იზოლირებული ტომების ხიბლი
ჩრდილოეთ სენტინელის კუნძულზე მობინადრე ტომი მონადირე-შემგროვებლობას მისდევს და უცხოელებს აფრთხობს. მსოფლიო კი მაინც არ ანებებს თავს.
2018 წლის ნოემბერში ამერიკელი მისიონერი სათევზაო ნავით მიადგა ინდოეთის ოკეანის შორეულ კუნძულს და მკვიდრ ხალხს ემსხვერპლა. ანდამანის არქიპელაგის კუნძულ ჩრდილოეთ სენტინელზე მომხდარი ფატალური ამბავი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა. ადამიანთა უმრავლესობამ არც კი იცოდა, რომ ჩვენს დროში კიდევ არსებობდა მსგავსი ადგილი: კუნძული, რომლის მობინადრე მონადირე-შემგროვებლები დღემდე თითქმის სრულ იზოლაციაში ცხოვრობენ.
თავდაჯერებული მისიონერი, 26 წლის ჯონ ალენ ჩაუ, ესწრაფოდა მკვიდრი ხალხის ქრისტიანობაზე მოქცევას. თუმცა მის მცირეხნიან ვიზიტს მოჰყვა XXI საუკუნისთვის სახასიათო სხვა ტიპის აღიარება: სულ რამდენიმე დღეში ვირუსულად გავრცელდა ინფორმაცია სენტინელელთა არსებობის შესახებ.
ჩაუს მკვლელობიდან წლების შემდეგ სენტინელელთა ირგვლივ ერთგვარი გლობალური კულტი ჩამოყალიბდა. ჩაწერეთ საინფორმაციო-საძიებო სისტემაში სიტყვა „ჩრდილოეთ სენტინელის კუნძული“ და კვირები დაგჭირდებათ უამრავი სტატიისა თუ ბლოგის წასაკითხად. შეგიძლიათ ათვალიეროთ კუნძულის ფოტოებიც, რომლებიც გადაღებულია თანამგზავრიდან, ვერტმფრენიდან ან ავიალაინერიდან. ტომის წევრები ფიგურირებენ YouTube-ის ასობით ვიდეოშიც.
კუნძულელთა „ფანები“ მათ რომანტიკულ გმირებად აღიქვამენ: ისინი ჯიუტად უარყოფენ ურთიერთგადაჯაჭვულ მსოფლიოს და გვიჩვენებენ „ციფრული დეტოქსიკაციის“ ნიმუშს. ამ ტომის ათეულობით შიშველი წევრი, ხელში მშვილდ-ისრით, რაღაც მხრივ უფრო ძლევამოსილი, უფრო ადამიანური მოჩანს, ვიდრე „სმარტფონებს“ ჩაბღაუჭებული დედამიწის სხვა, მილიარდობით მკვიდრი.
ჩრდილოეთ სენტინელი „ტერა ინკოგნიტად“ რჩება არაერთი თვალსაზრისით. ჯუნგლებში გახვეული კუნძულის შუაგულის რუკა არავის შეუდგენია და მკვიდრ ხალხთან გასაუბრებაც არასოდეს შემდგარა. მოსახლეობის რიცხოვნობა უცნობია; სავარაუდოდ, 50-200 ადამიანი უნდა იყოს. მხოლოდ თავად თუ იციან, რა ენაზე ლაპარაკობენ, რა კანონებს იცავენ, რომელ ღმერთს ეთაყვანებიან ან რას უწოდებენ თავიანთ ტომს მშობლიურ ენაზე. სანაპიროსთან ჩამავალი ნავითა და თვითმფრინავით თვალს მოკრავთ მათ ყოფას: როგორ თევზაობენ შუბებით, მიაცურებენ კანოეებს და მშვილდებით ედევნებიან ნადირს.
Survival International-ის თანახმად, რომელიც მსოფლიო მასშტაბით იცავს მკვიდრ ხალხთა უფლებებს, 100-ზე მეტი ტომი ცხოვრობს განმარტოებით ამაზონის ჯუნგლებში, ინდოეთის ოკეანესა თუ ინდონეზიაში, სენტინელელები კი, როგორც ჩანს, მსოფლიოს ყველაზე იზოლირებულ ხალხს განეკუთვნებიან.
ჩრდილოეთ სენტინელი „ტერა ინკოგნიტად“ რჩება არაერთი თვალსაზრისით. მათ მხოლოდ თავად თუ იციან, რა ენაზე ლაპარაკობენ, რა კანონებს იცავენ, რომელ ღმერთს ეთაყვანებიან.
1975 წელს National Geographic-მა გამოაქვეყნა სენტინელელთა დრამატიზმით აღსავსე ფოტოები, როდესაც ისინი ისრებს უშენენ ინდოელი ანთროპოლოგებისა და კინორეჟისორების ექსპედიციას. ამ გამოსახულებებით გლობალურ აუდიტორიას შეექმნა სენტინელელთა ერთგვარი სახე – მტრული და ანაქრონისტული.
არ იქნება სწორი იმის თქმა, რომ კუნძულის ბინადრები თანამედროვეობისგან გამიჯნულები არიან: სენტინელელები ცხოვრობენ აწმყოში, როგორც ჩვენ ყველა. არც ტექნოლოგიები აკლიათ: სენტინელელთა მშვილდი ეფექტური და ლამაზი იარაღია, რომელსაც ოსტატურად იყენებენ; ისრის პირებს, სავარაუდოდ, ჩაძირულ გემებზე მოპოვებული ლითონისგან აკეთებენ. და მაინც, კაცობრიობის ისტორიის უკანასკნელი 10 000 წლის უმეტესმა ნაწილმა ჩრდილოეთ სენტინელს გვერდი აუქცია. ამ კუნძულზე თითქმის სრულიად უარყოფდნენ ყველა იმ მოწყობილობას და საშუალებას, რომლებიც აკავშირებდა ტომს ტომთან, კონტინენტს კონტინენტთან: დამწერლობა იქნებოდა ეს, ორთქლის ძრავა თუ „სმარტფონი“. რაც არ უნდა ბევრი ცნობა შეეგროვებინათ თავიანთი სანაპიროებიდან გარე სამყაროს ცქერით, მათ მაინც ვერაფრით ეცოდინებათ, რომ სენტინელის მსგავსად იზოლირებული ადგილები თითქმის აღარსადაა დედამიწაზე.
როგორც ჩანს, მარტივად ვერაფრით ავხსნით, თუ როგორ მოახერხეს მათ ასეთი იზოლირებულობა. ახლაც და გასულ რამდენიმე საუკუნეშიც – პირველად 1850-იან წლებში, როდესაც ბრიტანელებმა თავიანთ იმპერიაში მოაქციეს ანდამანის კუნძულები, ხოლო მოგვიანებით, აღნიშნული არქიპელაგის ინდოეთის მიერ გაკონტროლებისას – სხვადასხვა უცხო ძალა ეცადა მათთან კონტაქტის დამყარებას. 1967 წლიდან 2000-იან წლებამდე ინდოეთის სამთავრობო ორგანოთა ანთროპოლოგები დროდადრო ახერხებდნენ ნავით სანაპიროსთან მიახლოებას. 1991 წელს ორჯერ ისე ახლოსაც კი მივიდნენ, რომ კუნძულელებს ქოქოსი და ბანანი გაუწოდეს. როდესაც უცხოები ზედმეტად უახლოვდებოდნენ, სენტინელელები ჯუნგლებს შეეფარებოდნენ ხოლმე ან ისე რეაგირებდნენ, როგორც ჩაუს შემთხვევაში მოიქცნენ: პირველ რიგში იწყებდნენ ჟესტებით ლაპარაკსა და წამოძახილების სროლას, რაც უსათუოდ გაფრთხილებად უნდა აღქმულიყო, ხოლო შემდეგ, თუ ეს მეთოდი არ გაჭრიდა, ისრების წვიმა იწყებოდა.
რატომ იცავდნენ ისინი თავიანთ მისადგომებს ასე შეუპოვრად, ამის ახსნა, ალბათ, უფრო მარტივია. ანდამანის არქიპელაგი ასობით კუნძულს მოიცავს. XIX საუკუნეში იქ შეიჭრნენ ბრიტანელები და ერთ-ერთი უდიდესი კოლონია-დასახლება დააარსეს, სადაც ის ათასობით პატიმარი მოათავსეს, რომლებიც 1857 წელს ბრიტანეთის ინდოეთში დაწყებულ წარუმატებელ აჯანყებაში მონაწილეობდნენ. ამ ყველაფერს საშინელი შედეგი მოჰყვა: კუნძულელები ეწირებოდნენ დაავადებებსა და ძალადობას, მათ უძველეს კულტურას კი თრგუნავდნენ, რადგან ევროპელთა მიზანი ამ ხალხის „გაქრისტიანება“ და „ცივილიზება“ იყო.
სენტინელელებს არ ჰყავდათ ნაოსნობისთვის გამოსადეგი ნავები, რათა თავიანთ ლაგუნას გასცდენოდნენ, თუმცა ეჭვგარეშეა, მეზობლად მცხოვრები კუნძულელები მათ სტუმრობდნენ და, სავარაუდოდ, გააფრთხილებდნენ კიდეც კოლონისტების მხრიდან მომდინარე საზარელ საშიშროებაზე. ამასთან, სულ ცოტა, ერთ შემთხვევაში, ჩრდილოეთ სენტინელმა თავადაც გამოცადა ევროპელთა შემოჭრა. 1880 წელს კოლონისტების ოფიციალური წარმომადგენელი, თვითნასწავლი ანთროპოლოგი მორის ვიდალ პორტმენი, აღნიშნულ კუნძულს ეწვია „განზრახვით, რომ ადგილობრივებთან დამეგობრებულიყო“, – როგორც იგი მოგვიანებით აცხადებდა ხალისიანად. უფრო ზუსტად რომ აღვწეროთ, პორტმენი სანაპიროზე გადავიდა უამრავ შეიარაღებულ ადამიანთან ერთად და ორი კვირის განმავლობაში წინ და უკან სიარულით გადათელა კუნძული, სანამ 4 ბავშვი და ერთი მოხუცი წყვილი არ შეიპყრო ბრიტანეთის მთავარ კოლონია-დასახლებაში წასაყვანად.
იქ ექვსივე მათგანი დაავადდა და მოხუცები გარდაიცვალნენ, ავადმყოფი ბავშვები კი უკან გაგზავნეს და საჩუქრებიც უხვად გაატანეს. კუნძულზე დაბრუნებულმა ბავშვებმა თავიანთ ტომს, სავარაუდოდ, უცხო მიკრობებიც ჩაუტანეს.
ამგვარად, სენტინელელებისგან არ უნდა გაგვიკვირდეს ისეთი რეაქცია, როგორიც მათ 2004 წელს ჰქონდათ: ინდოეთის სანაპირო დაცვის ვერტმფრენმა დაბალ სიმაღლეზე ჩაუფრინა კუნძულს იმის დასადასტურებლად, რომ მკვიდრი მოსახლეობა ინდოეთის ოკეანეში მომხდარ ცუნამის გადაურჩა. ამ დროს ერთი კაცი ჯუნგლებიდან გადმოხტა და ვერტმფრენს ისარი სტყორცნა. სანაპირო დაცვის თანამშრომლები დაბრუნდნენ შთამბეჭდავი ფოტოებით, რომლებზეც ასახულია სანაპიროზე მორბენალი მამაკაცი მოცეკვავის მსგავსი მარდი ფეხებით და ცისკენ შემართული მშვილდით.
სენტინელელთა სიტყვაძვირობა საქვეყნოდაა ცნობილი, თუმცა თავიანთი ქცევით მათ ერთი ხმამაღალი და მკაფიო გზავნილი გადმოგვცეს: თავი დაგვანებეთ.
ანდამანის კუნძულებზე მოგზაურობისას თქვენ ერთ ძალიან უცნაურ ამბავს აღმოაჩენთ: სენტინელი, გეოგრაფიული კუთხით თუ შევაფასებთ, სრულიად არაიზოლირებულია. ამ კუნძულს 30 კილომეტრიც არ აშორებს ინდოეთის ოკეანის სხვა სანაპიროებისგან, სადაც ტურისტები აუღელვებლად ყვინთავენ.
XIX საუკუნეში ბრიტანელები შეიჭრნენ ანდამანის კუნძულებზე და დააარსეს კოლონია-დასახლება. კუნძულის უამრავი ბინადარი დაავადებამ და ძალადობამ იმსხვერპლა.
25 წლის წინ, ანდამანის არქიპელაგზე ჩემი პირველი ვიზიტისას, სრულიად უგუნურად და უკანონოდ გადავწყვიტე ჩრდილოეთ სენტინელის სანაპიროსკენ გამგზავრება – ამ წყლებში შეცურვა მკაცრად აკრძალულია და იქ რეგულარულად პატრულირებს ინდოეთის სანაპირო დაცვისა და სამხედრო-საზღვაო ფლოტის ეკიპაჟი. სამხრეთ ანდამანის კუნძულზე (რომლის მოსახლეობა 200 000 ადამიანს შეადგენს და უმეტესობა მიგრანტია ინდოეთის კონტინენტური ნაწილიდან) ადგილობრივ მეთევზეებს გარკვეული თანხა გადავუხადე, რათა ფარულად, ღამით, თავიანთი ნავით გადავეყვანე ჩრდილოეთ სენტინელის სანაპიროზე. გამთენიისას აღნიშნული კუნძულის რიფთან ჩავედით, სადაც სამი სენტინელელი დავლანდე ტყეში, კიდევ ორი მათგანი კანოეს ექაჩებოდა ლაგუნაში. როდესაც ფოტოაპარატს ვაჩხაკუნებდი და ჩანაწერებს ვაკეთებდი, ჩემმა მეგზურმა რაღაც მანიშნა. წყლის ქარბორბალა და შავი ღრუბლების გროვა ჩვენკენ მოიწევდა. ბობოქარი 5-საათიანი მგზავრობის შემდეგ ძლივს დავბრუნდით სამხრეთ ანდამანის კუნძულზე, მაგრამ უეცრად დაწყებულმა მუსონურმა შტორმმა კინაღამ ზღვის ფსკერზე გაგვისტუმრა.
ჩემი ბოლოდროინდელი ვიზიტისას ანდამანის კუნძულებზე (ჩრდილოეთ სენტინელის გამოკლებით) ტურისტებით სავსე 200-მგზავრიანი Air India-ს თვითმფრინავით ჩავფრინდი. მოგზაურებს შეუძლიათ დაისვენონ სანაპირო კურორტებზე, რომლებზეც ანდამანის მკვიდრ ხალხთა ქოხების მსგავსი 72 მდიდრული ბუნგალოა.
თავიანთი დასახლებებიდან სენტინელელები ვერ ხედავენ ბუნგალოებს, თუმცა ისინი უნდა ამჩნევდნენ მოყვითალო-მორუხო სმოგს, რომელიც პორტ-ბლერის, სამხრეთ ანდამანის ადმინისტრაციული დედაქალაქის თავზეა ჩამოწოლილი. კარგად ამჩნევენ სამგზავრო თვითმფრინავებსაც ფანჯრებზე აკრული ტურისტებით, რომლებიც ფოტოების გადაღებას ცდილობენ ინსტაგრამზე ასატვირთად. ეს მახვილთვალიანი მონადირე-შემგროვებლები ისევე გულისყურით აკვირდებიან გარე სამყაროს, როგორც თავად გარე სამყარო აკვირდება მათ.
ანდამანის სხვა კუნძულებზე აღმოვაჩინე ერთ დროს ხელუხლებელი სანაპიროები, სადაც ახლა მეზობელი ქვეყნების უამრავი ნაყარნუყარი ტივტივებს: დაკარგული სანდლები, ტამპონის აპლიკატორები და ასიათასობით წყლის ბოთლი. ეჭვგარეშეა, რომ მსგავსი ნაგავი ჩრდილოეთ სენტინელის ნაპირებამდეც აღწევს. 2000-იან წლებში ინდოელი ანთროპოლოგი ვიშვაჯიტ პანდია ნავით რამდენჯერმე ეწვია ჩრდილოეთ სენტინელს, რომ უსაფრთხო მანძილიდან დაჰკვირვებოდა კუნძულელებს. მისი თქმით, ერთხელაც იქ რამდენიმე ადგილობრივი შენიშნა, რომლებიც პოლიეთილენის ტენტს იყენებდნენ ქოხის გადასახურად; ეს მასალაც, ალბათ, გამვლელი გემიდან მოხვდა წყალში და ნაპირზე გაირიყა.
ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ, დედამიწის დანარჩენი 8 მილიარდი მოსახლე, ძველი კოლონისტებივით დაუცხრომლად და დაუდევრად ვავიწროვებთ ჩრდილოეთ სენტინელელებს. კლიმატის ცვლილება, ჭარბი თევზაობა თუ დაბინძურება აგრძელებს იმ მცენარეთა და ცხოველთა განადგურებას, რომლებიც სენტინელელთა საარსებო წყაროა.
თუმცა, ამ პატარა კუნძულის მისტიკა – და მისი უჩვეულოდ დიდი კვალი ციფრულ სამყაროში – არსად აპირებს გაქრობას. სანამ სენტინელელები არსებობენ, ჩვენ შეგვიძლია თავი დავიმშვიდოთ ფანტაზიით, რომ დედამიწა, გარკვეული ხარისხით, ჯერ კიდევ შეურყვნელია.

კუნძულელთა ცილისმწამებლები
ანდამანის კუნძულელთა სახეს დიდი ხანია, არასწორად ვხატავთ: მათ ვაეგზოტიკურებთ, ვაფეტიშებთ და დემონიზებასაც ვახდენთ. ეს კუნძულები მარკო პოლოს არასოდეს მოუნახულებია, თუმცა XIII საუკუნეში მან იქაური მკვიდრი ხალხი აღწერა, როგორც „ყველაზე სასტიკი და ველური ტომი, რომელთაც თავი, თვალები და კბილები ძაღლისას მიუგავთ. ისინი ძალიან უმოწყალოები არიან, კლავენ და ჭამენ ყველა უცხოელს, ვისაც კი ხელში ჩაიგდებენ“. დაახლოებით 600 წლის შემდეგ, ართურ კონან დოილის შემოქმედებაშიც ფიგურირებს ანდამანის მკვიდრი მამაკაცი – „უწმინდური ჯუჯა შხამიანი და ბოროტი თვალებით“.
ანდამანის ხალხი რასების შემსწავლელ ევროპელ თეორეტიკოსთა ინტერესს იწვევდა XX საუკუნეშიც. გერმანელი ანთროპოლოგი ეგონ ფონ აიკშტედტი – რომლის ნაშრომმა „რასების ჰიგიენასა და ევგენიკაზე“ ნაცისტებიც შთააგონა – ანდამანის არქიპელაგს 1920-იან წლებში ეწვია, შემდეგ კი კუნძულელები დაახასიათა, როგორც „პრიმიტიული შიმპანზოიდის ტიპი“.
თუმცა, რეალურად, ანდამანელებს შეიძლება ყველაფერი ვუწოდოთ, გარდა პრიმიტიულისა. გასულ ათწლეულებში კუნძულელთა კომპლექსური კულტურა დოკუმენტურად აღბეჭდა ინდოელმა ანთროპოლოგმა ვიშვაჯიტ პანდიამ. მაგალითად, ამ ტომში ვხვდებით სხეულის მოხატვის კომპლექსურ ხელოვნებასა თუ რიტუალურ სკარიფიკაციას. სხეულზე იწერენ ცვალებად ისტორიულ ტექსტებს და იკეთებენ სამუდამო დამღებსაც. და, მიუხედავად საუკუნოვანი ცილისწამებისა, თითქოს ანდამანელები მისდევდნენ კანიბალიზმს და აგროვებდნენ მოკვეთილ თავებს, სწორედ ინგლისელები იყვნენ, რომლებიც მოკვეთილი თავებით ბრუნდებოდნენ 1920-1930-იან წლებში მოწყობილი „სადამსჯელო ექსპედიციებიდან“. დღეს მკვიდრ ანდამანელთა მოსახლეობა – სენტინელელების ჩათვლით – მხოლოდ რამდენიმე ასეულს ითვლის, კოლონიზაციამდე კი ისინი ათჯერ უფრო მეტნი იყვნენ.
ისტორიკოსმა ადამ გუდჰარტმა ესეი მოამზადა თავისი ახალი წიგნიდან „უკანასკნელი კუნძული: აღმოჩენა, დაუმორჩილებლობა და ყველაზე მოუხელთებელი ტომი დედამიწაზე“. გუდჰარტმა კონსულტანტად იმუშავა National Geographic-ის დოკუმენტურ ფილმზე „მისია“. იგი ვაშინგტონის კოლეჯში (ჩესტერტაუნი, მერილენდი) ამერიკის ისტორიის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელია.