იქ, სადაც ველური ბუნება მბრძანებლობს
ფოლკლენდის კუნძულები ატლანტის ოკეანის სამხრეთ ნაწილში მდებარე იზოლირებული არქიპელაგია, რომელსაც ძირითადად ცხვრითა და ძალიან ხანმოკლე ომით იცნობენ


იქ, სადაც ველური ბუნება მბრძანებლობს
ფოლკლენდის კუნძულები ატლანტის ოკეანის სამხრეთ ნაწილში მდებარე იზოლირებული არქიპელაგია, რომელსაც ძირითადად ცხვრითა და ძალიან ხანმოკლე ომით იცნობენ
არგენტინის სანაპიროდან 400-ოდე კილომეტრში მდებარე ბრიტანეთის კუთვნილი ეს ტერიტორია 700-ზე მეტ კუნძულს მოიცავს, რომლებზეც მეჩხრადაა გადანაწილებული დაახლოებით 3200-კაციანი მოსახლეობა. არქიპელაგი, რომელსაც დღემდე ეტყობა ომის კვალი, ცნობილი სწორედ იმით გახდა, რომ მისთვის საუკუნეების მანძილზე ედავებოდნენ ერთმანეთს საფრანგეთი, ესპანეთი, არგენტინა და დიდი ბრიტანეთი. მრავალი კონფლიქტის და ფართოდ გავრცელებული მეცხვარეობის მიუხედავად, ასეთი ხელუხლებელი ეკოსისტემა იშვიათად თუ შეგხვდებათ.

სტიპლ-ჯეისონი და მისი მეზობელი გრანდ-ჯეისონი – ორი კუნძული, რომელსაც ომი არ შეხებია, ფოლკლენდის ისტორიაში, ალბათ, ყველაზე წარმატებული განვითარების მაგალითს წარმოადგენს. ეს ორი კუნძული თითქმის მთელი საუკუნის განმავლობაში იყო დაუსახლებელი და საძოვრებად გამოიყენებოდა 1970 წლამდე, როდესაც ისინი ბრიტანელმა ფრინველთა მოყვარულმა შეიძინა. 1990-იან წლებში კუნძულები ნიუ-იორკის საინვესტიციო ფონდის პიონერმა, მაიკლ სტეინჰარტმა იყიდა და 2001 წელს მეუღლესთან, ჯუდისთან ერთად ტერიტორიები ველური ბუნების კონსერვაციის საზოგადოებას აჩუქა. მკვლევრები და ტურისტები კუნძულებზე მხოლოდ მკაცრად რეგულირებული ვიზიტების ფარგლებში დაიშვებიან, თუმცა, ადამიანისგან სხვადასხვა საფრთხე ფოლკლენდის ველური ბუნების საოცარ მრავალფეროვნებასაც ემუქრება: გარემოს დაბინძურება, საცხოვრებელი ადგილების შემცირება, ნავთობის ოკეანეში ჩაღვრა, სათევზაო გემებზე დამაგრებული სატყუარიანი კაუჭები და, ყველაზე მეტად, კლიმატის ცვლილება. კუნძულების გარშემო ოკეანის წყალი შეიძლება გაცივდეს, ხოლო ნაპირებიდან მოშორებით გათბეს, შედეგად კი ის კვებითი ქსელი დაირღვეს, რომელიც ზღვის ფრინველებსა და ძუძუმწოვრებს ასაზრდოებს. კუნძულების სიახლოვეს ნავთობის მოპოვების მასშტაბების ზრდაც ნავთობის გამანადგურებელი ავარიული ჩაღვრის საშიშროებას ქმნის. სამაგიეროდ, მოსახლეობას ფოლკლენდის კუნძულებზე ზრუნვის მოტივაცია სულ უფრო ეზრდება. ტურისტების ყოველწლიური რაოდენობა 60 000-ს აჭარბებს და, თევზჭერის შემდეგ, შემოსავლის რიგით მეორე წყაროა.

შეუძლებელია, არ გაგიტაცოს იმ განსხვავებამ, რომელიც აშკარაა ბუნების ნებაზე მიშვებულ და ადამიანის ზემოქმედებით დაღდასმულ კუნძულებს შორის. ეს არის მაგალითი იმისა, რომ არსებობს იმედი და თუ ბუნებას დავაცდით, ის თვითაღდგენას მოახერხებს. კუნძულის მდელოებისა და მთების შემოვლა თითქოს ათასი წლით უკან გვაბრუნებს. ეკოსისტემა შეუბღალავია. ველური ბუნება ყვავის. ცხოველებს ჩვენი არ ეშინიათ.
სრული ვერსია წაიკითხეთ თებერვლის ნომერში.