კულტურის უნებლიე მცველები
მხარე, რომელშიც 1200-ზე მეტი ქართული კულტურული ძეგლია მოქცეული, ფაქტობრივად, სრულადაა მოწყვეტილი საქართველოს


კულტურის უნებლიე მცველები
მხარე, რომელშიც 1200-ზე მეტი ქართული კულტურული ძეგლია მოქცეული, ფაქტობრივად, სრულადაა მოწყვეტილი საქართველოს
ერთმანეთთან მიჯრით მიწყობილი პატარა მიწური სახლები. ზამთარში სახლის გასათბობად შეგროვებული დაპრესილი ნაკელის კუბები. უზარმაზარი საძოვრები. სადად გამოწყობილი ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც უძველესი ეკლესიებისა და ციხეების ნანგრევების ფონზე სოფლური ცხოვრების რუტინას ეწევა – აი ასე გამოიყურება დღეს ტაო-კლარჯეთი.
ტაო-კლარჯეთის ისტორიულმა მხარემ უდიდესი როლი ითამაშა საქართველოს ისტორიაში. სწორედ ეს იყო ქვეყანაში ქრისტიანობის ადრეული კერა. აქ ხდებოდა ხელნაწერების გადაწერა. დღეს ეს მხარე თურქეთის ტერიტორიაზეა. მხარე, რომელშიც 1200-ზე მეტი ქართული კულტურული ძეგლი და მათი ნანგრევებია მოქცეული, ფაქტობრივად, სრულადაა მოწყვეტილი საქართველოს. ის XVI საუკუნეში ოსმალეთის იმპერიამ მიიერთა და ქართველებისთვის რამდენიმე საუკუნის განმავლობაში სრულიად მიუწვდომელი გახდა. ამის მიუხედავად, ტაო-კლარჯეთში დღემდე ცხოვრობს ქართველი ხალხი. მათ ბევრი სირთულე გამოიარეს, მაგრამ ქართული ენა და კულტურა აქ დღემდე კარგადაა შემონახული. აქაური ქართველი ხალხი XVI საუკუნის ქართული ენით ლაპარაკობს.

სოფელში რომ გაისეირნოთ და ხალხს გამოელაპარაკოთ, ზოგჯერ ძალიან საინტერესო ამბებს მოისმენთ. ყვებიან თავიანთი ქართული წარმოშობის შესახებ – ეს ამბები მხოლოდ მათ მოგონებებშიღა ცოცხლობს. ეს ხალხი ჩვენი უდიდესი კულტურული მემკვიდრეობის უნებლიე მცველი გახდა.
ბევრი ქართული ტრადიცია ამ მხარეში დღემდე შემორჩა. მაგალითად, შავშეთური ქორწილი ძალიან ჰგავს ქართულს – მაყრიონი, გუდასტვირის მუსიკის ფონზე შესრულებული ქართული ცეკვა, პატარძლის „გამოსყიდვის“ ტრადიცია, თოფის გასროლა… ასეთ ქორწილში ამოყვეს თავი თბილისიდან ჩასულმა ექსპედიციის წევრებმა. აქ ახალდაქორწინებული წყვილის სახელებიც კი იგივეა, რაც ქართულში – ნეფე და პატარძალი. „ძალიან მიხარია, რომ ჩამოხვედით. მინდა ყველა ქართველი იცნობდეს ერთმანეთს. მეც ისეთივე ქართველი ვარ, როგორც თქვენ!“ – ამბობს ლუკა ოქრუაშვილი. ქართული მან მშობლებისგან ისწავლა – წერა-კითხვა არ იცის. „ეს მიწა ადრე ქართული იყო. მინდა კვლავ ქართული გახდეს!“
თურქეთის ამ მხარეში სოფლებსა და ადმინისტრაციულ პუნქტებს დღესაც ორი სახელი აქვს შემორჩენილი – ოფიციალური, თურქული დასახელება და ძველქართული სახელები, რომლებსაც ადგილობრივი მოსახლეობა ყოველდღიურად იყენებს.

უძველესი ქართული ლექსები მხოლოდ მოხუცების გონებაშიღაა შემორჩენილი და, ხშირად, ისეა შეცვლილი, რომ ზოგ სიტყვას ვერც გაარჩევთ. აქ არაბული ანბანით დაწერილი ძველი ქართული ლოცვებიც არის შემორჩენილი.
ამ ადგილას მკვლევართა და რესტავრატორთა სულ რამდენიმე ჯგუფი მუშაობს. მათ შორის ერთ-ერთია რუსთაველის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით მომუშავე კავკასიის უნივერსიტეტისა და საქართველოს კულტურისა და ტურისტული რესურსების კვლევის ცენტრის ჯგუფი. ეს, ცხადია, საკმარისი არაა ამ ულამაზესი და უძვირფასესი მხარის შესანარჩუნებლად.
გაივლის კიდევ რამდენიმე საუკუნე. ურბანიზაციის პროცესი კიდევ უფრო აჩქარდება. კიდევ უფრო გაიზრდება. გლობალიზაციაც თავის როლს ითამაშებს და თუ ასე გაგრძელდა, მტკვრისა და ჭოროხის მდინარეების აუზის ზედა წელში მდებარე ეს საგანძური სრულ მივიწყებას მიეცემა.
სრული ვერსია წაიკითხეთ დეკემბრის ნომერში.