ხმლის უკანასკნელი მჭედლები
ოდესღაც იაპონიაში ტრადიციულ კატანებს ათასობით ოსტატი ამზადებდა. დღეს ისინი ცოტანი დარჩნენ.
იაპონიის ტანგოს ნახევარკუნძულზე, კიოტოდან 120 კილომეტრში, გადაკეთებულ ბეღელში სამი მამაკაცი ცეცხლს ეთამაშება. სანამ ძლიერი ალი 1300°C-იან ღუმელში გიზგიზებს, კოსუკე იამაძოე 7-კილოგრამიანი უროთი ამუშავებს გავარვარებულ ფოლადს. დამაჰიპნოზებელი, რიტმული დარტყმებით აბრტყელებს მას. მიწურ იატაკზე გადმოცვენილი ნაკვერჩხლის წვიმის მიღმა, ტომოიუკი მიიაგის ფოლადი რკინის მარწუხებით უჭირავს და უფრო პატარა ჩაქუჩით აჰყვება მელოდიურ რიტმს. ახლომახლო, ჭვარტლით დაფარულ კედელთან მიდგმულ პატარა ქურაზე ტომოკი კურომოტო ჩაის ამზადებს. ეს კატანების მსოფლიოში შემორჩენილი რამდენიმე სამსხმელო საამქროდან ერთ-ერთის, „ნიპონ-გენშოშას“ მთავარი სახელოსნოა.
საუკუნეების განმავლობაში ხმლის მჭედლები იაპონელი მეომრებისთვის, მათ შორის სახელგანთქმული სამურაებისთვის, ამზადებდნენ იარაღს. ადრეულ ჩანაწერებში ათასობით ოსტატის სახელი გვხვდება, მაგრამ 1876 წლიდან, იარაღის ღიად ტარების აკრძალვასთან ერთად, ამ ხელოვნების დაღმასვლა დაიწყო. II მსოფლიო ომის შემდეგ იაპონიაში საოკუპაციო ძალებმა კატანების წარმოება სრულიად აკრძალეს, რასაც კიდევ მეტი ხმალი შეეწირა და ოსტატთა საარსებო წყაროც გაქრა. დღეს ფიქრობენ, რომ 200-მდე ლიცენზირებული ოსტატი უნდა იყოს დარჩენილი, რომელთაგან ყველა არაა აქტიური. რეგიონში, სადაც იაპონიის ერთ-ერთი პირველი სამჭედლოები დაარსდა, მხოლოდ სამი ოსტატი დარჩა – იამაძოე, მიიაგი და კურომოტო. „სევდისმომგვრელია ამ ხელოვნების სიკვდილი“, – მეუბნება კურომოტო თარჯიმნის დახმარებით, თუმცა ერთად ისინი პატივს მიაგებენ და წინ წამოწევენ გაქრობის პირას მყოფ ოსტატობას.

ამ 30-40 წლის მამაკაცებმა ერთმანეთი ტოკიოში, იაპონიის ორი ყველაზე ცნობილი ხმლის მჭედლის, იოშიკაძუ იოშიჰარას და მისი მამის, იოშინდო იოშიჰარას შეგირდობისას გაიცნეს, სადაც მხოლოდ რჩეულებს იღებდნენ და სწავლა 10 წელი გრძელდებოდა (უფროსი იოშიჰარას დამზადებული კატანა ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ-მუზეუმის კოლექციაში ინახება; იგი შოვას პერიოდის, 1900-იანი წლების დასაწყისის სახელგანთქმული ხმლის მჭედლის შვილიშვილია). 2019 წელს, ცალ-ცალკე მუშაობის მცირე ხნის შემდეგ, იამაძოე, მიიაგი და კურომოტო გაერთიანდნენ და „ნიპონ-გენშოშა“ დააარსეს იამაძოეს ბებიისა და პაპის მიტოვებულ ბეღელში.
ხმლის დამზადება იაპონიაში ასწლეულებია ხელოვნების დარგად ითლება. ექსპერტებს მახვილის სიძველის დადგენა ისევე შეუძლიათ, როგორც ფაიფურის შემფასებლებს – ლარნაკის ან არბორისტებს – ხის წლოვანების. „ნიპონ-გენშოშას“ ხმლები თავიდან ბოლომდე ხელით იქმნება, დაახლოებით 15 000 დოლარი ღირს და კოლექციონერებში დიდი მოთხოვნით სარგებლობს. როგორც კატანების უმეტესობა, ისინი მზადდება ტამაჰაგანეთი – ფოლადის სახეობით, რომელიც ჰიროშიმის ჩრდილოეთით, შიმანეს პრეფექტურაში მოპოვებული რკინის ქვიშისგან მზადდება.
მაღალი ფასი შედეგია ურთულესი და შრომატევადი პროცესისა, რომელიც ხშირად წელიწადზე მეტი ხანი გრძელდება. ის იწყება სამი დღის განმავლობაში დღე და ღამე თიხის ღუმელში მადნიდან ლითონის გამოდნობით. გახურების და უროს მეთოდურად რტყმის ტექნიკა ლითონს აშორებს წიდას – გამოდნობის შედეგად მიღებულ ნარჩენ პროდუქტს. ამგვარად, ფოლადი იწმინდება, შედუღდება და ასობით თხელ ფენად იკეცება. გამაგრებულ ფოლადს ჩაქუჩით ეძლევა ფორმა და კატანას ბასრი პირი ნელ-ნელა იხვეწება.
ხმლის მომხიბვლელობა მის ზედაპირზე სინათლის სპეციფიკურ არეკვლაშია. „სინათლის სხივის სრულად არეკვლის ნაცვლად, ის ტყდება და ციმციმებს“, – ამბობს კურომოტო და ახალგაპრიალებულ კატანას ფანჯრიდან შემოსულ მზის სხივებში ატრიალებს.
დღეს პარტნიორებს ბრძოლა უწევთ უძველესი ხელოვნების დარგის შესანარჩუნებლად. ძვირადღირებულ კატანებზე მოთხოვნა დროთა განმავლობაში მცირდება. „ნიპონ-გენშოშას“ წარმატება არა მხოლოდ ძველი კოლექციონერების მომსახურებაზე, არამედ ახალი თაობის კოლექციონერების პოვნაზეა დამოკიდებული. შესაბამისად, ოსტატებმა მრავალფეროვნება შეიტანეს ჰამონებში – ხმლის პირის გასწვრივ ამოტვიფრულ ორნამენტში. ტრადიციულად მჭედელი უნიკალურ ჰამონს ქმნის, რომელიც ხშირად ხმლის დამზადებასთან დაკავშირებული ლანდშაფტის გამოსახულებაა, მაგრამ „თუ ვინმეს აშშ-დან სურს თავისი ფანჯრიდან დანახული ხედის ამოტვიფრვა, შეუძლია პანორამული ფოტო გამოგვიგზავნოს და ჩვენ მას ხმალზე გადავიტანთ“, – ამბობს კურომოტო.

ეს ოსტატები ასევე პირველები არიან, ვინც ხის ქარქაშის ნაცვლად ხმლების გამჭვირვალე ფისში ჩასმის მეთოდი შემოიღო. „ვიფიქრეთ, რომ ასე ადამიანები იაპონური ხმლებით უსაფრთხოდ დატკბებოდნენ და ყურადღებას მათ სილამაზეზე გაამახვილებდნენ. რა აზრი აქვს ხელოვნებას, თუ მას ვერ დაინახავ?“ – ამბობს კურომოტო ქვეყანაში, რომელიც ხანგრძლივ ტრადიციებს ეთაყვანება, ხმლის მჭედლები დელიკატურ ბალანსს იცავენ. „თითქოს ჩვეულებრივ ადამიანებს იაპონურ ხელოვნებასთან შეხების ნაკლები საშუალება აქვთ, – ამბობს კურომოტო, – თუმცა დღეს ხმლებმა, როგორც ხელოვნების ნიმუშებმა, თავისი ადგილი დაიმკვიდრა თანამედროვე კულტურაში“