
კლიმატზე დაკვირვების ოცდაათი წელი
ბევრი დრო დავკარგეთ იმის მტკიცებაში, რომ კლიმატის ცვლილება გარემოს დაბინძურების გამო ხდება, ამასობაში კი პრობლემამ ბევრად უფრო მასშტაბური სახე მიიღო
ოცდაათი წლის წინ, წიაღისეულის წვის და ტროპიკულ ტყეებში გაჩენილი ხანძრებით გამოწვეული მავნე – სათბურის ეფექტის წარმომქმნელი ემისია ჟურნალ-გაზეთების მთავარ თემად იქცა.
საუკუნის განმავლობაში დაგროვებულმა მონაცემებმა მეცნიერებს თავდაპირველი შეხედულება რადიკალურად შეაცვლევინა. სვანტე არენიუსი, შვედი მკვლევარი, რომელმაც ჯერ კიდევ 1896 წელს ივარაუდა, რომ ქვანახშირის საწვავად გამოყენება დედამიწის საშუალო ტემპერატურის ზრდას გამოიწვევდა, თვლიდა, რომ კლიმატის ცვლილებას სასიკეთო გავლენა უნდა ჰქონოდა სოფლის მეურნეობასა და დედამიწის შედარებით ცივ რეგიონებზე.
შემდგომ ათწლეულებში კლიმატის ცვლილებას კიდევ რამდენიმე საგაზეთო სტატია მიეძღვნა. მათ შორის უნდა აღინიშნოს 1956 წელს New York Times-ში გამოქვეყნებული სტატია, რომლის ავტორი წინასწარ ჭვრეტდა მავნე ემისიებთან ბრძოლის მთავარ ხელის შემშლელ ფაქტორს: წიაღისეული საწვავის უდიდეს მარაგს. სტატიაში ვკითხულობთ: “მრავალ ქვეყანას ნავთობის და ქვანახშირის მარაგი კიდევ დიდხანს არ ამოეწურება და შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ ინდუსტრია ამ იაფი და იოლად მოსაპოვებელი რესურსით მანამ ისარგებლებს, სანამ ეს საქმე მომგებიანი იქნება”.
კლიმატის ცვლილების სამთავრობათაშორისო ექსპერტთა ჯგუფი 1988 წელს შეიქმნა, როდესაც სათბურის აირების ეფექტზე უკვე მთელი მსოფლიო ალაპარაკდა. ექსპერტთა ჯგუფის ჩამოყალიბებას წინ უძღოდა “მონრეალის პროტოკოლი”, რომელმაც იმ სინთეტიკური ნივთიერებების აღმოფხვრის გეგმა შეიმუშავა, რომლებიც ატმოსფეროს დამცავ ოზონის შრეს უქმნიდა საფრთხეს. ამ წესდებას გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი 1987 წელს მოაწერეს.
გარდამტეხ მომენტად 1988 წლის 23 ივნისი იქცა, როდესაც ჯეიმს ე. ჰანსენმა – კლიმატოლოგმა, რომელიც ჯერ პლანეტა ვენერას შეისწავლიდა, შემდეგ კი დედამიწის ატმოსფეროს, ამერიკელი სენატორების შეკითხვაზე პასუხად პირდაპირ განაცხადა, რომ “სათბურის აირების ეფექტი რეალობაა და ის უკვე ზემოქმედებს ჩვენს კლიმატზე”.
კლიმატის ცვლილებაზე, მის შედეგებსა და ალტერნატიული ენერგიის წყაროებზე ჟურნალისტური კვლევა ტორონტოში, 1988 წელს დავიწყე, ატმოსფეროს ცვლილების პირველ საერთაშორისო კონფერენციაზე. მას შემდეგ არ გავჩერებულვარ: ყველა კუთხე-კუნჭულს მოვედე. წლების შემდეგ დეტალები შეიცვალა, მაგრამ მთავარი პრობლემა, რომელზედაც მე და სხვა ჟურნალისტები მაშინ ვწერდით, დღემდე უცვლელია.
1988 წლის ოქტომბერს, ჟურნალ Discover-ში გამოქვეყნებული ჩემი სტატია განიხილავდა მაიამის დატბორვის საფრთხეს, ტროპიკულ ციკლონთა გაძლიერებას, მავნე ემისიის ზრდას ჩინეთში, კალიფორნიის თოვლის საფარის არამდგრადობას, შესაბამისად, სასმელი წყლის მარაგის შემცირებას და სხვა საფრთხეებს. სტატია ასევე აღწერდა შემაშფოთებელ უზუსტობებს დათბობის პროგნოზებში, რომლებიც დღესაც გაურკვეველი რჩება. ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორის, მაიკლ ბ. მაკელროის ფრაზით: „თუ გადავწყვიტეთ, ამ გამოწვევას ვუპასუხოთ, შეგვიძლია ცვლილების ტემპი მნიშვნელოვნად შევანელოთ, რათა დრო მოვიგოთ და საჭირო მექანიზმები გამოვიგონოთ, რომ მაქსიმალურად შევამციროთ საზოგადოებისა და ეკოსისტემისათვის მიყენებული ზიანი. სხვა შემთხვევაში, მოგვიწევს თვალი დავხუჭოთ და ბედს მივენდოთ, სანამ გამოუსწორებელი შედეგები კარს არ მოგვადგება”.
1988 წელს ძლიერი გვალვის და მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში გაჩენილი ტყის ხანძრის შემდეგ სათბურის აირების ზეგავლენა გარემოზე მასმედიის მთავარ თემად იქცა.
ალბათ, გეცნოთ ეს გაფრთხილება. მსგავსი მოწოდება მას შემდეგ მრავალი მეცნიერის, აქტივისტის თუ კლიმატის საკითხებით დაინტერესებული პოლიტიკოსისგან გვსმენია, თუმცა, მხოლოდ მოწოდებით ემისიას ვერ შევამცირებთ.
განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიები უფრო და უფრო იხვეწება, ახალი თაობის მზის და ქარის ბატარეები ენერგიის მიწოდებას მაშინაც არ წყვეტს, როდესაც ღამეა ან ქარი არ ქრის, მაგრამ მსოფლიოს მოხმარებული ენერგიის 85% კვლავ წიაღისეულ საწვავზე მოდის. ენერგოეფექტური და განახლებადი წყაროების მონაპოვარს მაინც იაფფასიან წიაღისეულ საწვავზე მოთხოვნის ზრდა ჩრდილავს. ამერიკის შეერთებულ შტატებში და ევროპის მრავალ ქვეყანაში ეკოლოგიურად სუფთა, ატომური ელექტროსადგურები იხურება. ბირთვული კატასტროფის შიშით მოსახლეობა ძველი ატომური სადგურების კონსერვაციას მოითხოვს, ახალი სადგურების მშენებლობას კი დიდი ხარჯები აფერხებს.
გადამწყვეტი ნაბიჯი ადამიანის მიერ გამძაფრებული კლიმატის ცვლილების გამოსასწორებლად ჯერ კიდევ არ გადაგვიდგამს. რა არის ამის მიზეზი?
ამ საკითხზე მრავალი განსხვავებული აზრი არსებობს, მათ შორის: მეცნიერულ კვლევაზე გამოყოფილი თანხის სიმცირე (მეც ხშირად ვემხრობოდი ამ მოსაზრებას), ინდუსტრიის ზეგავლენა პოლიტიკოსებზე, მედიის პასიურობა, დიდი კორპორაციების მიერ გავრცელებული დეზინფორმაციული ნაკადი და ეჭვები, რომელთაც აღვივებენ წიაღისეული საწვავის მოპოვების დამფინანსებლები ან ისინი, ვინც სახელმწიფოს ჩარევას ეწინააღმდეგება. აქვე ჩვენი “უკუღმართი გონებაც” უნდა ვახსენოთ – ასე ადამიანების იმ ქცევით მახასიათებლებს და სოციალურ ნორმებს ვუწოდებ, რომლებიც კლიმატის ცვლილების სწორად აღქმაში გვიშლის ხელს.
წლების განმავლობაში ვთვლიდი, რომ თითოეული ამ ეჭვმიტანილთაგან დამნაშავეა, მაგრამ საკითხს სხვაგვარადაც შეიძლება შევხედოთ: კლიმატის ცვლილებამ, შესაძლებელია, უნდა დაგვაფიქროს არა იმდენად გარემოსთვის მიყენებულ ზიანზე, რამდენადაც ადამიანის უძლურებაზე – მართოს მთელი პლანეტა. 2009 წლის სტატიაში „მომწიფების პერიოდი დედამიწისთვის”, აღვნიშნე, რომ კაცობრიობა გარდატეხის ასაკში შედის და წიაღისეული საწვავიც ტესტოსტერონივით მოჭარბებული აქვს.
მაგრამ საქმე ბევრად უფრო რთულადაა, ვიდრე გარდატეხის ასაკში. რაც უფრო მეტს ვწერ კენიის ღარიბული უბნების ჯურღმულებზე და ინდურ სოფლებზე, რომელთა მოსახლეობა ნახშირით და ტყეში მოგროვილი ფიჩხით თბება, მით უფრო ნათლად ვაცნობიერებ – როდესაც საქმე ენერგორესურსებს და კლიმატის ცვლილებას ეხება, სიტყვა „ჩვენ“ ყველას არ გვაერთიანებს. მდიდრებს ენერგიის განახლებად წყაროებზე იოლად მიუწვდებათ ხელი და შეუძლიათ წყალდიდობა, გვალვა და სხვა ბუნებრივი კატაკლიზმები აირიდონ თავიდან, მაგრამ კაცობრიობის დიდი ნაწილი საარსებო მინიმუმის მოსაპოვებლად იბრძვის, რაც მდიდარმა ნაწილმა წიაღისეული საწვავიდან უკვე მიიღო.
უფრო და უფრო მეტი მეცნიერის კვლევა მიდის ერთსა და იმავე შემზარავ დასკვნამდე: კლიმატის ცვლილება ყველა წინანდელი ეკოლოგიური პრობლემისგან განსხვავდება. ეს არ არის სმოგი ან ოზონის ხვრელის გაფართოება, რომელიც რეგულაციებით და ტექნოლოგიური ცვლილებებით შეგვიძლია აღვკვეთოთ. დროსა და სივრცეში განვრცობილი კლიმატის ცვლილება არნახულად კომპლექსური მოვლენაა. ემისიები, რომლებიც კლიმატის ცვლილებას იწვევს, უკვე 7,5 მილიარდი ადამიანის ერთობლივი მოქმედების შედეგია, რამდენიმე ათეულ წელიწადში კი ჩვენი რიცხვი 10 მილიარდს მიაღწევს.
კლიმატის ცვლილება ყველა იმ ეკოლოგიური პრობლემისგან განსხვავდება, რომელთა წინაშეც დღემდე ვმდგარვართ.
თუ გვსურს პრობლემა რეალურად დავინახოთ, სათბურის აირების მოზღვავება ადამიანის საქმიანობის სხვა მონაცემებს უნდა შევადაროთ. 2015 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელსაც “დიდი აჩქარება” ეწოდება, აღრიცხულია ტროპიკული ტყეების გაჩეხის, ქაღალდის დამზადების, წყლის მოხმარების თუ სხვა საქმიანობის სტატისტიკა. ამ აქტივობების უმრავლესობას ისეთივე მრუდი ასახავს, როგორც CO2-ის ემისიას. ასე რომ, გარემოს დაბინძურება და კლიმატის ცვლილება უფრო ფართო მოვლენის სიმპტომია: ადამიანის და დედამიწის ჭიდილის პერიოდი, რომელსაც ანთროპოცენი ეწოდება.
როჩესტერის უნივერსიტეტის პროფესორი, ასტროფიზიკოსი ადამ ფრანკი, მოვლენების განვითარების სხვადასხვა სცენარს შეისწავლის. მზის სისტემის გარეთ არსებული პლანეტების შესახებ წიგნში “ვარსკვლავების ნათება” ფრანკი მარტივ მათემატიკურ მოდელზე აგებულ სამ განსხვავებულ სცენარს განიხილავს. პირველ სცენარს “მშვიდობიანი დაშვება” ეწოდება, რომელშიც ცივილიზაცია თანდათანობით გადადის ახალ, უსაფრთხო მდგომარეობაში. მეორე სცენარის მიხედვით, რომლის სახელია “გადაშენების პირას”, პლანეტის გარემო პირობები გაუარესდება, პოპულაცია სწრაფად შემცირდება, მაგრამ კაცობრიობის მცირე ნაწილი, სავარაუდოდ, მაინც გადარჩება. მესამე სცენარს “კოლაფსი” ეწოდება. “პოპულაცია იზრდება, პლანეტა გადახურდება და კაცობრიობა გადაშენდება”, – ამბობს ფრანკი, – “კოლაფსი შეიძლება იმ შემთხვევაშიც მოხდეს, თუკი ადამიანები წიაღისეული საწვავის გამოყენებას მოეშვებიან და მზის ენერგიის ბატარეებზე გადავლენ”.
ფრანკის ინტერპლანეტური ხედვა უკეთ გვიჩვენებს, რომ კლიმატის კრიზისი ბევრად უფრო მასშტაბური პრობლემაა, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება გვეგონოს. კლიმატის ცვლილება შემაძრწუნებელი რეალობაა, მაგრამ ამავე დროს დიდი გამოწვევაც: ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია საკუთარი წვლილი შეიტანოს მასთან ბრძოლაში, იქნება ის ინჟინერი, ხელოვანი, ინვესტორი, თუ უბრალოდ დედამიწის გულშემატკივარი.
დედამიწის შესაძლო მომავლის ცაში ძიებამ ფრანკი იქ მიიყვანა, საიდანაც ჯეიმს ჰანსენმა საკუთარი მოღვაწეობა დაიწყო – ჩვენს სუპერცხელ მეზობელ ვენერამდე. ცოტაოდენი ხნის წინ ფრანკს ვკითხე, როგორ ხედავს დედამიწის მომავალს.
ფრანკი თვლის, რომ ნებისმიერი პლანეტის ბიოსფეროსთვის, რომელზეც მასშტაბური ინდუსტრიული ცივილიზაცია სახლობს, რთულია კატასტროფის თავიდან არიდება. ფრანკის აზრით, “კითხვა იმაში მდგომარეობს, თუ რამდენჯერ მოვახერხებთ გარდასახვას ისე, რომ შეცვლილ ბიოსფეროში კვლავ მნიშვნელოვან მოთამაშეებად დავრჩეთ“.
კლიმატის ცვლილების ძალა

იმის ასახსნელად, თუ როგორ მოქმედებს კლიმატის ცვლილების მასშტაბურობა ჩვენ მიერ მის აღქმაზე, პროფესორი ტიმ მორტონი „ვარსკვლავური ომების“ ერთ-ერთ სცენას იხსენებს: კოსმიური ხომალდი გამოქვაბულში შეფრინდება, რომელიც სინამდვილეში გიგანტური ჭიის ხახაა. კლიმატის ცვლილების ეპოქაში ცხოვრება ამ სცენას ჰგავს: „როდესაც მატლში ხარ, თვითონ მატლს უკვე ვეღარ ხედავ, ასე რომ თავისუფლად შეიძლება გეგონოს, თითქოს რომელიმე ასტეროიდის გამოქვაბულში დაეშვი. ასე მანამ შეგიძლია მოიტყუო თავი, სანამ მატლი შენს მონელებას არ დაიწყებს“.
ენდრიუ რევკინი National Geographic Society-ს სტრატეგიული მრჩევლის სახით ცოტა ხნის წინ შემოუერთდა. ოცდაათი წლის განმავლობაში ის, ძირითადად, New York Times-ისთვის წერდა სტატიებს გარემოს დაცვის საკითხებზე. 2018 წელს რევკინმა გარემოს დაცვის სპეციალისტის, ლიზა მეჩელის თანაავტორობით დაწერა წიგნი „ილუსტრირებული ისტორია: ღრუბლების ატლასებიდან კლიმატის ცვლილებამდე“.