იშვიათი საქართველო
მცენარისა თუ ცხოველის უამრავი სახეობა გადაშენების პირასაა მისული. ჩვენი პრობლემა უცხო არ არის მსოფლიოსთვის


იშვიათი საქართველო
მცენარისა თუ ცხოველის უამრავი სახეობა გადაშენების პირასაა მისული. ჩვენი პრობლემა უცხო არ არის მსოფლიოსთვის
დადგა მომენტი, როდესაც ორგრამიანმა ტყვიამ საქართველოს ბოლო ჯეირანი უმოწყალოდ გააკრა მიწას. ეს, ჰიპოთეტური, მაგრამ სრულიად დასაშვები სცენარი, სავარაუდოდ, გასული საუკუნის 80-იან წლებში გათამაშდა. მშვენიერების სიმბოლოდ ქცეული ამ ცხოველის უკანასკნელი ინდივიდის სიკვდილმა დაასრულა ეპოქა, რომელშიც საუკუნეების განმავლობაში, ჯეირნები ლაღად დანავარდობდნენ მთელ აღმოსავლეთ საქართველოში, თვით თბილისის შემოგარენამდეც კი. მე-19 საუკუნიდან მოყოლებული, უკონტროლო ნადირობამ პოპულაცია ჯერ სასტიკად შეამცირა და ბოლოს სულ გადააშენა.
„ძალიან უცნაური გრძნობა მიჩნდება ვაშლოვანის ნაკრძალში“, – ამბობს ოთარ ღვაბერიძე. ის ხშირად დაჰყვება უცხოელ ტურისტებს ბუნებაში, – აფრიკული სავანა გეგონება. ცოტა ხნის წინ, აქ ლეოპარდიც იყო და ანტილოპაც“. ოთარი 27 წლისაა, თავგადაკლული მოლაშქრე და ბუნების მოყვარული. ოცნებობს თავის ეკოტურისტულ ბიზნესზე. ჯერჯერობით, იძულებულია, თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში იმუშაოს ადმინისტრატორად. სწორედ აქ ხვდება ხოლმე თავის კლიენტებს და სიამოვნებით დაატარებს ტყე-ღრეში.ისინი, ვინც მიმზიდველად არ გვეჩვენება, ხშირად, დაცვის მიღმა რჩებიან. – „არაფერია, პიპინია ბიძია, იმაზე მყრალი, ვიდრე აფთარი”.

„ბუნებაში ტვინი მეწმინდება. არ მინდა, 10 წლის შემდეგ, ვაშლოვანში ჩამოსულს დათვზეც ჯეირნის მითი დამხვდეს – აქ ოდესღაც დათვი და მგელი იყოო. ამ სილამაზეს არ უნდა შეველიოთ“, – ამბობს სევდიანად. სიგარეტს აქრობს და პატარა ჯიბის საფერფლეში იდებს. არ აგდებს. „პოლონელი და გერმანელი ტურისტები მყავდა გურგენიანში. გაშტერდნენ ბუნებით და ორჯერ უფრო გაშტერდნენ ნაგვით. ოთხნი ვიყავით ოთხი ჩანთით. ოთხნი კი დავბრუნდით, ოღონდ რვა ჩანთა ნაგვით! უგვანი ხალხი ვართ, არ გვესმის მარტივი რამე – დააშავე? გამოასწორე!“
ნაგავი იქით იყოს და საქართველოს ველური ბუნება სხვა მხრივაცაა სავალალო დღეში. მცენარისა თუ ცხოველის უამრავი სახეობა გადაშენების პირასაა მისული. ჩვენი პრობლემა უცხო არ არის მსოფლიოსთვის. მუდმივად გვესმის სევდისმომგვრელი ამბები: ვეფხვები, პანდები, კალიფორნიული კონდორები თუ მარჯნის რიფები… „ისე, ბოლოს და ბოლოს, არ შეიძლება ჩვენც, რომ ვიცხოვროთ და მაგათგან ვიხეიროთ, მათაც იცხოვრონ და ჩვენგან იხეირონ? ასე ძნელია?“ – მეკითხება ოთარი. მხრებს ვიჩეჩ.
ფაუნის უმეტესი ნაწილი საფრთხეშია, მაგრამ ღირს ამ ყველაფერზე წუხილი? რა თქმა უნდა, საწყენი იქნება, თუ ყველასთვის საყვარელი პანდები ან ჯეირნები აღარ იქნებიან პლანეტაზე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ მათზე ვართ დამოკიდებული. გარდა ამისა, ეჭვგარეშეა, რომ მშიერ ადამიანზე ზრუნვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მილიონების ხარჯვა ცხოველების დასაცავად. ბევრისთვის გაუგებარია, რატომ უნდა უნდოდეს ვინმეს ისეთი ცხოველების დაცვა, როგორებიცაა მგელი, აფთარი, დათვი და ტურა? ისინი ხომ საფრთხეს უქმნიან ადამიანსაც და შინაურ ცხოველსაც. ზოგადად, რა არის კონსერვაციის ამოსავალი წერტილი?

ერთი შეხედვით, უამრავი მიზეზი არსებობს, რატომ არ უნდა ვშფოთავდეთ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების გადასარჩენად. მათ შორის, ყველაზე თვალნათელია პრობლემასთან დაკავშირებული გამაოგნებელი ხარჯები.
ბრიტანელი ეკონომისტის, დონალ მაკარტის და მისი ჯგუფის მიერ ჟურნალ Science-ში 2012 წელს გამოქვეყნებული კვლევის შეფასებით, საფრთხის წინაშე მყოფი ხმელეთის ცხოველების დაცვისთვის წელიწადში 76 მილიარდი დოლარია საჭირო, საფრთხის წინაშე მყოფი ზღვის სახეობების გადასარჩენად, შესაძლოა, ბევრად მეტიც. რატომ უნდა დავხარჯოთ ამდენი ფული ფაუნაზე, როცა შეგვიძლია ეს თანხები ადამიანებს მოვახმაროთ? საქართველოში, უცხოური დაფინანსებებით მილიონები იხარჯება ბუნების კონსერვაციაზე. გარკვეული წილი ბიუჯეტზეც მოდის. ადრე თუ გვიან, საქართველოს მოუწევს დამოუკიდებლად გაართვას თავი ამ კუთხით დაგროვილ პრობლემებს და ეს კითხვა მაშინ კიდევ უფრო გამწვავდება – ჩვენ ხომ მხოლოდ საკუთარი ფულის დახარჯვა მოგვიწევს! თან ბევრი ფულის!
სახეობების გადაშენება ნელნელა ყოველთვის ხდებოდა და ხდება. ევოლუციის განმავლობაში კი, ასევე ადგილი ჰქონდა ხუთ „მყისიერ“ მასობრივ ამოწყვეტას, როდესაც მრავალი სახეობა „უცებ“ (ევოლუციური გაგებით) სრულიად განადგურდა. ყველაზე ბოლომ, 65 მილიონი წლის წინ, დინოზავრები გააქრო. ეს ბუნებრივი პროცესის განუყოფელი ნაწილია. ხატოვნად რომ ვთქვათ, კვდომა სიცოცხლის შემადგენელია. ამ დროს ისმება კითხვა: თუ გადაშენება ბუნებრივია და ის ადამიანის არსებობის გარეშეც მიმდინარეობს, რატომ უნდა შევაჩეროთ?
ეთიკა
პასუხი ისაა, რომ სახეობების გადაშენება ახლა ადრინდელზე ბევრად უფრო ჩქარი ტემპით მიდის და, ბოლო კვლევებით, ის ასჯერ გაიზარდა გასულ საუკუნეში. ფაქტია, ამაში ადამიანებს მიგვიძღვის ბრალი. რადგან უმრავლეს შემთხვევაში, პასუხისმგებლები ჩვენ ვართ, ამიტომ უნდა ვიზრუნოთ მათ დაცვასა და აღდგენაზე. ჩვენი ცხოვრების ეთიკა მოითხოვს ამას, რადგან ეთიკური ფორმულა, ოთარის თქმის არ იყოს, საკმარისად მარტივია: დააშავე? გამოასწორე! ცხადია, ამ ეთიკურ იმპერატივს მძლავრი მრწამსები და ღირებულებები უმაგრებენ ზურგს. მაგრამ მუშაობს კი ის გლობალური ან თუნდაც ლოკალური მასშტაბით? არა! ძნელად ნახავთ ადამიანსა თუ კომპანიას, რომელიც ამ მოსაზრებას არ დაეთანხმება. მაგრამ, როცა საქმე საქმეზე მიდგება და ბიომრავალფეროვნების დაცვისა და აღდგენის საკითხი დაისმება, უამრავ კონტრარგუმენტს წარმოგიდგენენ.„ისე, ბოლოს და ბოლოს, არ შეიძლება ჩვენც, რომ ვიცხოვროთ და მაგათგან ვიხეიროთ, მათაც იცხოვრონ და ჩვენგან იხეირონ? ასე ძნელია?” – ოთარ ღვაბერიძე, ეკო-გიდი.

ესთეტიკა
ბევრი ჩვენგანი ესთეტია და, ოთარის მსგავსად, უყვარს ბუნება. ცხოველები კი საყვარლები, დიდებულნი ან უბრალოდ მომხიბვლელები არიან; გვიყვარს მზის სხივებით აჭრელებულ ბებერ ტყეში სეირნობა ან მარჯნის რიფებთან ჩაყვინთვა. ვინ არ იტყვის, რომ ჯიხვები განსაცვიფრებლები არიან? ბუნება მშვენიერია და ეს ესთეტიკური ღირებულება მისი მოვლის მიზეზია. ამავე მიზეზის გამო, ფიროსმანის ტილოებსა თუ ვანის ოქროს ეროვნულ მუზეუმში ვიცავთ.
მაგრამ, ეთიკური არგუმენტის მსგავსად, ესთეტიკურსაც აქვს პრობლემა და ის საბედისწეროა იმ ცხოველებისა თუ მცენარეებისთვის, ნაკლებად რომ გვიტაცებს: საძაგელი მგლები, ბაყაყები, ლეშიჭამია ფრინველები და გველები, „უხსენებელსაც“ რომ ვეძახით ხოლმე. ასევე, ბნელით მოცული ღამურები, ობობები და მორიელები… ბოლობოლო, ცნობილი ფრაზისა არ იყოს – „არაფერია, პიპინია ბიძია, იმაზე მყრალი, ვიდრე აფთარი“. ისინი, ვინც მიმზიდველად არ გვეჩვენება, ხშირად, დაცვის მიღმა რჩებიან. ხოლო თუ ზიზღმა ძალიან შემოგვიტია, მათ ყოველგვარი რაციონალური მოსაზრების გარეშე, უბრალოდ ვანადგურებთ, მიუხედავად იმისა, რომ ეკოსისტემების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილები არიან. თუ მეცნიერება ფაქტობრივი არგუმენტებით ხმას ამოიღებს მათ დასაცავად, უამრავი „ტყისა თუ ცხოველის გულშემატკივარი“ ადამიანი თუ ინდუსტრია გამოჩნდება, რომელიც ანადგურებს და თან ფსევდომეცნიერული არგუმენტების კასკადი მოჰყავს. არსაიდან მოსული და ყოველგვარ სამეცნიერო ფაქტს მოკლებული მოსაზრებები გამაოგნებელია. თურმე, ქალწულებრივი უღრანი ტყე თუ არ გამოხშირე, ის დაიღუპება – თითქოს მილიონობით წელი ვინმე ხშირავდა და სწორედ ამის გამო გადარჩა. ან თურმე, მგელი თუ არ გაწყვიტე, ირემი გადაშენდება – გეგონება, მილიონობით წელი მგელი ირემს არ ჭამდა. საქმეში ჩაუხედავი ბევრი ადამიანი ამ მტკნარ სისულელეს იზიარებს და აზიარებს.
ფაქტი, რომ ზოგიერთი ჩვენგანისთვის ბუნება მშვენიერია, მნიშვნელოვანია, მაგრამ რეალობაში ის ბუნების დესტრუქციას ვერაფრით შველის, ნაკლები შედეგი მოაქვს. ალბათ, უფრო პრაქტიკული მიზეზების ძიებაა საჭირო სახეობების შესანარჩუნებლად.
პრაქტიკა: ფარმაკო-ინდუსტრია
ლანა 40 წლისაა. ის მხატვარია. ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა შტატებიდან, სადაც ცხოვრობს და საკმაოდ წარმატებულია. იძულებული გახდა საქართველოში დაბრუნებულიყო, რადგან მამას მძიმე დიაგნოზი დაუსვეს. მართალია, კიბო უკვე „უკურნებელი სენი“ აღარაა, მაგრამ მაინც სერიოზული დაავადებაა, რომელსაც სერიოზული მკურნალობა უნდა. ლანაც ნერვიულობს. მამა კახეთში წაიყვანა აგარაკზე და ძველი მეგობრები დაგვპატიჟა. მისი ვერანდიდან უღრანი ტყით დაფარული ლაგოდეხის მთები იშლება. მდუმარედ შევყურებთ ამ სილამაზეს. უცებ, ლანა ამბობს: „ზუსტად ვიცი, იქ, იმ მდელოებზე არის მამაჩემის წამალი. უბრალოდ, არ ვიცით, რომელია“.

სამყაროში მოხმარებული წამლების 40% მიღებულია ან ველური სახეობებიდან, ან მათი მიღება დამყარებულია ველური სახეობების ცხოველქმედების პრინციპებზე. ეს არამარტო იცავს მილიონობით სიცოცხლეს, არამედ წარმოადგენს უზარმაზარ ინდუსტრიას, რომელსაც ასეულობით მილიარდი დოლარის წლიური შემოსავალი მოაქვს. სამწუხაროდ, მეცნიერებმა დღეს არსებული მცენარეების მხოლოდ 5%-ის სამკურნალოდ ვარგისიანობის შესწავლა შეძლეს, მაშინ როდესაც დედამიწა ადამიანის უსისტემო ჩარევის გამო (ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის, IUCN-ის მონაცემებით), ყოველდღიურად ასამდე სახეობის მცენარეს კარგავს.
თუ სახეობათა დაცვისკენ მიმართულ ამ კონკრეტულ პრაქტიკულ არგუმენტს შეკითხვად ვაქცევთ, ის კლასიკური გამოწვევის სახეს მიიღებს და ასე ფორმულირდება: „რა მოხდება, თუ ის მცენარე გადაშენდება, რომელიც კიბოს წამალია?“
კომერციული პროდუქტების მოსაძიებლად ბუნების კვლევის პრაქტიკას ბიოდაზვერვა ეწოდება. უნდა ითქვას, რომ მას ხანდახან ნამდვილად მოაქვს სარგებლობა, თუმცა მრავალი პრობლემაც ახლავს და დღეს უკვე აღარაა დამაჯერებელი არგუმენტი.
პირველი ისაა, რომ უამრავი საშუალება გვაქვს ახალი მედიკამენტების შესაქმნელად, რომელთაც არ სჭირდება ლაგოდეხის უღრან ტყეებსა და თუშეთის ალპურ მდელოებზე კილომეტრების გავლა, არც ამაზონის სახიფათო ჯუნგლებში წანწალი ჯადოსნური მცენარის პოვნის ბუნდოვანი იმედით.
მუხლუხოებთან შეხვედრა დადებით ემოციებს არ იწვევს ხოლმე. არადა, ეს მუხლუხო ულამაზეს პეპლად, ოლეანდრის სფინქსად გარდაიქმნება, რომელიც, საქართველოში გადაშენების საფრთხის წინაშეა. მათზეა დამოკიდებული უამრავი მცენარის დამტვერვა და არსებობა
დათვის პოპულაციას გადაშენება ჯერ არ ემუქრება, თუმცა მცირე და ფრაგმენტული პოპულაციის სახითაა საქართველოში. ბრაკონიერობა შემცირების ძირითადი მიზეზია. პლაჟებზე და რესტორნებთან დატყვევებული თითო ბელი, თითო მოკლულ დედა დათვს ნიშნავს
ფოცხვერი საქართველოში გადაშენების კრიტიკული საფრთხის წინაშეა. ძირითადი მიზეზები ბრაკონიერობა და საარსებო გარემოს შემცირებაა
არჩვი საქართველოში გადაშენების კრიტიკული საფრთხის წინაშეა. ძირითადი მიზეზები ბრაკონიერობა და საარსებო გარემოს შემცირებაა. თუმცა, ბოლო პერიოდში, მის პოპულაციას სტაბილურობის ტენდენცია აქვს
სამყაროში ჯიხვის მხოლოდ 2 სახეობაა: დაღესტნური და დასავლეთკავკასიური. ჯიხვები კავკასიის გარდა არსად ბინადრობენ და მსოფლიო მასშტაბით მათი იშვიათობა, ამ ფაქტის გარდა, ბრაკონიერობის მძიმე პრესითაცაა გამოწვეული
მუხლუხოებთან შეხვედრა დადებით ემოციებს არ იწვევს ხოლმე. არადა, ეს მუხლუხო ულამაზეს პეპლად, ოლეანდრის სფინქსად გარდაიქმნება, რომელიც, საქართველოში გადაშენების საფრთხის წინაშეა. მათზეა დამოკიდებული უამრავი მცენარის დამტვერვა და არსებობა
დათვის პოპულაციას გადაშენება ჯერ არ ემუქრება, თუმცა მცირე და ფრაგმენტული პოპულაციის სახითაა საქართველოში. ბრაკონიერობა შემცირების ძირითადი მიზეზია. პლაჟებზე და რესტორნებთან დატყვევებული თითო ბელი, თითო მოკლულ დედა დათვს ნიშნავს
ფოცხვერი საქართველოში გადაშენების კრიტიკული საფრთხის წინაშეა. ძირითადი მიზეზები ბრაკონიერობა და საარსებო გარემოს შემცირებაა
არჩვი საქართველოში გადაშენების კრიტიკული საფრთხის წინაშეა. ძირითადი მიზეზები ბრაკონიერობა და საარსებო გარემოს შემცირებაა. თუმცა, ბოლო პერიოდში, მის პოპულაციას სტაბილურობის ტენდენცია აქვს
სამყაროში ჯიხვის მხოლოდ 2 სახეობაა: დაღესტნური და დასავლეთკავკასიური. ჯიხვები კავკასიის გარდა არსად ბინადრობენ და მსოფლიო მასშტაბით მათი იშვიათობა, ამ ფაქტის გარდა, ბრაკონიერობის მძიმე პრესითაცაა გამოწვეული
საკითხი ასევე ისაა, თუ ვის აქვს შესაბამისი ცოდნა და ვინ ატარებს ბიოდაზვერვას. ხშირ შემთხვევაში, ადგილობრივმა მოსახლეებმა უკვე იციან მცენარეთა სამედიცინო მიზნით გამოყენების შესახებ და ეწინააღმდეგებიან გარეშე პირებს მათ დაუფლებაში. ამასთან დაკავშირებით საერთაშორისო სასამართლო დავებიც კი გამართულა. საქართველოში 90-იანებში, როდესაც პირველი ეროვნული პარკი იქმნებოდა (ბორჯომ-ხარაგაული), ძალიან ძნელი იყო ადგილობრივი მოსახლეობის დარწმუნება, რომ გერმანელები (ძირითადი დონორები) ტყეს არ გვტაცებენ თავისი სამკურნალო მცენარეებითა თუ მერქნით. ამან და სხვა ფაქტორებმა საკმარისად დაძაბეს ურთიერთობა დაცულ ტერიტორიასა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის. ეს კი სახეობათა დაცვისთვის მომაკვდინებელი ფაქტორია. ადგილობრივი მხარდაჭერა თუ აქვს, გადაშენების ჯაჭვი არ შეჩერდება. რამდენადაც საოცარი არ უნდა იყოს, დღესაც კი გაიგონებთ „ფაქტებით გამყარებულ“ ამ არგუმენტებს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ოცი წლის განმავლობაში ბერლინი ბორჯომიდან გადარგული ნაძვებით ნამდვილად არავის მოურთავს.
პრაქტიკული არგუმენტის ამ მაგალითის განხილვისას, კვლავ თავს იჩენს ზემოთ დასმული პრობლემა – როგორაა საქმე იმ სახეობებთან მიმართებაში, რომლებსაც არ გააჩნიათ სამკურნალო მცენარეების მსგავსი სასარგებლო თვისებები? მორიელის გამხმარი სისხლი, ფუფალას მტკიცების მიუხედავად, ნაკლებ სავარაუდოა, რომ სამკურნალო მედიკამენტს შეიცავდეს. ვინ დაიცავს მორიელს?
სამწუხაროდ, ეს პრაქტიკული ფარმაკოლოგიურ-ეკონომიკური მოსაზრებაც, რომელსაც ოთარისა და ლანას მსგავსად, ასე ხშირად ვიყენებთ ბუნების დამცველები, შორს მაინც ვერ წაგვიყვანს.
პრაქტიკა: ეკოსისტემის სერვისები
დიდი ნაბიჯი გადაიდგა მე-20 საუკუნის 90-იან წლებში, როდესაც დაიწყეს ყველა იმ სარგებლის აღწერა, რომლებიც ცხოველებსა და მცენარეებს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი არსებობით მოაქვთ. ამ სარგებელს, რომელსაც უმეტესობა ჩვენგანი ჩვეულებრივ ამბად თვლის, „ეკოსისტემის სერვისები“ ეწოდება.

ამ სერვისებიდან ზოგიერთი ბანალურად აშკარაა. მაგალითად, არსებობენ მცენარეები და ცხოველები, რომლებსაც მივირთმევთ; ფოტოსინთეზის უნარის მქონე ზღვის პლანქტონი და მწვანე მცენარეები წარმოქმნიან ჟანგბადს, რომელსაც ვსუნთქავთ. ეს ფაქტები „ზედაპირზე დევს“, თუმცა ზოგჯერ სერვისები, შესაძლოა, ნაკლებად შესამჩნევი იყოს. ამის აშკარა მაგალითია დამმტვერავი მწერები და ისეთი „ტრივიალურები“, როგორებიცაა ჩვენში გავრცელებული ბაზები ან თუნდაც ღამურები, ტროპიკულ ტყეებში მცენარეული ნექტრით რომ იკვებებიან. ბევრი კულტურული მცენარეც თესლის წარმოსაქმნელად მწერებზეა დამოკიდებული. მათ გარეშე ვერ გადარჩებიან, რომ არაფერი ვთქვათ ჩვენს საკვებით უზრუნველყოფაზე. ამიტომაც გახდა დამმტვერავი მწერების რაოდენობის შემცირება შეშფოთების მიზეზი მთელ მსოფლიოში. საქართველოში კი, რომელიც უცხოელი მკვლევრებისთვის ენტომოლოგიური სამოთხეა, მწერი მწერია და მეტი არაფერი.
წარმოიდგინეთ ადგილი, სადაც ადამიანი ერთადერთი სახეობაა – მაგალითად, კოსმოსურ ხომალდში, დედამიწისგან შორს. იქ არ არის ჟანგბადის გამომყოფი მცენარეები, ამიტომ თავად გიწევთ საშუალების გამოძებნა ჟანგბადის მისაღებად. ამისთვის კი ქიმიური გადამუშავების დანადგარი გჭირდებათ. დანადგარმა უნდა წარმოქმნას წყალიც. ასევე არ არის საკვები და თქვენც ხელოვნურ საკვებს იმზადებთ. შეგიძლიათ ქიმიური სინთეზით მიიღოთ ნახშირწყლები და ცხიმები, მაგრამ მათი გაგემრიელება გაგიჭირდებათ. ეს მაგალითი იმისათვის მოვიყვანე, რომ გავიაზროთ, რამდენად ვართ დამოკიდებული ეკოსისტემის სერვისებზე.

ვინმე მომედავება – მეცნიერება ვითარდება, ხომ მოვა ის დრო, როცა ამ ნივთიერებებს ხელოვნურად შევქმნით? მჯერა მეცნიერების და მჯერა – ასეც იქნება. მაგრამ მახსენდება ასტროფიზიკოსი და National Georgaphic-ის კონტრიბუტორი ნილ დეგრას ტაისონი, რომლის გამოსვლაც YouTube-ზე ვნახე: „ხშირად გაიგონებთ, კლიმატის ცვლილების ან ადამიანის მიერ ინდუცირებული სხვა პრობლემების გამო, მოგვიწევს სხვა პლანეტაზე, თუნდაც მარსზე, გადასახლება. ცხადია, ეს შესაძლებელი იქნება. მაგრამ იმდენი ტვინი თუ გვაქვს, რომ მკვდარ მარსზე დავსახლდეთ, იმდენი რატომ არ გვაქვს, რომ სიცოცხლით სავსე პლანეტა შევინარჩუნოთ?! გამაგებინეთ, სად მივეხეტებით?!“
პრაქტიკულობასა და ეკოსისტემის სერვისებში ღრმად რომ ჩავიხედოთ, დავინახავთ, რომ მათი მასშტაბი არაჩვეულებრივად დიდია.
1997 წელს, ეკოლოგმა რობერტ კოსტანცამ და მისმა კოლეგებმა გამოთვალეს, რომ ბიოსფეროს სერვისების ღირებულება წელიწადში 33 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს. შედარებისთვის, მათ ჟურნალ Nature-ის შესაბამის სტატიაში აღნიშნეს, რომ იმ დროს მსოფლიო ეკონომიკა დაახლოებით 18 ტრილიონ აშშ დოლარს გამოიმუშავებდა წელიწადში. ხუთი წლის შემდეგ, კონსტანცას ჯგუფი დაინტერესდა, რამდენს მოვიგებდით ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებით. იგივე ჟურნალის სხვა ანგარიშში მათ დაასკვნეს, რომ სარგებელი ხარჯებს ასჯერ გადააჭარბებდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბუნების კონსერვაცია საოცრად კარგი ინვესტიციაა. ამის საპირისპიროდ, სახეობების შემცირებისა და გადაშენებისთვის საშუალების მიცემა ცუდი სვლაა. 2010 წლის კვლევამ დაასკვნა, რომ სახეობების უკონტროლო დაკარგვა 18%-ით აზარალებდა მსოფლიო ეკონომიკას 2050 წლისთვის.
ეკონომიკის ზრდის შესახებ საუბარი, შეიძლება, უცნაურადაც მოგეჩვენოთ. ეს ყველაფერი ცივი და უგულოა, ბუნების იმ სიყვარულისგან დაცლილი, რაზეც მანამდე ვსაუბრობდით. ბევრ ბუნების დამცველსაც იგივე შეგრძნება აქვს, ბევრიც ამ მიდგომის კრიტიკოსია. მათი მტკიცებით, ეს შეფასებები არასაიმედოა, რაც ხელისუფალთ საშუალებას აძლევს, არასწორად მოახდინონ კვალიფიკაცია და თუ ვინმე გზის დაგებას მოინდომებს მნიშვნელოვანი ჰაბიტატის გავლით, შეუძლია ზედმეტად შეაფასოს გზის და დააკნინოს ველური ბუნების სარგებლიანობა. სხვათა კონტრარგუმენტი კი ისაა, რომ ამგვარი ბოროტად გამოყენება მაინც ხდება, ხოლო თუ ეკოსისტემები სათანადოდ შეფასდება, მაშინ ტყუილები ნაკლებსავარაუდოა. ამ მოსაზრების გამო, მრავალი ბუნებისდაცვითი ჯგუფი მხარს უჭერს რეალისტური ეკონომიკური შეფასების სისტემის დანერგვას.

ამ შეფასებისას ჩნდება საინტერესო იდეა – თუ ვაღიარებთ, რომ ბუნება მშვენიერია და ამიტომ უნდა დავიცვათ, მაშინ ბუნებით მონიჭებული ესთეტიკური სიამოვნებაც ეკოსისტემის სერვისად უნდა განიხილებოდეს. როგორ შევაფასოთ? როგორ გავზომოთ სილამაზე? კარგით, ეს შეუძლებელია, რადგან სუბიექტურ შეფასებათა სამყაროში ობიექტური ჭეშმარიტება არ არსებობს, მაგრამ არაფერი გვიშლის ხელს გადავწყვიტოთ, რა არის ღირებული. ასე ვიქცევით ხელოვნებასთან მიმართებაში. თუ რაიმეს ვაფასებთ და მის დასაუფლებლად მზად ვართ გადავიხადოთ, ე. ი. მას ღირებულებაც გააჩნია.
ბუნებასთან მიმართებაშიც რომ ასე მოვიქცეთ, გვჭირდება მხოლოდ სისტემა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, გადავიხადოთ ბუნების მშვენიერებით მონიჭებული განცდისთვის.
ამის მარტივი მაგალითია ეკოტურიზმი – იქნება ეს ადამიანების კავკასიონზე წაყვანა ჯიხვებზე დასაკვირვებლად თუ უამრავი „ბერდვოჩერის“ ჩამოყვანა საქართველოს გლობალურად მნიშვნელოვანი ფრინველთა ორი სამიგრაციო გზის სანახავად. ცნობისთვის, კოლხეთის ჭაობები და ჯავახეთის მაღალმთიანი ტბები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილებია ფრინველთა უამრავი სახეობის სეზონური მიგრაციისთვის. აქ ათასობით ფრინველი ისვენებს ან იზამთრებს გადაფრენისას. ვინც ამ ტურებს აწყობს, ცხოველების უსაფრთხოების აშკარა სტიმული გააჩნია. ჯიხვი თუ ფრინველი მისი საარსებო წყაროა და ამ ტურების მოწყობა, შესაძლოა, უკეთეს შემოსავალს იძლეოდეს, ვიდრე სხვა საქმიანობა. პრინციპში, ეკოტურიზმი იძლევა საშუალებას, რომ ადამიანებმა ბუნების მშვენიერებაში გადაიხადონ.
მე-20 საუკუნის 60-იან წლებში, ადამიანებს ველური ბუნების დაცვას მისსავე სასარგებლოდ ურჩევდნენ და ამ მიდგომას „ბუნება ბუნებისთვის“ ერქვა. 2000-იან წლებში, ეკოსისტემის სერვისების იდეის წყალობით, უკვე ვამბობთ: „ბუნება ადამიანისთვის“. მაშინაც კი, თუ თქვენთვის მიუღებელია მორალური არგუმენტი, რომ „ველურ არსებებსა და ადგილებს უამრავი ნიშანდობლივი ფასეულობა გააჩნიათ“, მათი შენარჩუნებისთვის რეალისტური პრაქტიკული მიზეზებიც არსებობს. არ არის საჭირო დათვზე ან დელფინზე ზრუნვა ეკოტურიზმის მძლავრი ინდუსტრიის მნიშვნელობის შესაფასებლად. ერთი შეხედვით, მართლაც ასე ჩანს, რომ ეკოსისტემის სერვისების იდეა კონსერვაციის მიმართ უფრო შერჩევითი მიდგომებისაკენ უნდა გვიბიძგებდეს – მოვუაროთ იმ კომპონენტებს, რომელთა სანახავად ტურისტები ივლიან, ან დავიცვათ ისინი, რომლებიც კულტურულ მცენარეებს ამტვერიანებენ, ან სხვა გზით იძლევიან რაიმე სარგებელს. დანარჩენს ჯანდაბამდე გზა ჰქონია!
სხვა ვარიანტიც არსებობს. ეს სინთეზური და, ალბათ, ყველაზე გამართლებული მიდგომაა.
ავიღოთ ისევ ჯიხვები. ისინი ბინადრობენ მთის ქედებსა და ფერდობებზე, სადაც ალპურ მდელოებს ხშირი ტყე ერთვის. თუ ჯიხვების შენარჩუნება გვინდა, უნდა შევინარჩუნოთ ის ეკოსისტემა, რომელშიც ისინი ბინადრობენ. დასაბუთება მარტივია. ჯიხვებს საკვებად მცენარეები სჭირდებათ, ამიტომ საარსებო გარემოს დაცვა არსებითია. ამავე დროს, ჯიხვი სახეობათა უფრო ფართო ქსელის ნაწილია. ძნელია მათი ცალკე გამოყოფა. ერთ-ერთი სახეობის გაქრობას, შესაძლოა, დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდეს, თუმცა ჯაჭვური რეაქცია კი გამოიწვიოს, რომელიც მთელ ეკოსისტემას შეცვლის. რთულია სახეობის განადგურების ეფექტის პროგნოზირება, თუ ვითარებას წინ არ გაუსწრებ და არ მოკლავ მას – მერე კი ძალიან გვიანია ვითარების შემობრუნება. ამიტომ, თუ გადავწყვეტთ ჯიხვების შენარჩუნებას, იმ კონკრეტული საარსებო გარემოს დაცვას ვირჩევთ, რომელშიც ისინი ბინადრობენ და იმ სახეობათა უმრავლესობის დაცვასაც, რომლებიც მათ გვერდით არსებობენ. ამ მომენტში ბევრი ადამიანი თავს იკავებს. ერთია ფულის ან გადასახადის გადახდა ქარიზმატული ჯიხვების გადასარჩენად, მეორე კი ხეების, ბუჩქებისა თუ მწერების დასაცავად. ამიტომ, იქნებ ეს ჯიხვი საერთოდ არც ისე საიმედო ინვესტიციაა? ამ კითხვის ვალიდურობისა თუ არავალიდურობის მიუხედავად, არსებობს დამაჯერებელი მიზეზები ტყეებისა და ალპური მდელოების შენარჩუნებისთვის, არა მხოლოდ იმიტომ, რომ იქ ჯიხვები ბინადრობენ.„იმდენი ტვინი თუ გვაქვს, რომ მკვდარ მარსზე დავსახლდეთ, იმდენი რატომ არ გვაქვს, რომ სიცოცხლით სავსე პლანეტა შევინარჩუნოთ?! გამაგებინეთ, სად მივეხეტებით?!“ – ნილ დეგრას ტაისონი
ყოველთვის სათანადოდ ვერ ვაფასებთ ფერდობებზე შეფენილი ტყეების სამსახურს. სად სად და საქართველოში კი ყველამ იცის, რომ ამინდი ცვალებადია და ზოგჯერ ძალიან ბევრი წვიმა მოდის, რაც წყალდიდობებს ნიშნავს. გასული წლის 13 ივნისის თბილისი ყველაზე კარგ მაგალითად გამოდგება. შეგვიძლია მეწყრებითა თუ წყალდიდობებით დაზარალებული აჭარის მაღალმთიანეთის ან სვანეთის ათასობით ეკომიგრანტიც გავიხსენოთ. იქ პრობლემა ნათელი იყო – ფერდობებზე არსებული ტყეები ბუნებრივად არბილებენ სიტუაციას და ადგილობრივ მოსახლეობას მთასა თუ მთისწინში მეწყრისა და ზვავისგან საიმედოდ იცავენ. გარდა ამისა, ისინი ადამიანებს მტკნარი წყლის მარაგით უზრუნველყოფენ. ამ სისტემის ეფექტურად მუშაობისთვის ტყე საკმაოდ სტაბილური უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხდება ის, რაც არც თუ ისე შორეულ წარსულში საქართველოს რამდენიმე რეგიონში მოხდა – ტყეგაპარსულმა ფერდობებმა ძლიერი წვიმის გამო ათასობით ტონა მიწა ვერ შეაკავა. ტრაგედია გაუგონარი მასშტაბის იყო. ადამიანები დაიღუპნენ. უამრავი ოჯახი კი საკუთარ ქვეყანაში მიგრანტად იქცა.
მიუხედავად იმისა, განიხილავთ თუ არა ამას ეკონომიკური თვალსაზრით, მეცნიერება გვეუბნება, რომ ეკოსისტემა უზრუნველგვყოფს უამრავი ისეთი ფაქტორით, რომელთა გარეშე ვერ ვიარსებებთ. რაც უფრო მრავალფეროვანია ეკოსისტემა, მით უკეთ ახერხებს ამას. საქართველო კი ის ქვეყანაა, სადაც მიწის მცირე ნაგლეჯზე უამრავი მყარი (ჯერ კიდევ) ეკოსისტემა გვხვდება – სუბტროპიკულთან მიახლოებული, წიწვოვანი, ფოთლოვანი, შერეული თუ ნათელი ქალწულებრივი ტყეები, რომლებსაც მთელი ქვეყნის 40% უკავიათ, უდაბნოები და ნახევარუდაბნოები, ალპური მდელოები, ალპური ტბები… ბევრი ჩვენნაირი პატარა ქვეყანა ვერ დაიკვეხნის ასეთი საგანძურით. მხოლოდ ჭურჭლოვანი მცენარეების სახეობათა რაოდენობა აქ 3000-ს აღემატება, რომ არაფერი ვთქვათ უამრავ ენდემზე, რომელიც საქართველოს გარდა, არსად გვხვდება.
როგორც ყოველთვის, პრობლემის გადაჭრას თან სდევს ორი კითხვა – რა გავაკეთოთ და როგორ გავაკეთოთ? კითხვა „რა გავაკეთოთ?“ პასუხგაცემულია – ეკოსისტემები უნდა დავიცვათ! მაგრამ როგორ გავაკეთოთ ეს? უფრო რთული პასუხგასაცემია. ბუნებრივია, ადამიანებმა (როგორც გადაწყვეტილებების მიმღებებმა, ასევე ადგილობრივმა თუ ურბანულმა მოსახლეობამ) უნდა გააცნობიერონ მათი მნიშვნელობა. მაგრამ განათლება, თუ სწორადაა მიმართული, ხანგრძლივი პროცესია და შედეგი თაობების ცვლას მოსდევს ხოლმე. ის რომ არ მოხდეს, რომ განათლებულმა თაობამ მიმოიხედოს და გარშემო უდაბნო აღმოაჩინოს, პრაქტიკული ქმედებები დღესვეა გასატარებელი. ყველაზე ეფექტური კი დაცული ტერიტორიების განვითარებაა. ცხადია, ეს გარკვეულ რეგულაციებსა და შეზღუდვებს აწესებს და ადგილობრივ მოსახლეობასთან ხშირად კონფლიქტსაც იწვევს, მაგრამ თუ დაცული ტერიტორია ალტერნატიულ სარგებელს შესთავაზებს ადგილობრივებს, პრობლემა ცხრება. მომგებიანი შესათავაზებელი კი, როგორც ზემოთ აღინიშნა, ძალიან ბევრია. და აქ ისმება კითხვა – სად უნდა შეიქმნას დაცული ტერიტორია? ცხადია, პირველ რიგში იქ, სადაც მცენარეთა და ცხოველთა სახეობების მრავალფეროვნების ინდექსი ყველაზე მაღალია და სადაც ეკოსისტემა ყველაზე ჯანსაღია ან იქ, სადაც უკვე დაკნინებულია, მაგრამ დაცვის შემთხვევაში, სწრაფი აღდგენის სერვისების მოწოდების დიდი პოტენციალი აქვს. ამავე დროს, დაცულმა ტერიტორიამ თუ მთელი ეკოსისტემა არ მოიცვა, მაშინ მის არსებობას აზრი არ აქვს. ის ვერაფერ მნიშვნელოვანს ვერ შესთავაზებს ადგილობრივ მოსახლეობას და ქვეყნის ეკონომიკას. ხშირად გაიგონებთ მიდგომას – რატომ უნდა ხარჯოს მთავრობამ ბიუჯეტის ფული დაცული ტერიტორიის შენახვაზე, როცა კერძო პირს შეუძლია ეროვნული პარკის (დიდი ფართობის დაცული ტერიტორია) განვითარება? ეს ზედაპირული მიდგომაა, რადგან მსოფლიო პრაქტიკა ანახებს – მთელი ეკოსისტემა (თუ მისი ასეთად შენარჩუნება გვინდა სერვისების მიღების თვალსაზრისით) მყისიერ მოგებას ვერ იძლევა. ბიზნესის უმრავლესობას, ბუნებრივია, ურჩევნია სწრაფად გამდიდრდეს და ამაში, ზოგადად, ცუდი არაფერია. ცუდია იმ შემთხვევაში, თუ რესურსს (მაგალითად ტყეს) მოკლე ვადებში მოვსპობთ სწრაფი მოგებისთვის. ამ დროს, ბიზნეს-მოდელი „ერთს მოვჭრი და სამს დავრგავ“ არ მუშაობს. ეს შეიძლება დაცული ტერიტორიის გარეთ გაკეთდეს, მაგრამ არა მის შიგნით და აი რატომ – ჯერ ერთი სამი ახალი დარგული ათეული წლის მერე მიაღწევს ერთი მოჭრილის ზომას და მეორეც – ამ შუალედში ირღვევა ეკოსისტემის ინტეგრულობა. „სამი ახლის გაზრდამდე“ ნადგურდება ცხოველთა სახეობების მთელი ქსელი. ის ქსელი, რომელიც, მაგალითად, ლაგოდეხის მთებს უნიკალურ ეკოსისტემად აქცევს, მთელი თავისი სერვისებით და, რომლის გარეშე ლაგოდეხი არამარტო აღარაა ლაგოდეხი, არამედ ვერც ვერავის ახეირებს კონკრეტული კომპანიის მოკლევადიანი ბიზნესპ-როექტის გარდა. გაცილებით გონივრულია (რაც ყველა განვითარებულ ქვეყანაში ხდება, თვით უკიდურესი მემარჯვენე შეხედულებების მთავრობების პირობებშიც კი) დაცული ტერიტორიების გარკვეული ნაწილების ბიზნესისთვის გარკვეული პირობებით გრძელვადიანი გადაცემა. ამით სერვისების გამოყენებაც ხდება კომპანიებისა და სახელმწიფოს სასიკეთოდ, ადგილობრივების დასაქმებაც და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაც.
ეკოსისტემა უნდა დავიცვათ ჩვენივე კეთილდღეობისთვის, რადგან ის უზრუნველგვყოფს როგორც პრაქტიკული საჭიროებებით (საკვები და წყალი) ასევე ნაკლებად ფიზიკური საჭიროებებით – სილამაზე. გარკვეულ სიტუაციებში, შესაძლოა უპირატესობა მივანიჭოთ ერთს ან მეორეს, თუმცა, საერთო ჯამში, ალბათ, ორივე უნდა გავაკეთოთ.
ეს კონსერვაციის შესახებ აზროვნების ახალი, სინთეზური მიდგომაა. არა „ბუნება საკუთარი თავისთვის“ – რადგან ის აშკარად ადამიანების დახმარებაზეა ორიენტირებული და არც მთლიანად – „ბუნება ადამიანებისთვის“, რადგან ბევრი რამ, რასაც ეკოსისტემები გვაძლევენ, პირდაპირ სარგებელს არ ეხება.
ამის ნაცვლად, ახალი სინთეზური მიდგომა ადამიანების საზოგადოებასა და ველურ ეკოსისტემებს განიხილავს, როგორც განუყოფელ მთლიანს. ამ მიდგომას მარტივი სახელი აქვს – „ბუნება და ადამიანი“.
„არ შეიძლება, ჩვენც რომ ვიცხოვროთ და მაგათგან ვიხეიროთ, მათაც იცხოვრონ და ჩვენგან იხეირონ? ასე ძნელია?“ – მახსენდება ოთარ ღვაბერიძის ღრმა და ფუნდამენტური ხასიათის კითხვა.
ძნელია, მაგრამ სხვა გზა ნამდვილად არ გვაქვს. მარსზე გადასახლება უფრო ძნელია.
სრული ვერსია წაიკითხეთ იანვრის ნომერში.