იტალიის ძველისძველი ბილიკები
აპულიასა და მსოფლიოს სხვა სამწყემსო რეგიონებში პირუტყვის სეზონური მიგრაცია
თემურ ტრადიციადაა შემორჩენილი


იტალიის ძველისძველი ბილიკები
აპულიასა და მსოფლიოს სხვა სამწყემსო რეგიონებში პირუტყვის სეზონური მიგრაცია თემურ ტრადიციადაა შემორჩენილი
ყოველი წლის ივნისში ნუნციო მარჩელი თავის 1300-ცხვრიან ფარას აგროვებს და შუაგულ იტალიაში, აპენინის მთებში, შუასაუკუნეობრივი სოფლის, ანვერსა-დელი-აბრუცის მახლობლად მდებარე სახლს ტოვებს. 65 წლის მარჩელი, მწყემსები და ამ მხარის ტრადიციული წეს-ჩვეულებებით დაინტერესებული რამდენიმე სტუმარი სამი დღის განმავლობაში 50-მდე კილომეტრს გადიან და პირუტყვს მარჩელის ფერმის თავზე, შორს მდებარე ალპური მდელოსკენ მიერეკებიან.
ფერმიდან ცხოველთა საზაფხულო საძოვრამდე კვალი „ტრატუროებს“ მიჰყვება, რომელიც იტალიურად იმ გზებს აღნიშნავს, რომლებიც ამ მიწაზე 2300 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მსგავსი მიგრაციით გაკვალულა. ანვერსას რიყის ქვით მოკირწყლული ქუჩების კაკუნით გავლის შემდეგ ფარა და მისი მწყემსები ზემოთ აცოცებას იწყებენ. ისინი ციცაბო ბილიკს მიუყვებიან ველური ყვავილების ზღვებს შორის, წიფლისა და ფიჭვის პირველყოფილ ტყეებსა და ქვის დანგრეულ სოფლებს, მათ შორის, 12-კაციანი მოსახლეობის მქონე არაამქვეყნიურ დასახლება კასტროვალვას, რომელიც ცაში აზიდულ კირქვის კლდოვან თხემს ჩაბღაუჭებულა. მესამე დღის ნაშუადღევს ისინი აღწევენ 2000 მეტს სიმაღლეზე განფენილ ზეგანს, რომლის თავზეც ჯერ კიდევ თოვლით დაფარული მონტე-გრეკოს მწვერვალებია.

მიუხედავად იმისა, რომ რომიდან მხოლოდ 150-მდე კილომეტრშია, ეს ზეგანი დავიწყებულ სამყაროს წააგავს. ბაზები თავშავას და ბეგქონდარას დასტრიალებენ თავს. მთის არწივები და შავარდნები აპენინის ნათელ ლურჯ ცაში დაფრინავენ. მცენარეების, ბალახებისა და ველური ყვავილების ასობით სახეობა თავბრუდამხვევი სიუხვით ხარობს. აქ მობილური ტელეფონები არ მუშაობს. ეს ისეთი ადგილია, წამოსვლა რომ არასდროს მოგინდება.
მაგრამ მარჩელის თავის ფერმაში საქმე ბლომად აქვს. იგი აგროტურიზმშიც არის ჩართული და მოგზაურებისთვის საკარმიდამო ოთახებს აქირავებს. ასე რომ, აბრუცოს ტრადიციულ კერძებს – მოშუშულ ცხვრის ხორცსა თუ პანკოტოს (პურისა და ბოსტნეულის წვნიანი) მიირთმევენ და ამ სადღესასწაულო სამხრის შემდეგ ყველანი ანვერსაში ბრუნდებიან ფურგონით.
ყველანი, გარდა ცხვრისა, რომელიც მთელი ზაფხულისა და ადრეული შემოდგომის განმავლობაში აქ დარჩება და მდელოს ნოყიერი საკვებით დატკბება იმ სახელმწიფო მიწაზე, რომელსაც მარჩელი სკანოს ოლქისგან ქირაობს აბრუცოს, ლაციოსა და მოლიზეს ეროვნული პარკის საზღვრებთან ახლოს. მწყემსებიც რჩებიან თავიანთ აბრუცული მასტიფის ჯიშის მოდარაჯე ძაღლებთან ერთად, რათა ფარა მგლების, დათვებისა და სხვა მტაცებლებისგან დაიცვან.
ნოემბრის დამდეგს მარჩელი და მისი მწყემსები, ზოგჯერ კი აგროტურისტებიც, რომლებიც გვიანი შემოდგომის სიცივეს არ უშინდებიან, პირუტყვის დასაბრუნებლად იმავე გზას გადიან. ეს ყოველწლიურად მეორდება.
წელიწადში ამ ორგზის მიგრაციას თავისი სახელი აქვს, ხოლო 2019 წლის 11 დეკემბრიდან იუნესკოს მხრიდან ის აღიარებულია როგორც კულტურის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნაწილი. „სამომთაბარო მეცხოველეობად“ (ინგლ. „transhumance“, რომელიც ლათინური სიტყვებიდან მომდინარეობს: trans – „გადაღმა“ და humus – „ნიადაგი“) წოდებულ, ადამიანთა და მათი პირუტყვის საზაფხულო და საზამთრო საძოვრებს შორის სეზონურ გადაადგილებას სამწყემსო კულტურები ყველა დასახლებულ კონტინენტზე ათასობით წლის განმავლობაში მისდევენ.
საჭიროებით ნაკარნახევი ეს მთლიანად გამოყენებითი და პრაგმატული საქმიანობა იუნესკოს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი ბიზანტიური გალობის, იამაიკური რეგისა და არგენტინული ტანგოს გვერდით. როდესაც 2018 წლის მარტში იტალიის, საბერძნეთისა და ავსტრიის წარმომადგენლებმა განაცხადი შეიტანეს სამომთაბარო მეცხოველეობის იუნესკოს სიაში შეტანის მოთხოვნით, ისინი მას მოიხსენიებდნენ როგორც „არა უბრალოდ მის მიმდევართა საქმიანობაზე გაცილებით მეტს, არამედ ყოფა-ცხოვრების წესს“.


(მარცხნივ) მონტე-სანტ-ანჯელოში ხალხი გროვდება მწყემსთა მფარველის, წმ. მიქაელ მთავარანგელოზის სადღესასწაულო მსვლელობის საყურებლად. ეს აპულიური ქალაქი „ტრატუროების“ ქსელის გასწვრივაა განლაგებული. (მარჯვნივ) მოლიზეს ქალაქ სკაპოლიში გამართულ ყოველწლიურ გუდასტვირების დღესასწაულზე მუსიკოსები აკორდეონს, „ძამპონია-დი-პანის“ (მხოლოდ ამ ოლქისთვის დამახასიათებელ უძველეს გუდასტვირს) და „ჩარამელას“ (ტრადიციულ ჰობოის) უკრავენ. გუდასტვირი წარმართულ ღვთაება პანს უკავშირდება, რომელსაც არქაულ ეპოქაში მწყემსები ეთაყვანებოდნენ.
ცხვარი და თხა ადამიანთა მიერ დაახლოებით 10 000 წლის წინათ მოშინაურებული პირველი ცხოველები იყვნენ. სეზონური მწყემსობის მტკიცებულება თითქმის ამავე ხანიდან არსებობს. 1963 წლის გათხრების რადიოკარბონული მეთოდით დათარიღების თანახმად, ირანის ცენტრალური ზაგროსის მთებში მდებარე ჰულაილანის ხეობაში მომთაბარე მწყემსები პირველად დაახლოებით ძვ.წ. 7050 წელს დასახლდნენ. სხვა გათხრებმა სამხრეთ საფრანგეთის ოდის ხეობაში გამოააშკარავა, რომ ამ რეგიონში თხებისა და ცხვრების გადაადგილება დაახლოებით ძვ.წ. 4500 წელს იწყება.
სამომთაბარო მეცხოველეობა დაბლობსა და მაღლობს შორის – და ზედა და ქვედა განედებს შორის – ყველა სახის პირუტყვს მოიცავს. ეთიოპიის ტიგრაის მთიანეთში მწყემსებს მსხვილფეხა რქოსანი საქონელი, ცხვარი და თხა გადაჰყავთ. ბჰუტანსა და ნეპალში ამ საქმიანობაში იაკები, კამეჩები და მსხვილფეხა რქოსანი საქონელია ჩართული. ბოსნიაში კი მწყემსური ყოფა-ცხოვრების ნაწილი ღორების სეზონური გადარეკვა იყო.
ამერიკის დასავლეთში მცხოვრები ზოგიერთი რანჩოს მფლობელი კვლავაც მისდევს სამომთაბარო მეცხოველეობას. მსხვილფეხა რქოსანი საქონლის ერთ-ერთი დერეფანი, უაიომინგში მდებარე „გრინ-რივერის დინება“, საუკუნეზე მეტია გამოიყენება და შეერთებული შტატების ისტორიულ ადგილთა ეროვნულ რეესტრშია შეტანილი. ყოველ გაზაფხულზე კოვბოები მსხვილფეხა საქონელს ამ „დინების“ გასწვრივ ერეკებიან დასავლეთ უაიომინგის უდაბნოს საბალახო მიწებიდან ბრიჯერ-ტიტონის ეროვნულ ტყეში მდებარე საზაფხულო საძოვრისკენ. ამ თითქმის 100-კილომეტრიანი მოგზაურობის შესასრულებლად სამი კვირაა საჭირო.
სამხრეთ საბერძნეთში, სადაც 1970-იანი წლების შუიდან ჩემი ოჯახი და მე გარკვეული პერიოდულობით ვცხოვრობდით, ადამიანთა და მათ ცხოველთა წელიწადში ორჯერ გადანაცვლება ცხოვრების წესში იმდენად იყო ფესვგადგმული, რომ 1990-იანი წლების ბოლომდე მომთაბარეებს გზაზე მღვდელი და სკოლის მასწავლებელი ახლდათ თან.
ერთხელ, ჩემს მეგობრებთან ერთად, ჩვენი მხარის სამომთაბარო გზას (ბერძნულად „მონოპატია“) გავუყევი ზღვისპირა სოფელ კიპარისიდან მთის მოწყვეტილ დასახლებამდე. ბაბალაში ციცაბო გზით ოთხსაათიანი სიარულის შემდეგ ჩავედით. ქვის „კალივიები“ – მწყემსების მიერ გამოყენებული მარტივი ქოხები – ოდესღაც ვენახებისა და ბაღების შემომღობავ, ქვის კედლებით დასერილ კლდოვან მდელოზე მიმოფანტულიყო. საუკუნეების განმავლობაში ბაბალა კიპარისის მწყემსთა ათობით ოჯახის საზაფხულო ბინას წარმოადგენდა. დღეს კი სამომთაბარო მეცხოველეობას მხოლოდ ერთი ოჯახიღა ეწევა.


(მარცხნივ) ახალზელანდიელ უილიამ რაინდს ერთი ცხვრის გასაკრეჭად დაახლოებით 80 წამი ჰყოფნის. ყოველწლიურად თითქმის სამი თვის განმავლობაში მკრეჭავები სამუშაოდ იტალიის ერთი ფერმიდან მეორეში მოგზაურობენ.
(მარჯვნივ) ფონტე-ვეტიკაში გამართულ ყოველწლიურ ცხვრის ბაზრობაზე აბრუცული მეცხვარე ძაღლი თავის ფარას ადევნებს თვალყურს.
იქ ჩავედით, რადგან გაგონილი გვქონდა, რომ იქაურები „ტულუმოტირისაც“ ამზადებდნენ – გასუფთავებულ და მაგრად დამარილებულ თხის ტყავში ტრადიციულად დაძველებულ ყველს. ნამდვილ ტულუმოტირის ორი წლის განმავლობაში ვეძებდი (ყველის მწარმოებელთა უმეტესობა მას დღეს კასრებში აძველებს) და, ბოლოს და ბოლოს, ის იქ, ბაბალაში, ვიპოვე, დიმიტრისისა და იანულა ჰიოტისის კარ-მიდამოში.
დიმიტრისმა მოგვიყვა, რომ ყველსა და ტყავს შორის ლურჯი ობი ფორმირდება, რომელსაც ის ყველს გულმოდგინედ აზელს. იანულამ ნაჭერი გამოაცალკევა და საზიარო თეფშზე დადო. ხელში მომარჯვებული, შეშის კოცონზე დაბრაწული პურის ნატეხებით შევუდექით ყველის გასინჯვას. მას გემრიელად მძაფრი და ცხარე გემო ჰქონდა – თითქოს, ჩემი ბავშვობის ტულუმოტირის (გუდაში გამოყვანილი ყველი) შევექცეოდი, ასეთ არომატს მხოლოდ სამომთაბარო-მეცხოველეობაში თუ შეიგრძნობთ.
მსოფლიოს მრავალ ადგილას ყველის დამზადებას სამომთაბარო მეცხოველეობაში საკვანძო ადგილი უჭირავს. ნეპალში მწყემსები იაკის რძეს იყენებენ ტრადიციული ყველის, „ჩჰურპის“, აგრეთვე კარაქისა და ერბოს დასამზადებლად. დასავლეთ მაკედონიური „სარპლანინსკი-ოვცი-კაშკავალი“ მხოლოდ ზაფხულში მზადდება და მხოლოდ მაშინ, როდესაც ცხვარი 1000 და 1500 მეტრ სიმაღლეზე ძოვს. ესპანურ ყველ „იდიასაბალს“ თავდაპირველად ბასკეთისა და ნავარის მხარეებში ამზადებდნენ, სადაც მისი შებოლილი სურნელი მწყემსთა გლეხურ ქვის ქოხებში, ბუხართან დაძველების შედეგად მიიღებოდა.
სამომთაბარო მეცხოველეობას უნდა ვუმადლოდეთ იოდელსა და ალპურ ბუკს, ასევე უთვალავ ხალხურ სიმღერას, ლექსს, ზეიმსა და დღესასწაულს.
ყველა ამ შემთხვევაში ყველის მწარმოებლები დამოკიდებულნი არიან იმაზე, რომ მათ პირუტყვს შეეძლოს იბალახოს ველურ საძოვრებზე, რომელთა მრავალფეროვანი მცენარეული საფარი ცხოველთა მიერ გამომუშავებულ რძეს განსაკუთრებულ გემოს ანიჭებს. ეს, თავის მხრივ, ამა თუ იმ ყველის არომატზე ახდენს გავლენას. ალპებში ამ რძეს „ჰოიმილხს“ უწოდებენ, რაც გერმანულად „თივის რძეს“ ნიშნავს და ის „სურა-კიზის“, „გრაუკეზესა“ და „ალპენკიონიგის“ ყველის სახეობების დამახასიათებელი გემოს მიღებას უწყობს ხელს.
მარჩელების საგვარეულო ფერმიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, დაახლოებით 120 კილომეტრში, მეოთხე თაობის ყველის მწარმოებელი და რძის მეურნეობის პატრონი, კარმელინა კოლანტუონოც სამომთაბარო მეცხოველეობას მისდევს, მაგრამ იგი ცხენზეა ამხედრებული და ასე ერეკება თავისი ოჯახის უმთავრესად პოდოლიკას ჯიშის 300 ძროხას საზამთრო საძოვრებისკენ და იქიდან შინ. კოლანტუონოს ჯილდოს მფლობელ „კაჩოკავალოს“ ყველს, რომელსაც აპულიასა და მოლიზეს ბალახებისა და მცენარეების არომატი აქვს, რომისა თუ მანჰეტენის რესტორნებში მიირთმევენ.
სამომთაბარო მეცხოველეობამ, სადაც კი მას მისდევენ, ყველგან ლანდშაფტის ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი: ათასწლეულების განმავლობაში სამწყემსო გზების მახლობლად შენდებოდა სალოცავები, ეკლესიები, ფუნდუკები და, საბოლოო ჯამში, სოფლები. მოლიზეში იტალიის ერთ-ერთი უმთავრესი „ტრატუროს“ გასწვრივ გაშენდა უძველესი ქალაქი საეპინუმი. ამბობენ, რომ ქალაქის სახელი მომდინარეობს ლათინური ზმნიდან „saepire“, რომელიც „შემოღობვას“ ნიშნავს და ქალაქში არსებული ბევრი კედელშემოვლებული ცხვრის ბაკის გამო ეწოდა. ქალაქის ერთ-ერთ კარიბჭეზე 168 წლით დათარიღებული წარწერა ქალაქის მოსახლეობას ტრატუროზე გამავალი მწყემსებისთვის ზიანის მიყენებას უკრძალავს.

საბერძნეთში მონოპატიები სხვაგვარად მოწყვეტილ მთისა და ზღვისპირა თემებს შორის კავშირის ერთადერთ საშუალებას წარმოადგენდა. მათი გზების გასწვრივ ყვაოდა ვაჭრობა და სიყვარულიც კი. ბაბალის ჩრდილოეთით მდებარე მწყემსების სოფელ ვოსკინაში ჩემმა ყველის მწარმოებელმა მეგობარმა მომიყვა დაახლოებით 60 წლის წინ თავისი დაქორწინების ამბის შესახებ ზღვისპირა სოფელში მცხოვრებ ახალგაზრდა მამაკაცზე, რომელიც მისი საგვარეულო სახლიდან ერთი დღის სავალ მანძილზე ცხოვრობდა. გარიგებით ქორწინება გოგონას მამამ მოაწყო, რომელიც სამომთაბარო გზებზე თავისი ქალიშვილისთვის შესაფერისი სასიძოს საპოვნელად დადიოდა. ჩემი მეგობრის თქმით, ეს პრაქტიკა მაშინ ჩვეული რამ იყო.
სამომთაბარო მეცხოველეობას უნდა ვუმადლოდეთ იოდელსა და ალპურ ბუკს, ასევე უთვალავ ხალხურ სიმღერას, ლექსს, ზეიმსა და დღესასწაულს. ყოველი წლის ოქტომბერში, „ფიესტა-დე-ლა-ტრასუმანსიას“ დროს ესპანეთის დედაქალაქ მადრიდის შუაგულში 2000-მდე ცხვარს მიერეკებიან. როდესაც მწყემსები და მათი ფარები ქალაქის ცენტრს აღწევენ, ისინი ნეოკლასიკური ქანდაკებებითა და შადრევნებით დამშვენებულ კოხტა Plaza de Cibeles-ზე იყრიან თავს. აქ მწყემსები მერს, რომელიც ამ სანახაობას ხელმძღვანელობს, 50 „მარავედის-ალ-მილარს“ უხდიან – გადასახადს, რომელიც 1418 წელს დადგინდა ათას („მილარ“) სულ ცხვარზე.
კვლევამ აჩვენა, რომ ესპანეთში, ტიროლსა თუ ნორვეგიის ჩრდილო საძოვრებზე სამომთაბარო მეცხოველეობის გზები ბიომრავალფეროვნებას უწყობს ხელს სათიბ-საძოვრებისა და ტყეების შეკავშირების გზით. ეს ხშირად იმ რეგიონებში ხდება, რომლებიც მშენებლობებითა და მიწის აქტიური დამუშავებითაა დანაწევრებული. ეს გზები გარეულ ცხოველებს მიგრაციის დერეფნებს, ხოლო ფლორასა და ფაუნას ჰაბიტატს უქმნის. სამომთაბარო მეცხოველეობის იუნესკოს სიაში შეტანის მომხრეები ასევე ამტკიცებენ, რომ ეს საქმიანობა ინტენსიურ მეცხოველეობაზე გაცილებით მდგრადია.

ესპანეთში მომთაბარე მწყემსების „ტრადიციული ეკოლოგიური ცოდნის“ კვლევის შედეგად დაასკვნეს, რომ თაობების განმავლობაში კულტურის გარემოსთან პირდაპირი შეხების შედეგად ფლორის, ფაუნისა და ბუნებრივ მოვლენათა შესახებ მიღებული ასეთი ცოდნა ამ ხალხს გარემოს ცვლილებებთან შეგუებაში ეხმარება და მიწის კარგ განმკარგავებად აქცევს.
მარჩელი იხსენებს, რომ ბავშვობაში ეუბნებოდნენ: „თუ არ ისწავლი, ცხვრის ძოვება მოგიწევს“. მანაც ისწავლა – რომის ლა-საპიენცას უნივერსიტეტში ეკონომიკისა და ვაჭრობის დარგში მიიღო განათლება და დისერტაცია, აბრუცოს სასოფლო-სამეურნეო ეკონომიკის წასახალისებლად, ცხვრის მოშენების მდგრად მეთოდებზე დაწერა.
1977 წელს, დისერტაციის დასრულებამდე სამი წლით ადრე, იგი სახლში დაბრუნდა და ცხვრის მოშენებას მიჰყო ხელი. მას მანუელა კოციც გაჰყვა და ერთად მათ „ლა-პორტა-დეი-პარკის“ ფერმა შექმნეს. დღეს მარჩელი და კოცი იქაურობას თავიანთ 34 წლის ქალიშვილ ვიოლასა და 32 წლის ვაჟიშვილ იაკოპოსთან ერთად უძღვებიან. თავისი მშობლების ენთუზიაზმით შთაგონებული ვიოლა, რომელმაც ფლორენციაში ხატვა და პროდუქტის დიზაინი შეისწავლა, ფერმის მთავარ ყველის მწარმოებლად და აგროტურიზმის რესტორნის შეფ-მზარეულად მუშაობს და ასევე მეცხვარეობის რეგიონულ კოოპერატივსაც ხელმძღვანელობს.
ვიოლა ამბობს, რომ „წარსულში აბრუცოში მილიონობით ცხვარი ჰყავდათ. ახლა კი, ალბათ, მხოლოდ 200 000. ჩვენ ცხვარს ვაშენებთ, რადგან იმედი გვაქვს, რომ სხვებს იმავეს შთავაგონებთ. „ტრანსუმანცას“ (სამომთაბარო მეცხოველეობას) მივდევთ, რადგან ის ცხოველთა ჯანმრთელობისა და ამ ადგილისთვისაც კარგია. ის ამ მთის კულტურის ნაწილია და ჩვენ არ გვინდა, რომ ეს კულტურა გაქრეს“.
სამომთაბარო მეცხოველეობა მრავალ გამოწვევას აწყდება: კლიმატის ცვლილებას, რომელსაც საკვები მცენარეების შეცვლა შეუძლია, ცვალებად დემოგრაფიასა, თუ მიწათსარგებლობის პოლიტიკისა და მიწათსარგებლობის ახალ მიდგომებსა და ფორმებს. დროთა განმავლობაში ზოგიერთი სამწყემსო თუ ნახირის გადასაყვანი გზა ავტომაგისტრალებად გარდაიქმნა. სხვა სამიგრაციო მარშრუტებს კვეთენ სარკინიგზო ხაზები. ახალგაზრდები სოფლებს ტოვებენ ან თავიანთი ოჯახების ტრადიციული მეურნეობების გაგრძელება ნაკლებად აინტერესებთ. იტალიური ტრატუროები საზოგადოებრივი საკუთრებაა, მაგრამ ამ მარშრუტებს კვეთს მაგისტრალები, სოფლები თუ ქალაქები. ასე რომ მწყემსებს, კოლანტუონოს ჩათვლით, არაერთი ნებართვა მოეთხოვებათ საქონლის გადასარეკად. მწყემსებს უწევთ მოიგერიონ მტაცებელი ცხოველები და ის პოლიტიკოსებიც, რომელთა ქმედებაც ფერმებს აზარალებს, გვეუბნება მარჩელი.

ვიოლა მარჩელი გახარებულია იუნესკოს გადაწყვეტილებით. იგი იმედოვნებს, რომ ამით სამომთაბარო მეცხოველეობა და, ზოგადად, წვრილმასშტაბიანი სოფლის მეურნეობა მისი ოჯახისა და სხვებისთვის უფრო სიცოცხლისუნარიანი გახდება.
„ფერმერობა მძიმე საქმეა“, – ამბობს იგი, მაგრამ აქვე დასძენს, რომ გამოწვევების დაძლევას შედეგი მოჰყვება. „ცხვარი, საძოვარი, რძე, ჩვენ მიერ დამზადებული ყველი, ტრანსუმანცა – ყოველივე ეს ათასობით წელია უკვე აბრუცოსა და იტალიის ნაწილია. ისინი აქაურობის სასიცოცხლო ძალაა. ისინი ჩვენი ხალხის სულის ნაწილია“.
იმოგზაურე ცოდნით: სამომთაბარო მეცხოველეობა
რა უნდა ვიცოდეთ
დღეს სამომთაბარო მეცხოველეობა ისეთივე საქმეა, როგორც, ზოგადად, სოფლის მეურნეობა. „ლე-ვიე-დეი-ტრატურის“ მსგავსი ორგანიზაციები მწყემსთა უფლებებსა და მიგრაციის დერეფნებს იცავენ და მოგზაურებს ინფორმაციას აწვდიან დღესასწაულების, მუზეუმებისა და, ზოგიერთ შემთხვევაში, მარშრუტების რუკებისა და სამწყემსო გზების შესახებ.
ორგანიზებული საფეხმავლო ექსკურსიები, ველოსიპედის სამთო ტურები და ცხენზე ამხედრებული ექსპედიციები სამომთაბარო მეცხოველეობის წეს-ჩვეულებებსა და ისტორიაში ჩაღრმავების შესაძლებლობას იძლევა. ორგანიზებული ტურების უმეტესობა გაზაფხულსა და შემოდგომაზე ეწყობა და სტუმრებს პირუტყვის მწყემსვაში მიხმარების შესაძლებლობა ეძლევათ, მაგრამ სამომთაბარო მეცხოველეობის ყველა მარშრუტი არ არის ღია ფართო საზოგადოებისთვის, ამიტომ გამგზავრებამდე მნიშვნელოვანია ინფორმაციის დაზუსტება.
დღესასწაულები
სამომთაბარო მეცხოველეობასთან დაკავშირებული დღესასწაულები მთელ მსოფლიოში ეწყობა. გარდა ქუჩებში ასობით, ხანდახან ათასობით სული პირუტყვის აღლუმისა, ისინი ხშირად მოიცავს ფოლკლორულ მუსიკას, ზეიმს, ტრადიციულ სამოსსა და ცეკვას.
სამხრეთ იტალია
ტრიკარიკოს კარნავალი
ბაზილიკატას ოლქში მდებარე ქალაქ ტრიკარიკოში ყოველი წლის 17 იანვარს ცხოველთა მფარველის, წმ. ანტონი დიდის ხსენების დღეს, მომთაბარე მეცხოველეობის დღესასწაული ეწყობა.
მადრიდი, ესპანეთი
„ფიესტა-დე-ლა-ტრანსუმანსია“
მადრიდის Plaza de Cibeles, რომელიც გასაოცარი არქიტექტურითა და კოხტა ნეოკლასიკური შადრევნითაა დამშვენებული, ალბათ უკანასკნელი ადგილია, სადაც ათასობით ცხვრის ერთობლივ ბღავილს უნდა მოელოდეთ და სწორედ ამის მომსწრე გახდებით ყოველწლიური დღესასწაულისას, რომელიც წელს 18 ოქტომბერსაა დაგეგმილი. ეს ღონისძიება 1994 წლიდან ეწყობა ესპანეთის უძველესი მიგრაციის გზებზე მწყემსების უფლებების დასაცავად.
პეტალუმა, კალიფორნია
სამომთაბარო მეცხოველეობის დღესასწაული
„მესაქონლეობის კულტურის ეს ზეიმი“, რომელიც წელს 16 მაისს უნდა გაიმართოს, მოიცავს საუბრებსა და გამოფენებს ტრადიციული კერძების მომზადების, პირუტყვის ძოვების, ხანძრის ეკოლოგიისა და მიწათსარგებლობის ეთიკის შესახებ.
ბოისე, აიდაჰო
„იაიალდი“
ბასკმა მწყემსებმა, რომლებიც აქ თავდაპირველად კალიფორნიის ოქროს ციებ-ცხელებამ შეიტყუა, შეერთებული შტატების დასავლეთში სამომთაბარო მეცხოველეობის გზებისა და ტრადიციების შექმნაში დიდი წვლილი შეიტანეს. შეერთებულ შტატებში ყველაზე მეტი ბასკი აიდაჰოში ცხოვრობს; ყოველ ხუთ წელიწადში ამ შტატის დედაქალაქში მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ბასკური დღესასწაული იმართება (ეუსკარულად, ბასკურ ენაზე, „იაიალდი“ დღესასწაულს ნიშნავს). ამ ექვსდღიანი ღონისძიებისას, რომელიც წელს 28 ივლისიდან 2 აგვისტომდე გაიმართება, ყურადღების ცენტრში პაელია და ჩორიზო იქნება.
ალექსის მარი ადამსი, მონტანისა და საბერძნეთის სოფლებში ცხოვრობს. ის საკვების, კულტურისა და მოგზაურობის შესახებ წერს. ჯუზეპე ნუჩის დოკუმენტურ პროექტებს ფართოდ იცნობენ მსოფლიოში.