
კოსმოსში მოგზაური
2006 წელს, ღია კოსმოსში ჩემი პირველი გასვლისას, მზის ბატარეების პანელს პრობლემა შეექმნა
სუნიტა უილიამსს ბავშვობაში ფილმები:„ჯეტსონები“ და „ვარსკვლავური გზა“ ისეთი მომავლის ნიშნად მიაჩნდა, როცა კოსმოსში მოგზაურობა ჩვეულებრივი ამბავი იქნებოდა. სამხედრო-საზღვაო ძალების 47 წლის ყოფილ მფრინავს 322 დღე კოსმოსში აქვს გატარებული. ქალ ასტრონავტებს შორის ის ყველაზე მეტ ხანს, 50 საათია ნამყოფი ღია კოსმოსში. 20 წლის წინ მფრინავ-გამომცდელთა სკოლაში აღმოაჩინა, რომ ასტრონავტობა შეეძლო. მისი თქმით, ღია კოსმოსში ყოფნა საბრძოლო ესკორტთან ერთად ვერტმფრენით ფრენას წააგავს: კონცენტრირებული ხარ შენს საქმეზე, თუმცა, ყოველთვის იცი, სად არიან სხვები.
ღია კოსმოსში რა იყო თქვენთვის ყველაზე შთამბეჭდავი?
ზევიდან დანახული ჩრდილოეთის ციალი.
საშიშია?
2006 წელს, ღია კოსმოსში ჩემი პირველი გასვლისას, მზის ბატარეების პანელს პრობლემა შეექმნა. მიზეზის დასადგენად მაღლა აძრომა დავიწყე (პანელის სადგურთან შემაერთებელ მკლავზე), მეგონა, ცათამბჯენზე მივცოცავდი. საკუთარ თავს ვაიმედებდი, რომ არ ჩავარდებოდი. ამის დასამტკიცებლად ხელები გავშალე. კოსმოსში თუ თვალებს წამით დახუჭავთ, შეგიძლიათ „კოორდინატთა სისტემას“ მიმართულება შეუცვალოთ. გამახსენდა, როგორ ვვარჯიშობდით საცურაო აუზში და ჰორიზონტალურ მდგომარეობაში მყოფ საგანზე გვერდიდან „ავდიოდით“. თავი დავირწმუნე, რომ ყველაფერი რიგზეა, მე ზევით კი არ მივცოცავ, არამედ, გვერდებზე.
კოსმოსში ყოფნისას მიმართავთ რაიმე ისეთ მეთოდებს, მენტალური და ემოციური კუთხით, წონასწორობა რომ შეინარჩუნოთ?
პირველი გაფრენისას კოსმოსური სადგურის ბოლოსკენ, რუსული განყოფილებისკენ, ხშირად „მივსეირნობდი“ (იქ იყო სააბაზანო ). კოსმონავტი მიშა ტიურინი ჩაის მთავაზობდა. ხუთი-ათი წუთის განმავლობაში ვისხედით, უფრო სწორად, ვლივლივებდით და ვსაუბრობდით.
კოსმოსურ ტრიათლონს ასრულებდით: სარბენი ბილიკი, ველოტრენაჟორი. როგორ დაცურავდით?
ცურვის იმიტაციას 15 სახის ვარჯიშით ვასრულებდი. ეს, დაახლოებით, 20 წუთს გრძელდებოდა, ეს იყო ჩემი „საცურაო“ დრო.
რა იქნება შემდეგ?
საბოლოოდ, შესაძლოა, მეშვიდე დონის მეცნიერება ვასწავლო. ძალიან მინდა აშშ-მა კიდევ გაუშვას საჰაერო ხომალდი. ბედნიერი ვიქნებოდი, თუ მე გავხდებოდი მისი მფრინავ-გამომცდელი.