კანის სიღრმეებში
მორტონის აზრით თეთრკანიანები, ანუ „კავკასიელები“, რასებს შორის ყველაზე გონიერები იყვნენ


კანის სიღრმეებში
მორტონის აზრით თეთრკანიანები, ანუ „კავკასიელები“, რასებს შორის ყველაზე გონიერები იყვნენ
XIX საუკუნის პირველ ნახევარში ექიმი სამუელ მორტონი ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მეცნიერი იყო. იგი თავის ქალებს აგროვებდა და ადამიანებს ხუთ რასად ყოფდა. მორტონის აზრით თეთრკანიანები, ანუ „კავკასიელები“, რასებს შორის ყველაზე გონიერები იყვნენ. აღმოსავლეთ აზიელები ერთი საფეხურით ქვემოთ იდგნენ. შემდეგ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიელები მოდიოდნენ, რომელთაც მკვიდრი ამერიკელები მოჰყვებოდნენ. შავკანიანები სულ ქვემოთ იდგნენ. აშშ-ში მორტონის იდეები სწრაფად აიტაცეს მონათმფლობელობის მომხრეებმა.
დღეს მორტონი სამეცნიერო რასიზმის მამად ითვლება. ადამიანები დღესაც მორტონის მემკვიდრეობის ზეგავლენას განვიცდით: რასობრივი განსხვავებები კვლავ განაგრძობს ჩვენი პოლიტიკური ხედვის, ჩვენი გარემოცვისა და თვით ჩვენ შესახებ წარმოდგენის ჩამოყალიბებას. ეს მართლაც ასეა მიუხედავად იმისა, რომ რასაც მეცნიერება სინამდვილეში გვეუბნება რასის შესახებ, ის სრულიად ეწინააღმდეგება მორტონის შეხედულებებს.

მორტონს ეგონა, რომ ადამიანებში უცვლელი და მემკვიდრეობით მიღებული განსხვავებები განსაზღვრა, მაგრამ მისი მოღვაწეობის პერიოდში – ჩარლზ დარვინის მიერ ევოლუციის თეორიის წამოყენებამდე ცოტა ხნით, ხოლო დნმ-ის აღმოჩენამდე დიდი ხნით ადრე – მეცნიერებს წარმოდგენა არ ჰქონდათ, თუ როგორ გადაეცემოდა დამახასიათებელი ნიშნები. დღეს კი მეცნიერები ამბობენ, რომ რასის მთელი კონცეფცია არასწორადაა გაგებული, რომ რასის ცნებას არ გააჩნია გენეტიკური თუ მეცნიერული საფუძველი.
გენეტიკურმა კვლევამ ადამიანთა შესახებ ორი დიდი ჭეშმარიტება გამოავლინა. პირველი ისაა, რომ ყველა ადამიანი ახლოს ენათესავება ერთმანეთს (გენეტიკურად ერთნაირია). ყველას გენების ერთი და იგივე ნაკრები გვაქვს, მაგრამ, იდენტური ტყუპების გარდა, ყველას ზოგიერთი გენის მცირედ განსხვავებული ვერსია აქვს. ამ გენეტიკური მრავალფეროვნების შესწავლამ მეცნიერებს საშუალება მისცა, აღედგინათ ადამიანთა პოპულაციების საგვარეულო ხის მსგავსი სქემა. ამან კი მეორე ღრმა ჭეშმარიტება გამოავლინა: დღეს მცხოვრები ყველა ადამიანი აფრიკელია.

რაღა თქმა უნდა, მხოლოდ იმიტომ, რომ რასა „გამოგონილია“, ის თავის მნიშვნელობას არ კარგავს. რასა ჯერ კიდევ შემაშფოთებლად ძლიერად განაპირობებს ადამიანთა წარმოდგენებს, მათ შესაძლებლობებსა და ცხოვრებისეულ გამოცდილებას. მაგრამ რასიზმის მსხვერპლთათვის დიდი ვერაფერი ნუგეშია იმის თქმა, რომ რასის ცნებას არ გააჩნია მეცნიერული საფუძველი.
სრული ვერსია წაიკითხეთ აპრილის ნომერში.