
კეისრის ძიებაში
კეისრის ნახვაზე ბევრი არ იტყოდა უარს, მაგრამ ზუსტად არავინ იცის, როგორ გამოიყურებოდა ყველაზე ცნობილი რომაელი.
2007 წლის სექტემბერში ერთ ფრანგ არქეოლოგს ბედმა გაუღიმა. ის არლში, სამხრეთ საფრანგეთში, მდინარე რონის ფსკერზე ძველისძველ ნაშთებს ეძებდა, როდესაც ოსტატურად ნაქანდაკევ მარმარილოს თავს წააწყდა. ქანდაკების დანახვაზე ექსპედიციის ხელმძღვანელმა თავი ვერ შეიკავა და წამოიძახა: „Putain, mais c’est César“ – „ჯანდაბა, ეს ხომ კეისარია!“
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს ყველაზე ცნობილი რომაელის – გალიის დამპყრობლის, ქარიზმატული დიქტატორის და პოპულისტი ავტოკრატის – იულიუს კეისრის ქანდაკება იყო. ძველი წელთაღრიცხვით 44 წელს შეთქმულთა მიერ მოკლული კეისარი მრავალი ხელოვანის, მათ შორის უილიამ შექსპირის შთაგონების წყაროდ იქცა. კლეოპატრასთან ერთად კეისარი ანტიკური სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფიგურაა, მაგრამ როგორ გამოიყურებოდა იგი?
მე-20 გვერდზე გამოსახული, რონაში ნაპოვნი თავი (1) ახლა ნამდვილი ღირსშესანიშნაობაა. აღმოჩენიდან 15 წლის განმავლობაში მას მრავალი გამოფენა და სატელევიზიო გადაცემა მიეძღვნა, ბოლოს საფოსტო მარკაზეც კი გამოსახეს.
ახლა ის არლის მუზეუმის მთავარი ექსპონატია, რომელიც უამრავი აღტაცებული დამთვალიერებლის „სელფიზეა“ აღბეჭდილი. ერთი ვერსიით, ქანდაკება კეისრის პატივსაცემად არლის ლოიალურად განწყობილმა მოსახლეობამ აღმართა, მაგრამ მისი მკვლელობის და პოლიტიკური კლიმატის შეცვლის შემდეგ სახიფათო ძეგლი მოიშორეს და მდინარეში გადაუძახეს. კეისრის დრო უკვე წასული იყო და მისი ქანდაკება აღარავის სჭირდებოდა. ორმა ათასწლეულმა გაიარა, სანამ არქეოლოგებმა ის აღმოაჩინეს.
თითქოს ყველაფერი რიგზეა, მაგრამ ისმის კითხვა: რა ვიცით, რომ თავი იულიუს კეისრისაა? ქანდაკებას სახელი არ აწერია, მაშ რა გვაძლევს ამის მტკიცების საფუძველს? ევროპასა და ამერიკაში 80-მდე ანტიკური ფიგურაა, რომლებსაც კეისრის პორტრეტებად მიიჩნევენ. როგორ გავარკვიოთ ტყუილ-მართალი? ანტიკური მწერლების მტკიცებით, კეისარმა ძალაუფლების ნიშნად რომაული სამყარო საკუთარი ქანდაკებებით აავსო, მაგრამ როგორ განვასხვაოთ მისი პორტრეტი მუზეუმებში დაცული ასეულობით ათასი სხვა რომაული სკულპტურისგან?
საკითხს კიდევ უფრო ის ართულებს, რომ კეისრის ქანდაკების არც ერთ კანდიდატს სახელი არ აწერია. ყველა თანხმდება, რომ თუ მარმარილოს ქანდაკებაზე იულიუს კეისრის სახელია ამოტვიფრული, ესე იგი ის ყალბია. ერთადერთი საბუთი, რომლითაც კეისრის გარეგნობაზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ, მის მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე მოჭრილი ვერცხლის მონეტებია (2). მონეტებზე გამოსახულ კაცს, რომელსაც აქვს სახასიათო, გამხდარი სახე, დანაოჭებული კისერი და მკვეთრად გამოხატული ადამის ვაშლი, თავზე დაფნის გვირგვინი ადგას. ბიოგრაფიის მიხედვით, რომელიც მისი სიკვდილიდან საუკუნენახევრის შემდეგ დაიწერა, დაფნის გვირგვინით კეისარი მელოტი თავის დაფარვას ცდილობდა. მონეტაზე არსებული პაწაწინა გამოსახულების მსგავსი ქანდაკების პოვნა არც ისე მარტივი აღმოჩნდა.
კეისრის სავარაუდო ქანდაკებების რიცხვი მოლოდინს აჭარბებს. მათ შორისაა „მწვანე კეისარი“ (3) – ეგვიპტური ქანდაკება, რომელიც პრუსიის სამეფო ოჯახის ხელში გავლის შემდეგ ბერლინშია გამოფენილი. ქანდაკება მწვანე ქვისგან არის გამოკვეთილი და იმდენად შთამბეჭდავად გამოიყურება, რომ ზოგიერთი ზედმეტად ოპტიმისტი ისტორიკოსის და არქეოლოგის ვარაუდით კლეოპატრას, კეისრის საყვარლის ბრძანებით იქნა დამზადებული.
კიდევ ერთი კანდიდატი იტალიელი ფაშისტის – ბენიტო მუსოლინის – საყვარელი მონუმენტური სკულპტურაა. მუსოლინი კეისარს საკუთარ იდეოლოგიურ წინაპრად მიიჩნევდა და ისე უყვარდა ეს ქანდაკება, რომ მისი ასლი იტალიის რამდენიმე ქალაქში დადგა, ორიგინალით კი რომის საკრებულოს სხდომათა დარბაზი დაამშვენა. ქანდაკება დღემდე საკრებულოში დგას და ურბანული დაგეგმარების დებულებებისა და საგზაო კონტროლის კანონების განხილვას ესწრება, თუმცა დღეს უკვე ვერ იპოვით სერიოზულ ისტორიკოსს, რომელიც მიიჩნევს, რომ ეს კეისრის ქანდაკებაა, ყოველ შემთხვევაში მის სიცოცხლეში შექმნილი ქანდაკება.
ამ სიმრავლეში კიდევ ერთი ქანდაკებაა ისეთი, რომელიც მდინარეში, ამჯერად მდინარე ჰუდსონის ფსკერზე იპოვეს 1925 წელს. კაცმა არ იცის, როგორ მოხვდა იქ, სავარაუდოდ, სიძველეებით დატვირთული გემიდან გადავარდა, თორემ რომაელებს ნამდვილად არ ჩაუღწევიათ ამერიკამდე. ერთხანს ქანდაკებას „ამერიკის პირად იულიუს კეისარს“ ეძახდნენ, მაგრამ საპატიო წოდება მან დიდხანს ვერ შეინარჩუნა. ახლა ის შვედეთის მუზეუმში ინახება და უცნობი რომაელის ქანდაკებამდეა ჩამოქვეითებული.
მაგრამ კეისრის შოუს მთავარი ვარსკვლავი ორი ქანდაკებაა, რომლებიც XIX-XX საუკუნის განმავლობაში ითვლებოდა კეისრის პორტრეტებად. პირველი (4) 1818 წელს ბრიტანელმა კოლექციონერმა იტალიაში შეიძინა და ახლა ის ბრიტანეთის მუზეუმის საკუთრებაა. თავდაპირველად მას უცნობი რომაელის ქანდაკებად თვლიდნენ, მაგრამ დანაოჭებული კისრის, ადამის ვაშლის და ჩაცვენილი ლოყების გამო 1840-იან წლებში იულიუს კეისრის პორტრეტად მიიჩნიეს და მუზეუმში გამოფინეს.
მრავალი ათწლეულის განმავლობაში კეისრის შესახებ დაწერილი თითქმის ყველა წიგნის ყდას სწორედ ეს ქანდაკება ამშვენებდა. ძველი რომაელის ბრიტანელი თაყვანისმცემლები ქანდაკების მიმართ საქებარ სიტყვებს არ იშურებდნენ. „ეს ბიუსტი უძლიერესი პიროვნების პორტრეტია კაცობრიობის ისტორიაში. მის პროფილში პატარა ნაკლსაც ვერ იპოვით“, – წერდა სწავლული და დიპლომატი ჯონ ბაკენი.
მაგრამ ბიუსტის დიდების ხანა სკანდალით დასრულდა, როდესაც აღმოჩნდა, რომ ის ყალბი იყო. ეჭვები რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში გროვდებოდა, 1960-იანებში კი ის ოფიციალურად გამოაცხადეს ნაყალბევად. აღმოჩნდა, რომ სიძველის ეფექტის შესაქმნელად ქანდაკებას ხელოვნური ბზარები და ლაქები ჰქონდა. ქანდაკების ავტორს მოდელად მონეტაზე გამოსახული კეისარი ჰქონდა აღებული, მაგრამ ბიუსტი XVIII საუკუნეში იყო დამზადებული. ის ახლა მუზეუმის მოგზაური ექსპოზიციის ნაწილია და დროდადრო იმ გამოფენებშიც მონაწილეობს, რომლებიც ცნობილ ფალსიფიცირებულ ექსპონატებს ეძღვნება.
კეისრის ქანდაკების კიდევ ერთი კანდიდატი დიდი ხნის განმავლობაში კულისებში ელოდა საკუთარი დიდების წუთებს. ის მოყვარულმა არქეოლოგმა ლუსიენ ბონაპარტმა, ნაპოლეონის უმცროსმა ძმამ აღმოაჩინა რომში, მაგრამ გაღარიბების შემდეგ ბონაპარტს ბიუსტის გაყიდვა მოუწია და ქანდაკებამ ტურინის შემოგარენში მდებარე სახლში დაიდო ბინა როგორც უცნობი მამაკაცის პორტრეტმა. თითქმის ორი საუკუნის შემდეგ, 1930-იან წლებში, იტალიელმა არქეოლოგმა, სავარაუდოდ, მუსოლინის საამებლად, ქანდაკება იულიუს კეისრის პორტრეტად გამოაცხადა. არქეოლოგის მტკიცებით, კეისრის თავის უცნაური ფორმა, რომელიც მოქანდაკის გამოუცდელობას შეიძლება მივაწეროთ, თავის ქალის თანდაყოლილ დეფორმაციას წარმოადგენდა. ცხადია, რომ ეს ვარაუდი ლოგიკურად გაუმართავია – ამ ქანდაკების გარდა არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომ კეისარს თავის ქალა დეფორმირებული ჰქონდა. ბიუსტს, მისი „ბრიტანელი ნათესავის“ მსგავსად, ხოტბა და დიდება არ მოკლებია და ზოგს იმის ილუზიაც გაუჩნდა, რომ კეისრის სამედიცინო დასკვნას უყურებდა.
მაგრამ დიდების კვარცხლბეკიდან ბოლოს ეს ბიუსტიც ჩამოვარდა. ზოგ ექსპერტს ეს ქანდაკება ფალსიფიკაციად მიაჩნია, ზოგი კი თვლის, რომ ის კეისრის პორტრეტი არ არის, მაგრამ ყველა თანხმდება იმაზე, რომ ბიუსტი უხეში და ტლანქი ნამუშევარია, რომელიც ხელოვნებათმცოდნეების თუ არქეოლოგების ყურადღებას არ იმსახურებს. დღეს ბევრი ფიქრობს, რომ ეს ქანდაკება, შეიძლება კეისრის რომელიმე ბიუსტის გვიანდელი რეპროდუქცია იყოს და არა ნატურიდან შექმნილი.
ზუსტად დროულად გამოჩნდა რონის თავი. არლი კეისრისთვის პოლიტიკურად მნიშვნელოვანი ქალაქი იყო, სადაც ის თავისი ჯარის ვეტერანებს ასახლებდა. ქანდაკებას დანაოჭებული კისერი აქვს და ადამის ვაშლიც მკაფიოდ ჩანს, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ „რონის კეისარი“ ისევე გამხდარია, როგორც მონეტებზე. ეს ქანდაკება რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში იქნება კეისრის სახე და მის შესახებ დაწერილი წიგნების ყდებსაც დაამშვენებს. შესაძლოა ეს მართლაც კეისრის პორტრეტია, მაგრამ, ჩემი აზრით, ადრე თუ გვიან მის სინამდვილეშიც შეეპარებათ ეჭვი.
კეისრის ყოველი ახალი სახე მუდამ ხელიდან გვისხლტება. ამიტომ ყველა თაობა იძულებულია თავისი კეისარი იპოვოს.
ნამდვილ იულიუს კეისარს ვთხოვთ გამოცხადდეს
ანტიკური ეპოქიდან კეისრის ერთადერთი ფიზიკური აღწერაა შემორჩენილი, რომელიც სვეტონიუსმა კეისრის სიკვდილიდან 163 წლის შემდეგ დაწერა. სვეტონიუსის თანახმად, კეისარი საკუთარი გარეგნობის მიმართ ზედმეტად კრიტიკული იყო, ტანზე ამოსულ თმას იპუტავდა და თვლიდა, რომ სიქაჩლე მტრების დაცინვის ობიექტად აქცევდა. მოტვლეპილი თავის დაფარვას ის კეფაზე მოზრდილი თმის წინ გადმოვარცხნით ცდილობდა, რასაც დღეს კომბოვერს ეძახიან.
ამ პორტრეტის შესაქმნელად დევიდ სემუელ სტერნმა ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში გამოფენილ, 1512 წელს შექმნილ კეისრის ბიუსტს გადაუღო ფოტო. სამი გამოსახულება წითელ, მწვანე და ლურჯ ტონალურ დიაპაზონში მოექცა, ველენის გამჭვირვალე ქაღალდზე დაიბეჭდა, ლენტებად დაიჭრა, ხელით დაიწნა და საბოლოო ფოტოს გადასაღებად უკნიდან განათდა.
იმპერატორის სახე?

რონის კეისარი
ბიუსტი მდინარე რონაში იპოვეს. გამოსახულია ფრანგულ საფოსტო მარკაზე. გამოფენილია არლის მუზეუმში.
ფოტო: ბორის ჰორვატი, AFP/GETTY IMAGES

ვერცხლის მონეტის კეისარი
მონეტები მოჭრილია კეისრის მკვლელობამდე, ძვ. წ. 44 წელს და მის გარეგნობაზე სამსჯელო ერთადერთი საბუთია.
ფოტო: აშმოლის მუზეუმი/HERITAGE IMAGES/GETTY IMAGES

„მწვანე კეისარი”
ზოგიერთი არქეოლოგის ვარაუდით, ეს ეგვიპტური ბიუსტი კლეოპატრას ბრძანებით დაამზადეს.
ფოტო: დეაგოსტინი, GETTY IMAGES

ბრიტანეთის მუზეუმის კეისარი
ის ერთ დროს მუზეუმის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობად ითვლებოდა, მაგრამ, რაც ფალსიფიკაცია აღმოჩნდა და მუზეუმის მოგზაურ კოლექციაში გადაინაცვლა.
ფოტო: THE TRUSTEES OF THE BRITISH MUSEUM
მერი ბირდი კლასიკური ფილოლოგიის პროფესორია კემბრიჯის უნივერსიტეტში. იგი ძველი რომის შესახებ დაწერილი მრავალი წიგნის ავტორია, მათ შორის ბესტსელერის „SPQR“. მის უკანასკნელ წიგნს „12 კეისარი“ ეწოდება.