
კრიზისთა კარტოგრაფი
12 წლის ვიყავი, სპარსეთის ყურის პირველი ომი რომ დაიწყო. ახლო აღმოსავლეთის დიდ რუკაზე ახალ-ახალ ინფორმაციას ვამატებდი...
პატრიკ მაიერი მედფორდში (მასაჩუსეტსი) თავის სახლში იჯდა, როცა 2010 წლის იანვარში ჰაიტი მიწისძვრამ შეაზანზარა. ტაფტსის უნივერსიტეტის 35 წლის დოქტორანტმა სახლიდან გაუსვლელად დაიწყო მიწისძვრით დაზარალებულთა დახმარება. მოხალისეების მობილიზებას შეუდგა, რომლებსაც Twitter-იდან, sms-ებიდან, გაეროს ანგარიშებიდან და სხვა წყაროებიდან საჭირო მონაცემები უნდა ამოეკრიფათ და მუდმივად განახლებადი ონლაინ-რუკა შეექმნათ. ამით მოქალაქეებს, ჰუმანიტარული დახმარების მუშაკებსა და გაეროს სანაპირო დაცვას ეხმარებოდა. ექსპერტების აზრით, ასობით სიცოცხლე იხსნა. დღეს მაიერი (აფრიკაში გაზრდილი შვედეთის მოქალაქე) მთელი მსოფლიოს მასშტაბით ადგენს კრიზისის რუკებს.
რატომ გაგაკრიტიკათ გაერომ ჰაიტის ამბების შემდეგ?
გაეროს ზოგიერთი სააგენტო ნელა რეაგირებდა. მობილიზაციაც ნელა მიმდინარეობდა. თოვლიან ბოსტონში კი მოხალისეთა გუნდმა მიწისძვრის ზიანის რუკა თითქმის მიწისძვრის კვალდაკვალ შექმნა და პროფესიონალებს უახლესი ინფორმაცია მიაწოდა.
როგორ დაინტერესდით კარტოგრაფიით?
12 წლის ვიყავი, სპარსეთის ყურის პირველი ომი რომ დაიწყო. ახლო აღმოსავლეთის დიდ რუკაზე ახალ-ახალ ინფორმაციას ვამატებდი.
თქვენს გუნდთან ერთად რა კრიზისებს შეჭიდებიხართ?
ყველაფერი ჰაიტით დაიწყო. ერთი თვის შემდეგ ჩილეში მოხდა მიწისძვრა. იმავე ზაფხულს – პაკისტანის წყალდიდობა, ივლისში – ხანძარი რუსეთში. იანვარში ბრისბენი (ავსტრალია) დაიტბორა. თებერვალში იყო დიდი მიწისძვრა ქრაისტჩერჩში (ახალი ზელანდია). შევადგინეთ კრიზისის რუკები ეგვიპტესა და ტუნისში. გაერომ გვთხოვა, ლიბიის კრიზისის რუკაც გაგვეკეთებინა.
საომარი ზონის მონაცემები არასასურველ პირებთან რომ მოხვდეს, არ გეშინიათ?
რა თქმა უნდა. ამ რუკების საშუალებით სიკეთეც შეიძლება გააკეთო და ცუდი მიზნებისთვისაც გამოიყენო. თუ ვთქვათ, გაერო ხარ, ლიბიაში, ამ რუკას სამაშველო ოპერაციებისთვის გამოიყენებ. თუ კადაფისადმი ლოიალური ხარ, ჰუმანიტარულ რაზმს იპოვი, რათა მასზე იერიში მიიტანო. ამიტომ ამ რუკას პაროლი დავუყენეთ. ასეთი რუკების შექმნით რეალურ რისკზე მიდიხარ და კარგად უნდა დარწმუნდე, რომ ადამიანებს საფრთხეს არ შეუქმნი.
ოდესმე თუ ყოფილა მეტისმეტად სარისკო ასეთი რუკის შექმნა?
სირიაში მუშაობაზე უარი უმიზეზოდ არ გვითქვამს. კიბერ-მეთვალყურეობის თვალსაზრისით, ლიბიისგან განსხვავებით, სირიას ძალიან გამოცდილი მთავრობა ჰყავს. გავაკეთეთ დანახარჯისა და მოგების ანალიზი და უარი ვთქვით.