
ლუდის არომატი
ალკოჰოლი ლუდში არომატული შენაერთის გამხსნელის როლს ასრულებს
მომხმარებლები ჩივიან, რომ უალკოჰოლო ლუდს არაფრის გემო აქვს. ალკოჰოლი ლუდში არომატული შენაერთის გამხსნელის როლს ასრულებს. ამიტომ, როდესაც ლუდს ალკოჰოლს აცლიან, საბოლოო პროდუქტი, ალკოჰოლთან ერთად, კარგავს არომატსა და გემოს. ამ მინარევების აღდგენა რთულია. მაგრამ ვალიადოლიდის უნივერსიტეტის (ესპანეთი) მკვლევრებმა ე.წ. პერვაპორაციის მეთოდით დაძლიეს პრობლემა. „სითხის ნახევრად გამტარი მემბრანის დახმარებით, ალკოჰოლური ლუდიდან ორი ქიმიური მასა გამოვყავით: თხევადი, რომელშიც ალკოჰოლი შენარჩუნებულია, და აირადი, მადისაღმძვრელი სურნელით. აირის კონდენსირების შემდეგ უკვე ადვილია მისგან არომატული ნაერთის „გამოწურვა“ და უალკოჰოლო ლუდში გარევა“, – ამბობს ამ ტექნოლოგიის ავტორი, კარლოს ა. ბლანკო.
ახალი პროდუქტი და ჩვეულებრივი ალკოჰოლური ლუდი გემოს შეფასებისთვის ექსპერტთა პანელს მიართვეს. საკვირველია, რომ დეგუსტატორთა 90%-მა უალკოჰოლო „გამდიდრებული“ ლუდის გემოს მიანიჭა უპირატესობა, რაც, მკვლევრების აზრით, წარმოების ეფექტურობის მყარი გარანტი უნდა იყოს.