კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მურა დათვების სამოთხეში
ალასკის შორეული კატმაის სანაპიროს სტუმრებს ამ უმაღლესი მტაცებლების
პირადად გაცნობა შეუძლიათ.
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მურა დათვების სამოთხეში
ალასკის შორეული კატმაის სანაპიროს სტუმრებს ამ უმაღლესი მტაცებლების პირადად გაცნობა შეუძლიათ.
დედა დათვი ბელთან ერთად მინდორზე ჩვენკენ მობაჯბაჯებს. გაბურძგნული ბელი დედის მინიატიურული ასლია. ეს მისი მეორე ზაფხულია ჰალოს უბეში, ალასკის კატმაის ეროვნული პარკის სანაპიროზე. ქცევით ბელი დედას ბაძავს, თუმცა ჯერ ისევ ცელქი და ალერსიანია. ახლა დედას ეხუტება. ჩვენგან ზურგით სხედან და წაძინებას აპირებენ. ჩვენ მიმართ სრულიად მშვიდობიანად არიან განწყობილნი.
ეს შეგრძნება ორმხრივია. ნახევარ საათში ჩემი საქმრო, რომელსაც ასეთ მსხვილ მტაცებლებთან მიახლოება აღელვებდა (ყველა იმ ადამიანის მსგავსად, ვინც კატმაის პირველად სტუმრობს), დათვების გვერდით ისე მშვიდად გრძნობს თავს, რომ თვითონაც ბალახზე იძინებს.

კატმაის ეროვნულ პარკსა და ნაკრძალში 1,6 მილიონ ჰექტარზე დაახლოებით 2200 მურა დათვი ბინადრობს, ხოლო წყნარი ოკეანის სანაპიროზე, რომელიც პარკის დანარჩენი ნაწილისგან ალეუტის ქედითაა გამოყოფილი, მურა დათვების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სიმჭიდროვეა, რომელიც ოდესმე დაუფიქსირებიათ. სანაპიროზე დათვებისთვის უხვი საკვებია – ისლი, ორაგული და ზღვის სამართებლები. აქ უამრავი დათვი იყრის თავს. საკვებით მდიდარი ასეთი ადგილები, როგორიც ჰალოს უბეა (სადაც მსუბუქი თვითმფრინავით ან პატარა გემით შეიძლება მისვლა), საუკეთესოა მურა დათვების მოსანახულებლად.
დეივ ბაკრაკი კატმაიში 20 წელიწადზე მეტია ხელმძღვანელობს მურა დათვების მოსანახულებელ ტურებს. ახლა იგი 67 წლისაა. მშვიდი, გაწონასწორებული და თავდაჯერებული, ტურისტებს დათვების სამყაროში მიუძღვება.
„მინდა, რომ ადამიანებმა დათვები ბუნებრივ გარემოში ნახონ“, – ამბობს იგი.
მურა დათვები ჩემი ცხოვრების ნაწილია. 20-30 წლის ასაკში, ჩემი მშობლები ზაფხულის თვეებში ალასკის მურა დათვების ერთ-ერთ პირველ „სანახავ ბანაკებს“ მართავდნენ კატმაის საზღვრიდან ჩრდილოეთით მდებარე უსწორმასწორო სანაპიროზე. ოჯახში მურა დათვებს პატივს ვცემდით და ინდივიდებად აღვიქვამდით. დღეს უკვე კვლევებიც მოწმობს, რომ მათ პიროვნული თვისებები აქვთ. „დათვებთან ცხოვრება პატივისცემით მოპყრობას მოითხოვს. ჩვენთვის პატივი იყო მათ სამყაროში სტუმრობა“, – მითხრა დედამ. ჩემი მშობლების სამზარეულოში, საოჯახო ფოტოებს შორის, დათვების ფოტოები დღემდეა შემორჩენილი.
1980-იანი წლების შუა პერიოდში, მათი ხუთწლიანი გიდობა დაემთხვა ალასკაში შეხედულებათა ცვლილების გარდამტეხ მომენტს. მანამდე მურა დათვებთან დაკავშირებული ტურიზმი სატროფეო ნადირობასთან ასოცირდებოდა. ბიოლოგები და მაკნილ-რივერის სახელმწიფო სანადირო ნაკრძალის საველე მუშაკები, მურა დათვების ქცევას შეისწავლიდნენ და ეჭვქვეშ აყენებდნენ დიდი ხნის მოსაზრებას, რომ დათვები არაპროგნოზირებადი არსებები არიან.
მათ დაასკვნეს, რომ თუ შეზღუდავდნენ ვიზიტორთა რაოდენობას მცირე და კონტროლირებულ ჯგუფებამდე, რომლებიც პატივისცემით მოეპყრობოდნენ დათვებს და მათ სივრცეს და არ მიაწვდიდნენ ადამიანის საკვებს, მაშინ დათვები თანდათან ტოლერანტულნი შეიძლება გამხდარიყვნენ ადამიანების მიმართ.

თითქმის 50 წლის წინ, მაკნილ-რივერის ყველაზე გავლენიანმა მენეჯერმა, ლარი ომილერმა წარმატებული პროგრამა წამოიწყო, რომელიც დღესაც გრძელდება. ის სტუმრებს ყოველ ზაფხულს, ყოველდღე ეპატიჟება ერთსა და იმავე ადგილზე მურა დათვების სანახავად. საველე პერსონალი თითოეულ დათვს საიდენტიფიკაციოდ სახელს არქმევს, მაგალითად: Braveheart („გულადი“), Solstice („ნაბუნიობა“) ან Ears („ყურები“) და ათწლეულების კვლევებს ყოველი ახალი დღის დაკვირვების შედეგებს ამატებენ.
მაკნილში ვაკვირდებოდი, როგორ ხვეწენ დათვები თევზის ჭერის სხვადასხვა ტაქტიკას: ჩანჩქერიდან თევზის გამოტაცებას თუ მორევში თავის ჩაყოფით თევზის მოხელთებას, ან როგორ ელოდებოდნენ მდინარის ქვემო წელში უფრო დიდი დათვის დატოვებულ ნარჩენებს. დედა დათვი შეიძლება ფრთხილი და ყურადღებიანი მშობელი იყოს და მკაცრად ეპყრობოდეს ნაშიერებს ან შედარებით რბილი ხასიათი ჰქონდეს და მეტ თავისუფლებას აძლევდეს ბელებს.
მურა დათვებს ჩვენს ოჯახში პატივს სცემდნენ. ჩვენ მათ ინდივიდებად აღვიქვამდით.
დღეს უკვე კვლევებიც ადასტურებს, რომ მათ პიროვნული თვისებები აქვთ.
ჩემი ყველაზე მკაფიო მოგონებები დათვების დაუცველობისა და ნდობის განსაცვიფრებელ გამოვლინებებს უკავშირდება: მდედრი, სახელად T-Bear, ბელების გამოსაკვებად ჩემი კამერის ობიექტივის წინ ირჩევს ადგილს; ღიაბეწვიანი დათვი მამაჩემს და მე გვიახლოვდება და ჩვენ გვერდით, ჩრდილში იძინებს. ბავშვობაში ვერ ვხვდებოდი, რომ ასეთი რამ მხოლოდ დაცული ტერიტორიების სწორი მართვის გამო ხდება.
ომილერისთვის ველურ ბუნებაში დათვებთან გატარებული დრო ველურ ცხოველებთან თანაარსებობის შესწავლას ნიშნავს. კატმაიში დათვებთან ტერიტორიის გაზიარება ახალი ამბავი არაა. 9000 წლის წინანდელი ადამიანების დასახლების კვალი ნაპოვნია ორაგულით მდიდარი მდინარეების გასწვრივ, სადაც დათვები დღესაც თევზაობენ.
მურა დათვებისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხე ჰაბიტატის შეუქცევადი დაკარგვაა. მსოფლიო მასშტაბით, მურა დათვებს მათი ისტორიული არეალის მხოლოდ 2% უკავიათ. აშშ-ში დარჩენილი თითქმის ყველა მურა დათვი ალასკაში ბინადრობს. ფასდაუდებელია კატმაის ვრცელი და ხელუხლებელი ადგილები. აქ ერთ დათვს გამოზამთრებისთვის საკმარისი საკვების მოსაპოვებლად ყოველ ზაფხულს 80 კილომეტრზე მეტის გავლა შეუძლია.
მურა დათვი – Ursus arctos, იგივე სახეობაა, რაც გრიზლი. სიმაღლით 2-2,75 მეტრს აღწევს და 680 კილოგრამამდე იწონის. ყოველ ზაფხულს მსუყედ იკვებება თევზითა და მცენარეებით და გვარიანად სუქდება.
კატმაის ვიზიტორთა დაახლოებით ნახევარი დათვების ორაგულებზე ნადირობის სანახავად ბრუქსის ჩანჩქერს სტუმრობს. ნაპირზე ტივტივიანი ჰიდროთვითმფრინავებია ჩამწკრივებული. პატარა კინოდარბაზში სტუმრებს ვიდეორგოლებით უსაფრთხოების წესებს აცნობენ. რესტორანი და სუვენირების ორი მაღაზიაც ფუნქციონირებს. როდესაც ჩანჩქერზე, დათვებზე სათვალთვალო ხალხმრავალ ადგილს ვეწვიე, მითხრეს, რომ 45 წუთი უნდა მელოდა. ეს შესანიშნავი ადგილია დათვების სანახავად, მაგრამ სრულიად განსხვავებული გამოცდილებაა სანაპიროს ველურ ბუნებაში ყოფნასთან შედარებით, სადაც, პატარა ჯგუფში, ყოველი მხრიდან დათვებით ხარ გარშემორტყმული.
კატმაის სანაპირომდე მისვლა მხოლოდ ჰაერით ან ზღვითაა შესაძლებელი, შორეული მდებარეობა კი, ბუნებრივი საკვების სიუხვესთან ერთად, დათვების მონახულებას უსაფრთხოს ხდის. გზებსა და დასახლებებთან სიშორის გამო, კატმაის მურა დათვებისთვის ადამიანები არასოდეს ასოცირდებოდნენ საკვებთან ან საფრთხესთან. ჰალოს უბეში ტურისტები ათწლეულების განმავლობაში დადიან დათვების სანახავად ბიოლოგთა შემუშავებული პროტოკოლების დაცვით.

როდესაც დათვს ვაფიქსირებთ, ბაკრაკი მის ქცევას შიფრავს: თუ მოდუნებულია, შეგვიძლია მცირე ხნით შევჩერდეთ და დავაკვირდეთ, თუ შფოთვის ნიშნები გამოავლინა – გვშორდება, ამთქნარებს ან უფრო მეტიც, ბრაზობს – სივრცეს ვუთმობთ და მარტო ვტოვებთ. არასოდეს არ უნდა მოვახდინოთ დათვის ქცევის პროვოცირება, არ მივცეთ ზედმეტად მოახლოების საშუალება და, რაც მთავარია, არასოდეს დავაგდოთ მიწაზე ადამიანის საკვების ნამცეციც კი. გიდები, რომლებმაც ჩემი მშობლები შეცვალეს, ამას საკუთარი მწარე გამოცდილებით მიხვდნენ, როდესაც ქოხის კარი ქარმა გააღო და იქ ხილით სავსე თასი იდგა. დათვი შევიდა და შემდეგ დღეების განმავლობაში მათი კარის ზღურბლთან იჯდა – კიდევ უნდოდა ხილი.
შუადღისას ბაკრაკს იმ ქედისკენ მივყავართ, რომელიც მდელოებს ოკეანისგან გამოყოფს. დიდ მინდორზე ფუმფულა, ღია ფერის ორი ბელი ბალახში თამაშობს. მოშორებით კიდევ შვიდი თუ რვა დათვი ბალახობს. მეორე მხარეს, ხრეშიან ნაპირთან ქარვისფერი დათვი ზღვის სამართებლებს ეძებს და ყბებითა და კლანჭებით ამტვრევს ან ხსნის ამ მოლუსკის ნიჟარებს.
მრისხანე მტაცებლის იმიჯი ამ გონიერი და უაღრესად რთული ცხოველის მხოლოდ ერთი მხარეა. ველურ ბუნებაში მურა დათვები იშვიათად იბრძვიან. დღის განმავლობაში საკვებს ეძებენ, ისვენებენ, თამაშობენ, მოგზაურობენ და ბელებზე ზრუნავენ.
ადამიანივით, ისინი ნაირმჭამელები არიან. 2022 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ დათვები უფრო ნაკლებ ხორცს მოიხმარენ, ვიდრე მანამდე ეგონათ.
კატმაიში, გაზაფხულზე, როდესაც დათვები ბუნაგიდან გამოდიან, ისლით იკვებებიან და მიქცევის დროს ზღვის სამართებლებს თხრიან სანაპიროს ქვიშიდან. ორაგულის მიგრაციის პერიოდში, ივნისის ბოლოდან სექტემბრამდე, ორაგულით სავსე მდინარის სათავეებისკენ ინაცვლებენ, თუმცა ბალახითა და კენკრით კვებასაც აგრძელებენ. როდესაც ჰიბერნაციაში გადადიან, მათი სხეულის წონა შეიძლება 50%-ით იყოს გაზრდილი.
სეზონური საკვების შემადგენლობა და მათ გარემოში მიმდინარე მოვლენები დათვების ქცევაზე აისახება. ჯანმრთელი დათვი ჯანსაღი ეკოსისტემის ნიშანია.

აგვისტოს ბოლოს ბაკრაკს და ექვს სტუმარს შევუერთდი, რომლებიც პატარა გემით კატმაის სანაპიროზე მიემგზავრებოდნენ ერთი კვირით. ორაგულის სეზონი იყო – როდესაც ზაფხულს შემოდგომა ცვლის. ჰალოს უბეში დაბრუნებისას, ბალახი გაყვითლებულიყო და დათვებიც ძირითადად გაფანტულიყვნენ, მაგრამ შევნიშნეთ მდედრი ოთხ პატარა, ერთ წლამდე ასაკის ბელთან ერთად. უფრო სამხრეთით პატარა, შორეულ უბეში დათვები თევზაობდნენ.
ყოველთვის, როდესაც მდინარის პირას ახალი მურა დათვი მოდის, სხვა დათვები პოზიციებს იცვლიან და ზომის (იერარქიის) შესაბამისად მას ადგილს უთმობენ. ჩვენც ფრთხილად ვმოძრაობთ დათვების და სხვა ტურისტული ჯგუფების გარშემო, რომლებიც პატარა გემებითა და ტივტივიანი ჰიდროთვითმფრინავებით ჩამოდიან. ეს პერიოდი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დათვების გამოზამთრებისთვის. მათ კვებაში ჩაურევლობა სტუმრების პასუხისმგებლობიანი ქცევის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია.
ბოლოს, მივცურავთ „ჯეოგრაფიკ-ჰარბორისკენ“ (ნავსადგურს ეს სახელი National Geographic-ის პატივსაცემად უწოდა ერთმა მკვლევარმა, რომელიც გეოგრაფიულმა საზოგადოებამ დააფინანსა). კუნძულების ამ ლაბირინთში ბაზალტის კლდეებიდან ჩანჩქერები მოედინება და მურყანი ხალიჩასავით ფარავს მიწას. გამოდარებისას, გასაბერი ნავებით ნაპირზე გადავდივართ, სადაც მდინარე დელტას ქმნის. ცხოვრება აქ კატმაის ექვსმეტრიანი მიქცევა-მოქცევის რიტმით მიდის და წყლის დონის აწევისას მდინარეები მოპაექრე ორაგულებით ივსება.

მურყნარიდან შოკოლადისფერი დათვი გამოდის ორ ბელთან ერთად, შემდეგ აწოწილი მოზარდი, მერე დიდი ზომის მამრი აბურძგნული სპილენძისფერი ბეწვით. ზევით თოლიები გაჰკივიან. მალე დათვები ყველგან იქნებიან და მდინარეებში ჩავლენ წლის ყველაზე კალორიული საკვებისთვის. კატმაის მდინარეებში სხვადასხვა დროს ორაგულის ხუთი სახეობა მიგრირებს. დათვებმა ზუსტად იციან, როდის არის შესაფერისი დრო.
რამდენიმე საათში მთელი ტერიტორია წყლის ქვეშ მოექცევა. დათვები მალე ბუნაგებში დაბრუნდებიან და ზამთრის ძილს მიეცემიან. ახალი დედები სიბნელეში იმშობიარებენ.
„როგორ ფიქრობთ, რას იღებენ ადამიანები დათვების ცქერისას?“ – ვეკითხები ბაკრაკს.
ბორტზე სტუმრებს ვაკვირდებოდი და ვხედავდი, როგორ იცვლებოდა მათი ყოყმანი აღფრთოვანებით, შემდეგ კომფორტის შეგრძნებით და, ბოლოს, დაკვირვებითა და ფიქრით.
„ალბათ, შთამაგონებელი და მოკრძალებული განცდა ეუფლებათ, რაც კვლავ აგრძნობინებს კავშირს ველურ ბუნებასთან“, – ამბობს ბაკრაკი. „ეს გამოცდილება მათ ეხმარება, რომ უკეთ გაიაზრონ ველური ბუნების მნიშვნელობა ჩვენს ცხოვრებაში“.