ლეონარდოს მარადიული ბრწყინვალება
ლეონარდო და ვინჩის გამაოგნებელი შემოქმედებითი ნიჭი და შორსმჭვრეტელობა მეცნიერებაში, ხელოვნებასა და ინჟინერიაში მისი გარდაცვალებიდან 500 წლის შემდეგაც გვაოცებს.


ლეონარდოს მარადიული ბრწყინვალება
ლეონარდო და ვინჩის გამაოგნებელი შემოქმედებითი ნიჭი და შორსმჭვრეტელობა მეცნიერებაში, ხელოვნებასა და ინჟინერიაში მისი გარდაცვალებიდან 500 წლის შემდეგაც გვაოცებს.
მის გენიაზე მისი ხელნაწერები და ჩანახატები მეტყველებენ. მისი გონების უხვი ნაყოფი ცოცხლობს შვიდიათასივე ფურცელზე, რომელიც დაცულია უინძორის სასახლეში, პარიზის, ლონდონის, მადრიდის, ტურინისა და მილანის ბიბლიოთეკებსა და ასევე ბილ გეიტსის პირად კოლექციაში.
წელს აღინიშნება ლეონარდოს გარდაცვალების 500 წლისთავი და ხელოვნის წიგნაკების ერთგვარი რენესანსი დადგა. მუზეუმებში გამოიფინება მისი ჩანახატები, მეცნიერები ახალ კვლევებს აქვეყნებენ და მისი ქმნილებების სრულ სპექტრს კიდევ უფრო უღრმავდებიან.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ლეონარდოს წიგნაკების ფურცლები იმ დარგის ექსპერტების ხელშიც ხვდება, რომელთაც ლეონარდო თავად სწავლობდა – მედიცინიდან მუსიკამდე. წარსულში ჩხრეკით, ექსპერტები დღესაც პოულობენ მათთვის სასარგებლო ინფორმაციას; ლეონარდოს წიგნაკები ნათელს ხდის, ჯერ კიდევ რამდენი რამ არ ვიცით.
ლეონარდოს მკვლევრის, ხელოვნებათმცოდნე მარტინ კემპის სიტყვებით, „მის არც ერთ წინამორბედს ან თანამედროვეს არ შეუქმნია რამე მისი შესადარი – არც დიაპაზონით, არც ბრწყინვალებით, არც ვიზუალური სიმძაფრით. მომდევნო საუკუნეებშიც არავინ შეგვხვედრია მისი მსგავსი“.
ლეონარდო 1452 წლის 15 აპრილს დაიბადა მთისპირა დაბა ვინჩისთან ახლოს ტოსკანის პერიფერიაში. როგორც ბევრი ამბობს, მისი დედა, კატერინა დი მეო ლიპი, ადგილობრივი გლეხი იყო, მამა, სერ პიერო და ვინჩი – პატივცემული ნოტარიუსი; იმავე პროფესიულ გზას უწინასწარმეტყველებდნენ ლეონარდოსაც, უკანონო შვილი რომ არ ყოფილიყო.

ლეონარდო მრავალ თემაზე აპირებდა ტრაქტატების დაწერას, მათ შორის გეოლოგიასა და ანატომიაზე, საბოლოოდ კი მისი ჩანახატები და ხელნაწერები მისი ერთგული მეგობრის,მელცის დასახარისხებელი გახდა. ლეონარდოს გარდაცვალებიდან მომდევნო ათწლეულებში მისი დედნების ორი მესამედი თუ სამი მეოთხედი დაიკარგა. XVIII საუკუნეშიღა მოხერხდა გადარჩენილი გვერდების გამოქვეყნება – მისი გარდაცვალებიდან 200 წელზე მეტი იყო გასული. ამიტომაა, რომ „ლეონარდოს სამეცნიერო მემკვიდრეობაზე ძალიან ცოტა რამ ვიცით“, – ამბობს ლაურენცა.
ლეონარდოს გამოკვლევები, პოსტულატები და აღმოჩენები ერგოთ მათ, ვინც მის მერე ცხოვრობდა. მას საუკუნეების შემდეგაც ვერ დავეწიეთ.
სრული ვერსია წაიკითხეთ მაისის ნომერში.
კლაუდია კალბი გენიალურ მეცნიერებსა და შემოქმედებზე წერს. ეს მისი მესამე თანამშრომლობაა ფლორენციაში მცხოვრებ ფოტოგრაფებთან – პაოლო ვუდსსა და გაბრიელე გალიმბერტისთან. მათი ვრცელი სტატია პიკასოს შესახებ 2018 წლის მაისის გამოცემაში დაიბეჭდა.