
კონფლიქტის ზონა
როდესაც უგანდის სოფელში ადამიანები და შიმპანზეები ეჯახებიან ერთმანეთს, ფოტოგრაფი ხედავს შიშს, სევდას, ბოლოს კი – შეგუებას.
ეს ფოტო დასავლეთ უგანდის სოფლის მიტოვებული სახლის ფანჯრიდან გადავიღე. ვუყურებდი, როგორ შემოდიოდა ეზოში ჯერ ერთი შიმპანზე, მერე მეორე. მიხაროდა, რომ შუშის მიღმა ვერ მხედავდნენ.
ველზე მუშაობისას აქამდეც ბევრჯერ ვყოფილვარ ველური შიმპანზეების სიახლოვეს. 2017 წელს, ამ დავალების შესრულების დროს, პირველად იყო, რომ მათგან დამალვა ვცადე.
აქამდე არც ვიცნობდი სემატას ოჯახს. არც ის მქონდა საკუთარი თვალით ნანახი, სახლებსა და ბუნებაში მცხოვრებ პრიმატებს შორის როგორ კონკურენციას ქმნის განადგურებული მიწა და ტყე, ან საკვებისა და მოსავლის დეფიციტი.
ველურ ბუნებაში თავს ყოველთვის ისე ვგრძნობდი, როგორც საკუთარ სახლში. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ რვა წელი საველე ბიოლოგად ვმუშაობდი. ვსწავლობდი ბუს ერთ სახეობას (Strix occidentalis) იოსემიტის ეროვნულ პარკში, ზღვის ძუძუმწოვრებს აფრიკის სანაპიროსთან და ველურ შიმპანზეებს უგანდის კიბალეს ეროვნულ პარკში. ამ უკანასკნელში პრიმატოლოგ რიჩარდ ვრენგამის გრძელვადიანი პროექტი შიმპანზეების შესწავლას ისახავდა მიზნად.
2011 წლის დიდი ნაწილი იმ შიმპანზეებს დავყვებოდი, რომლებიც შეჩვეულები იყვნენ ადამიანთა სიახლოვეს, დამკვირვებლებთან ათწლეულების განმავლობაში არაერთი ნეიტრალური შეხვედრა ჰქონდათ და ნდობასაც იჩენდნენ.
მაგრამ, როგორც ვრენგამის კვლევამ დაგვიდასტურა, შიმპანზეების ქცევა გარემოებების მიხედვით იცვლება. ჩვენი არ იყოს, შიმპანზეებიც ეგუებიან ახალ პირობებს და როდესაც საკვების ერთი წყარო გაქრება, მეორეს პოულობენ. შიმპანზეებიც ყოვლისმჭამელები არიან და საკუთარ ტერიტორიას სახეობის სხვა ჯგუფებისგან იცავენ. ისინი ხვდებიან აგრესიას: თუ გაეკიდებით, ისინიც გამოგეკიდებიან (თუკი მათზე დიდი ან მრავალრიცხოვანი არ ხართ) და თუკი შესაძლებლობა მიეცემათ, ხორცის მოსაპოვებლადაც ინადირებენ.
საველე ბიოლოგად მუშაობიდან ექვსი წლის შემდეგ დასავლეთ უგანდას დავუბრუნდი, ამჯერად უკვე როგორც ველური ცხოველებისა და ბუნების დაცვის ფოტოგრაფი. National Geographic-ისგან დავალება მქონდა. მწერალ დევიდ კვამენთან ერთად ადამიანისა და შიმპანზეს კონფლიქტის ამბავი მომეთხრო.
სოფელ კიამაჯაკას შიმპანზეებისთვის ადამიანები კონკურენტები არიან. შიმპანზეების მშობლიური ტყეები მიწათმოქმედებისთვის გაკაფეს, ამიტომ შიმპანზეები ახლა ძირითადად ადამიანის მოსავლით ირჩენენ თავს. საღამოს საშოვარზე გადიან და იმ 20 კინკილა ხეს უბრუნდებიან, რომლებიც ადამიანური სამყაროსგან იცავთ.
სახლი, რომელშიც ეს ფოტო გადავიღე, სემატას ოჯახს ეკუთვნოდა – მიწათმოქმედ ობუჰერეზას, მის ცოლს ნთეგეკასა და მათ ოთხ მცირეწლოვან შვილს. როგორც ნთეგეკამ მითხრა, როდესაც აქ ცხოვრობ, მუდმივად შიმპანზეების თავდასხმის რისკს გრძნობ. გვიამბო, როგორ შედიოდნენ ხოლმე ცხოველები მათ ეზოში, ფანჯრებში იჭყიტებოდნენ და მთელ ოჯახს აშინებდნენ.
2014 წლის 20 ივლისს წარმოუდგენელი რამ მოხდა. ნთეგეკა ეზოში მუშაობდა, ბავშვებიც თან ჰყავდა. წამიერად მიტრიალდა, დიდმა შიმპანზემ მის ჩვილ ვაჟს, მუჯუნის, ხელი დასტაცა და გაიქცა. სოფლის მცხოვრებლებმა ბიჭის დასახიჩრებული სხეული მახლობელი ბუჩქის ქვეშ იპოვეს.
გავიდა თვეები, წლები, შიმპანზეების თავდასხმები კი გრძელდებოდა. ბოლოს სემატებიც გატყდნენ და თავიანთი სახლი 2017 წელს მიატოვეს.

სემატების ოჯახის დანაკარგი სიმბოლოა ადამიანისა და შიმპანზეს იმ საზარელი კონფლიქტისა, რომლის აღსაწერადაც National Geographic-მა კვამენი და მე გაგვიშვა. ჩემს ფოტოებს ზუსტად ეს ამბავი უნდა მოეთხროთ, მაგრამ ვიმედოვნებდი, რომ ისინი, ასევე, ადამიანურ ტრაგედიებს მიაგებდა პატივს და ცვლილებებისკენაც გვიბიძგებდა – მაგალითად, შიმპანზეების გადაყვანისკენ – რომ კონფლიქტი დასრულებულიყო.
ომუჰერეზამ და ნთეგეკამ თავიანთი ცარიელი სახლის გასაღები მომცეს და ნება დამრთეს, ფოტოები გადამეღო. შესასვლელად კარის მხრით შენგრევა მომიწია. რამდენიმე ფანჯრის მინა ჩამსხვრეული იყო – ნთეგეკას თქმით, შიმპანზეების წყალობით. ბნელ და მტვრიან ოთახში ვიდექი, მუჯუნის შემზარავი ბედი მახსენდებოდა და ვფიქრობდი, ალბათ, მის მშობლებს ეს ტრაგედია ყოველ ჯერზე ახსენდებოდათ, როდესაც ფანჯარაში შიმპანზეს ხედავდნენ-მეთქი.
მალე ეზოს ერთ კუთხეში შიმპანზეც დავინახე, ჩუმად იჯდა. სხვებიც მოვიდნენ, ასევე ჩუმად. მერე განწყობაც შეიცვალა. მოზარდი მამრი ორ ფეხზე დადგა, მცენარეები მოგლიჯა, შეაქნია და სახლისკენ გამოექანა. სირბილით მოვარდა, ტოტები დააგდო, ჰაერში ახტა და სახლს ქუსლებით შეასკდა. მთელი სახლი შეირყა.
ჯგუფის ყველაზე დიდი მამრი – სავარაუდოდ, ალფა – გამოიქცა, დიდი ქვა აიღო და ისროლა. ქვა მიწამ აისხლიტა და სახლს მოხვდა.
ვიცოდი, რომ შიმპანზეები უბრალოდ თავიანთ ანარეკლს ებრძოდნენ, მაგრამ თავდასხმის შეგრძნება მაინც მქონდა. ბოლოს, სანამ დაბნელდა, შიმპანზეები პატარა ტყეს დაუბრუნდნენ და მეც შევძელი სახლიდან გასვლა.
ერთი სული მქონდა, ფოტოებს როდის გავუზიარებდი National Geographic-ში ჩემს კოლეგებს და იმ ოფიციალურ პირებს, რომლებიც მშვიდობიან თანაცხოვრებას ქადაგებდნენ. ფოტოების სემატებისთვის ჩვენება არ მინდოდა. ბოლოს, როდესაც ოჯახს 2017 წლის ნოემბერში ვეწვიე, ნთეგეკამ მკითხა, მქონდა თუ არა შიმპანზეების ფოტოები. ყოყმანით ვაჩვენე ქვედა ფოტო მობილურში. იცინოდა და იცინოდა, ბოლოს კი გაჩერდა და თქვა: „ღმერთო, როგორ ჰგვანან ადამიანებს”. სხვა ფოტოებიც ვაჩვენე. „თითოეული მათგანი ვიცი, სულ პატარების გარდა. შეხედე ამ პატარას. ფერმკრთალია”, – თქვა მან ხითხითით. შემდეგ ოჯახმა სიამაყით მიჩვენა თავიანთი ახალი მიწა და აგურების დიდი წყება, რომელიც მათ სახლად გადაიქცეოდა. ისინი თავიდან აშენებდნენ და ნთეგეკას სიცილი მაფიქრებინებდა, რომ სახლის გარდა ცხოვრებასაც თავიდან იწყებდნენ.
The National Geographic Society, რომელიც ჩვენი სამყაროს საოცრებათა გაშუქებასა და დაცვაზე ზრუნავს, 2014 წლიდან აფინანსებს რონან დონოვანის პროექტებს. ველური ბუნების ფოტოგრაფი მონტანაში ცხოვრობს. იგი ასევე კინოხელოვანი, მხატვარი და მთამსვლელია.