
ლუსის ძიებაში | დონალდ კარლ ჯოჰანსონი
ჩემი სტუდენტები ხშირად მეკითხებიან, დარჩა თუ არა ადგილი, სადაც კიდევ შეიძლება რაიმეს აღმოჩენა. მე კი სულ ვპასუხობ, რომ მათ ყოველთვის უნდა ჰქონდეთ გახსნილი გონება, იყვნენ ენერგიით აღსავსე და ეძებონ ახალი ადგილები
დონალდ კარლ ჯოჰანსონი (Prof. Donald Carl Johanson) ცნობილი ამერიკელი პალეოანთროპოლოგია, რომლისთვისაც ყველაზე წარმატებული 1974 წლის ექსპედიცია აღმოჩნდა. ტომ გრეისთან ერთად მან ჰადარში (ეთიოპია) აღმოაჩინა ლუსის სახელით ცნობილი 3,2 მილიონი წლის წინანდელი Australopithecus afarensis-ის თითქმის მთლიანი ჩონჩხი, რომელიც თანამედროვე ადამიანის ყველაზე ადრეულ წინაპრადაა მიჩნეული. „ლუსი“ – ასე უწოდა დონ ჯოჰანსონმა თავის სამეცნიეროპოპულარულ წიგნს, რომელიც არაერთი ახალგაზრდისთვის აღმოჩნდა პროფესიის განმსაზღვრელი.
ბატონო ჯოჰანსონ, რას გვეტყვით თქვენი ბესტსელერის შესახებ, რომელმაც მეცნიე-რებით დაინტერესებული ბევრი ახალგაზრდის ცხოვრებას მისცა მიმართულება?
რა თქმა უნდა, ძალიან მიხარია, რომ ჩემი წიგნი „ლუსი“, რომელიც მრავალი წლის წინ, 1981 წელს გამოიცა, ახალგაზრდა თაობის ინსპირაციის წყაროდ იქცა, რომ დღეს ისინი ჩემს კვალს მიჰყვებიან და ისეთივე მონუსხულნი არიან პალეოანთროპოლოგიით, როგორც მე. მეც, ერთ ამერიკელ ბიჭუნას, ძალიან გამიმართლა პატარაობისას, როდესაც მეზობლად მცხოვრებმა პროფესორმა ტომას ჰენრი ჰაქსლის 1800-იან წლებში გამოქვეყნებული წიგნი მომცა. ჰაქსლი დარვინის ახლო მეგობარი იყო და ისინი ხშირად საუბრობდნენ ევოლუციის შესახებ და იმაზეც მსჯელობდნენ, ადამიანებმაც განიცადეს თუ არა ევოლუცია. სწორედ ამ საუბრებისას აღმოაჩინეს დიდი მსგავსება აფრიკულ პრიმატებსა და ადამიანებს შორის. ამან კი განაპირობა მათი დასკვნა, რომ უადრეს, ყველაზე ძველ ადამიანს სწორედ აფრიკაში უნდა ეცხოვრა.
რამხელამ წაიკითხეთ ეს წიგნი?
მაშინ 13 წლის ვიყავი და ჩემში უძველესი ადამიანის შესახებ მეტის გაგების სურვილმა იფეთქა, მომინდა ძიების მონაწილე გავმხდარიყავი, მეპოვა ჩვენი წინაპრები და მათი მეშვეობით გამეგო ადამიანის წარმომავლობის შესახებ. იმის გააზრება, რომ ჩვენ და აფრიკელ პრიმატებს საერთო წინაპარი შეიძლებოდა გვყოლოდა, თავბრუს მახვევდა.
როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა თქვენი წარმატება?
აფრიკასა თუ აზიაში ბევრი ანთროპოლოგი წასულა დიდი აღმოჩენის იმედით. ისეთი მნიშვნელობის აღმოჩენები, როგორიც ლუსია, ძალიან იშვიათია. მე ვერც კი ვიოცნებებდი, რომ ასეთ მნიშვნელოვან რამეს ვიპოვიდი. მინდოდა, ვყოფილიყავი კვლევის თანამონაწილე, რა თქმა უნდა, აღმოჩენაც მინდოდა, მაგრამ პირველი სამი წლის განმავლობაში აფრიკაში საერთოდ არაფერი მიპოვია – არაფერი. ასე რომ, საკმაო დრო დამჭირდა ადაპტაციისთვის და როდესაც 1974-ში ლუსი ვიპოვე, ჩემთვის საოცარი მომენტი დადგა, მომენტი, რომელშიც რეალურად გადაწყდა ჩემი როგორც ანთროპოლოგის სამომავლო კარიერა. იმ ერთმა წამმა სრულიად შეცვალა ჩემი ცხოვრება.
შეგიძლიათ გაიხსენოთ თქვენი ემოცია, როდესაც გააცნობიერეთ, რომ ადამიანის წინაპრის ძვალი გეჭირათ ხელში?
როგორც კი გავიაზრე, რომ ძვალი ადამიანის წინაპრის იყო, ფართოდ გამეღიმა. იმდენად დიდი ემოციური ტალღა მომაწვა, რომ თავიდან ვერც კი შევნიშნე ჩონჩხის სხვა ნაწილები… და როდესაც გორაკს თვალი ავაყოლე და ეს ნაწილები დავინახე, გავიფიქრე, რომ ისინი ერთ ინდივიდს ეკუთვნოდა. იმ წუთში წარმოდგენა არ მქონდა, ვინ იყო ეს ერთი ინდივიდი და რამდენად მნიშვნელოვანი იქნებოდა პალეოანთროპოლოგიური მეცნიერებისთვის. იმ საღამოს კი, როდესაც მას ლუსი დავარქვით, „ბითლზის“ ცნობილი სიმღერის „Lucy in the Sky With Dimonds“ შთაგონებით, ვერაფრით წარმოვიდგენდით, ასეთი პოპულარული თუ გახდებოდა მთელ მსოფლიოში… რომ არა მხოლოდ მეცნიერები გაიგებდნენ მის შესახებ, არამედ ყველა, მაგალითად ის, ვინც უბრალოდ გაზეთებს კითხულობს. ეს ახალი სახეობა იყო, რომელსაც Australopithecus afarensis ეწოდა.
ახსენეთ, რომ სამი წლის განმავლობაში არაფერი გიპოვიათ. რა იყო ის, რის გამოც არ დანებდით და ძიება განაგრძეთ. რას ურჩევდით ახალგაზრდებს?
ჩემი აზრით, თითოეული ადამიანისთვის უმნიშვნელოვანესია ცნობისმოყვარეობა და სამყაროს შეცნობის სურვილი; იმის გაგების სურვილი, თუ როგორ მოვედით აქამდე, როგორ ვითარდება გარემო, განსაკუთრებით ბუნებრივი გარემო, მე ძალიან გამიმართლა, რადგან მაშინ გამიჩნდა მისწრაფება, რომელიც ყველაფერზე მნიშვნელოვანი იყო, როდესაც ჯერ კიდევ პატარა ბიჭი ვიყავი. არასოდეს მქონია ბიზნესმენობის, წარმატების ან ფულის შოვნის სურვილი. მინდოდა ის მეკეთებინა, რაც აღფრთოვანებას იწვევდა ჩემში, რაც მიჩენდა განცდას, რომ ის, რასაც გავაკეთებდი, შეცვლიდა და გაამდიდრებდა სამყაროს შესახებ ცოდნას. თავდადება და ენთუზიაზმი, რომელიც სულ პატარამ ვიგრძენი, მთელი ცხოვრება გამყვა. ვფიქრობ, თუკი გინდა ნამდვილად იყო წარმატებული, უნდა იყო ცნობისმოყვარე, აღსავსე ენთუზიაზმით, და თავდადებული შენი საქმისთვის და, რაც ყველაზე მთავარია, უნდა გქონდეს ცოდნა… განათლება უმნიშვნელოვანესია.
იღბლის რამდენად გჯერათ?
ჩემზე უთქვამთ, რომ მე შემთხვევით გავაკეთე ეს აღმოჩენა, რომ „გადავაწყდი“ ნაშთებს. რა თქმა უნდა, ეს ასე არ იყო. მე წლები ვსწავლობდი უნივერსიტეტში, ენთუზიაზმითა და ცნობისმოყვარეობით ვიყავი აღსავსე… იმ ადგილას ჩემამდეც ძალიან ბევრი იყო და ჩემ შემდეგაც… თუმცა, მე კიდევ მოთმინებაც მქონდა. იქაურობას მანამდეც იკვლევდნენ მეცნიერები, რომელთაც ჩემნაირი განათლებაც ჰქონდათ და არც ცნობისმოყვარეობა და ენთუზიაზმი აკლდათ… მაგრამ, მოთმინება არ ეყოთ, ემუშავათ თავდაუზოგავად, ყოველდღე გასულიყვნენ ველზე და თუნდაც ვერაფერი ეპოვათ. ასე რომ, მხოლოდ იღბალს ვერ დავაბრალებთ წარმატებას. ალბათ, ყველა იმ ელემენტის ერთობლიობას მოაქვს წარმატება, რაზეც ვისაუბრეთ. ჩემთვის კი ლუსი უდიდესი ჯილდო იყო, რომელიც ამ ყველაფრისთვის 1974-ში მივიღე.
რამ გადაგაწყვეტინათ, რომ დაგეწერათ წიგნი, რომელიც არა მხოლოდ სამეცნიერო წრეებისთვის იქნებოდა განკუთვნილი?
როდესაც ლუსის შესახებ პრესაში დაიბეჭდა, უამრავი კითხვა გაჩნდა – იცოდით, რამდენი წლის იყო, როდესაც გარდაიცვალა? რამდენი წლის წინ ცხოვრობდა? უკვე ზრდასრული იყო? შვილები ჰყავდა? ხალხს საკუთარი წინაპრების შესახებ მეტის გაგების უზარმაზარი სურვილი აქვს. ერთ-ერთი პირველი კითხვა, რომელსაც ბავშვი სვამს, არის: „საიდან გავჩნდი?“ ჰოდა, მე ვფიქრობ, რომ პალეოანთროპოლოგია სამეცნიერო ძიებაა, სამეცნიერო გზაა, მცდელობა იმისა, რომ გამოვარკვიოთ ჩვენი წარმომავლობა. სწორედ საზოგადოების ინტერესმა დამაფიქრა – დიახ, მე შემეძლო სამეცნიერო სტატიების წერა, რომელთაც მხოლოდ ჩემი კოლეგები წაიკითხავდნენ და, რომლებიც სავსეა ტერმინოლოგიითა და ტექნიკური აღწერილობით, მაგრამ საზოგადოებას მართლაც აინტერესებდა ეს თემა და ვიფიქრე, რომ ნამდვილად მნიშვნელოვანი იყო სამეცნიერო ენის ყველასთვის გასაგებ ენაზე „თარგმნა“. მე არ ვარ ასტროფიზიკოსი, მაგრამ ძალიან მაინტერესებს, როგორ გაჩნდა სამყარო, ამიტომ ყოველთვის მიხარია, როდესაც ამ დარგის მეცნიერი ჩემთვის გასაგებ ენაზე დაწერს წიგნს, რომელიც საშუალებას მომცემს, მაგალითად, კოსმოლოგიის დეტალებში გავერკვე.
დმანისის შესახებ რას იტყოდით?
1990-იანი წლების დასაწყისში, როდესაც პირველად გავიგე საქართველოში ამ დაუჯერებელი აღმოჩენის შესახებ, მახსოვს, აღფრთოვანება დამეუფლა. დმანისის ასაკის განსაზღვრამ 2 მილიონი – 1,8 მილიონი წლით სრულიად შეცვალა ჩვენი წარმოდგენები იმაზე, თუ როდის დატოვეს აფრიკა ჩვენმა წინაპრებმა. გავიგეთ, რომ ეს ბევრად უფრო ადრე მოხდა, ვიდრე ვფიქრობდით. მაშინ, მათ არ იცოდნენ ცეცხლის დანთება, პატარა ტვინი ჰქონდათ და მაინც, პიონერები იყვნენ; გაიფართოვეს თვალსაწიერი აფრიკის მიღმა. თანაც, ძეგლზე მას შემდეგ კიდევ ბევრი აღმოჩენა გაკეთდა და ფანტასტიკური კოლექცია შეიქმნა – განამარხებული ნიმუშები არაჩვეულებრივადაა შენახული და მათი კვლევა ახლაც მიმდინარეობს. არსებობს მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ძეგლები, მაგალითად, ესპანეთში, მაგრამ არა ასეთი ძველი. როდესაც საქმე აფრიკიდან წამოსვლას ეხება, ჯერჯერობით, დმანისი ამ ასაკის ერთადერთი და უნიკალური ძეგლია. ეს აღმოჩენები გვეხმარება აღვადგინოთ პირველი ადამიანების პირველი სამოგზაურო თავგადასავალი.
თქვენი აზრით, როგორი იქნება პალეოანთროპოლოგიის მომავალი, საით მიდის ეს მეცნიერება?
ჩემი სტუდენტები ხშირად მეკითხებიან, დარჩა თუ არა ადგილი, სადაც კიდევ შეიძლება რაიმეს აღმოჩენა. მე კი სულ ვპასუხობ, რომ მათ ყოველთვის უნდა ჰქონდეთ გახსნილი გონება, იყვნენ ენერგიით აღსავსე და ეძებონ ახალი ადგილები. ვინ იფიქრებდა, რომ ასეთი ძეგლი აღმოჩნდებოდა, მაგალითად, დმანისში? – არავინ. იქნებ, წინ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩენები გველის საქართველოში ან თუნდაც მთელ კავკასიის რეგიონში, მაგრამ ჩვენ მათ ვერ გავაკეთებთ, თუკი ოფისებსა და ლაბორატორიებში დავრჩებით და არ გავალთ ველზე. ძიებაში ვპოულობთ ნამდვილ პასუხებს და ჩემს სტუდენტებს სულ ვუბიძგებ, რომ გარკვეული დრო ექსპედიციებში გაატარონ – ახალი ადგილების ძიებაზე იფიქრონ.
გენატრებათ ველი?
დიახ, ძალიან. ეს არაჩვეულებრივი წლები იყო – როდესაც შორს ხარ იმისგან, რასაც ჩვენ ცივილიზაციას ვეძახით. ჩემი აზრით, ველზე მუშაობა ბევრად უფრო ცივილიზებული საქმეა, თუმცა, უდაბნოში, ეთიოპიაში ყოფნა, სადაც წელიწადში 2-3 თვეს ვატარებდი, ტენტის ქვეშ ცხოვრება და შეგრძნება, რომ ნამდვილად ბუნების ნაწილი ვარ, ყოველთვის უდიდეს კმაყოფილებას მანიჭებდა. აღმოჩენისას განცდილი გრძნობა და გუნდური მუშაობაც არაჩვეულებრივია.
ამჟამად რა არის თქვენი ძირითადი საქმიანობა?
ვასწავლი, ძირითადად ელექტრონულად, ჩემი კურსი ადამიანის წარმოშობას ეხება. დაახლოებით, 10 000 მსმენელი მყავს ყოველწლიურად. ასევე, არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანის წარმოშობის ინსტიტუტში ვმუშაობ, ვაგრძელებ სამეცნიერო სტატიებზე მუშაობას და ვიწყებ ავტობიოგრაფიული წიგნის წერას.