კოლუმბია ჭრილობებს იშუშებს
52-წლიანი სამოქალაქო ომით დაუძლურებული, თუმცა იმედიანი ქვეყანა მშვიდობის დამყარებას და სოფლად ახალი შესაძლებლობების გამოყენებას ცდილობს


კოლუმბია ჭრილობებს იშუშებს
52-წლიანი სამოქალაქო ომით დაუძლურებული, თუმცა იმედიანი ქვეყანა მშვიდობის დამყარებას და სოფლად ახალი შესაძლებლობების გამოყენებას ცდილობს
იმ ორი საუკუნის განმავლობაში, რაც კოლუმბიამ ესპანეთისაგან დამოუკიდებლობა მოიპოვა, მას სასტიკი კონფლიქტების გარეშე არც უარსებია. ზოგის აზრით, სისხლისღვრის უკანასკნელი ციკლი 1948 წლის 9 აპრილს დაიწყო ტრადიციული ლიბერალური პარტიის უაღრესად პოპულარული ლიდერის, ხორხე ელიესერ გაიტანის მკვლელობით. ამ ფაქტმა სასიკვდილო ამბოხებები და პარტიზანული მკვლელობების – „La Violencia-ს“ – ათწლიანი ტალღა გამოიწვია.
1957 წელს პარტიებს შორის ძალადობის დასრულების შესახებ მიღწეული შეთანხმების შემდეგ ათიოდე წელი მეტ-ნაკლებად მშვიდობიანი იყო; ქალაქებში ბევრს არ შეუმჩნევია, რომ სოფლად რამდენიმე ათეულ ლიბერალ ოჯახს ძლიერმა კომუნისტმა ლიდერმა რადიკალიზმისკენ უბიძგა. ეს არ გამოჰპარვია არმიას და მოქმედ პრეზიდენტს. 1964 წელს სამხედრო ოპერაციამ, რომელშიც ათასობით ჯარისკაცი მონაწილეობდა, გადაუარა კოლუმბიის ანდების მთისწინეთში განლაგებულ ლიბერალთა ჯგუფის მცირე საკარმიდამო ნაკვეთებს. დაბომბვის გამო კიდევ უფრო რადიკალურად განწყობილმა „კამპეზინოებმა“ „FARC“-ი დაირქვეს და პარტიზანული ომი დაიწყეს, რომელიც 52 წელი გაგრძელდა.

რადიკალი „კამპეზინოების“ მცირე ბანდამ, რომელსაც არც იარაღი გააჩნდა და არც სამხედრო წვრთნა ჰქონდა გავლილი, თანდათანობით მიიზიდა ახლომდებარე სოფლების მკვიდრნი და საბოლოოდ მათმა რიცხვმა ყველაზე წარმოუდგენელ მოლოდინსაც კი გადააჭარბა. FARC-ის რიცხვი კიდევ ერთხელ მკვეთრად გაიზარდა1980-იან წლებში, როდესაც აშშ-მა ნარკოტიკებს გამოუცხადა ომი და ბრძოლები ძირითადად მექსიკასა და ანდების ქვეყნებში მიმდინარეობდა – იქ, სადაც კოკა მოჰყავთ. კოკას ბუჩქის ფოთლებს სამკურნალო თვისებები აქვს და იგი ანდების მკვიდრი მოსახლეობისათვის წმინდაა. გარდა ამისა, ის კოკაინის მთავარი ინგრედიენტია. მას შემდეგ, რაც კოკას მოყვანა დანაშაულებრივ საქმიანობად გამოცხადდა, ანდების მკვიდრ გლეხებს თავისი ყველაზე შემოსავლიანი სასაქონლო კულტურა კოლუმბიის ვრცელი ტერიტორიის სიღრმეში და სულ უფრო მიუდგომელ ადგილებში გადაჰქონდათ. ბოლოს და ბოლოს, ვინმე ყოველთვის გამოჩნდებოდა, ამ სხვა მხრივ უსარგებლო მცენარეში დიდ ფულს რომ გადაიხდიდა.
რეკრეაციულ ნარკოტიკებზე უწყვეტი მოთხოვნის გათვალისწინებით, ნიუ-იორკიდან შანხაიმდე ნარკოტიკებთან გამოცხადებული ომი მხოლოდ აძვირებდა მათ ფასს. FARC-მა ხელსაყრელი მომენტით ისარგებლა და საქმეში ჩაერთო. სასტიკი ნარკომოვაჭრეებისაგან „კამპეზინოების“ დაცვისა და მათ მიერ მოყვანილი კოკას ფოთლების სტანდარტული ფასის უზრუნველყოფის სანაცვლოდ, FARC-ი საკუთარი კონტროლის ქვეშ არსებული ტერიტორიიდან გატანილი კოკას პასტის ყოველ კილოგრამზე ექსპორტის გადასახადს კრეფდა.

მალევე FARC-ის ჯარს, სტანდარტული უნიფორმისა და ფეხსაცმლის გარდა, სტანდარტული საბრძოლო შეიარაღებაც გაუჩნდა. მისი რიცხვი დაახლოებით 20 ათასამდე გაიზარდა. პარტიზანებს ურიცხვი ფული ჰქონდათ და ლიდერებიც, ბუნებრივია, გაეხვივნენ კორუფციაში, მანკიერნი და გაუმაძღრები გახდნენ. ისინი რევოლუციონერები არ იყვნენ; მათ გამომძალველობას, ხალხის გატაცებას და ნაღმების აფეთქებას მიჰყვეს ხელი; და რადგან FARC-ის პარტიზანებმა მათ წინააღმდეგ საბრძოლველად ჩამოყალიბებული სამხედრო დაჯგუფებების ყურადღება მიიპყრეს, „კამპენზინოებიც“ იჩაგრებოდნენ, რომლებთან ერთადაც ცხოვრობდნენ FARC-ის წარმომადგენლები. სწორედ FARC-ის მხარდაჭერას აბრალებდნენ ელ-სალადოს მკვიდრებს სამხედრო ფორმირების მკვლელები და სწორედ ეს კუთხეში მიმწყვდეული FARC-ი აიძულეს საბოლოოდ, მოეწერა ხელი მშვიდობის შეთანხმებაზე კოლუმბიის მთავრობასთან 2016 წლის 24 ნოემბერს, რის შემდეგაც გასული წლის ივნისში FARC-მა იარაღიც დაყარა.
სრული ვერსია წაიკითხეთ თებერვლის ნომერში.