
იქ, სადაც ლომვეშაპები მღერიან
ალასკაში, შორეულ კუნძულზე, გასაოცარი წყაროებიდან დაუვიწყარი მელოდიები მოისმის.
მზის პირველი სხივები გამოჩნდა ტუნდრის ფრიალო კლდეებზე და ღია ზღვიდან ლომვეშაპები უახლოვდებიან ნაპირს. სუნთქვისას ოქროსფერ ორთქლს გამოაფრქვევენ და მელოდიურ ხმებს გამოსცემენ.
ეს არის რაუნდ-აილენდი, ბრისტოლის ყურის შვიდ კლდოვან კუნძულთაგან ერთ-ერთი, რომლებიც ალასკის ლომვეშაპების კუნძულების სახელმწიფო სამონადირეო ნაკრძალს ქმნიან. ათასწლეულებია, რაც ყოველ ზაფხულს, შეწყვილების სეზონის შემდეგ, წყნარი ოკეანის მამრი ლომვეშაპები ამ ადგილას გროვდებიან დასასვენებლად. ადგილობრივი, ლომვეშაპებზე მონადირე იუპიკები მას „ქაიასიქს“ უწოდებენ: „ადგილი, სადაც კანოეთი უნდა წახვიდე“.
XX საუკუნის დასაწყისში კომერციულმა ნადირობამ მკვეთრად შეამცირა ლომვეშაპების პოპულაცია. 1960 წელს, იმ დროს, როდესაც თავშესაფარი შეიქმნა და ყოველგვარი ნადირობა აიკრძალა, რაუნდ-აილენდი ჩრდილოეთ ამერიკაში წყნაროკეანური ლომვეშაპებისთვის ნაპირზე მოსასვენებელი უკანასკნელი ადგილი იყო. ლომვეშაპები საკმაოდ მგრძნობიარენი არიან, თუკი მათ სიმშვიდეს ხშირად ურღვევენ, შეიძლება სამუდამოდ მიატოვონ ადგილი.

ნაკრძალის წყალობით, რაუნდ-აილენდი კვლავ არის სეზონური სახლი ლომვეშაპებისთვის. დღეს ამ ნაკრძალს ნაწილობრივ „ქაიასიქის ლომვეშაპთა კომისია“ მართვს იუპიკების ცხრა თემის წარმომადგენლებთან ერთად. პოპულაციის აღდგენის შემდეგ, მათივე შუამდგომლობით, საარსებოდ საჭირო ნადირობა კვლავ შესაძლებელია. 1985 წლიდან კუნძულზე დაიშვებიან მნახველები მაისიდან აგვისტოს ჩათვლით.
მე მოვედი რაუნდ-აილენდზე ჩემ ძმასთან, ველურ ცხოველთა შემსწავლელ ბიოლოგთან ერთად, რათა ლომვეშაპები მენახა. ნავით მიახლოებისას კუნძული მომხიბვლელი ჩანდა: ზღვიდან აღმოცენებული მწვანე გუმბათი, ნისლში გახვეული მწვერვალი. მარგარეტ არჩიბალდი, ალასკის თევზისა და ნადირის მართვის დეპარტამენტის ტექნიკოსი მოგვესალმა: „წინასწარ ბოდიშს გიხდით, თუკი ბევრს ვილაპარაკებ“, – ამბობს იგი. „თქვენ ორნი პირველი მნახველები ხართ უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში“.

სანაპირო სავსეა მძინარე ლომვეშაპებით. ისინი რომ არ შევაწუხოთ, მოშორებით, ჩუმად ამოვალაგეთ ბარგი, კარავი გავშალეთ და არჩიბალდს შევუერთდით ყოველდღიურ შემოვლაზე. მისი საქმეა ბილიკების მოვლა, მნახველთა პროგრამის მართვა და დაახლოებით ხუთკილომეტრიანი ზონის ზედამხედველობა. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვან დავალებად იგი ლომვეშაპების, ზღვის ფრინველებისა და ზღვის ძაღლების ყოველდღიურ აღწერას მიიჩნევს. ბრისტოლის ყურე თავისი თევზით მდიდარი ადგილებით კრიტიკული ეკოსისტემაა ალასკის ეკონომიკისთვის, ხოლო მონაცემები, რომლებიც გროვდება რაუნდ-აილენდის ბინადართა შესახებ, რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე თანმიმდევრულია.

გადასახედს მივადექით – კიდიდან ვიყურებით, ასობით ლომვეშაპს ვხედავთ და ვგრძნობთ მათ მარილიან, ნოყიერ ზღვის სუნს. ლომვეშაპები სოციალური ცხოველები არიან, რომლებიც გროვდებიან სანაპიროზე, როგორც ცხიმისა და ეშვების მოზაიკა, წყალში კი მოხდენილი მოცურავეები არიან. არჩიბალდი გვიხსნის, რომ ლომვეშაპი საკვანძო სახეობაა, რომელიც ხელს უწყობს მთლიანი ბიოტური თანასაზოგადოების ფორმირებას. მიუხედავად ამისა, ისინი ხშირად არ არიან დაცვის პრიორიტეტული ობიექტები. ლომვეშაპთა აღწერა რთულია და არსებული ინფორმაცია არასაკმარისად მიიჩნევა მათი, როგორც საფრთხის ქვეშ მყოფთა, კლასიფიკაციისთვის. უკანასკნელ დილას ავცოცდი კლდოვან ნახევარკუნძულზე, სადაც ფრინველები ბუდობენ. ჩემ ქვემოთ, სანაპირო სავსეა განთიადზე ქარვისფრად მბრწყინავი ლომვეშაპებით, დანარჩენები კი ნაპირიდან მოშორებით გორაობენ, მსუბუქად ასრულებენ მელოდიას. სანაპიროს გავყურებ და ვაცნობიერებ, რომ ახლა ლომვეშაპებს სულ სხვა თვალით ვუყურებ.
აკეიშა ჯონსონი ალასკაში მცხოვრები ფოტოგრაფი და ავტორია.