მაცოცხლებელი ზღვა ქვეყნის დასალიერში
პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე გადაკარგული ადგილი ცოცხალი ბუნების სიუხვითაც გამოირჩევა. არგენტინამ გადაწყვიტა, ის ამ სახით შეინარჩუნოს


მაცოცხლებელი ზღვა ქვეყნის დასალიერში
პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე გადაკარგული ადგილი ცოცხალი ბუნების სიუხვითაც გამოირჩევა. არგენტინამ გადაწყვიტა, ის ამ სახით შეინარჩუნოს
არგენტინაში, ტიერა-დელ-ფუეგოს თითქმის სულ ბოლოში მდებარე თეტისის ყურე ამერიკის კონტინენტის უკიდურესი სამხრეთია.
აქ ადამიანის ფეხი იშვიათობაა. 2018 წლის თებერვლის ერთ სუსხიან დღეს ჩვენი გემიდან Hanse Explorer გასაბერი ნავით გამოვეშურეთ და კელპის (ლამინარიასნაირთა რიგის წაბლა წყალმცენარეები) სქელი საფარისა და მიქცევის დროს გაშიშვლებული ქვიშიანი თავთხელისთვის თავის არიდებით გავიკვლიეთ გზა თეტისის სანაპიროსკენ.
National Geographic-ის პროექტის Pristine Seas-ის ექსპედიციას ვხელმძღვანელობდი, ცეცხლოვანი მიწის არქიპელაგის (ტიერა-დელ-ფუეგო) რეგიონულ ადმინისტრაციასა და პატაგონიის ზღვის კონსერვაციის ფორუმთან თანამშრომლობით. თან მახლდა ძველი მეგობარი და თანამშრომელი კლაუდიო კამპანია, რომელიც 2004 წელს ამ ფორუმის თანადამაარსებელი იყო და ცხოვრება არგენტინის ზღვის ძუძუმწოვრების შესწავლასა და დაცვას მიუძღვნა. მიზნად სამეცნიერო ინფორმაციის მოპოვება და ისეთი ფილმის გადაღება გვქონდა, რომელიც არგენტინის წყლებში ახალი დაცული საზღვაო ნაკრძალის შექმნას დაუდებდა საფუძველს.

მსგავსი ნაკრძალების – საზღვაო ეროვნული პარკების – შექმნა ჩემს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს. სწორედ ჩვენი Pristine Seas-ის გუნდისა და ადგილობრივი მოკავშირეების მხარდაჭერის დამსახურებითაა, რომ უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში ოკეანის ზედაპირის ხუთ მილიონ კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია შესაბამისი მთავრობის მიერ ოფიციალურადაა დაცული თევზჭერისა და სხვა საფრთხეებისაგან.
ტიერა-დელ-ფუეგოს წვერზე ექსპედიცია ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო – არა მხოლოდ შესაძლო მიღწევების გამო, არამედ ამ ადგილთან პირადი კავშირიდან გამომდინარეც. ჩემს მეგობარს და სამეცნიერო ხელმძღვანელ პოლ დეიტონს აქ დიდი აღმოჩენების მომტანი კვლევები ჯერ კიდევ 1973 წელს ჩაუტარებია.

პოლი და მისი მეგობრები თეტისის ყურისა და მის აღმოსავლეთით მდებარე ისლა-დე-ლოს-ესტადოსის ტერიტორიებს პოლარული ქარების, სეტყვისა და თოვლის მიუხედავად, ყვინთვით იკვლევდნენ. მათ გიგანტური კელპი და მის ტყეებში მცხოვრები უხერხემლოები გაზომეს და დაითვალეს. ეს წყალქვეშა ჰაბიტატები არავის შეუსწავლია და ჩვენი მისიის ერთ-ერთი მიზანი პოლის აღწერების განახლებაც იყო. ჩვენი ოკეანეების სხვა ნაწილებში ჩემი თვალით მინახავს დრამატული ცვლილებები, რომელთაც უკონტროლო თევზჭერა და კლიმატის ცვლილება იწვევს – საინტერესო იყო, თუ რა დაგვხვდებოდა ამ წყლებში პოლის ვიზიტიდან 45 წლის შემდეგ…
ენრიკ სალა National Geographic-ის რეზიდენტი მკვლევარი და დამფუძნებელი დირექტორია პროექტისა Pristine Seas, რომლის წყალობითაც (სახელმწიფო ლიდერებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ მოსახლეებთან ერთად) ოკეანის ხუთ მილიონ კვადრატულ კილომეტრზე მეტია ამჟამად დაცული.
სრული ვერსია წაიკითხეთ ივლისის ნომერში.