კენგურუებზე კამათი
კენგურუ ავსტრალიის მხტუნავი სიმბოლო გახლავთ. ამავდროულად ის მოსავალს აჩანაგებს და ავტოსაგზაო შემთხვევების მიზეზიც ხდება.
ქვეყანა ვერ თანხმდება იმაზე, თუ რა იღონოს, როდესაც საყვარელი სიმბოლო მავნებლობს


კენგურუებზე კამათი
კენგურუ ავსტრალიის მხტუნავი სიმბოლო გახლავთ. ამავდროულად ის მოსავალს აჩანაგებს და ავტოსაგზაო შემთხვევების მიზეზიც ხდება. ქვეყანა ვერ თანხმდება იმაზე, თუ რა იღონოს, როდესაც საყვარელი სიმბოლო მავნებლობს
დედა კენგურუ და მისი ნაშიერი მთავარ ქუჩაზე სკუპ-სკუპით გადადიან, რათა ბენზინგასამართ სადგურთან ამოწვერილ ბალახს შეექცნენ.
ავსტრალიას საკუთარი ეროვნული სიმბოლოსადმი არაერთგვაროვანი დამოკიდებულება ჩამოუყალიბდა. კენგურუ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სახასიათო, ქარიზმატული არსებაა. კენგურუები ფილმებსა და ტელესერიალებში, ლექსებსა და საბავშვო წიგნებშიც გვევლინებიან. მათი გამოსახულება ამშვენებს ქვეყნის ვალუტას, გერბს, კომერციულ ავიახაზებს, საზღვაო ხომალდებს, ოლიმპიურ ემბლემასა თუ სპორტულ ფორმებს.
ამასთანავე, მთავრობის ოფიციალური მონაცემებით, ავსტრალიაში ორი იმდენი კენგურუა, რამდენიც ადამიანი. წარმოიდგინეთ, ამ ქვეყანაში 25 მილიონი მოსახლეა და ის 50 მილიონი კენგურუს საბინადროა, უხეშად რომ ვთქვათ, ავსტრალიაში ერთ სულზე ორი კენგურუ მოდის. ხოლო არაერთ ავსტრალიელს ისინი პარაზიტად მიაჩნია და პრობლემებიც აქ იწყება. მიწათმფლობელი მესაქონლეები ჩივიან, რომ კენგურუთა პოპულაცია მათ საძოვრებს აზიანებს და საქონელს ისედაც მწირ რესურსებში ეცილება.

არსებულ დაძაბულობას კიდევ უფრო კომპლექსურ სახეს სძენს ავსტრალიის სადაზღვევო ინდუსტრიის მონაცემები, რომელთა თანახმად, ცხოველთან შეჯახების ავტოსაგზაო შემთხვევათა წლიური რაოდენობა 20 000-ს აჭარბებს და მათგან 80 პროცენტზე მეტი სწორედ კენგურუს უკავშირდება.
ამ საკითხის კიდევ ერთი კომფლიქტური მხარეა აღნიშნული ცხოველის სოფლის-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენება. 2017 წელს კენგურუს ხორცისა და ტყავის ინდუსტრიამ 29 მილიონი დოლარის პროდუქციის ექსპორტი აწარმოა და 4000-მდე ადამიანი დაასაქმა.
ამას დავუმატოთ გავრცელებული მოსაზრება, რომ კენგურუების რიცხვი კატასტროფულ პროპორციებს აღწევს და ეკოლოგიური წონასწორობის დასაცავად აუცილებელია კენგურუების დახოცვა. და, მთავრობამაც, კვოტებზე დაფუძნებული გამოხშირვის პრაქტიკა შემოიღო. „დღეს რაც შეიძლება მეტი გვინდა“, ამბობს კენგურუებზე მონადირე ბრედ კუპერი, რომლის რეკორდიც ერთ „სამუშაო“ ცვლაში 104 ინდივიდია.
მეორე მხრივ, ცხოველთა დამცველი ორგანიზაციები და უამრავი მეცნიერი გამოხშირვებს არაჰუმანურს, არამდგრადსა და არასაჭიროს უწოდებს. ისინი აცხადებენ ასევე, რომ „კატასტროფული პროპორციები“ ბიოლოგიური თვალსაზრისით არარეალურად ჟღერს, რადგან კენგურუს ნაშიერი ნელა იზრდება და ბევრი მათგანი იღუპება, შესაბამისად სახეობის პოპულაცია წლიურად მხოლოდ 10-15%-ით თუ იმატებსო.

შეიძლება ითქვას, რომ დავა ერთ ეგზისტენციურ კითხვამდე დადის: რა არის კენგურუ? ზოგისთვის ის მავნებელია; ბევრი ასათვისებელ რესურსად მიიჩნევს, სხვები კი -სიყვარულით დასაცავ მკვიდრ სახეობად აღიქვამენ.
შესაძლებელია თუ არა კენგურუებისადმი ავსტრალიელების ამ ურთიერთსაწინააღმდეგო განწყობის შერიგება? ეს ქვეყანა დღემდე ვერ თანხმდება, თუ რა იღონოს, როდესაც საყვარელი სიმბოლო მავნებლობს. ავსტრალია უცნაური ადგილია: „ერთადერთი ქვეყანა, რომელიც საკუთარ სახელმწიფო სიმბოლოს ჭამს“, ამბობს გომეროის ტომის უხუცესი ფილ დუნკანი.
სრული ვერსია წაიკითხეთ თებერვლის ნომერში.
ჯერემი ბერლინმა 2015 წლის თებერვლის გამოცემაში დაწერა სტატია იტალიაში მდებარე გრან-პარადისოს ეროვნული პარკის შესახებ. ფოტოგრაფი და ზოოლოგი სტეფანო უნტერთინერი ცხოველთა ამბების გადმოცემის ოსტატია.