დანტეს Inferno-ს სცენა გეგონებოდათ. კანარის ერთ-ერთ კუნძულ ლა-პალმაზე 2021 წლის სექტემბერში ვულკანი ამოიფრქვა. ფოტოგრაფ კარსტენ პიტერისთვის, მის გადაღებულ უამრავ კადრს შორის, ზემოთ ნაჩვენები ფოტო საუკეთესოდ ასახავს ვულკანის ამოფრქვევის სიძლიერეს – „ლავის ყუმბარები ყველა მიმართულებით ცვიოდა“.
პიტერი 46 დღე იღებდა კუმბრე-ვიეხას ვულკანის მძვინვარე გამოღვიძებას. ამ ჯოჯოხეთში ყველაზე რთული გამოწვევა ფერფლის ღრუბლები აღმოჩნდა – მისთვისაც და მისი აღჭურვილობისთვისაც. მწველი ფერფლი თმაზე ეკვროდა და ტანსაცმელშიც აღწევდა. ფილტვების დასაცავად ნიღაბი ეკეთა და თვალებსაც უკიდურესად უფრთხილდებოდა. ვულკანური ფერფლის ბასრი გრანულები მისი კამერის ლინზებსაც მოხვდა.
ექსტრემალური პირობების – განსაკუთრებით, ვულკანების ამოფრქვევის – გაშუქება პიტერისთვის ჩვეული საქმეა, თუმცა ამჯერად, ამოფრქვევის მუდმივი ცვალებადობით, ისიც კი გაოცებული დარჩა. ვულკანი ერთი დღე ასეულობით მეტრის სიმაღლის ლავის ცეცხლოვან სვეტებს ტყორცნიდა ჰაერში, მეორე დღეს კი – წვრილ ვულკანურ ფრაგმენტებს, რომლებიც ლაპილის სახელით არის ცნობილი. როგორც თავად იხსენებს, „შემზარავი ფერფლის ღრუბელი ჩამოწვებოდა ხოლმე და წყვდიადში ახვევდა ყველაფერს. ისეთი სანახაობა იყო, თითქოს აღსასრული ახლოვდებოდა“.

გერმანული წარმოშობის კარსტენ პიტერის სპეციალიზაცია ექსტრემალური გარემოს ფოტოგრაფირებაა. ვულკანების ამოფრქვევას იგი უკვე 30 წელია იღებს და National Geographic-თან ხშირად თანამშრომლობს.