
ინტერვიუ როკვარსკვლავ მეცნიერთან
ბრაიან მეი – როკჯგუფ Queen-ის თანადამფუძნებელი და NASA-ს კონსულტანტი – კოსმოსური ჰარმონიის შესაქმნელად ასტროფიზიკასა და როკმუსიკას აერთიანებს.
ბრაიან მეიმ – რიგითმა ახალგაზრდამ ლონდონიდან – ჯერ თავისი ტელესკოპი ააწყო, შემდეგ – თავისი ელექტროგიტარა. ფიზიკის ბაკალავრის ხარისხის მოპოვებიდან ორ დღეში, საკუთარ ბენდთან ერთად, Pink Floyd-ის კონცერტი გახსნა. 1968 წელი იყო.
დღეს 76 წლის მეი როკის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს გიტარისტადაა ცნობილი. ამ თვეში იგი Queen-ის უახლეს შემადგენლობასთან ერთად გვიბრუნდება. ლეგენდარული როკჯგუფი მან როჯერ ტეილორთან და ფრედი მერკურისთან ერთად დააარსა. ამავე თვეში გამოდის მეის ახალი წიგნიც – ასტეროიდ ბენუს ატლასი, სადაც მეის სტერეოსკოპულ ფოტოგრაფიას ვიხილავთ.

ფოტო: დენის პელერინი
ბრაიან მეის 2015 წელს შევხვდი, როდესაც იგი NASA-ს New Horizons-ის მისიასთან თანამშრომლობდა. ახლა უკვე ვმეგობრობთ; გვაერთიანებს როგორც ვარსკვლავებით აღტაცება (2007 წელს მან დოქტორის ხარისხი მიიღო ასტროფიზიკაში), ისე ცხოველების დიდი სიყვარული (იგი ცხოველების უფლებათა დამცველია). მის არაერთ კონცერტს დავესწარი და ხშირად ვხვდებოდი კულისებს მიღმა სხვებსაც, ვისაც Queen-იც უყვარდა და კოსმოსიც იტაცებდა.
კოსმოსისადმი მიძღვნილი სპეციალური გამოცემაც ვერ დაიტევს ყველა იმ კოსმოსურ თემას, რომლებიც ბრაიანს და მე განგვიხილავს – ამიტომ ინტერვიუ შეკვეცილი და რედაქტირებულია მეტი სიცხადისთვის.
„ჩემი იტალიელი კოლეგა და მე ყველა კოსმოსური მისიის მონაცემებს ვამუშავებთ 3D გამოსახულებების შესაქმნელად“ – პლუტონის პირველი 3D გამოსახულების ჩათვლით.
ნადია დრეიკი: დარწმუნებული ვარ, ვინც მუსიკოსად გიცნობს, ბევრი ვერც წარმოიდგენს, რომ დოქტორი მეი ხარ – დოქტორის ხარისხი მოგანიჭეს ზოდიაქური მტვრის შესწავლაში, რომელიც ჩვენს მზის სისტემაში პლანეტათაშორის სივრცეს იკავებს. რატომ აირჩიე ეს თემა?
ბრაიან მეი: 1970-იან წლებში ლონდონის საიმპერიო კოლეჯში ინფრაწითელ ასტრონომიაში დიპლომზე ვმუშაობდი და ერთ-ერთი პროფესორი ზოდიაქური (პლანეტათაშორისი) მტვრის სპექტროსკოპულ კვლევებს ატარებდა. შემდეგ კვლევები შეჩერდა, რადგან აპარატურის უმეტესობა აღარ მუშაობდა. მკითხეს, თუ ჩავუდგებოდი ამ საქმეს სათავეში. როდესაც გადავხედე, ვიფიქრე, გასაოცარია-მეთქი. წარსულში ცოტას თუ გაუკეთებია იგივე.
რისი გაგება გსურდა ამ მტვერთან დაკავშირებით?
მარტივად რომ ავხსნა, საიდან მოდის და საით მიდის. ყველა დანარჩენი ზოდიაქური ღრუბლიდან არეკლილ სინათლეს შეისწავლიდა, ჩვენ კი ამ ღრუბლის მოძრაობას ვაკვირდებოდით მზის სპექტრში შთანთქმის ზოლის მონიტორინგით, რომელიც დედამიწასთან მიმართებით მტვრის მოძრაობის გამო დოპლერის წანაცვლებას განიცდის. ვფიქრობდით, რომ მტვრის გარკვეული ნაწილი კომეტების ნატეხებისგან შედგებოდა, გარკვეული რაოდენობა კი – ასტეროიდებისგან. ერთი გიჟური იდეა მქონდა, რომ მტვრის პატარა კომპონენტი ვარსკვლავთშორისი წარმომავლობის შეიძლება ყოფილიყო, რადგან მზის სისტემა კოსმოსში გადაადგილდება. მაგრამ ჩემმა ხელმძღვანელმა მითხრა: „ეს ნაშრომში არ ჩაწერო, დაგცინებენ“.
მართალი იყავი?
საინტერესო ისაა, რომ მეგონა, მზის სისტემაში მოძრავ ვარსკვლავთშორის ელემენტს ვხედავდი. თუმცა, მონაცემების ეს ნაწილი არასოდეს გამომიქვეყნებია – ჩემს გამოთვლებში საკმაოდ დიდი შეცდომებიც იყო. როდესაც ვიხსენებ, ცოტა ვნანობ, რადგან უკვე ვიცით, რომ ვარსკვლავთშორისი სხეულები მუდმივად კვეთენ მზის სისტემას. აღსანიშნავია ოუმუამუა – ვარსკვლავთშორისი ობიექტი, რომელმაც 2017 წელს შემოგვიქროლა და უცხო მტვერი დაგვიტოვა.
ზოდიაქური მტვრის შესწავლიდან ჩვენი მზის სისტემის ასტეროიდებისა და სხვა მცირე ზომის სხეულების კვლევაზე გადაერთე. საიდან გაგიჩნდა ეს ინტერესი?
ეს უკავშირდება ჩემს ინტერესს სტერეოსკოპული ფოტოგრაფიისადმი. ყველა ობიექტი, რომლებსაც უეკიპაჟო კოსმოსური ხომალდი სტუმრობს, კარგად ერგება 3D სტერეოგამოსახულებებს – სტერეოწყვილის მისაღებად საჭიროა ობიექტის ორი განსხვავებული ხედვის კუთხე. და ფაქტია, რომ მზის სისტემაში ყველაფერი ბრუნავს – სწორედ ბრუნვა გვაძლევს ოდნავ განსხვავებული კუთხეებიდან დანახულ ხედებს.
ჩემი იტალიელი კოლეგა და მე დავუახლოვდით NASA-ს, ევროპის კოსმოსურ სააგენტოს და იაპონიის აეროკოსმოსური სააგენტოს ზოგიერთ გუნდს, რომლებმაც მაშინვე სხვა მისიებსაც შეატყობინეს, როდესაც ნახეს, რას ვაკეთებდით. ჩვენი პირველი პროექტი New Horizons-ი იყო, რომელმაც ისტორია დაწერა პლუტონთან ჩაფრენით.
მახსოვს, 2015 წელს სწორედ ამ მოვლენის დროს შევხვდით ერთმანეთს. რა კარგი დრო იყო!
ამ მონაცემების დამუშავება ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი უმთავრესი გამოცდილებაა. პირველად ვნახეთ, როგორ გამოიყურებოდა პლუტონი და ორი განსხვავებული ხედი მივიღეთ: ერთი – მანამდე, სანამ ხომალდი გვერდით ჩაუფრენდა და მეორე – როდესაც ხომალდმა ჩაუფრინა. ორი მათგანი გავაერთიანე და პლუტონის პირველი 3D გამოსახულება შევქმენი.
ახლა მუშაობ OSIRIS-REx-ის გუნდთან, რომელმაც კოსმოსური ხომალდი ასტეროიდ ბენუზე გაგზავნა.
ამ მისიით დამტკიცდა, რომ სტერეოგამოსახულებები არა მხოლოდ გასართობი, არამედ გამოსადეგიცაა. სტერეო ისეთ ინფორმაციას იძლევა რელიეფის შესახებ, რომელიც დაჯდომის ადგილის შერჩევაში გვეხმარება. ბენუს მისიის მიზანი ასტეროიდის ნიმუშის აღება იყო, ამიტომ ყველა შესაძლო დაჯდომის ადგილის სტერეოგამოსახულების შექმნაზე ვმუშაობდით. და ეს მოვახერხეთ – ხომალდს საბოლოო ადგილის შერჩევაში დავეხმარეთ.
რას მოგვცემს ამ ასტეროიდის შესწავლა?
ასტეროიდები ადრეული მზის სისტემის დროის კაფსულებივითაა. ბენუს უძველესი მასალების შესწავლით შეგვიძლია ბევრი რამ გავიგოთ იმაზე, თუ როგორი იყო ეს ადგილი 4,5 მილიარდი წლის წინ.
ისინი დიდი ხანია პოტენციურად სახიფათოდ ითვლებიან, მაგრამ მინერალების შესაძლო წყაროსაც წარმოადგენენ – ადამიანები მათ მოპოვებაზე ლაპარაკობენ. თუმცა, ახლა სულ უფრო აშკარა ხდება ასტეროიდების როლი დედამიწაზე ბიოსფეროს ჩამოყალიბებაში – წყლისა და ორგანული მოლეკულების მიწოდებით.
უეცრად ხვდები – გარდა იმისა, რომ ასტეროიდებს სიკვდილი და დესტრუქცია მოჰქონდათ, დედამიწაზე სიცოცხლის შექმნაშიც გადამწყვეტი როლი უთამაშიათ.
რა პასუხგაუცემელი კითხვებია ასტრონომიაში, ასტროფიზიკაში, ან პლანეტოლოგიაში, რომლებიც ამჟამად ყველაზე მეტად გიზიდავს?
ძალიან ბევრი რამ. მულტისამყაროს არსებობის იდეა მიტაცებს. სახალისოა, როგორ შემოდის ეს ცნებები, თავიდან, როგორც რაღაც წარმოუდგენელი და შემდეგ ყველა ისე ლაპარაკობს მათზე, როგორც ჩვეულებრივ რამეზე.
ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი მოგონება თქვენი კონცერტებიდან ისაა, როდესაც სპეცეფექტებით ასტეროიდზე იდექი, პლანეტებით გარშემორტყმული და დვორჟაკის „ახალი სამყაროს სიმფონიას“ უკრავდი.
აშშ-ის ტურნეზე ამ კომპოზიციის ახალ ვარიაციას დავუკრავ. ამ ხერხს უფრო ხშირად უნდა მივმართო. ძალიან მომწონს. თან ის პატარა პლანეტოიდები ჩემ ირგვლივ ნამდვილი ობიექტებია; პროექციები არაა.
შენივე პლანეტათა სისტემის ცენტრში ხარ! ეს ახასიათებს ხელოვნებისა და მეცნიერების მიმართ შენს მიდგომას: ამ სფეროებს აერთიანებ. რატომ? და მართლაც ასე განსხვავდებიან ერთმანეთისგან?
ეს ჩემი ცხოვრებისა და ღირებულებებისთვის უმნიშვნელოვანესია. სკოლაში სულ მეუბნებოდნენ, რომ ხელოვნებას და მეცნიერებას ერთმანეთს ვერ შევუთავსებდი. ძალიან ვბრაზობდი, რადგან ორივე მიყვარს. თითქოს მთელი ცხოვრება ვცდილობდი დამემტკიცებინა, რომ ცდებოდნენ. უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ არტისტული აზროვნება და სამეცნიერო აზროვნება ერთი და იმავე რამის სხვადასხვა, მაგრამ განუყოფელი ნაწილებია.
მათი კიდევ ერთი საერთო მახასიათებელი კრეატიულობაა. ორივე სფეროში წარმატების მისაღწევად მზად უნდა იყო დაარღვიო წესები, გამოცადო ახალი იდეები და, საბოლოოდ, დაეხმარო ადამიანებს, სამყაროს სხვა თვალით შეხედონ.
დიახ, მართალია. სინამდვილეში, მგონია, რომ დოქტორანტურის პერიოდში თავდაჯერება მაკლდა ამის გამოსავლენად. როდესაც Queen-მა წარმატებას მიაღწია და მივხვდით, რომ როკჯგუფად მოღვაწეობა შეგვეძლო, ძალიან მომეშვა გულს, რომ ამ შემთხვევაში დოქტურანტურას მივატოვებდი. დასრულებული ნაშრომი ჩემს ხელმძღვანელს რომ ჩავაბარე, დამიბრუნა და მითხრა, უფრო მეტი უნდა გამოიკვლიოო. ყოველთვის მეგონა, მეცნიერებას წაადგებოდა, რომ თავი მივანებე და 30 წელი მუსიკას ვქმნიდი; იმედი მაქვს, მეცნიერებას ჩემი დაბრუნებაც წაადგება.

თანმდევი მუსიკა
ბრაიან მეიმ NASA-ს New Horizons-ის მისიასთან მხოლოდ კი არ ითანამშრომლა, არამედ როკჰიმნი და ვიდეოც შექმნა ამ კოსმოსური ხომალდის პატივსაცემად (მარჯვნივ), რომელმაც 2019 წელს შეასრულა ისტორიაში ყველაზე შორი ფრენა ციური სხეულის სიახლოვეს – და ის კვლავ გზაშია. მეის ვიდეორგოლს უყურეთ აქ: natgeo.com/NewHorizons.
ფოტო: ბრაიან მეი, NEW HORIZON (ULTIMA THULE MIX)