
ჯადოსნური სინამდვილე
არსებობენ უნივერსალური უჯრედები, რომლებსაც თითქმის ყველა უკურნებელი სენის დამარცხების პოტენცია აქვთ. ბუნების ამ სასწაულებს ღეროვანი უჯრედები ჰქვიათ
მისი ენით აუწერელი ტანჯვა 30 000 წელი გაგრძელდა. კავკასიის მთებზე მიჯაჭვულ პრომეთეს ყოველ ღამე სტუმრობდა არწივი და ღვიძლს უძიძგნიდა. დილით კი სისხლისგან დაცლილ და გათანგულ ტიტანს ღვიძლი უმთელდებოდა. ასე ელოდა კაცობრიობა მე-20 საუკუნემდე ოცნებას, რომ დადგებოდა დღე და ინსულტისგან, სიმსივნისგან, ზურგის ტვინის დაზიანებისგან თუ სხვა მრავალი მძიმე დაავადებისგან ლოგინად ჩავარდნილი, ტანჯვისთვის განწირული ადამიანი სასწაულებრივად განიკურნებოდა. როდესაც რამე ისე ძალიან გინდა, როგორც პრომეთეს – თავისუფლება, აუცილებლად აგიხდება, თუკი მასავით, არასოდეს დაკარგავ იმედს.
ბიოლოგიის ერთ-ერთ მიმართულებაში, ასე ორმოცდათიოდე წლის წინ, 60-იან წლებში დაწყებულმა რევოლუციურმა ძვრებმა ნელ-ნელა, ეკლიან გზაზე სვლით, მაგრამ მაინც „გადმოაჩოჩა“ ჰორიზონტს აქეთ დღე, როდესაც კრებსითი „აღდგენილი ღვიძლი“ რეალობა გახდება. ზაზა კოკაიას ერთ-ერთი საჯარო ლექცია მახსენდება ღეროვან უჯრედებზე, რომელსაც, მგონი, 2000-იანი წლების დასაწყისში დავესწარი და ვხვდები, რომ მომავალ დროში მსჯელობა იმ პერიოდს უფრო მოუხდებოდა. დღეს კი იმის თქმა, რომ „რეალობა გახდება“ უადგილოა – უკვე გახდა!
მიუხედავად იმისა, რომ 1990 წელს წავიდა შვედეთში და იქ „შერჩა“, ზაზა მაინც ახერხებს წელიწადში რამდენჯერმე საქართველოში ჩამოსვლას. თბილისში ბევრი საჯარო გამოსვლა ჰქონდა და ძნელია გახსენება, რომელზე რა საკითხით წარსდგა. თუმცა, მისი ლექციების სინთეზური სურათი, რომელიც ღეროვან უჯრედებსა და ამ სფეროს აღმოჩენებს ეხება, სრულიად გამაოგნებელია.
60-იანი წლები – ინტენსიურად იწყება ღეროვან უჯრედებზე მუშაობა. წარმოუდგენელი დინამიზმით მიდის წინ კვლევები. თითქოს ორმოცდაათი წელი საკმარისი უნდა იყოს, რომ აღმოჩენას ფართო პრაქტიკული გამოყენება მოჰყვეს. თუმცა, კვლევების კლინიკაში დანერგვა ცოტა მოიკოჭლებს. მიუხედავად იმისა, რომ ღეროვანი უჯრედები ფანტასტიკური ფილმების მომავალს გვიქადის, ბევრმა არც კი ვიცით, საერთოდ რანი არიან ისინი ან რატომ ფერხდება სასწაული აღმოჩენების პრაქტიკაში დანერგვა.
უშედეგოდ ვცდილობ გავიხსენო ზაზას ლექციების თემების ქრონოლოგია. ვიცით, რომ გულის კუნთის უჯრედი სრულიად განსხვავდება ღვიძლის ან ტვინის უჯრედისგან. ისიც ვიცით, რომ ყოველივე ეს ერთი უჯრედიდან წარმოიქმნება – მაშინ, როდესაც სპერმატოზოიდი კვერცხუჯრედს შეერწყმება და ერთი უჯრედი, ზიგოტა წარმოიქმნება. ზიგოტა იწყებს დაყოფას და დროთა განმავლობაში ემბრიონი ყალიბდება, რომელსაც რამდენიმე თვეში გულიც აქვს, ტვინიც და ღვიძლიც თითოეულისთვის დამახასიათებელი უნიკალური უჯრედებით.
და აი, „საუკუნის კითხვაც“, რომელმაც უკვე „ამოატრიალა“ სამყარო – როგორ წარმოქმნის ეს ერთი ზიგოტა ასე რადიკალურად განსხვავებულ სხვადასხვა ორგანოს ქსოვილის სპეციალიზებულ უჯრედებს, რომლებიც მათთვის განკუთვნილი სრულიად სპეციფიკური ფუნქციით არიან დატვირთული ისე, რომ გულის კუნთის უჯრედი უკვე ვეღარასოდეს შეასრულებს ნეირონის ფუნქციას და პირიქით?
რას ვეუბნებით დედ-მამას ვისი ბავშვიც ხერხემალში გადატყდა და ღეროვან უჯრედს, რომელსაც უნიტაზში ჩაუშვებენ, მისი ფეხზე წამოყენება შეუძლია?
ადამიანი გაცილებით ადრე მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მუცლად ყოფნის გარკვეულ სტადიაზე ზიგოტა უნდა წარმოქმნიდეს უჯრედებს, რომლებიც ჯერ არ არიან დიფერენცირებულნი. შემდგომი კვლევებით დადგინდა, რომ ამ სტადიას ბლასტოცისტური სტადია, ხოლო ამ 0,1-0,2 მილიმეტრის პაწია წარმონაქმნს, რომლის ამ სტადიაზე ემბრიონად მონათვლაც კი ჭირს, ბლასტოცისტა ჰქვია. ბლასტოცისტა სხვა არაფერია, თუ არა დაახლოებით 200 არადიფერენცირებული უჯრედის „უბრალო გროვა“. ამ „გროვიდან“ რამდენიმე უჯრედი, გარკვეული ციკლის გავლის შემდეგ, მოგვცემს გულის კუნთის, ღვიძლისა თუ ნეირონის უჯრედებს, ზოგი ძვლის ქსოვილს წარმოქმნის, ზოგი კანს და ზოგიც კი თვალის „შენებაში“ მიიღებს მონაწილეობას და რამდენიმე თვეში სრულიად ჩამოყალიბებული ნაყოფი წარმოიქმნება, რომელიც მზადაა დასაბადებლად. საოცრება კი, რომელმაც პარადიგმა შეცვალა, ემბრიონული განვითარების სწორედ ბლასტოცისტას სტადიაში იწყება და შემდეგში მდგომარეობს: ნებისმიერ ამ არადიფერენცირებულ უჯრედს შეუძლია დიფერენცირება ნებისმიერი ტიპის სპეციალიზებულ უჯრედად. უჯრედს, რომელსაც ასეთი სასწაულის მოხდენა შეუძლია, ღეროვანი უჯრედი ჰქვია და მას ორი უნიკალური თვისება გააჩნია: თვითგანახლება და პოტენცია.
თვითგანახლება უჯრედის უნარია, გაიაროს დაყოფის მრავალი ციკლი ისე, რომ შეინარჩუნოს არადიფერენცირებული მდგომარეობა; პოტენცია კი გულისხმობს სწორედ ამ სპეციალიზებულ უჯრედებად დიფერენცირების (ჩამოყალიბების) უნარს. ყველა ღეროვანი უჯრედი ერთნაირად „პოტენტური“ სულაც არ არის. გააჩნია, ემბრიონის განვითარების რა სტადიაზე ვსაუბრობთ. მაგალითად, ზიგოტის პირველი რამდენიმე დაყოფის სტადიაში უჯრედები უნივერსალურია (ომნიპოტენტურია) და შეუძლიათ ემბრიონულ და ექსტრაემბრიონულ ღეროვან უჯრედებად დიფერენცირება. ასეთ უჯრედებს შეუძლიათ მთლიანი, სიცოცხლისუნარიანი ორგანიზმის აგება. ომნიპოტენტურები დასაბამს აძლევენ პლურიპოტენტურ ღეროვან უჯრედებს. მათ შეუძლიათ დიფერენცირება თითქმის ყველა (მაგრამ არა ყველა) ტიპის უჯრედად. მულტიპოტენტური ღეროვანი უჯრედი უკვე მეტ-ნაკლებად დიფერენცირებულია და შემდგომი დიფერენცირება შეუძლია მხოლოდ მისი მონათესავე ქსოვილის უჯრედებად. ზაზას თქმით, „აქ მნიშვნელოვანია ისიც გავითვალისწინოთ, რომ ღეროვანი უჯრედი მხოლოდ ემბრიონში არ არის“. ჩვენი ზრდასრული ორგანიზმის სხვადასხვა ქსოვილიც შეიცავს გარკვეული ტიპის ღეროვან უჯრედებს. ისინი ჩვენივე სხეულის „გაცვეთილი“ უჯრედების აღდგენით არიან დაკავებული. ამ ტიპის ღეროვანი უჯრედები, ძირითადად, ძვლის ტვინში, ცხიმოვან ქსოვილში ან სისხლშია. ეს ღეროვანი უჯრედები ხშირად გამოიყენება სამედიცინო თერაპიაში, მაგალითად, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის დროს.
გონებით ბავშვობაში გადავდივარ. ჩემი ბებია, ლეილა 65 წლის ჯან-ღონით სავსე ქალი იყო, როდესაც დიაბეტი დაუდგინეს. სისხლში შაქრის შემცველობა 400 ერთეულს აჭარბებდა. იმ დროს, დიაბეტი უკვე სასიკვდილო განაჩენი აღარ იყო, მაგრამ ლეილას მასთან ერთად ცხოვრება უნდა ესწავლა და უამრავი შეზღუდვა დაეწესებინა საკუთარი თავისთვის, რადგან არასწორ მოვლას შეიძლება სერიოზული გართულებები მოჰყოლოდა. ბებია ექიმი იყო და საკითხი სწორად ესმოდა, ამიტომ, ისე გარდაიცვალა 87 წლის ასაკში, რომ დიაბეტი არ გართულებია. მაშინ პატარა ვიყავი, მახსოვს ვკითხე, რა გჭირს-მეთქი. წყნარად ამიხსნა, რომ ჩვენს სხეულში არის ორგანო – კუჭქვეშა ჯირკვალი (პანკრეასი). პანკრეასის უჯრედები სისხლში იმ „სითხეს“ გამოყოფენ, რომელსაც ინსულინს ვეძახით. თუ ჩვენ ბევრი ტკბილი შევჭამეთ, ეს ინსულინი ზედმეტ ტკბილს დაშლის. რომ არ დაშალოს, სიტკბო ორგანიზმს მოწამლავს და ადამიანი შეიძლება დაიღუპოსო. ჰოდა, მე კუჭქვეშა ჯირკვლის უჯრედები აღარ მიმუშავებს, ამიტომ, წამლები უნდა მივიღო, რომ ინსულინის რაოდენობა თვითონ ვაკონტროლოო.
„უჯრედები აღარ მიმუშავებს…“ – ამ ფრაზამ დამთრგუნა… მთლად კარგად ვერ გავიგე, ეს რას ნიშნავდა და მიამიტურად ვკითხე, არ შეიძლება, რომ ოპერაცია გაიკეთო და კუჭქვეშა ჯირკვალი გამოიცვალო-მეთქი? ალბათ, შეიძლებაო, მიპასუხა ბებიამ და იქვე დააყოლა – უბრალოდ, სად უნდა იშოვო ახალი და ჯანმრთელი ჯირკვალი და რომც იშოვო, ჩემი ორგანიზმი მას ძნელად მიიღებს, რადგან სხვისი იქნებაო. მაშინ გავიგე, რომ ჩვენი ორგანიზმი, იმუნიტეტის გამო, სხვა ადამიანთა თუ ცხოველთა ორგანოებსა და უჯრედებს ძნელად ეგუება.
თუმცა, სასიცოცხლო ჩვენების შემთხვევაში დღეს პრაქტიკულად ყველა ორგანოსა და ქსოვილის გადანერგვაა შესაძლებელი, გარდა ნერვული ქსოვილისა, რომლის შემადგენელი უჯრედები – ნეირონები – ჩვენს წარმოუდგენლად ნატიფ სისტემას ქმნიან. სისტემას, რომელიც ყველა დანარჩენი ორგანოს მუშაობას აწესრიგებს და, ამასთან, ჩვენს ცნობიერებას განსაზღვრავს.
„უჯრედები აღარ მიმუშავებს…“ ისევ წამოიწია ამ ფრაზამ, როდესაც ზეინაბ ებრალიძეს ალცჰაიმერის დაავადება დაუდგინეს. ეს საზარელი დაავადება ტვინის გარკვეული უბნების დეგენერაციის გამო ჩნდება. შველა კი არსაიდანაა. ადამიანი ნელ-ნელა კარგავს მეხსიერებასა და ცნობიერებას. პროცესი, შესაძლოა, წლები გაგრძელდეს და ფიზიკურ მოვლას ვინ ჩივის, როდესაც შენი ახლობელი, შენ თვალწინ უჭკვიანესი ადამიანიდან ურეაქციო არსებად იქცევა, რომელიც არაფერზე რეაგირებს. „ეს ყველაზე საშინელი განცდაა“ – ყვება ერეკლე, ზეინაბის შვილი. – „ეფერები, აჭმევ, უვლი, 24 საათი მასთან ხარ… გადის თვეები, წლები, დაავადება მძიმდება და დედა ხელში გადნება. კონტაქტშიც აღარ შემოდის. რჩება მხოლოდ უსაზღვროდ სევდიანი თვალები. მტერს არ ვუსურვებ“.
პარკინსონის დაავადება, ზურგისა და ქალატვინის ტრავმები, გულის ინფარქტი, სიმსივნეები, ინსულტი… ცხადია, მედიცინა ისე განვითარდა, რომ მათ ფონზე ადამიანები მრავალი წელი ცოცხლობენ, მაგრამ ისინი, მაინც პოტენციურად სასიკვდილო დაავადებებად ითვლება. უამრავ ადამიანს ტანჯავს რევმატოიდული ართრიტები. გაიზარდა ოსტეოპოროზის შემთხვევები და მენჯ-ბარძაყის სახსრის გამოცვლის ძვირადღირებული ოპერაციის გარეშე, ადამიანი ეტლს მიეჯაჭვება. მაგრამ სანამ რომელიმე აღმოგვაჩნდება, სხვა პრიორიტეტები გვაქვს – არ გვინდა გამელოტება, არ გვინდა კბილის პროთეზის ჩადგმა, გვინდა დაკლებული სმენისა თუ მხედველობის აღდგენა ყურის აპარატის ან სათვალის გარეშე. ბოლოს და ბოლოს, გვინდა „ერთ წამში“ შეგვიხორცდეს ჭრილობა.
ყველა ზემოჩამოთვლილი დაავადება და „ნაკლი“ სხვა არაფერია, თუ არა ჩვენს ორგანიზმში უკვე დიფერენცირებული და სპეციალიზებული უჯრედების სხვადასხვა მიზეზით გადაგვარების შედეგი. ამ ტიპის დაავადებების მარტივი და ეფექტური მკურნალობის საქმეში ადამიანი თითქოს ჩიხში შევიდა და გასული საუკუნის 60-იან წლებამდე ერთ კონკრეტულ პარადიგმაში ვცხოვრობდით. მაგრამ, როგორც ყოველთვის, ისევ ამუშავდა მეცნიერების მოუსვენარი ტვინი. ჩვენმა კრებსითმა ფანტაზიამ შემდეგი კითხვა დასვა – რატომ არ შეიძლება ავიღოთ ღეროვანი უჯრედი, ვაქციოთ ჯანმრთელ, დიფერენცირებულ უჯრედად (მაგალითად, პანკრეასის უჯრედად) და ჩავანაცვლოთ დიაბეტით დაავადებული ადამიანის პანკრეასის გადაგვარებული უჯრედები? იგივე ლოგიკა მიუდგება ყველა ზემოხსენებულ დაავადებას სიმსივნის თუ ალცჰაიმერის ჩათვლით, რომ აღარაფერი ვთქვათ ესთეტიკურ ქირურგიასა და ისეთ ტრივიალურ მოთხოვნილებაზე, როგორიცაა კბილის ჩანაცვლება თუ ჭრილობების სწრაფი შეხორცება.
მაგრამ საიდან მოგვაქვს ღეროვანი უჯრედი? და აქ დადგა პრობლემა, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები, ბოლო 50-იოდე წელია ამუხრუჭებს მეცნიერების ამ მიმართულებების განვითარებას.
დღესდღეობით, ყველაზე ფასეული მაინც ემბრიონული პლურიპოტენტური ღეროვანი უჯრედებია, რომლებსაც პრაქტიკულად ყველა უჯრედად შეუძლია დიფერენცირება. ყველაზე ფასეულია იმიტომ, რომ სწორედ პლურიპოტენცია გამოარჩევს ემბრიონულ ღეროვან უჯრედებს ზრდასრული ღეროვანი უჯრედებისგან, რომლებიც მულტიპოტენტურია და შეუძლიათ მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის უჯრედთა ტიპების წარმოქმნა. თუ ემბრიონული ღეროვანი უჯრედების ასეთ – თითქმის უსაზღვრო – შესაძლებლობებს სხეულის გარეთ („ინ ვიტრო“) გამოვიყენებთ, გვექნება ამა თუ იმ უჯრედის ან ქსოვილის ავადმყოფის მიერ დაკვეთით გამოყვანის საშუალება. ეს რევოლუციაა მკურნალობის იმ სფეროში, სადაც ასაკმა, დაავადებამ ან ტრავმამ უჯრედებისა და ქსოვილის შეუქცევადი დაზიანება, ან დისფუნქცია გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ზრდასრული ადამიანის ღეროვანი უჯრედების – ძვლის ტვინის – გადანერგვას უკვე დიდი ხანია იყენებდნენ პრაქტიკაში, ის მაინც თერაპიის უხეშ ფორმად ითვლება. თანაც, ზრდასრული ორგანიზმის ღეროვანი უჯრედების თერაპიის სხვა ფორმა, დაბალეფექტურობის გამო, ფართოდ ვერ გამოიყენება. ამიტომ, ემბრიონული ღეროვანი უჯრედები მაინც ყველაზე ფასეულ რესურსად განიხილება.
დღეს ფართოდ გამოყენებული მეთოდი გარდაუვლად იწვევს ბლასტოცისტას რღვევას. აქ ჩნდება ფუნდამენტური კითხვა, მინიმუმ სამი განზომილებით: ეთიკური, რელიგიური და იურიდიული.
თუ მაინცდამაინც ტანჯვასა და მის მორალურ ასპექტებზე მიდგა საუბარი, მაშინ ბუზის მოკვლა გაცილებით უფრო ამორალურია, ვიდრე სამდღიანი ემბრიონის! – ნეირობიოლოგი სემ ჰარისი
უნდა ჩაითვალოს თუ არა, რომ ბლასტოცისტას, პრეიმპლანტაციურ სტადიაზე, იგივე მორალური და სამართლებრივი სტატუსი გააჩნია, რაც ემბრიონს განვითარების უფრო გვიან სტადიაზე? მაგალითად, პირველი ტრიმესტრის (12 კვირის) შემდეგ, როდესაც ნაყოფს უკვე აქვს ნერვული თუ სხვა სასიცოცხლო სისტემების გამოკვეთილი ნიშნები? ზოგადად, რა მომენტი უნდა ჩაითვალოს ახალი სიცოცხლის დასაწყისად? ან არის თუ არა ემბრიონული უჯრედის განადგურება არაეთიკური, თუკი მას უამრავი პაციენტის განკურნება შეუძლია? სისხლსა და იმუნურ სისტემასთან დაკავშირებული მთელი რიგი გენეტიკური დარღვევები, კიბო, პირველი ტიპის შაქრიანი დიაბეტი, პარკინსონის დაავადება, სხვადასხვა წარმოშობის სიბრმავე თუ სიყრუე, ზურგის ტვინის ტრავმები და ეტლს მიჯაჭვული ადამიანების ტანჯვა, სხვადასხვა ქსოვილის (მათ შორის გულის კუნთის) ინფარქტი, ტვინის ინსულტი, ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი, ალცჰაიმერის დაავადება… ეს არასრული სიაა იმ დაავადებებისა თუ დისფუნქციებისა, რომელთა გამოსწორება სრულადაა შესაძლებელი, მაგრამ კვლევები გარკვეულწილად ფერხდება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ემბრიონული ღეროვანი უჯრედების რეციპიენტთან იმუნოშეთავსებადობა ახლო მომავლის რეალობაა, რაც მოკლე დროში ორგანოთა და ქსოვილთა გადანერგვის უზარმაზარ პრობლემას მოხსნის. ცხადია, ეს „მოკლე დრო“ ფარდობითი ცნებაა და დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ტემპით გაგრძელდება კვლევები, ექნება თუ არა მათ ლეგალური საფუძვლები სხვადასხვა ქვეყანაში, რომ მსოფლიოს მრავალმა მეცნიერმა პარალელურ რეჟიმში იმუშაოს და სწრაფად წასწიოს წინ „ღეროვანი უჯრედების რევოლუცია“. თუკი სამყარო შეთანხმდება და ფართომასშტაბიანი კვლევები ყველა იმ ქვეყანაში მაინც დაიშვება, რომელსაც ამის ტექნიკური და ფინანსური შესაძლებლობა აქვს, მაშინ ეს „მოკლე დრო“ მართლაც მოკლე იქნება და არც დამატებითი 50-წლიანი ბორძიკი მოგვიხდება.
საკითხის იურიდიული მხარე ყველაზე მარტივად მოგვარებადია. საქმე ის გახლავთ, რომ ეთიკური და იურიდიული წინააღმდეგობები მეტწილად რელიგიური შეხედულების შედეგია.
უცნაურია, რომ საქმეში ჩაუხედავ მრავალ ადამიანს ემბრიონის განადგურება ხელოვნურ აბორტში ერევა. კიდევ უფრო უცნაური ისაა – როდესაც უხსნი, რომ ეს ასე არ არის, ისინი ინფორმაციის გაცხრილვის რაღაც ვირტუალურ ფილტრს ჩამოიცვამენ ხოლმე თავზე და უბრალოდ არ უნდათ გაიგონ, რას ეუბნებით.
მსოფლიოში (მათ შორის საქართველოშიც) „ინ ვიტრო“ განაყოფიერება ფართომასშტაბიანი პრაქტიკაა. იმისთვის, რომ დაორსულება წარმატებით შედგეს, საჭიროა რამდენიმე კვერცხუჯრედის განაყოფიერება. მათგან მცირე რაოდენობა ინერგება ქალის ორგანიზმში და ამ დროს გამოუყენებელი ემბრიონების დიდი ნაწილი „უსაქმოდ რჩება“. მათ ინახავენ იმ შემთხვევისთვის, თუკი იმპლანტაციის პირველი ცდა უშედეგო გამოდგა ან თუ პაციენტი მომავალში კვლავ აპირებს ხელოვნურად დაორსულებას. სხვა შემთხვევაში, ანადგურებენ (მაქსიმალური შენახვის ვადა, დაახლოებით, 10 წელია). შედეგად, მხოლოდ აშშ-ში წელიწადში მინიმუმ 400 000 „უსარგებლო ემბრიონი“ წარმოიქმნება. მეცნიერული კვლევისთვის ეს ფასდაუდებელი რესურსია, რომელიც დაწესებული შეზღუდვების გამო, ბევრ განვითარებულ ქვეყანაში, უბრალოდ, იყრება. მეტიც – ხელოვნურ აბორტთან მას არანაირი კავშირი არ აქვს! სიტუაციას ამძიმებს ისიც, რომ თუ ემბრიონული ღეროვანი უჯრედების ხაზის შესაქმნელად მაინც საჭიროა ადამიანის ემბრიონების დესტრუქცია, ზრდასრული ადამიანის ღეროვანი უჯრედების ხაზებთან სამუშაოდ, ახალი ემბრიონები არ ნადგურდება. მფლანგველობაა უჯრედების ამ ხაზების რესურსად არგამოყენება. არადა, აშშ-ში, პრეზიდენტ ბუშ უმცროსის მმართველობის ბოლომდე, ფედერალური დაფინანსების გამოყენება ყველანაირი უჯრედოვანი ხაზებისთვის აკრძალული იყო – „ჩემი პოზიცია ჩემი ღრმა მორწმუნეობით არის განპირობებული“, – ამბობდა ის. აშშ-ს მრავალმა განვითარებულმა ქვეყანამაც მიბაძა. მართალია, ობამას ადმინისტრაციამ ეს შეზღუდვა ნაწილობრივ გააუქმა, მაგრამ დაიკარგა ძვირფასი დრო, რომელიც უამრავ ადამიანს გადაარჩენდა.
აბორტთან დაკავშირებული არეულობა თუ შედარებით იოლად მოწესრიგებადია, ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის არგუმენტი ძალიან ხისტია და უახლოეს მომავალში კონსენსუსის მიღწევის პერსპექტივას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. მთელ მსოფლიოში ძალიან აქტიურია მოძრაობა „სიცოცხლის დასაცავად“, რომლის წევრები შეშფოთებული არიან ემბრიონის, როგორც ადრეული ასაკის ადამიანის, სიცოცხლის უფლებებითა და სტატუსით; თვლიან, რომ ემბრიონული ღეროვანი უჯრედების კვლევა არღვევს სიცოცხლის სიწმინდეს და ეს მკვლელობის ტოლფასია; მთავარი არგუმენტი არის რელიგიური დოქტრინა კომბინირებული დაჯერებულობასთან, რომ ადამიანის სიცოცხლე იწყება სპერმატოზოიდის კვერცხუჯრედთან შერწყმის მომენტში.
გალია მინასიანი. თანდაყოლილი ანევრიზმა გაუსკდა 58 წლის ასაკში. უმძიმესი პაციენტი იყო. ორი ოპერაცია დასჭირდა. პირველი 6 თვე არ მოძრაობდა, ვერ ლაპარაკობდა. მხოლოდ ნაწილობრივ დაუბრუნდა ფუნქციები. უნდა რომ დამოუკიდებლად სიარული შეეძლოს. ლევან ხერხეულიძე
ლელა ფიროსმანაშვილი. ინსულტი 44 წლისას დაემართა. ამბობს, რომ ინსულტის მერე უფრო გაბედული გახდა და იმაზე მეტს აკეთებს ვიდრე მანამდე: „ალბათ იმიტომ გადავრჩი, რომ რა-ღაც კიდევ მაქვს გასაკეთებელი“. პრაქტიკულად ყველა ფუნქცია სრულად აღუდგა. ლევან ხერხეულიძე
ოლეგ ნანავა. ინსულტი 58 წლისას, ძილში დაემართა. საშინელ კოშმარს ხედავდა, რომელიც სამი წლის მერეც ახსოვს. ახლა მარცხენა ხელის და ფეხის ფუნქცია აქვს დარღვეული – ხელის ფუნქციის სრულად აღდგენა სურს. ლევან ხერხეულიძე
ზურგის ტვინის ტრავმები, სხვადასხვა ქსოვილის (მათ შორის გულის კუნთის) დაზიანება, ტვინის ინსულტი… ეს არასრული სიაა. მათი გამოსწორება სრულადაა შესაძლებელი, მაგრამ კვლევები გარკვეულწილად ფერხდება რელიგიურ-პოლიტიკური მოსაზრებების გამო. ანა ლორთქიფანიძე
ნუგზარ ახვლედიანი. ინსულტი 61 წლის ასაკში დაემართა. ახლაც ვერ ლაპარაკობს კარგად და ვერ წერს, მხოლოდ კითხვა შეუძლია. უნდა რომ კარგად მეტყველება შეეძლოს. ლევან ხერხეულიძე
ანი მურვანიძე. ინსულტი 24 წლისას დაემართა. ექიმმა 24 დასახელების წამალი დაუნიშნა. სანდრო ცისკარიძემ ცხოვრება ბევრად გაუმარტივა, ვარჯიშები დააწყებინა, მხოლოდ სამი დასახელების წამალი დაუნიშნა და დღეს ანი გაცილებით უკეთ გრძნობს თავს. ლევან ხერხეულიძე
თამაზ გოშაძე, ბიოლოგი. ინსულტის გამო 58 წლის ასაკში მარცხენა ხელ-ფეხის ფუნქცია დაერღვა. რეანიმაციაში ჰკითხეს: სანამ ინსულტი დაგემართებოდათ, რა მოხდაო. უპასუხა, რომ DHL-ით ჩამოიყვანა სპილო ერევნიდან. ეგონათ არაადეკვატური იყო, შემდეგ კი გაიგეს, რომ ზოოპარკში მუშაობს. ყველაზე მეტად ხელის ფუნქციის აღდგენა სურს. ლევან ხერხეულიძე
გალია მინასიანი. თანდაყოლილი ანევრიზმა გაუსკდა 58 წლის ასაკში. უმძიმესი პაციენტი იყო. ორი ოპერაცია დასჭირდა. პირველი 6 თვე არ მოძრაობდა, ვერ ლაპარაკობდა. მხოლოდ ნაწილობრივ დაუბრუნდა ფუნქციები. უნდა რომ დამოუკიდებლად სიარული შეეძლოს. ლევან ხერხეულიძე
ლელა ფიროსმანაშვილი. ინსულტი 44 წლისას დაემართა. ამბობს, რომ ინსულტის მერე უფრო გაბედული გახდა და იმაზე მეტს აკეთებს ვიდრე მანამდე: „ალბათ იმიტომ გადავრჩი, რომ რა-ღაც კიდევ მაქვს გასაკეთებელი“. პრაქტიკულად ყველა ფუნქცია სრულად აღუდგა. ლევან ხერხეულიძე
ოლეგ ნანავა. ინსულტი 58 წლისას, ძილში დაემართა. საშინელ კოშმარს ხედავდა, რომელიც სამი წლის მერეც ახსოვს. ახლა მარცხენა ხელის და ფეხის ფუნქცია აქვს დარღვეული – ხელის ფუნქციის სრულად აღდგენა სურს. ლევან ხერხეულიძე
ზურგის ტვინის ტრავმები, სხვადასხვა ქსოვილის (მათ შორის გულის კუნთის) დაზიანება, ტვინის ინსულტი… ეს არასრული სიაა. მათი გამოსწორება სრულადაა შესაძლებელი, მაგრამ კვლევები გარკვეულწილად ფერხდება რელიგიურ-პოლიტიკური მოსაზრებების გამო. ანა ლორთქიფანიძე
ნუგზარ ახვლედიანი. ინსულტი 61 წლის ასაკში დაემართა. ახლაც ვერ ლაპარაკობს კარგად და ვერ წერს, მხოლოდ კითხვა შეუძლია. უნდა რომ კარგად მეტყველება შეეძლოს. ლევან ხერხეულიძე
ანი მურვანიძე. ინსულტი 24 წლისას დაემართა. ექიმმა 24 დასახელების წამალი დაუნიშნა. სანდრო ცისკარიძემ ცხოვრება ბევრად გაუმარტივა, ვარჯიშები დააწყებინა, მხოლოდ სამი დასახელების წამალი დაუნიშნა და დღეს ანი გაცილებით უკეთ გრძნობს თავს. ლევან ხერხეულიძე
თამაზ გოშაძე, ბიოლოგი. ინსულტის გამო 58 წლის ასაკში მარცხენა ხელ-ფეხის ფუნქცია დაერღვა. რეანიმაციაში ჰკითხეს: სანამ ინსულტი დაგემართებოდათ, რა მოხდაო. უპასუხა, რომ DHL-ით ჩამოიყვანა სპილო ერევნიდან. ეგონათ არაადეკვატური იყო, შემდეგ კი გაიგეს, რომ ზოოპარკში მუშაობს. ყველაზე მეტად ხელის ფუნქციის აღდგენა სურს. ლევან ხერხეულიძე
ქრისტიანების უმრავლესობა მკაცრად ეწინააღმდეგება ადამიანის ემბრიონული ღეროვანი უჯრედების კვლევას. კათოლიკური ეკლესია მას „აბსოლუტურად მიუღებელ ქმედებას” უწოდებს. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია, კათოლიკურის მსგავსად, ცალსახად გმობს ემბრიონული ღეროვანი უჯრედების კვლევას. საქართველოს ეკლესიის ერთიანი, ჩამოყალიბებული პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, საკმაოდ რთული გასაგებია, თუმცა, სავარაუდოდ, ის არ განსხვავდება რუსეთის ეკლესიის პოზიციისგან, რადგან ღეროვანი უჯრედების კვლევამდე „მისასვლელი გზაც“ კი (იგულისხმება ხელოვნური განაყოფიერება) მკაცრად იყო გაკრიტიკებული 2014 წლის საშობაო ეპისტოლეში: „…პრობლემატურნი იქნებიან ის ბავშვებიც, რომლებიც ხელოვნური განაყოფიერებით დაიბადნენ”.
ზოგიერთი მეცნიერი საკმარისად აგრესიულად და პირდაპირ უტევს აკრძალვის მომხრეების რელიგიურ მოტივაციას. ცნობილი ნეირობიოლოგი სემ ჰარისი თავის წიგნში „წერილი ქრისტიან სახელმწიფოს“ რიტორიკულად კითხულობს – თუ რატომ წუხან რელიგიური ადამიანები უფრო მეტად ადამიანის ემბრიონის ბედზე, ვიდრე სიცოცხლის გადამრჩენი ღეროვანი უჯრედების გამოკვლევაზე? – „არავისთვის არ არის სადავო, რომ ღეროვანი უჯრედების გამოკვლევა უდიდეს წინსვლას გვპირდება მედიცინაში და პოტენციურად ნებისმიერი უკურნებელი სენის განკურნების საშუალებას იძლევა“, – ამბობს ჰარისი. ღეროვანი უჯრედების აღება ითხოვს სამდღიანი ბლასტოცისტას გამოყენებას, რომლის წინააღმდეგაც გამოდის რელიგიური სპექტრი. „ეს აწუხებთ და არა ის, რომ თითქმის ყველას გვყავს ოჯახში გარდაცვლილი ან დაავადებული უკურნებელი სენით“. ჰარისი ეყრდნობა ფაქტს, რომ ადამიანის სამდღიანი ბლასტოცისტა 150 უჯრედისგან შემდგარი „კოლექციაა“, როდესაც ბუზის ტვინში 100 000-ჯერ მეტი უჯრედია. თან ბლასტოცისტას ნერვული უჯრედებიც კი არ აქვს. არ არსებობს მიზეზი, რომ გვჯეროდეს, თითქოს ბლასტოცისტა რამენაირად იტანჯება. როდესაც ადამიანის ტვინი კვდება, ჩვენ მორალურად მიგვაჩნია, მისი შინაგანი ორგანოები სხვა სიცოცხლის გადასარჩენად გამოვიყენოთ და სხეული მიწას მივაბაროთ. რატომ არ შეგვიძლია ჩვენი სიმსივნიანი ახლობლების გადასარჩენად, პირდაპირი მნიშვნელობით, სრულიად უტვინო ბლასტოცისტას გამოყენება? ბოლოს ჰარისი საკმარისად მკაცრი პოზიციით გამოდის – „თუ მაინცდამაინც ტანჯვასა და მის მორალურ ასპექტებზე მიდგა საუბარი, მაშინ ბუზის მოკვლა გაცილებით უფრო ამორალურია, ვიდრე სამდღიანი ემბრიონის! შეიძლება შემომედავოთ და მითხრათ, რომ ბუზისგან განსხვავებით, ემბრიონს აქვს სრულფასოვან ადამიანად ჩამოყალიბების პოტენციალი. კი ბატონო, მაგრამ გენური ინჟინერიის დღევანდელი გადასახედიდან, ამის პოტენციალი აქვს ჩვენი ორგანიზმის ნებისმიერ უჯრედს და მაშინ გახსოვდეთ, რომ ყოველ დილით როდესაც თქვენ ცხვირს გამოიჩიჩქნით, პოტენციურ ადამიანებს ჰოლოკოსტს უწყობთ!“.
რელიგიასა და მისგან გამომდინარე ეთიკურ მოსაზრებებზე დაყრდნობილი არგუმენტები სხვადასხვანაირ გავლენას ახდენს სხვადასხვა ქვეყანაზე. ისრაელსა და ჩინეთს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე „ლმობიერი პოლიტიკა“ აქვთ ადამიანის ემბრიონის ღეროვან უჯრედებთან მიმართებაში. ავსტრიაში, დანიაში, საფრანგეთში, გერმანიასა და ირლანდიაში ემბრიონული ღეროვანი უჯრედების ხაზის მიღება აკრძალულია, თუმცა დაშვებულია ფინეთში, საბერძნეთში, ნიდერლანდებში, შვედეთსა და დიდ ბრიტანეთში.
ასეა თუ ისე, კონსენსუსი მიღწეული არაა და, იმის მაგივრად, რომ მსოფლიომ ერთად იმუშაოს, კვლევის პრივილეგია მხოლოდ რამდენიმე ქვეყანას აქვს. მათ შორის შვედეთს, სადაც ზაზა კოკაია ცხოვრობს.
ზაზას ბიოგრაფია ნიჭიერი ადამიანის ოცდაოთხსაათიანი შრომისა და თავბრუდამხვევი წარმატების ნიმუშად გამოდგება. უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე ჩაირიცხა ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურაში, სამ წელიწადში, ისე, რომ ასპირანტურა არ ჰქონდა დამთავრებული, დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1990 წელს, ოქტომბერში, გაცვლითი პროგრამით ჩავიდა შვედეთში და 25 წლით „ჩარჩა“. დღეს ის ლუნდის უნივერსიტეტთან და ჰოსპიტალთან არსებულ ღეროვანი უჯრედების ცენტრს ხელმძღვანელობს. ზაზა უდავოდ დიდი მეცნიერია. მაგრამ რადგან უკვე კარგა ხანია ვმეგობრობთ, მისი პორტრეტის შესაქმნელად ჩვენს კონტრიბუტორს, ქეთი პატარაიას ვთხოვე ინტერვიუს აღება, რომ მისი „გვერდიდან დანახვა“ მომეხერხებინა. ვკითხულობ ქეთის ჩანაწერებს და თვალწინ მიდგას „სკაიპის“ ეკრანზე მჯდარი ადამიანი, თავის 8 წლის როტვეილერ სემს რომ ეფერება და გატაცებით ყვება საკუთარ საქმეზე. ბავშვობიდან აინტერესებდა კვლევა, ახლის გაგება და აღმოჩენა. ამბობს, რომ მის ცხოვრებაში კითხვები არ მთავრდება და კვლევის ყველა პასუხი ახალ კითხვას ბადებს – „სწორედ ამაშია მეცნიერების ხიბლი“, – აღნიშნავს ღიმილით.
რა ქმნის ადამიანს კარგ მეცნიერად? ალბათ, ღრმა ანალიზისა და ორიგინალური სინთეზის თანაბარი უნარი. ზაზას ეს აქვს.
„რას ფიქრობთ არსებულ მდგომარეობაზე? ვგულისხმობ ამდენ აკრძალვასა და პრობლემას ღეროვანი უჯრედების კვლევაში?“ – ვეკითხები ერთ-ერთ ადრეულ ლექციაზე, მაშინ კარგად არ ვიცნობდი. პასუხი ძალიან საინტერესო იყო – „ემბრიონული ღეროვანი უჯრედები, ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს უკვე გუშინდელი დღეა! რაზეც მოცემულ ეტაპზე ვმუშაობთ, ეს მეორე რევოლუციაა ამ საქმეში და ემბრიონულ ღეროვან უჯრედებს მალე დაჩრდილავს“. და მართლაც. ადამიანის ტვინი საოცარი რამ არის. როგორც კი წინააღმდეგობას წააწყდა, იმ წამს დასვა კითხვა – როგორ ავუარო გვერდი ამ ხელოვნურ რელიგიურ-პოლიტიკურ პრობლემას? პასუხმა არ დაახანა და ვიღაც ჭკვიანმა თქვა – უკვე საკმარისად წინ წავიდა მეცნიერება. ავდგეთ და ჩვეულებრივი, სომატური უჯრედი ვაქციოთ ღეროვან უჯრედად! მაგალითად, კანის უჯრედი. უხვად გვაქვს და ვერც ვერავინ მოგვედავება, ჩვენს კანს, რასაც გვინდა, იმას ვუზამთო. გადავაკეთ-გადმოვაკეთოთ და ვაქციოთ უჯრედად, რომელიც დასაბამს მისცემს ყველა სხვა უჯრედს. ცხადია, ეს უხეში ნარატივია, რომელიც თხრობის სიმარტივისთვის მჭირდება, მაგრამ რეალურად, არსი მართლაც სასწაულებრივია.
2016 წლის აპრილში, ჟურნალ Nature-ის ონლაინ გამოცემის ერთმა ახალმა ამბავმა მსოფლიო მასობრივი ინფორმაციის საშუალებები წალეკა – ესპანელ მეცნიერთა ჯგუფმა ვალენსიის უნაყოფობის კვლევის ინსტიტუტიდან, კარლოს სიმონის ხელმძღვანელობით და სტენფორდის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, კანის უჯრედიდან, არც მეტი და არც ნაკლები, სპერმატოზოიდი მიიღო! „მართალია, დრო გვჭირდება, რომ ამ ადრეულმა სპერმატოზოიდმა გამეტის ფუნქცია იკისროს, მაგრამ წარმოგიდგენიათ, რამხელა გარღვევაა უშვილობის მკურნალობაში?“ – ამბობს დოქტორი სიმონი მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში – „ჩვენი შთაგონების წყარო იაპონელი მკვლევრის, შინია იამანაკას და ბრიტანელი ჯონ გორდონის გარღვევა იყო“. სწორედ მათ აღმოაჩინეს, რომ ზრდასრული ადამიანის ნებისმიერი უჯრედი შეიძლება „უკუვაქციოთ“ ემბ-რიონულ ღეროვან უჯრედად. 2012 წელს შინია იამანაკამ და ჯონ გორდონმა ამ აღმოჩენისთვის ნობელის პრემია მიიღეს.
უნდა ჩაითვალოს თუ არა, რომ ბლასტოცისტას, პრეიმპლანტაციურ სტადიაზე, იგივე მორალური და სამართლებრივი სტატუსი გააჩნია, რაც ემბრიონს განვითარების უფრო გვიან სტადიაზე?
სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს ზაზა კოკაია: „ჩვენ უკვე ძალიან მარტივად შეგვიძლია გავაკეთოთ კანის უჯრედებიდან ტვინის უჯრედები – ნეირონები. ახლა უფრო ამბიციურები ვართ. გვინდა, რომ არა ზოგადად ნეირონები გავაკეთოთ, არამედ გავაკეთოთ ტვინის ქერქის ნეირონები. ამისთვის გარკვეული გენების მოდიფიცირება და მათი ექსპრესია უნდა მოხდეს“, – ამბობს ზაზა ქეთი პატარაიასთან „სკაიპ-ინტერვიუში“. ახლა არკვევენ, რა ტიპის გენების რა დოზით ექსპრესიაა საჭირო. ეს მაგიური რეალიზმი შემდეგ მოკლე წინადადებაში გამოიხატება – სურთ კანის უჯრედიდან ხელოვნურად შექმნან ნეირონი, რომლითაც შეძლებენ დაღუპული ნეირონის ჩანაცვლებას. თან, ეს არ უნდა იყოს ბოლომდე ჩამოყალიბებული ნეირონი, რადგან გადანერგვისას მას არ ექნება ის პლასტიკურობა, რომლითაც მოახერხებს მასპინძელ სხეულში ინტეგრირებას სხვა ნეირონებთან კავშირში. „თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს შეეხება ადამიანის ტვინს და იმას, რომ კვლევა ჯერჯერობით ვირთაგვებზე მიმდინარეობს, ყველაფერი უფრო რთულადაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს, მაგრამ ეს ყოველივე უაღრესად საინტერესო და რევოლუციურია“, – ასრულებს ზაზა.
ჯადოსნური რეალობა იწყება კანის ბიოფსიით. „ადამიანის კანიდან აიღება ფიბრობლასტები და თავსდება პეტრის ჯამში“, – მიყვება ზაზა კოკაიას ლაბორატორიის წევრი, ესპანელი მკვლევარი დანიელ ტორნერო და აგრძელებს, – „საჭიროა ამ უჯრედის რეტროვირუსული ტრანსდუქციით რეპროგრამირება, ანუ ადამიანურად რომ ვთქვათ, კანის უჯრედში შეგვყავს „უვნებელი ვირუსი“, რომელიც კანის ფიბრობლასტის უჯრედის დნმ-ს სხვადასხვა ფაქტორის დახმარებით გადააპროგრამებს და ახალი გენების გააქტიურებით აქცევს ე. წ. ინდუცირებულ პლურიპოტენტურ ღეროვან უჯრედად“. მეცნიერები ამ უჯრედებს შემოკლებით iPS-ს (Induced Pluripotent Stem cell) უწოდებენ. iPS-ს, ემბრიონული ღეროვანი უჯრედების მსგავსად, უკვე აქვს სხვადასხვა ქსოვილის უჯრედებად სპეციალიზების უნარი. მომდევნო სტადიაზე iPS-ებზე სხვადასხვა ფაქ-ტორის ზემოქმედებით ხდება გადასვლა შემდეგ სტადიაზე და ფორმირდება ე. წ. ნერვული როზეტა. ხდება როზეტების იზოლირება, რომ გამოყონ ახალი უჯრედული ხაზი (ე. წ. lt-NES), რომელიც ნეირონსაც და ეპითელიუმის უჯრედსაც ჰგავს. ამიტომ, მას „ნეიროეპითელურის მსგავს“ უჯრედებსაც უწოდებენ. ისინი დიდი ხნის განმავლობაში შეიძლება შეინახონ „ინ ვიტრო“ და უკვე მზად არიან დიფერენცირებისთვის. დგება საბოლოო ფაზა – ინსულტის მიერ დაზიანებული ტვინის ქერქის უჯრედების ჩანაცვლება კანიდან მიღებული ტვინის ქერქის უჯრედებით. ამისთვის, ვირთაგვებს ოპერაციული ჩარევით უვითარებენ ინსულტს თავის ტვინის ქერქის უბანში და ხდება ამ ახალი უჯრედების ტრანსპლანტაცია ვირთაგვას დაზიანებული ქერქის მიდამოში. ტრანსპლანტატები სპეციალიზებას უკვე ტვინში ასრულებენ და იწყებენ ნერვულ სისტემაში საბოლოოდ ინტეგრაციას, ანაცვლებენ რა დაზიანებულ უჯრედებს და ამყარებენ კავშირებს სხვა ნეირონებთან. რაც მთავარია, ისინი ეფექტურად იწყებენ ფუნქციონირებას! ინსულტის შედეგები ვირთაგვაში „კომპენსირებულია“!
ნეირონები… ტვინი… ინსულტი… თითქოს მთელ ჩემს ოჯახს ჰქონდა დაავადებები, რომლებიც არ იკურნებოდა ან ძნელად ექვემდებარებოდა ექიმის დანიშნულებას. ბაბუაჩემს 86 წლის ასაკში დაემართა ინსულტი. საკმარისად ხანდაზმული იყო ტვინის თვითაღდგენისთვის და ცოტა ხანში გარდაიცვალა კიდეც. მაგრამ უამრავი ადამიანია, რომელთაც ახალგაზრდა ასაკში ემართებათ ეს და შემდეგ დიდხანს იტანჯებიან.
„კარგად მახსოვს ჩემი პირველი პაციენტი – ინსულტის მქონე ასაკოვანი კაცი. სტუდენტობის დროს, რა თქმა უნდა, ყველაფერს სწავლობ, გაქვს პაციენტთან შეხებაც, მაგრამ როდესაც პირადად ხდები პასუხისმგებელი ადამიანის ჯანმრთელობაზე, სიცოცხლესა და ბედზე, აქ სრულიად სხვა გამოწვევები დგება. მახსოვს ჩემი რეაქცია – დავინახე, როგორი მძიმე დაავადებაა ინსულტი, რა მძიმეა ეს პაციენტისთვის (როცა მძიმე ინსულტია) და როგორია ეს მისი ოჯახის წევრებისთვის. იმ პაციენტს ჰქონდა მეტყველებისა და რეალობის აღქმის პრობლემები, წართმეული ჰქონდა ხელ-ფეხი და საწოლში გადაბრუნებაც არ შეეძლო. მაშინ მკურნალობის დღევანდელი მეთოდები არ არსებობდა“, – ამბობს ალექსანდრე ცისკარიძე, საქართველოს ინსულტის ასოციაციის პრეზიდენტი, ევროპის ინსულტის ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი და დი-რექტორთა საბჭოს წევრი, ექიმი-ნევროლოგი. პარალელურად, ის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნევროლოგიის დეპარტამენტის პროფესორი და მედიცინის ფაკულტეტის დეკანია.
დღესაც, მიუხედავად ტექნოლოგიური სიახლეებისა მკურნალობის სფეროში, ინსულტი მაინც რჩება ერთ-ერთ უმძიმეს დაავადებად, რადგან ახასიათებს მაღალი სიკვდილიანობა და ფუნქციური უნარის შეზღუდვის მაღალი ხარისხი. ეს კი, არა მარტო სამედიცინო, არამედ უზარმაზარი ფსიქოლოგიური და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემაცაა პაციენტისთვის, ოჯახისა და საზოგადოებისთვის.
ინსულტი ის დაავადებაა, რომელმაც სანდრო ცისკარიძისა და ზაზა კოკაიას გზები გადაკვეთა. ისინი პირველად 2000-იანი წლების დასაწყისში შეხვდნენ ერთმანეთს თბილისში ზაზას ერთ-ერთ ლექციაზე. კოკაია, ტრადიციულად, ღეროვანი უჯრედების პოტენციალზე საუბრობდა ძნელად განკურნებად დაავადებებში.
„ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა, ერთი მხრივ, საკითხის აქტუალობამ და მეორე მხრივ, გამომსვლელმა, – ამბობს ცისკარიძე, – ჩემს შვეიცარიელ კოლეგებთან ერთად გამოცემული მქონდა რამდენიმე სამეცნიერო სტატია ინსულტის საკითხებზე. ზაზას კი მოტანილი ჰქონდა ჩვენი მონაცემი ერთ-ერთი კვლევიდან. ლექციის ბოლოს მივედი მასთან, გავეცანი და შევთავაზე მჭიდრო ურთიერთობა ჩვენი უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტთან“.
ამ შეთანხმების შედეგად, დღეს ზაზა კოკაია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორია, წელიწადში მინიმუმ 4-ჯერ ჩამოდის და ლექციებს უკითხავს დოქტორანტებს. მათ რამდენიმე ერთობლივი სამეცნიერო პროექტიც ჰქონდათ ინსულტის სფეროში. სჯერათ, რომ მალე დადგება დღე, როდესაც ლუნდის უნივერსიტეტში მიღებული შედეგები საქართველოში დაინერგება და ზაზასა და სანდროს მომზადებული სტუდენტები ინსულტის სხვა მრავალი მძიმე დაავადების კვლევისა და ეფექტური მკურნალობის საფუძველს შექმნიან.
ჩემს მეგობრებთან ვკამათობ. სოფიკო 40 წლისაა. ეკლესიურად ცხოვრობს. ჩემი ბავშვობის მეგობარია. არავის უნახავს, რომ ვინმესთვის საკუთარი ღვთისმოსაობა თავს მოეხვია. სემ ჰარისის წიგნს ვარჩევთ. „არა, მართლა! რას ეუბნები დედ-მამას, რომელთა ხუთი წლის ბავშვი ავტოკატასტროფისას ხერხემალში გადატყდა. შენ კი იცი, რომ ღეროვან უჯრედს, რომელსაც ისედაც უნიტაზში ჩაუშვებენ, მისი ფეხზე წამოყენება შეუძლია?“. მორალური დილემა მართლაც ტანჯავს. ვერ მეტყვის ხუთი წლის ბავშვი ცოდვისთვის ისჯებაო, ვერც იმას, რომ ის მშობლების ცოდვისთვის იხდის საზარელ სასჯელს. უფალი ასეთი სასტიკიც არაა, რომ უდანაშაულო ბავშვის ტკივილით დატანჯოს მშობლები. სოფიკო ცოტა ხანს ფიქრობს და შემდეგ მეუბნება – „ყველაფერი ღვთის ხელშია“.
მიხეილ ჯავახიშვილის „ლამბალო და ყაშადან~ ის ეპიზოდი გამახსენდა, უწმინდურობის ჩამდენ ყაშა ლაზარეს გამწარებული მთავარი გმირი სახლში რომ მიადგება. „არ შემიძლიან, თავი მტკივა“ – კნავის ყაშა ჩაკეტილი ოთახიდან და ირონიაზე – „ექიმიც მე ვარ, მოგარჩენთ“ – კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთ უძველეს პასუხს იძლევა – „ექიმისა მე არაფერი არა მწამს. მე ლოცვაზე ვდგევარ და გთხოვთ, ხელს ნუ მიშლით“.
ოდესღაც ყვავილი, ციმბირის წყლული და „სახადები“ მუსრს ავლებდა მოსახლეობას. მაშინ ეგონათ, რომ ეპიდემიებს მიაზმები იწვევდა და ამით ღმერთი ხალხს ცოდვებისთვის სჯიდა. მკვლევრებს, რომლებსაც „მიაზმების თეორიაში“ ეჭვი შეჰქონდათ და მალულად გვამებს კვეთდნენ, კოცონზე წვავდნენ. ალბათ, როდესაც იმუნოლოგიის მამა ედუარდ ჯენერი, რომლის აღმოჩენამაც სამყარო შეცვალა, ყვავილის ვაქცინით მიადგა ვიღაცას მე-18 საუკუნეში, მასაც უპასუხეს – „ექიმისა მე არაფერი არა მწამს. მე ლოცვაზე ვდგევარ და გთხოვთ, ხელს ნუ მიშლით“. სავარაუდოდ, იგივე სცენარი გამეორდა ცოტა მოგვიანებით, როდესაც პასტერის აღმოჩენებმა მეორედ შეცვალეს სამყარო და ციმბირის წყლულითა თუ ცოფით დაავადებულთა კარებს მიადგა წამლით ხელში. ალექსანდრ ფლემინგის პენიცილინის წამლად გამოყოფასაც მოჰყვებოდა წინააღმდეგობა – „ექიმისა მე არაფერი არა მწამს. მე ლოცვაზე ვდგევარ და გთხოვთ, ხელს ნუ მიშლით“. მიუხედავად ამისა, დღეს, 21-ე საუკუნეში „სახადით” აღარავინ კვდება. ოდესღაც ლეტალური ფილტვების ანთება კი ტრივიალური დაავადება გახდა. საბოლოოდ, საღი აზრი ყოველთვის იმარჯვებს. გულდასაწყვეტი კი ის არის, რომ გამარჯვების ამ გზაზე უზარმაზარი დრო იკარგება და ადამიანები იხოცებიან.
ძველი ბერძენი ბრძენი იყო. ძველმა ბერძენმა პრომეთე ადამიანის განათლების გამო დაასჯევინა ღმერთს. მითმა მოგვცა იმედი, რომ ღვიძლი გამთელდებოდა. ძველ ბერძენს სწამდა, რომ საღი აზრი გაიმარჯვებდა და ოდესმე ზევსიც კი დამარცხდებოდა. მას სწამდა, რომ გონების წინსვლა შეუქცევადი პროცესია.
სრული ვერსია წაიკითხეთ ნოემბრის ნომერში.