
კატები vs. ფრინველები: ბრძოლის ველი
მართებულია მილიარდობით ფრინველის გადასარჩენად კატების დახოცვა? ორივეს გულშემატკივარი უკეთესი გამოსავლის ძიებაშია
ბერნშტაინს და მე ფრინველებზე დაკვირვება ერთნაირად მოგვწონს. ბერნშტაინი სამი წლის მოკლებეწვა ზოლიანი კატაა, რომლის სხვა გატაცებებს შორის არის: ლაზერები, თმის რეზინები და კბილის საწმენდი ძაფი. მე კი 33 წლის, კატების მოყვარული ქერა, მოკლეთმიანი ადამიანი გახლავართ. ჩვენ ხშირად სიამოვნებით ვაკვირდებით კოლიბრების და წიწკანების ცხოვრებას ჩვენი ოთახის ფანჯრიდან.
იღბლიანი ბერნშტაინი პატარა კნუტი იყო, როდესაც ფარდულში მიტოვებული იპოვეს. ხანდახან ვფიქრობ, რომ მის რბილი ხასიათი სავალალო ბედისგან გადარჩენისთვის სამუდამო მადლიერების გამოხატვაა.
მაგრამ, სამწუხაროდ, გასულ გაზაფხულს კატისებრთა ინსტინქტების დაუძლევლობაში დავრწმუნდი. ერთ მზიან დღეს, შიდა ეზოში მყოფი ბერნშტაინი რამდენიმე წუთით გაუჩინარდა და უკან ამაყად, პირში ბუმბულების გროვით დაბრუნდა: ცენტრალური ამერიკიდან ორეგონში, ჩემს ეზოში, საჭიკჭიკოდ ჩამოფრენილი 28-გრამიანი ულამაზესი სვენსონის შაშვი სიცოცხლეს გამოასალმა.
ბერნშტაინს არ ვადანაშაულებდი. მან უბრალოდ თავისი ინსტინქტები და ნინძას ილეთები გამოსცადა, თუმცა ჩემს ხელის გულზე პატარა შაშვის სიკვდილმა მაინც დამწყვიტა გული.
რამდენიმე წლის წინ სმითსონის ინსტიტუტის ჯგუფმა და აშშ-ის თევზისა და ველური ბუნების სამსახურის მკვლევრებმა ათეულობით კვლევის ძველი მონაცემები შეაჯერეს და შემაძრწუნებელი შედეგები მიიღეს. კატების პოპულაციისა და მათი მტაცებლობის ინტენსივობის საგულდაგულო დათვლამ გვამცნო, რომ შინაური კატები წელიწადში ერთი მილიარდიდან ოთხ მილიარდამდე ფრინველს ანადგურებენ 48 შტატში. ამასთანავე, მათი მსხვერპლი 6,3 მილიარდიდან 22,3 მილიარდამდე პატარა ძუძუმწოვარი და ასობით მილიონი რეპტილია და ამფიბიაცაა.
უპატრონო კატებს ფრინველის სიკვდილის დაახლოებით ორ მესამედს მიაწერენ. ჰაბიტატის დაკარგვისა და კლიმატის ცვლილების გარდა, კატების მიერ გამოწვეული სიკვდილიანობა საგანგაშოდ აღემატება ფანჯრებზე მინარცხების, გზაზე სიკვდილის, პესტიციდების, გარემოს დაბინძურების, ქარის წისქვილების და სხვა ერთად აღებული ბუნებრივი სიკვდილით დაღუპულ ფრინველთა რიცხვს.
ზოგიერთი ადამიანი ამ შედეგებს არ ენდობოდა, ზოგი კი მეცნიერებს „ანტი-კატისტობაში“ სდებს ბრალს. მედიასაშუალებები ერთმანეთის წინააღმდეგ განაწყობდნენ ფრინველების და კატების მოყვარულებს, ცხოველების უფლებათა დამცველებსა და ეკოლოგებს, ცხოველების პატრონებსა და აკადემიკოსებს.
ამ აურზაურმა მთავარი დასკვნა ვერ გადაფარა: მაშინ როდესაც კატები ეკოსისტემაში ახლად შემოყვანილი მტაცებლები არიან და ადგილობრივ ცხოველებზე ნადირობენ, მათზე თითქმის არავინ ნადირობს. ამიტომ, ისინი ფრინველების და ბუნების სხვა ადგილობრივი ბინადრების სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზი ხდებიან. დამატებითმა კვლევებმა საშიშროების სიმძაფრე დაადასტურა. მაგალითად, ყველაზე ფართომასშტაბიანმა გამოკითხვამ კანადაში, სადაც შეერთებულ შტატებზე ნაკლები კატა ბინადრობს, დაადგინა, რომ ისინი ყოველწლიურად 100 მილიონიდან 350 მილიონამდე ფრინველს ხოცავენ.
სიტუაცია მწვავეა და თანაც უცნაურად ამოუხსნელი. ყველასთვის ცნობილია, რომ კატები მტაცებლები არიან, თუმცა ველურ ბუნებაზე მათი გავლენა აქამდე უგულებელყოფილი იყო. უამრავი ადამიანი, კატების მფლობელთა უმრავლესობის ჩათვლით, სიკვდილიანობის მონაცემების წარდგენამაც კი ვერ დაარწმუნა კატების დამნაშავეობაში.
ან იქნებ ჯობია, უფრო მსუბუქად შევხედოთ. ჯერ ხომ საბოლოოდ არცერთ კვლევას დაუდასტურებია კონტინენტებზე კატების მტაცებლობის კავშირი ფრინველების პოპულაციების ტენდენციებთან (თუმცა იმავეს ვერ ვიტყვით კუნძულებზე). რთულია გამოყო მხოლოდ ერთი ფაქტორი ფრინველების საყოველთაო შემცირებაში, რადგან ამას სხვა მრავალი მიზეზიც განაპირობებს.
„მსოფლიოში ფრინველების მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება და ერთ დროს ფართოდ გავრცელებული ჯიშებიც კი ქრება,“ გვამცნობს BirdLife International. ის სოფლის მეურნეობას და ხე-ტყის გაჩეხას უპირველეს საშიშროებად ასახელებს საფრთხეში მყოფი სახეობებისთვის და შემოყვანილი მტაცებლების წვლილს შორეულ, მესამე ადგილს მიაკუთვნებს. პლანეტის დაბინძურება უდავოდ ადამიანების ბრალია. ამაში მსოფლიოს გადარჩენის კონცეფციის არმქონე არსებების დადანაშაულება ჩვენი ბრალეულობიდან ყურადღების გადატანის მცდელობა იქნებოდა.
ყველა ვთანხმდებით, რომ უპატრონო კატების პოპულაცია მეტისმეტად დიდია, თუმცა, შესაფერისი გამოსავლის არარსებობის გამო ურთიერთთანხმობა აქვე მთავრდება. ფრინველთა სიკვდილიანობის გარდა, ჩვენი თანამედროვე სისტემები წალეკილია უპატრონო კატების მიერ გამოწვეული ათასნაირი გადაუწყვეტი დილემით. მათთან გამკლავება შეუძლებელია მათივე აურაცხელი რაოდენობის გამო.
კატებს თავიდან ვერასოდეს მოვიშორებთ. ისინი ადამიანის მოდგმის გაქრობის შემდეგაც გააგრძელებენ მის ნარჩენებში ქექვას, მაგრამ თუ ჩვენ ხელს ჩავიქნევთ ერთი შეხედვით გადაუწყვეტი პრობლემის მოგვარებაზე, მსოფლიო ბევრად გაუსაძლისი გახდება. ვფიქრობ, რომ ჩვენ მეტი შეგვიძლია.
ზოგიერთი უკვე მოქმედებას იწყებს. კატების დამცველებმა აითვისეს პროგრამები, რომლებიც უპატრონო კატების სტერილიზაციას და შემდეგ მათ თავისუფლად გაშვებას ემსახურება. ფრინველების კონსერვაციის ჯგუფები ამ მეთოდს ეწინააღმდეგებიან, ცხოველების უფლებათა ჯგუფ PETA-ს წარმომადგენლებისთვის კი ეს სულაც მორალურად მიუღებელია. თუმცა, კატების ქუჩაში არგაშვების გარდა, ამ ორგანიზაციებს ალტერნატივის შემოთავაზება უჭირთ. ამავდროულად, შეერთებული შტატების ცხოველთა თავშესაფრებში წელიწადში მილიონ არასასურველ კატას უტარდება ევთანასია, რაც ძირითადი პრობლემის არაპოპულარული გადაწყვეტაა.
თუმცა, მე შემოთავაზება მაქვს: ვისურვებდი, რომ ვეტერინართან სტერილიზაციისთვის მიყვანილი ბერნშტაინისთვის მიკროჩიპიც დაემაგრებინათ; არა როგორც ნებაყოფლობითი დანამატი, არამედ როგორც სტანდარტული პრაქტიკა. ბრინჯის მარცვლისოდენა ჩიპის კანქვეშ შეყვანა სისხლის ანალიზზე მარტივი პროცედურაა. მიუხედავად ამისა, შინაური კატების სამყაროში მიკროჩიპებს იშვიათად ვხვდებით.
ჩიპი ყველა კატას რომ ჰქონოდა, ქუჩაში მაწანწალა კატების რიცხვი შემცირდებოდა. დაკარგულ ცხოველებს მარტივად დავიბრუნებდით და მიტოვებული ცხოველების ყოფილ პატრონებსაც მივაკვლევთ. სიამოვნებით შევიტანდი წვლილს თავშესაფრების სისტემის მოწყობის ან სხვა სათანადო რესურსით მოქმედი პროგრამების შექმნაში. შეერთებულ შტატებში თითოეული შინაური კატისთვის თუნდაც მცირე თანხის ერთჯერადად გადახდით შესაძლოა მილიარდობით დოლარი შეგროვდეს. ვიცი, რომ ეს იდეალური გამოსავალი არაა და უამრავი წვრილმანი ნაკლი აქვს, მაგრამ ასეთი რეგულაციები კარგი დასაწყისი იქნებოდა კატების პარპაშის შესასუსტებლად.
ცხოველთა მოყვარულებს არ სურთ ასეთი მემკვიდრეობის დატოვება. ჩვენს პლანეტაზე ზრუნვა ჩვენი პასუხისმგებლობაა. ბერნშტაინი ხომ ზედმეტად დაკავებულია ფრინველების თვალთვალით – უსაფრთხოდ, ჩვენი მისაღები ოთახის ფანჯრიდან.
კატების გავრცელება, რიცხვებით
უყურადღებოდ დატოვებული, 6 თვის ასაკში სქესობრივად მომწიფებული ოლივერი და ბელა – აშშ-ში ყველაზე პოპულარული კატის სახელები – წელიწადში რამდენჯერმე შობენ შთამომავლობას. შეერთებულ შტატებში დაახლოებით 90 მილიონი შინაური კატა ცხოვრობს; კიდევ 30 მილიონიდან 80 მილიონამდე ველურ პირობებში, ქალაქის ქუჩებში და შორეულ უდაბნოებში ბინადრობს.
ავსტრალიაში მომაკვდინებელ მტაცებლებად ქცეული კატები ადგილობრივ ფრინველებს, რეპტილიებს და მცირე ზომის ძუძუმწოვრებს ამოწყვეტით ემუქრებიან. ამის თავიდან ასაცილებლად 2015 წელს ავსტრალიის მთავრობამ 2020 წლამდე ორი მილიონი უპატრონო კატის დახოცვის ინიციატივა წამოაყენა.
მსოფლიოს მასშტაბით ექვს კონტინენტზე და მსოფლიოს 118 არქიპელაგზე დაახლოებით ნახევარი მილიარდი კატა ბინადრობს. მათზე უფრო ინვაზიური სახეობის საპოვნელად სარკეში უნდა ჩაიხედოთ.