კალიებზე მონადირეები
ამ მოხტუნავე მწერებზე მონადირეები უგანდელებს ცილების არსებითი წყაროთი ამარაგებენ, თუმცა კლიმატის ცვლილება და გადაჭარბებული ნადირობა მომავლის ამ საკვებისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.


კალიებზე მონადირეები
ამ მოხტუნავე მწერებზე მონადირეები უგანდელებს ცილების არსებითი წყაროთი ამარაგებენ, თუმცა კლიმატის ცვლილება და გადაჭარბებული ნადირობა მომავლის ამ საკვებისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.
სამხრეთ-დასავლეთ უგანდაში ცივი ღამეა. ბექობზე ძლიერი ქარი ქრის.
ორი მეტრის სიმაღლის ლითონის დაღრეცილ ფირფიტებს – მწერებისთვის დაგებული უზარმაზარი ხაფანგის კედლებს – ქარში სულ ჟღრიალ-წკრიალი გაუდის. ხაფანგის შუაგულში დიზელის მოგუგუნე გენერატორზე მომუშავე 400-ვატიანი ნათურა ჩახჩახებს. ეს ადამიანისთვის შემაწუხებლად ბრდღვიალა შუქია, მაგრამ Ruspolia differens-ს მაგნიტივით იზიდავს. უგანდაში ამ მწერს „კალიას“ ან nsenene-ს ეძახიან, მაგრამ სინამდვილეში ის კონუსურთავიანი კუტკალიაა.
ლითონის ფირფიტებს პლასტმასის ცარიელი კასრები აქვს შეყუდებული. კუტკალიებზე მონადირეთა ადგილობრივი ასოციაციის ხელმძღვანელ, კიგუნდუ ისლამს იმედი აქვს, რომ მალე ეს კასრები დაახლოებით რვა სანტიმეტრის სიგრძის მილიონობით მწერით აივსება.
კუტკალიების უზარმაზარი გუნდები გაზაფხულზე და შემოდგომით, წვიმის სეზონის შემდეგ სტუმრობენ უგანდას. ამ დროს ასეულობით უგანდელი ყოველდღიურ საქმიანობას თავს ანებებს და მწერებზე ნადირობას იწყებს. დამარილებული და შემწვარი კუტკალიები უგანდური დელიკატესია. ღია ცის ქვეშ გამართულ ბაზრებში, ავტოსადგურებზე და გზისპირა მოვაჭრეებთან შეკვრა 2 დოლარი ღირს. „პოპკორნის გარეშე ფილმის ყურება ხომ ვერ წარმოგიდგენია? ჩემთვის nsenene-ა ეგრე“, – მიხსნის ერთ-ერთი გურმანი.

2020 წლის ნოემბერია, ჰარუგონგოში შემოდგომის მოსავლის აღების დროა. ხალხს სჯერა, რომ მწერები მთვარის შუქს მოჰყვებიან. დღეს სავსე მთვარეა, „მაგრამ არ ჩანან, – ამბობს ისლამი, – ნეტავ სად არიან?“
ცილებით, რკინით, თუთიით და სხვა საჭირო მინერალებით მდიდარ კუტკალიებს და საჭმელად ვარგის სხვა მწერებს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია „მომავლის საკვებად“, სასურსათო უსაფრთხოების წყაროდ და შიმშილის დამარცხების ერთ-ერთ საშუალებად მოიაზრებს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უგანდასა და სხვა ღარიბ ქვეყნებში, სადაც საკვების მწვავე უკმარისობის გამო ბავშვების დაახლოებით მესამედი ზრდას ჩამორჩება, ხოლო ხუთ წლამდე ბავშვების ნახევარს და სამიდან ერთ ქალს ანემია აქვს.
მაგრამ ის, რაც უგანდაში წინათ მცირე მასშტაბის იშვიათი საქმიანობა იყო, ახლა უფრო და უფრო მომგებიანი ბიზნესი ხდება. კუტკალიებზე მოთხოვნა იზრდება და ბექობებსა და სახურავებზე დაგებული ხაფანგებით ხალხი ტონობით მწერს იჭერს, თუმცა გადაჭარბებულმა ნადირობამ კუტკალიების რაოდენობა შეამცირა და ცხადი გახდა, რომ მწერებზე ნადირობას გარკვეული რეგულაციები სჭირდება.

2017 წელს ისლამმა კუტკალიებზე ნადირობა მხოლოდ საკუთარი ოჯახის გამოსაკვებად დაიწყო. ოჯახი პროჟექტორის შუქზე მოსულ კუტკალიებს იჭერდა.
მაგრამ მზარდი ბაზარი ისლამს კარგ შემოსავალს ჰპირდებოდა და მანაც მალე ორი კომერციული ხაფანგი დააგო. „nsenene უზარმაზარ გუნდებად მოდიოდა“, – ამბობს ისლამი.
„თუ გაგიმართლა, ღამეში 400 ტომრამდე შეგიძლია დაიჭირო“. თითოეული ტომარა 50 კილოგრამს იწონის. „მოსავალი კამპალაში ჩაგვაქვს და ვყიდით“, – ამბობს ისლამი, მაგრამ ჰარუგონგოს ბექობზე უკვე სამი დღე გავატარეთ და ჯერ არაფერი დაგვიჭერია.
„ამ მწერებზე მოთხოვნა გაიზარდა“, – ამბობს კამპალას მაკერერეს უნივერსიტეტის ტყის, ბიომრავალფეროვნების და ტურიზმის დეპარტამენტის პროფესორი, ენტომოლოგი ფილიპ ნიეკო, – „მიწოდება კი სეზონურია და მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს“.

ნიეკოს გუნდი ცდილობს კუტკალიების მოშენების მეთოდი იპოვოს. მიზანი ველური პოპულაციის დაცვა და ძლიერი გვალვების და მავნებლების მიერ დაზარალებული გლეხებისთვის შემოსავლის ახალი წყაროს გაჩენაა.
მაგრამ ამ მწერების ცხოვრების ციკლზე, მათ ბიოლოგიასა და ეკოლოგიაზე, აქამდე ბევრი არაფერი იყო ცნობილი.
„რა პირობებია საჭირო კუტკალიების მოსაშენებლად? სად უნდა მოაშენო?“ – ნიეკო ბევრს ფიქრობდა მწერებისთვის საჭირო ტემპერატურაზე, საკვებსა და კვერცხების დასადებ ადგილზე.
მზიანი დილაა. კამპალაში კატვეს ბაზრის ტალახიან გზაზე ხის პატარა ფარდულებია ჩამწკრივებული. ფარდულების გვერდით, ქოლგების ჩრდილში, ქალები და კაცები სხედან.

უეცრად გზაზე კუტკალიებით ნახევრად სავსე ტომრით მომავალი კაცი გამოჩნდა. გამყიდვლები გამოცოცხლდნენ და კაცს შემოეხვივნენ.
ეს კაცი კუტკალიებით ბითუმად მოვაჭრეა, მაგრამ დღეისთვის ბევრი არაფერი აქვს. ნახევარი ტომარა კუტკალია შუახნის კაცმა იყიდა. დანარჩენები გულდაწყვეტილები დაუბრუნდნენ თავიანთ ფარდულებს იმის იმედად, რომ შემდეგ ტომარას მაინც იყიდიან, თუ გამოჩნდა.
მიზეზი მხოლოდ გადაჭარბებული ნადირობა არ არის, ამბობს კუტკალიებზე მონადირეთა ეროვნული ორგანიზაციის, Old Masaka Basenene Association Limited-ის ხელმძღვანელი ჰაიკი კურაიშ კოტონგოლე. „უგანდელებს ღმერთმა ნაყოფიერი მიწები და კარგი გარემო მისცა“, – ამბობს კოტონგოლე, მაგრამ შაქრის ლერწმის და ზეთის პალმის პლანტაციების გაშენებისას კუტკალიების საცხოვრებელი გარემოს დიდი ნაწილი განადგურდა. ამას კლიმატის ცვლილებაც დაემატა, წვიმების სეზონი აირია და კუტკალიების ცხოვრების ციკლიც დაირღვა.

„მხოლოდ ველური კუტკალიების იმედად ყოფნა ამ სახეობის მომავალზე შეიძლება საზიანოდ აისახოს“, – ამბობს გულუს უნივერსიტეტის ლექტორი ჯოფრე მალინგა. იგი მაკერერეს და კოპენჰაგენის უნივერსიტეტების ერთობლივ პროექტშია ჩართული, რომლის ფარგლებშიც მალე კუტკალიების მოშენების საველე ექსპერიმენტები დაიწყება. უგანდაში კუტკალია არ უნდა გადაშენდეს – ის ქვეყნის მოსახლეობისთვის ცილების უმნიშვნელოვანესი წყაროა, „განსაკუთრებით იმ ოჯახებში მცხოვრები ბავშვებისთვის, რომლებსაც ხორცის ყიდვაზე ხელი არ მიუწვდებათ“, – ამბობს მალინგა.
2019 წელს, რვაწლიანი ექსპერიმენტების შედეგად, ნიეკომ და მისმა კოლეგებმა კუტკალიის მოშენების მეთოდს მიაგნეს: მავთულის ბადისა და ორგმინის გალია, საკვები მარცვლეული და ნოტიო ქვიშა. წინ საველე ექსპერიმენტებია. საპილოტე პროგრამა 2020 წელს პანდემიის გამო გადაიდო და 2022 წელს დაიწყება. მკვლევრებმა ცენტრალურ უგანდაში მდებარე მიტიანას რეგიონში 99 სოფელი შეარჩიეს. ისინი იმედოვნებენ, რომ ამ სოფლებიდან კუტკალიების მოშენების მეთოდი მალე მთელ ქვეყანას მოედება.

ისლამი ჰარუგონგოს ბექობზე დაბრუნდა. კაშკაშა შუქის და ნაირობის ბუზების მტკივნეული ნაკბენებისგან მას ნიღაბი, შარვალი და გრძელი სახელოები იცავს. შემოდგომა რამდენიმე დღეში მიილევა, მან კი სამიოდე ტომრის მეტი კუტკალია ვერ დაიჭირა – შარშანდელთან შედარებით ორი ტომრით ნაკლები. საქმის გასამართად სხვების მსგავსად მასაც სესხი აქვს აღებული და ეს ადარდებს. „სხვა გზა უნდა ვიპოვო, – ამბობს იგი, – სადღაც სხვაგან უნდა წავიდე სანადიროდ, ფულზე და არა კალიებზე“.
ჰალიმა ათუმანი უგანდაში მცხოვრები ჟურნალისტია. ეს მისი პირველის სტატიაა ჩვენს ჟურნალში. იასპერ დუსტი თავისი ფოტოებით ადამიანებისა და ბუნების ურთიერთობას იკვლევს.