ლაშქრობა ფეთქებადი ხედებით
გვატემალის სიერა-მადრეს სამთო ბილიკი ცენტრალური ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ვულკანამდე მიგიყვანთ, მაგრამ ძალიან ახლოსაც არ მიგიშვებთ.
არც ისე ბევრი სალაშქრო ბილიკია მსოფლიოში, რომელიც მოგზაურებს დიდებულ სანახაობას ღამით სთავაზობს. რა თქმა უნდა, არც მოქმედ ვულკანამდე მიგიყვანთ ბევრი მათგანი.
გვატემალაში, სიერა-მადრეს მთებში მდებარე ფუეგოს ვულკანი გეოლოგიური საოცრებაა, რომელსაც მოგზაურები აღტაცებაში მოჰყავს. ეს ვულკანი ყველაზე კარგად მისი მეზობელი, ამჟამად არააქტიური ვულკანიდან – აკატენანგოდან მოჩანს, რომელიც 3976 მეტრს აღწევს და გვატემალაში სიმაღლით მესამე მთაა. მოგზაურები ლაშქრობისას რთულ გზას მიუყვებიან, ჯერ ყავის პლანტაციებს გაივლიან, შემდეგ მთის უხვნალექიან ტყეებს და ბოლოს მწვერვალთან ახლოს, არაამქვეყნიურ ლანდშაფტში აღმოჩნდებიან. სწორედ აქედან ჩანს ის შთამბეჭდავი ფუეგოს ხედი, რომელიც პერიოდულად აირსა და ფერფლს აფრქვევს.
მარცხნივ: ანტიგუა-გვატემალის ტურიზმის ეკონომიკის გამწევი ძალა ფუეგოა. ძალიან პოპულარულია ადგილობრივ გამყოლთან ერთად ჯგუფური ლაშქრობა ვულკანის სანახავად.
მარჯვნივ: ფუეგოს ამოფრქვევის შთამბეჭდავ ხედებს ერთდღიანი ლაშქრობითაც ნახავთ, თუმცა ღამისთევით მოგზაურებს შეუძლიათ გავარვარებულ ვულკანს შებინდებიდან გარიჟრაჟამდე უცქირონ.
როგორც წესი, მოგზაურობის საწყისი წერტილი ქალაქი ანტიგუა-გვატემალაა. XVIII საუკუნემდე ანტიგუა გვატემალის დედაქალაქი იყო. მოგვიანებით ის ყავის წარმოების ცენტრი გახდა, ახლახან კი UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად დასახელდა, რაც მის მდიდარ ესპანურ არქიტექტურულ მემკვიდრეობას იცავს. ზღვის დონიდან 1520 მეტრის სიმაღლეზე მდებარე ქალაქი უშიშარ მოგზაურებს აკლიმატიზაციის საშუალებას აძლევს და ადგილობრივი სამზარეულოს გაცნობასაც სთავაზობს – დაწყებული ნოყიერი შოჩიტლის წვნიანით კაფე „კონდესაში“, დასრულებული მადისაღმძვრელი სტეიკით „ლას-ანტორჩასში“. რჩევა: ასვლამდე თავი შეიკავეთ სიგარეტის მოწევისგან და ალკოჰოლის მიღებისგან. ლაშქრობის შემდგომ აღნიშვნა ბევრად უფრო სასიამოვნოა, წინა დღით გართობა კი 3000 მეტრ სიმაღლეზე მძიმე ტვირთად დაგაწვებათ.

წყარო: დაცული ტერიტორიების ეროვნული საბჭო, გვატემალა; OSM; NASA/JPL
მიუხედავად იმისა, ჰყავს თუ არა დაქირავებული გიდი, ყველა მოლაშქრე ჯერ სოფელ ლა-სოლედადში ჩადის და იქიდან იწყებს ლაშქრობას. აკატენანგოს საბაზო ბანაკამდე მისასვლელად, საშუალოდ, ხუთი ან ექვსი საათია საჭირო, რაც ასევე დამოკიდებულია სვლის ტემპსა და ამინდზე. მათთვის, ვისაც ცხენით სიარული უყვარს, ზოგიერთი ტური სთავაზობს გარკვეული მონაკვეთის ცხენით გავლას. მაგრამ გაითვალისწინეთ: აკატენანგოს მწვერვალზე მისასვლელი ბოლო მონაკვეთი აუცილებლად ფეხით უნდა გაიაროთ. მთაზე ასვლა-ჩამოსვლა ერთ დღეში, 10-12 საათშიცაა შესაძლებელი, თუმცა მოგზაურების უმეტესობა ორდღიან ტურს ამჯობინებს. ღამეს საბაზო ბანაკში ათევენ და შემდგომ მიიწევენ აკატენანგოს კრატერისკენ. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ ელვარე ფუეგოს ვულკანის საოცარი ხედების დანახვა და მისი ლავის ბუყბუყის მოსმენა, სანამ მზე ამოვა და მოგზაურებსა და ვულკანს ერთად შეეგებება.

თუ მთაზე ასვლასა და ღამის გათევას გადაწყვეტთ, მზად უნდა იყოთ მკვეთრი ტემპერატურული ამპლიტუდისთვის 1520-მეტრიანი სიმაღლებრივი სხვაობის გათვალისწინებით. დღის განმავლობაში ტემპერატურამ შესაძლოა +20 გრადუსსაც გადააჭარბოს, ხოლო ღამით – 0 გრადუსსაც ჩასცდეს. ფუეგოს ხედები ყველაზე კარგად ჩანს მშრალ სეზონზე, ნოემბრიდან აპრილამდე. თუმცა ვულკანის ამოფრქვევის სიხშირე არაპროგნოზირებადია. ფუეგოსა და აკატენანგოს სიახლოვეს კიდევ ერთი ვულკანია, სახელად აგუა, რომელსაც ასევე მრავალი მოგზაური სტუმრობს. მიუხედავად იმისა, რომ ფუეგო და აკატენანგო ფიზიკურად არ ებმის აგუას, სამივე მათგანი ცენტრალური ამერიკის ვულკანური სარტყლის ნაწილია, რომელიც 1300 კილომეტრზეა გადაჭიმული პანამიდან მექსიკამდე. ფუეგოს დასანახად აკატენანგოზე ასვლა დიდ ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა ეს არ უშლის მას ხელს, რომ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სალაშქრო ადგილი იყოს ცენტრალურ ამერიკაში. ის, ვინც გიდთან ერთად ღამესაც იქ გაატარებს, სრულიად დამსახურებული ჭიქა ღვინითაც დაჯილდოვდება და ვარსკვლავებითა თუ ლავით აელვარებულ ცას დაინახავს.