“, – ამბობს იგი. იდეა ამგვარია: წარმოების გაფართოებით ფასი დაეცემა, რაც მას ნავთობის კონკურენტუნარიან ალტერნატივად გადააქცევს.
ინდოეთის ემისიათა თითქმის მეოთხედს გამოყოფს ცემენტის ინდუსტრია, რომელსაც უკვე რეგულაციური წნეხის ქვეშ აქცევენ – მთავრობა ცდილობს, ის სუფთა საწვავზე „გადართოს“ და მეტ ენერგოდამზოგავობას მიაღწიოს. ინდოეთში ცემენტის მწარმოებლებმა უკვე მიაღწიეს შედარებით „სიმწვანეს“. ინდოეთში წარმოებულ ერთ ტონა ცემენტს ნახშირბადის ნაკლები კვალი აქვს გლობალურ საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, რაც შემდეგით აიხსნება: მეტი ნარჩენი სითბოს უტილიზაცია საწარმოო გამონაბოლქვი აირებიდან; ცემენტის შერევა განატაც ნაცართან, რომლის წყაროც ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურია და საწვავის მწვანე ალტერნატივების გამოყენება.

ტამილნადუს შტატში ფუნქციონირებს ცემენტის ქარხანა, რომელშიც ღუმლის საწვავად არაბიოდეგრადირებად მუნიციპალურ ნაგავსა და ინდუსტრიულ ნარჩენებს იყენებენ. როგორც წესი, მსგავსი ნარჩენების დაწვა ტოქსიკურ კვამლს წარმოშობს, მაგრამ თუ ძალიან მაღალ ტემპერატურაზე გავაჩერებთ, ნაცრად იქცევა და აღარც ატმოსფერო დაბინძურდება.
„ამ კომპონენტებით შევსებული ენერგიის წყალობით, ნაკლები ენერგიაა საჭირო ღუმლის ტემპერატურის შესანარჩუნებლად“, – ამბობს აღნიშნული ქარხნის დირექტორი ტ. რ. რობერტი. ნარჩენების დახმარებით ცემენტის ქარხანამ 15%-ით შეამცირა ქვანახშირის მოხმარება.
სხვა ინდუსტრიული კომპანიების წარმომადგენლებიც მსგავსადვე ცდილობენ ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას. ამ გზისკენ მათ უბიძგებს სამთავრობო პროგრამა, რომლის არსიც შემდეგშია: თუ კომპანია დადგენილ ზღვარზე მეტად დაზოგავს ენერგიას, ის მიიღებს შესაბამის კრედიტებს, რომლებიც უკვე შეუძლია მიჰყიდოს სხვა კომპანიებს, რომლებიც, პირიქით, აჭარბებენ სამანდატო რაოდენობას. ენერგოეფექტურობის მიღწევას მთავრობა განსაკუთრებით ცდილობს ახალ სახლებსა და კომერციულ შენობებში, რადგან მათ თავბრუდამხვევი ტემპით აშენებენ ინდოეთში.

„რაც კი ამ ქვეყანას აუშენებია გასულ 40-50 წელიწადში, ვფიქრობთ, მის 80%-ს ავაშენებთ მხოლოდ მომავალ 10 წელიწადში“, – ამბობს აბჰაი ბაკრე, ინდოეთის ენერგოეფექტურობის სამმართველოს უფროსი. მშენებლობების დიდი ნაწილი მიმდინარეობს იმ ასამდე ქალაქში, რომელთაც მთავრობა გარდაქმნის „ჭკვიან ქალაქებად“ – იქ ამატებენ ენერგოეფექტურ ურბანულ ზონებს და ინფრასტრუქტურასაც აუმჯობესებენ.
ბაკრე ოპტიმისტურადაა განწყობილი და ფიქრობს, რომ დიზაინისა თუ მასალების დახვეწა საგრძნობლად შეამცირებს ენერგიის „ტვირთს“. „თუ დღეს ეტყვით არქიტექტორს, რომ შენობა დაგიპროექტოთ, – ამბობს ბაკრე, – იგი არ გამოიყენებს 10 წლის წინანდელ დიზაინს – ოთახებში უფრო მეტ ბუნებრივ სინათლესაც შემოიყვანს და უკეთეს იზოლაციასაც გააკეთებს“.

გასული 20 წლის განმავლობაში, როდესაც ინდოეთს ვსტუმრობდი ხოლმე, სულ უფრო თვალში მხვდებოდა საშუალო ფენის გაძლიერება. ცხოვრების წესის ცვლილება მხოლოდ დიდ ქალაქებს კი არ დასტყობია, არამედ პატარა დასახლებებსაც, რომელთა ვიწრო ქუჩებს ერთ დროს ველოსიპედები თუ რიქშები ავსებდა, ახლა კი ავტომობილებითა და მოტოციკლებით გადაიტვირთა. ქალაქ დჰანდაბის ერთ პრესტიჟულ ავტოსალონში ვესაუბრე ავტომობილების გამყიდველ პ. ჯ. კუმარს, რომელმაც მითხრა, რომ 20 წლის წინ მანქანების უმეტესობას ბიზნესის მეპატრონეები ყიდულობდნენო. „დღეს კი სახელმწიფო მოხელეებსა და ახალგაზრდა პროფესიონალებსაც მარტივად მიუწვდებათ ხელი. მომხმარებელთა ბაზა მკვეთრად გაიზარდაო“, – ამატებს კუმარი. ავტომობილებით ვაჭრობა მან 30 წლის წინ დაიწყო, როდესაც დჰანდაბში მხოლოდ მისი სადილერო კომპანია ფუნქციონირებდა. ახლა იქ უკვე ათზე მეტი მსგავსი ფირმაა.
ამბის თხრობა დავიწყე ჩეტან სინგჰ სოლანკით, როდესაც მას შევუერთდი მადჰია-პრადეშში მოგზაურობისას. შემდეგ სოლანკის დავშორდი და თანდათან დამნაშავედ ვიგრძენი თავი, როდესაც ღამეს ვათევდი სასტუმროებში, მეძინა თერმორეგულირებად ოთახებში, ცხელი წყალი ჩანჩქერივით მოჩქეფდა საშხაპედან, ტუალეტი კი ისეთი ძალით ირეცხებოდა, მინიატურული ციკლონი გეგონებოდათ. მსგავსი კომფორტი ჩვეულებრივი ამბავია განვითარებულ ქვეყნებში, მაგრამ უამრავი ინდოელისთვის ეს კეთილმოწყობილი გარემო მხოლოდ ახლა ხდება ცხოვრების ნაწილი. როდესაც აშშ-ში დავბრუნდი, სოლანკის დავურეკე და შევეკითხე: თქვენი გზავნილი, რომ ინდოელებმა უფრო მოკრძალებულად იცხოვრონ, ზედმეტად იდეალისტური და ცოტა უსამართლოც ხომ არ არის-მეთქი? იმ ფონზე, როდესაც მდიდარ ქვეყნებში ადამიანებს არ სთხოვენ თავიანთი კომფორტის დათმობას.
სოლანკის გაეცინა. „თუ ჩვენ მსგავს არგუმენტებს მივყვებით, პირველმა ვინ უნდა შეამციროს რესურსების მოხმარება, მაშინ განკითხვის დღე მალე დაგვიდგება“, – მიპასუხა მან. „ამერიკასაც ხომ შეუძლია კონტრარგუმენტის მოყვანა: კი ბატონო, ჩვენ შევამცირებთ რესურსების მოხმარებას, მაგრამ თქვენს ქვეყანას რომ ასეთი უზარმაზარი მოსახლეობა ჰყავს?! რატომ არ ამცირებთ თქვენი ხალხის რაოდენობას?“

სოლანკის ორგანიზაციამ უკვე დაიწყო ონლაინპროგრამა, რომელიც მიმართულია ენერგიის შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე. სოლანკიმ მიამბო ერთ კაცზე, რომელსაც აღნიშნული კურსის გავლამ გადააფიქრებინა ჰაერის კონდიციონერის შეძენა. „მან თქვა: თავიდან ჩემი მეუღლე გამიბრაზდა, მაგრამ თვითონაც რომ გაიარა ტრენინგი, უკვე დამეთანხმა“.
მჯერა, რომ სოლანკი სხვებსაც დაარწმუნებს – მაგრამ მე სასოწარკვეთაც მეუფლებოდა, თუ რამდენად უსუსურად მოჩანდა ეს გამარჯვება კლიმატის კრიზისის პირისპირ! სოლანკის გზავნილის მორალური ძალა მართლაც უდავოა: რესურსების უსაზღვრო მოხმარებით ჩვენ ვერ მივაღწევთ მდგრად განვითარებას, თუნდაც განახლებადი ენერგიის ახალი წყაროები აღმოვაჩინოთ. მაგრამ მიიღებს კი ინდოეთი და დანარჩენი მსოფლიო ამ გზავნილს?
სოლანკი იმედოვნებს, რომ ინდოეთი მაგალითის მიცემით გაუძღვება მსოფლიოს. „ამ გზავნილს ჯერ ინდოეთში გავავრცელებ და შევხედავ, თუ როგორ რეაქციას გამოიწვევს ხალხში, – მეუბნება იგი, – შემდეგ კი სხვა ქვეყნებშიც მოვსინჯავ“.
ინდოეთში დაბადებული და გაზრდილი იუდიჯიტ ბატაჩარჯი National Geographic-ის კონტრიბუტორი მწერალია, რომელიც ვაშინგტონთან (კოლუმბიის ოლქი) ცხოვრობს. კოლკატას ბინადარი არკო დატოს ფოტოგრაფია კონცენტრირდება სოციალურ, პოლიტიკურ და გარემოსდაცვით საკითხებზე.