იქ, სადაც მითის სახლია
ბიგ-ბენდის ეროვნული პარკის საზღვრისპირა უდაბნოში დასავლეთ ტეხასის ლეგენდა ცოცხლდება სიურპრიზებით სავსე ლანდშაფტში.


იქ, სადაც მითის სახლია
ბიგ-ბენდის ეროვნული პარკის საზღვრისპირა უდაბნოში დასავლეთ ტეხასის ლეგენდა ცოცხლდება სიურპრიზებით სავსე ლანდშაფტში.
ბარიბალი და მისი ორი პატარა ბელი მესკიტის, ღვიისა და ხემარწყვას ხშირ ტყეში დაეძებდნენ საკვებს, როდესაც მათ ჩემგან მარჯვნივ, დაახლოებით 20 მეტრში შევხვდი.
დედა დათვი შეჩერდა, მაგრამ უკანა თათებზე არ შემდგარა. ეჭვგარეშეა, რომ გაიგო ჩემი მიახლოება. შემათვალიერა. ამ მომენტში მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ყველა თვალსაზრისით მასზე დაბლა ვიდექი.
ოქტომბრის იმ დილას დასავლეთ ტეხასში ბიგ-ბენდის ეროვნული პარკისკენ, სამხრეთ კიდეზე 20-კილომეტრიან ბილიკს მივუყვებოდი. უკვე გათენებული იყო, როდესაც პარკში მივედი შავკუდა კურდღლებისა და მიწის გუგულების ესკორტთან ერთად. უწყვეტი აღმართის პირველი ორი საათის სავალზე სიცოცხლის ნიშანი მხოლოდ პეპლები, სკოტის ყვითელი მოლაღურების წყვილი და ლაშქრობიდან მარტოდ მომავალი ტურისტი იყვნენ.
სამხრეთ კიდეზე შევისვენე, საიდანაც ჩრდილოეთ მექსიკის უდაბნოს გასაკვირად მწვანე ხედი იშლება. შევამჩნიე, რომ საპირისპირო მხრიდან კიდევ რამდენიმე მოლაშქრე მოდიოდა. ერთ-ერთმა მითხრა, რომ დედა დათვი და მისი ბელები შეამჩნია. მთელ პარკში ნიშნები ტურისტებს საშიში ველური ბუნების შესახებ აფრთხილებენ, თუმცა იქ სულ ორმოცამდე ბარიბალი ბინადრობს. თითქმის სამი ათწლეულის განმავლობაში ხშირად დავდიოდი იქ, მაგრამ დათვს პირველად შევეჩეხე. თანაც ბარიბალები იშვიათად ესხმიან თავს ადამიანებს.
მიუხედავად ამისა, ტეხასის ქალაქ მარათონში ისეთი რამ შევიტყვე ამ კონკრეტული დათვის შესახებ, რომ შევფიქრიანდი – რამდენიმე დღის წინ მას მესამე ბელი დაუკარგავს, რომელსაც რამდენიმე კილომეტრის მოშორებით გზა აებნა და ავარიის მსხვერპლი გახდა.
და ახლა ორივე აქ ვიყავით. მზერა ავარიდე და არხეინი სვლა განვაგრძე, თუმცა არც ისე არხეინად ვეკითხებოდი საკუთარ თავს: არიან დათვები შურისმაძიებლები? შეუძლიათ გლოვა? შემდეგ ბილიკმა მკვეთრად მოუხვია. ვხედავდი, როგორ შედიოდნენ დათვები ტყეში. ჩავთვალე, რომ ეს დედა არაფრით განსხვავდებოდა დედაჩემისგან, რომელმაც ასევე დაკარგა შვილი და სანაცვლოდ გააორმაგა დედობრივი ზრუნვა დარჩენილი ორის მიმართ.
ველური ცხოველების მრავალფეროვნების გაცნობა ისეთ სახელგანთქმულ ეროვნულ პარკებში, როგორიცაა იელოუსტოუნი, დენალი და ევერგლეიდსი, გამოცდილების მიღების საშუალებაა. უდაბნოში ეს კიდევ უფრო განსხვავებულ მნიშვნელობას იძენს და შეგახსენებთ, რომ სიცოცხლე ძვირად ფასობს იქაც კი, სადაც ყველაზე ნაკლებად მოელით მასთან შეხვედრას. ჩიუაუას 3243-კვადრატულკილომეტრიან უდაბნოში სიცოცხლე შეუპოვარია და ადვილად შეგიყვანთ შეცდომაში, თუმცა მისი დავიწყება შეუძლებელია.

ამერიკის 27-ე ეროვნულ პარკს კიდევ ერთი განზომილება აქვს, რომელიც მას ტერიტორიულ ინტრიგას მატებს: ბიგ-ბენდს 190-კილომეტრიანი საზღვარი აქვს მექსიკასთან, რაც ამ ორი ქვეყნის მთლიანი საზღვრის 6%-ს შეადგენს. Organ Pipe Cactus-ი ეროვნული ძეგლი არიზონაში, ასევე მოსაზღვრე პარკია, თუმცა მას 2006 წლიდან ღობე ყოფს შეერთებული შტატების სამხრეთით მოსაზღვრე მეზობლის ტერიტორიისგან მას შემდეგ, რაც ოთხი წლით ადრე იქ მექსიკის მოქალაქემ პარკის რეინჯერი მოკლა.
ამის საპირისპიროდ, ბიგ-ბენდის გრძელი და უსწორმასწორო საზღვრის გასწვრივ მსგავსი ფიზიკური ბარიერი არ აღმართულა, რის გამოც პარკი აშშ-ის სუვერენიტეტისა და ეროვნული უსაფრთხოების შესახებ დებატების მუდმივი ობიექტია. ნარკოტიკებით ვაჭრობის, არალეგალური მიგრაციისა და ტერორიზმის აჩრდილებმა უამრავი ფედერალური აგენტი მიიზიდა ბიგ-ბენდის პერიფერიებზე. ამაშია მისი პარადოქსი: ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ავტონომიური ეროვნული პარკი, რომელიც სამოთხეა ყოველდღიური ცხოვრებისგან თავის დასაღწევად, ვერანაირად ვერ გაურბის უსასრულო გეოპოლიტიკურ ბრძოლას.
„გუშინ საუთ-რიმზე იყავით?“ – მკითხა კრეგ კარტერმა. 58 წლის რანჩოს მეპატრონემ გაიღიმა. „700-ჯერ მაინც ვყოფილვარ იქ. ყოველთვის ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს პირველად ვხედავდი“.
კარტერი პარკთან ახლოს ცხოვრობს, 5000 ჰექტარამდე ფართობის ცხენების ფერმაში, სახელწოდებით Spring Creek Ranch. მისი ოჯახის ცხოვრება განუყოფელია ბიგ-ბენდისგან. კარტერის დიდი ბებია და პაპა პარკის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ, სანამ ტეხასის შტატი 280 000 ჰექტარს შეიძენდა და ფედერალურ მთავრობას გადასცემდა 1943 წელს.
მთელი დილა კარტერის ჯიპში გავატარე, ირმებსა და მწყრებთან ახლოს. კარტერი თავის საიდუმლოს მიზიარებდა, თუ როგორ უნდა მოიხარშოს პეკარი უკეთ და სად არის ის ადგილი მის რანჩოში, სადაც 1900 წლის მონეტა იპოვა ინდიელის გამოსახულებით.
მითიური ტეხასი, რომელიც მთელი მსოფლიოს კოლექტიურ წარმოსახვაში ცოცხლობს როგორც დაუსახლებელი, კაქტუსებით მოფენილი ლანდშაფტი, გულმაგარი კოვბოებით, ბიგ-ბენდის მხარეში ისე ვლინდება, როგორც არსად სხვაგან.

პანდემიამდე ბიგ-ბენდს ყოველწლიურად 400 000 ტურისტი სტუმრობდა. ეს ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად მონახულებადი ეროვნული პარკია აშშ-ში (იელოუსტოუნი თითქმის 10-ჯერ მეტ ვიზიტორს მასპინძლობს), რაც ნაწილობრივ მისი სიშორით არის განპირობებული. უახლოესი კომერციული აეროპორტი მიდლენდში (ტეხასი), პარკის შესასვლელიდან ოთხი საათის სავალზე მდებარეობს. ოსტინიდან მგზავრობა, რაც რეგულარულად მიწევდა, როგორც ამ ქალაქის დიდი ხნის მცხოვრებს, შეიძლება განვიხილოთ, როგორც ტეხასის გეოგრაფიის შვიდსაათიანი გაკვეთილი. კირქვის გორაკებს მესკიტების ბუჩქნარი, შემდეგ ბორცვიანი პერმული აუზი და ნახევრად უნაყოფო დაბლობები ცვლის, რომლებიც საბოლოოდ გზას უთმობენ მარათონის ჩრდილოეთით მდებარე კილომეტრის სიმაღლის გლასის მთებს.
ბიგ-ბენდის სიშორე, ალბათ, მთავარი მიზეზია, რის გამოც მისი უხეში ხიბლი დიდი ხანი სათანადოდ არ იყო დაფასებული. აშშ-ის სხვა ეროვნულ პარკებზე მეტი ფრინველისა და კაქტუსის სახეობის არსებობა მას მიმზიდველობას ვერ სძენს. იგი ოდესღაც მძლავრი ზღვების, ტყეების, დინოზავრების და მიწისძვრების 300-მილიონწლიან ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც განსაცვიფრებელი, თუმცა ნაკლებად ცნობილი ამბავია და, ძირითადად, განამარხებებსა და სტრატიგრაფიაშია ასახული. მართალია, ბიგ-ბენდის შთამბეჭდავი გეოლოგიური ფორმაციები იტალიის დოლომიტების კლდოვან, პრეისტორიულ ატმოსფეროს გვახსენებს, მათ გარკვეულწილად აკლიათ იუტის თაღებისა და არიზონის გრანდ-კანიონის სიმეტრია.
მაგრამ ბიგ-ბენდს აქვს რაღაც, რაც სხვა პარკებს არ გააჩნიათ: 190-კილომეტრიანი `თხევადი“ საზღვარი მექსიკასთან, რომელიც რიო-გრანდეს სახელწოდებითაა ცნობილი და რომლის დინების კლაკნილი მოძრაობიდან გამომდინარე მიიღო სახელი ტეხასის ამ პარკმა. მისი თავბრუდამხვევი აკრობატიკა სანტა-ელენას კანიონში კაიაკერებს იზიდავს. პარკის სამხრეთ-დასავლეთით წყლის დაბალი დონე კი კონტრაბანდისტებს ხიბლავს. მათ გადააქვთ ყველაფერი, რაც კი შეიძლება აშშ-ის მომხმარებლისთვის საინტერესო იყოს.
ერთ დილას მარათონიდან ჩემს მეგობართან, ფოტოგრაფ ჯეიმს ევანსთან ერთად გამოვედი. ის ამ ქალაქში უკანასკნელი ოცდაათი წელია ცხოვრობს. 385-ე გზატკეცილიდან პარკის ჩრდილო-აღმოსავლეთ განაპირა მხარეზე, Black Gap Wildlife Management Area-სკენ გადავუხვიეთ. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული წელიწადი უდაბნოს სტანდარტებითაც კი მშრალი იყო, ცოტა ხნის წინ მოსულმა წვიმამ გააღვიძა ეკლიანი ოკოტილოების მწვანე ყლორტები, რომლებიც თითქოს ჯარისკაცებივით იცავენ ტერიტორიას. მეწამული სალბი და წითელი რუსელია მდინარისკენ მიმავალ ცალმხრივ გზას გარს ერტყმოდა.


(მარცხნივ) ყოველ დილით მოლი როდრიგესი მანქანით გადადის ტეხასის საზღვარზე, სადაც ალპაინის უმაღლეს სკოლაში ორკესტრის დირექტორად მუშაობს. საღამოობით მღერის და გიტარაზე უკრავს.
(მარჯვნივ) კოვბოი ლეინ შო ალპაინის სიახლოვეს, 110 წლის Kokernot o6 Ranch-ში ისვენებს. მესაქონლეობა რეგიონის მთავარი დარგია, თუმცა ის არასაიმედოა მკაცრი ამინდისა და არაპროგნოზირებადი ბაზრის გამო.
დასაბანაკებელი ადგილი რიო-გრანდედან ას მეტრზე ნაკლები დაშორებით ვიპოვეთ, თუმცა ამას პეკარების ოჯახის გამოსახლება დასჭირდა. იქვე სამი ძროხა და თეთრი ცხენი ძოვდა და ყურადღებასაც არ გვაქცევდა. ვისი უნდა ყოფილიყვნენ? მდინარის კალაპოტის ტეხასის მხარეს ყანჩისა და კიდევ ვიღაცის ფეხსაცმლის კვალი დავინახე, თუმცა რამდენიმე საათი იყო გასული, რაც სხვა ადამიანი არ შეგვიმჩნევია. სიცოცხლე უდაბნოში ყოველთვის უფრო ახლოსაა, ვიდრე წარმოგიდგენია.
როდესაც დილის სინათლემ გამაღვიძა, მთვარე ჯერ ისევ ანათებდა და უდაბნოს ტემპერატურა ერთნიშნა რიცხვამდე იყო ჩამოსული. ცხენი და ძროხები გაუჩინარებულიყვნენ. სანამ ევანსი თავის ორხიდიანი მანქანის ძარაზე იდგა და მდინარის ფოტოებს იღებდა, მე ასი მილიონი წლის წინანდელი, გვიანი ცარცული პერიოდის ტალახი და ზღვის ნიჟარების უწესრიგო გროვა შევისწავლე.
მარათონში რომ ვბრუნდებოდით, ლა-ლინდას ძველი საერთაშორისო ხიდისკენ შევუხვიეთ, რომელიც ერთ დროს მექსიკის მაღაროებიდან შეერთებულ შტატებში ფლუორიტის გადასაზიდად გამოიყენებოდა. ხიდი რამდენიმე ათეული წელია დაკეტილია, თუმცა მის გვერდით კარვების დიდი ბანაკი ჯერ კიდევ ფუნქციონირებდა. ბანაკის მენეჯერმა ბუჩ ჯოლიმ თქვა, რომ იმ დილას მდინარის გასწვრივ დათვის ნაკვალევი ნახა, თევზსაჭერი ხვრელიდან არც ისე შორს, საიდანაც მანამდე რამდენიმე 18-კილოგრამიანი ყვითელი ლოქო ამოათრია.
სასაზღვრო პატრული ჩვეულებრივი სანახაობაა ბიგ-ბენდში, მაგრამ სამყაროს ამ ნაწილში საზღვრის არმქონე ასპექტიც არსებობს. მექსიკური სამზარეულო და მოფუსფუსე მუშები მდინარის მეორე მხრიდან ამ რეალობის მხოლოდ ყველაზე თვალშისაცემი ნიშნებია. პარკში ბარიბალების მცირე პოპულაციაც თვითონ არის მიგრანტი მექსიკიდან.

თავის მხრივ, ბიგ-ბენდის ჭრელი გრატები და დანაიდას გვარის პეპელა-მონარქები სამხრეთში გამოიზამთრებენ. ერთ დილას სასტუმრო `გეიჯის“ დიდებულ ბოტანიკურ ბაღში ავედი და გაოგნებული დავრჩი ასობით პეპელა-მონარქის ხილვით. რაც აქ ნამდვილად ამშვიდებს სულს, სინატიფის ყოველდღიური სანახაობაა უდაბნოში.
ერთხელ, დღისით, როდესაც ვიგრძენი, რომ კომპანიონი მჭირდებოდა, ჩემი პრეისტორიული მეგობრის, მიულ-იერსის მწვერვალების („ჯორის ყურების“) სანახავად წავედი. მისასვლელი მარშრუტი, რომელსაც როს მაქსველის თვალწარმტაც გზას უწოდებენ, კარგად მოკირწყლული, მაგრამ მიხვეულ-მოხვეულია და ჩისოსის წითელი მთების დასავლეთ კიდეზე ატრაქციონივით გატარებს. რომ მივედი, ტემპერატურა 30°C გრადუსს აღემატებოდა.
გზა მრავალ ჰექტარზე მოფენილ იუკას, აბზინდას, კაქტუსებს შორის მიიკლაკნებოდა, მაგრამ მე თვალები წინ მქონდა მიპყრობილი, დაბლობიდან ამოწვერილი ორი მუქი, მეტ-ნაკლებად სამკუთხა სვეტისკენ, რომლებიც ყოველი მოხვევისას ჩნდებოდნენ და ქრებოდნენ. მხოლოდ ეს გეოლოგიური ანომალიები გადაურჩნენ პარკში ვულკანურ ამოფრქვევას, რომელმაც გაყინული მაგმის უზარმაზარი ფენები დაამსხვრია დაახლოებით 29 მილიონი წლის წინ.
სასტუმრო „გეიჯის“ პლუშის საწოლი და საცურაო აუზი დავტოვე და მარათონიდან დასავლეთით, პარკის ირგვლივ მდებარე სხვა ქალაქებისკენ გავემართე.

ბრუსტერის ოლქის დედაქალაქი ალპაინი საუკუნეზე მეტია პირუტყვით მოვაჭრეების დამაკავშირებელია. წინა ათწლეულებში ალპაინში ტეკილას მივირთმევდი ჩემს კარგ მეგობართან, ტეხასის ლეგენდარულ რეინჯერთან ხოაკინ ჯექსონთან ერთად, რომელიც ექვსი წლის წინ გარდაიცვალა, თუმცა არა სასმელის გამო. ალპაინი, უდიდესი ქალაქი ბიგ-ბენდის რეგიონის ჩრდილოეთ კიდეზე, 6035 მოსახლით, ამ მხარეში საუკეთესო ადგილია კემპინგისთვის. ჩემთვის ეს ნიშნავდა ჩინებული ყველის, შესანიშნავი ღვინის და ადგილზე მოხალული ყავის მომარაგებას.
ყავის მაღაზიაში კაილა დაფი, 24 წლის კალიფორნიელი გავიცანი, რომელმაც ახლახან ბრანგუსის ჯიშის, ბალახით ნაკვები საქონლის ხორცის საცავი გახსნა. მან სტეიკის დიდი ნაჭერი მომიტანა ფახიტას მოსამზადებლად პიკნიკისთვის.
ხორცი ჩემი მანქანის მაცივარში შევინახე და კიდევ ნახევარი საათი გავუყევი გზას დასავლეთისკენ, მარფასკენ. ეს ქალაქი თავდაპირველად ცნობილი გახდა იმით, რომ იქ 1956 წელს გადაიღეს ვესტერნი „გიგანტი“ ჯეიმს დინისა და ელიზაბეთ ტეილორის მონაწილეობით. შემდეგი ოთხი ათეული წლის განმავლობაში აქ არაფერი მომხდარა მნიშვნელოვანი. ან ასე ჩანდა: მინიმალისტი მხატვარი დონალდ ჯადი იქ 1970-იან წლებში გადავიდა. ქალაქის ცენტრში ის უხმაუროდ ყიდულობდა უძრავ ქონებას და უდაბნოში საოცარ მხატვრულ ინსტალაციებს აწყობდა. ჯადის რამდენიმე მოწაფეს მხატვრების მთელი ნაკადი მოჰყვა. ერთი დღე ხელოვნების სამოყვარულო სტუდიებისა და აბრების გვერდით გავატარე. სასტუმრო `სენტ-ჯორჯი“, სადაც ღამე გავათიე, 1886 წელს აგებული ამავე დასახელების ნაგებობა იყო, რომელსაც პროფილი შეცვლილი, ხოლო მკაცრად ელეგანტური სახე კვლავ შერჩენილი ჰქონდა.

ტერლინგუა მარფასთან შედარებით კიდევ უფრო მეტად ჰგავს ბიგ-ბენდს უდაბნოსეული სიმტკიცით. ყოფილი ვერცხლის მომპოვებელი `ქალაქი მოჩვენება“ მოგვიანებით ცნობილი გახდა მუსიკოს ჯერი ჯეფ უოკერის, ყოველწლიური ჩილის კონკურსის და, უპირველესად, მუდმივად ცვალებად უდაბნოში მცხოვრები განდეგილების წყალობით.
მარფას სამხრეთით ორი საათის სავალზე მდებარე ტერლინგუა დიდი ხანი წარმოადგენდა არსებობის ზღვარს ქალაქიდან განდგომილი ადამიანებისთვის, რომლებმაც ცხოვრება სკოლის მიტოვებულ ავტობუსებსა ან სხვა ობიექტებში არჩიეს და თავს წვიმის წყლითა თუ გაუდაბნოებული ბაღებიდან მოპოვებული პროდუქტით ირჩენენ (1980-იანი წლების დასაწყისში ერთ-ერთი ასეთი განდეგილი იყო დევიდ კაზინსკი, რომელიც ცნობილი გახდა ათი წლის შემდეგ. მან ფედერალურ აგენტებს შეატყობინა, რომ მისი ძმა ტედი სავარაუდოდ „უნაბომბერი“ იყო).
დღეს ტერლინგუა ცივილიზაციის სასიამოვნო იერს ინარჩუნებს. ტაკერია „ელ-მილაგროში“ (მისი მფლობელი და ხელმძღვანელია კასტინგის დირექტორი მიმი ვებ მილერი, რომლის წარსული ურთიერთობა ნარკომოვაჭრე პაბლო აკოსტასთან უკვდავყოფილია ნეტფლიქსის სერიალში „ნარკოსი: მექსიკა“) სადილზე ფილოსოფოსსა და იუველირს, პოლ უიგინსს შევხვდი. 40 წელიწადზე მეტია, რაც იგი ტერლინგუაში ცხოვრობს.

ისტორიის უცნაური წიგნების და ცეცხლსასროლი იარაღის მოყვარულმა უიგინსმა თან მოიტანა ნივთი, რომლის ჩუქებაც მინდოდა ჩემი საცოლისთვის: ვერცხლის მონეტებით მორთული ხელნაკეთი ტყავის ქამარი. ფული გადავუხადე და ჩვენთვის ტაკო და ლუდი შევუკვეთე.
რესტორანი სავსე იყო სტუმრებით, რომელთა მაისურები სხვადასხვა უნივერსიტეტის საფეხბურთო გუნდების ერთგულებას გამოხატავდა. მე დავინტერესდი ადგილობრივი კოლორიტებით: ქალით, რომელიც ქალაქში ჯორით ჩამოვიდა, მამაკაცით, რომელსაც ობობა ერქვა და ბეტონისგან ხელოვნების ნიმუშებს ქმნიდა, პალეონტოლოგ კენ ბარნსით. უიგინსმა მითხრა, რომ ყველა გადასახლებული ან გარდაცვლილი იყო.
მან თავშეკავებით შენიშნა: „ახლა ჩვენ ნაკლები თავდადებული ექსცენტრიკი გვყავს“.
არ მიკამათია, თუმცა უიგინსმა ჩემზე უკეთ იცოდა, რომ ერთადერთი თავდადებული ექსცენტრიკი ჩვენ გარშემო იყო – გამოუსწორებელი უდაბნო.
რობერტ დრეიპერი 2007 წლიდან National Geographic-ის სტატიების ავტორია. ბრაიან სქუტმატი, რომელიც ჰიუსტონში დაიბადა და ოსტინში ცხოვრობს, ტეხასის სოფლის გზებზე დაეხეტება და ლამაზ პეიზაჟებს ეძებს.