მაღალი ტემპერატურა
National Geographic-ის ფოტოგრაფი ბრაიან სკერი 40 წელზე მეტია ყვინთავს მეინის ყურეში. როდესაც მან შეიტყო, რომ იქ წყალი უფრო სწრაფად თბება, ვიდრე მსოფლიო ოკეანის თითქმის ყველა სხვა ნაწილში, გადაწყვიტა ეს ტრანსფორმაცია და მისი ტალღური ეფექტი დოკუმენტურად აღებეჭდა.
მაღალი ტემპერატურა
National Geographic-ის ფოტოგრაფი ბრაიან სკერი 40 წელზე მეტია ყვინთავს მეინის ყურეში. როდესაც მან შეიტყო, რომ იქ წყალი უფრო სწრაფად თბება, ვიდრე მსოფლიო ოკეანის თითქმის ყველა სხვა ნაწილში, გადაწყვიტა ეს ტრანსფორმაცია და მისი ტალღური ეფექტი დოკუმენტურად აღებეჭდა.
მეინის ყურის სიმდიდრე. ზღვა ზღვაში, როგორც მას ხშირად უწოდებენ, 93 000 კვადრატულ კილომეტრზე გადაჭიმული წყლის მასაა ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე, კეიპ-კოდიდან (მასაჩუსეტსი, აშშ) ნიუ-ბრანსუიკამდე (კანადა) და მოიცავს ნიუ-ჰემფშირის, მეინისა და ახალი შოტლანდიის სანაპირო ზოლებს. მკვიდრმა ამერიკელებმა, რომლებიც რეგიონში 12 000 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობდნენ, ყურის ბუნებრივი რიტმები შეისწავლეს და მის მდიდარ წყლებს რაციონალურად იყენებდნენ. ევროპელებმა ამ მხარეში დასახლება XV საუკუნეში დაიწყეს და ჩაიწერეს გადმოცემები უსაზღვრო სიუხვეზე, მათ შორის, ვირთევზაზე [კეიპ-კოდის სახელიც აქედან მომდინარეობს], რომლის სიგრძე 1,5 მეტრს აღწევდა.
ჩემი აზრით, მეინის ყურე ჩამოყალიბდა იმ სრულყოფილი რეცეპტით, რომელიც ინგრედიენტებისა და ნაბიჯების მწყობრ თანმიმდევრობას საჭიროებდა. აქ ზღვაში ჩამდინარე მრავალი მდინარის დიდი წყალშემკრები აუზი და სხვადასხვა საკვებ ნივთიერებათა მომტანი დინებების უნიკალური ნაზავია, მათ შორის, წყლის ქვედა ფენების აღმავალი ნაკადი (აპველინგი) კონტინენტური შელფიდან, გოლფსტრიმიდან, ლაბრადორიდან და საათის ისრის საწინააღმდეგოდ მოძრავი სანაპირო დინებებიდან. მეინის ყურის ზომიერ სარტყელში მდებარეობის გამო, აქაც აქვს ადგილი სეზონურ სტრატიფიკაციას, რომელიც წყალს თბილ და გრილ ფენებად ყოფს. ისტორიულად ამან ცოცხალი ორგანიზმების უხვად გავრცელება განაპირობა, თუმცა ბევრი რამ შეიცვალა.
საუკუნეების განმავლობაში კომერციული თევზსაჭერი ფლოტილიების ზრდამ ოკეანის ბინადრების მკვეთრი შემცირება გამოიწვია. ატლანტური ვირთევზას ოდესღაც ამოუწურავი მარაგი 99%-ით გავანადგურეთ სულ რამდენიმე ასეულ წელიწადში. უკანასკნელი ოთხი ათწლეული ამ წყლების შესწავლაში გავატარე და გავხდი იმის მოწმე, თუ როგორ წარმოუდგენლად დაასუსტა და დაუცველი გახადა მოცემულმა ვარდნამ ეკოსისტემა.
მასაჩუსეტსში გავიზარდე, ოკეანიდან დაახლოებით 60 კილომეტრში, თუმცა ზაფხულობით მშობლებს სანაპიროზე დავყავდი. რაც თავი მახსოვს, ზღვა მიყვარს. ჩემი ოცნება იყო, ოკეანის მკვლევარი და ფოტოგრაფი გავმხდარიყავი და ყველაფერი გამეზიარებინა, რასაც ვხედავდი. 26 წლის განმავლობაში National Geographic-ისთვის ვიღებდი ფოტოებს და გამიმართლა, რომ შვიდივე კონტინენტზე ვიმუშავე, თითქმის ყველა საზღვაო ეკოსისტემაში, ეკვატორიდან პოლუსებამდე, თუმცა ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ოკეანე თითქოს დაწყევლილია, რადგან მისი ზედაპირი მალავს იმას, რაც მის ქვეშაა – იქ დაფარულია, როგორც დახვეწილი ბუნებრივი სილამაზე, ასევე განუწყვეტელი გაჩანაგება.
ესაა იმის მიზეზი, თუ რატომ არ მიმდინარეობს ჩემი სამუშაოს ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი წყალში. ყოველი ექსპედიციის წინ, პირველ რიგში, რაც შეიძლება ღრმად ვიძირები მკვლევართა სამყაროში, რომლებმაც თავიანთი ცხოვრება ზღვის ცხოველებისა და გარემოსთან მათი ურთიერთობის შესწავლას მიუძღვნეს. მხოლოდ ამის შემდეგ შემიძლია შევქმნა სწორი ვიზუალური კონტექსტი – ცელნამგალა ვეშაპების სურათები, რომლებიც კვების სხვადასხვა სტრატეგიას იყენებენ თუ გრენლანდიური სელაპის ხუთი დღის ნაშიერის ფოტოები, რომელიც თხელ ყინულში ვარდება და გვაუწყებს, რამდენად სასიკვდილო გახდა ჩვენი დამთბარი პლანეტა ზოგიერთი სახეობისთვის. ჩემი მიზანია, დავეხმარო ადამიანებს იმის გაგებაში, თუ რა ხდება ჩვენს სამყაროში.

ამ წყლების უფრო ხშირად გამოსაკვლევად წლების წინ მეინის სანაპიროზე გადავედი საცხოვრებლად. ამ დროს მოსალოდნელი საფრთხის ნიშნები შევამჩნიე. საზღვაო მეცნიერებით და ბუნების დაცვით დაკავებული ადამიანები განსაკუთრებით მას შემდეგ შეშფოთდნენ, რაც მეინის ყურის კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის, ენდრიუ პერშინგის (1) 2015 წლის ნაშრომი წაიკითხეს. რამდენიმე წელიწადში ადგილობრივი მოსახლეობისთვის ფართოდ ცნობილი გახდა, რომ მეინის ყურე მსოფლიო ოკეანის 99%-ზე სწრაფად თბება.
ვიგრძენი, რომ საჭირო იყო სააშკარაოზე გამომეტანა ჩემი მშობლიური წყლების საოცრებები და ყურადღება გამემახვილებინა იქ შემორჩენილ ულამაზეს წყლის ბინადრებზე და, ამავდროულად, კლიმატის ცვლილების შედეგებიც გამეშუქებინა. იმისთვის, რომ ყველაფერი სწორად გამეკეთებინა, დავრწმუნებულიყავი, რომ ჩემი გადაღებული ფოტოები ასახავდა ამ ცვლილებებს და მათ უზარმაზარ გავლენას რეგიონზე, უამრავ მეცნიერს და ექსპერტს დავუკავშირდი, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში შეისწავლიდნენ ყურეს.
ჩემი თავდაპირველი გეგმა იყო იმ ყველაზე შთამბეჭდავი ადგილების მონახულება, სადაც უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში ჩამიყვინთავს, როგორიცაა, მაგალითად, ისტპორტი. ის დამამახსოვრდა, როგორც თევზებისა და უხერხემლოების კალეიდოსკოპი, თუმცა ახლა ის ქალაქ-მოჩვენებას ჰგავდა. უხვი სიცოცხლე, რომელიც ადრე მინახავს, გაქრა. იქ, სადაც ოდესღაც ეგზოტიკური არსებები ბინადრობდნენ, ახლა მხოლოდ ტალახი იყო, წყლის ტემპერატურა კი საგრძნობლად გაიზარდა.

ელემენტთა უნიკალური ნაზავი, რომელმაც მეინის ყურე ნაყოფიერ ოაზისად აქცია, არის მიზეზი იმისა, რომ იქაურობა ახლა თითქმის ყველაზე სწრაფად თბება. ეს წყლები იმის მაუწყებელიც გახლავთ, თუ რა შეიძლება დაემართოს სამყაროს დანარჩენ ნაწილს. ოკეანოგრაფი და ახალი ინგლისის უნივერსიტეტის საზღვაო და გარემოსდაცვითი პროგრამების დირექტორი, ჩარლზ ტილბურგი (2) დაახლოებით 15 წელი აკვირდებოდა, თუ როგორ სუსტდება ლაბრადორის ცივი დინება, რის გამოც ყურეს ნაკლები ცივი წყალი მიეწოდება, ხოლო უფრო თბილი გოლფსტრიმი ოდნავ ჩრდილოეთისკენ იხრება და რეგიონში თბილ წყალს ამატებს.
თუმცა ჭარბი თევზჭერისა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ზეწოლის მიუხედავად, არის ზოგიერთი სახეობა, რომლებმაც ამით ისარგებლეს, თუნდაც დროებით.
ადგილობრივი მოსახლეობისთვის ფართოდ ცნობილი გახდა, რომ მეინის ყურე მსოფლიო ოკეანის 99%-ზე სწრაფად თბება.
ჯერჯერობით მეინის ყურეში ტემპერატურა შესაფერისი რჩებოდა ამერიკული ომარების გამრავლებისთვის. როგორც ჩანს, ომარების მოპოვების ინდუსტრია ყვავის, თუმცა მეცნიერებმა რამდენიმე შემაშფოთებელი ცვლილება გამოავლინეს. როდესაც სანაპიროსთან ტემპერატურა 23°C-ზე მაღლა იწევს, მდედრი ომარები სანაპიროსგან მოშორებით რჩებიან, სადაც მათი შთამომავლობა შესაძლოა ვერ გადაიკვეთოს ისეთ დინებებთან, რომლებიც მათ საკვებით მდიდარ და გადარჩენისთვის უფრო ხელსაყრელ ჰაბიტატებში გადაიყვანენ. ომარის ლარვები ზოოპლანქტონით იკვებებიან. მათთვის საყვარელი ნადავლია Calanus-ის გვარის ორ- ან სამმილიმეტრიანი ნიჩაბფეხიანი, რომელიც ძირითადად ცხიმისგან შედგება, რაც მას გამოზამთრებაში ეხმარება. დევიდ ფილდსი (3), ოკეანოგრაფიის პროფესორი ბიგელოუს ოკეანოლოგიის ლაბორატორიიდან, მას „ნიჩაბფეხიანების ფრანგულ კარაქს“ უწოდებს.
წყლის დათბობის გამო ამ ნიჩაბფეხიანებს აღარ ესაჭიროებათ იმდენი ცხიმი და უფრო პატარები იზრდებიან, ეს კი იმას ნიშნავს, რომ პატარა ომარებს საკვები აკლდებათ. გარდა ამისა, თბილმა წყლებმა შეცვალა ამ ნიჩაბფეხიანის მიგრაციის პერიოდი და ის უკვე ვეღარ ემთხვევა ომარის ლარვების ღია ზღვაში გაშვებას. შედეგად, მიუხედავად იმისა, რომ მდედრი ომარები იმავე რაოდენობის ქვირითს ყრიან, როგორც ადრე, ნაკლები აღწევს ზრდასრულ ასაკამდე. 2023 წელს მეინში ომარების ჭერის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში, რაც ნიუ-იორკის, კონექტიკუტისა და როდ-აილენდის სანაპიროების სურათს ჰგავს.
ომარებისთვის კიდევ არის ცუდი ამბები. იგივე ნახშირბადის ემისია, რომელიც კლიმატის ცვლილების მთავარი მიზეზია, გავლენას ახდენს არა მხოლოდ ოკეანის ტემპერატურაზე, არამედ მის ქიმიურ შემადგენლობაზეც. წყალი უფრო მჟავდება. ფილდსის თქმით, ყველა ორგანიზმი, რომელსაც კალციუმის გარეგანი ჩონჩხი ან ქიტინოვანი გარსი აქვს, მარჯნის რიფებიდან ნიჩაბფეხიანებამდე, შეიძლება ამ მჟავიანობის შედეგად დაზიანდეს. ამან შესაძლოა 10 ან 20 წელიწადში საფრთხე შეუქმნას ახალგაზრდა ომარების მყიფე გარეგან ჩონჩხს.
სხვა საგანგაშო ტენდენციებიც გამოიკვეთა. საზღვაო ბიოლოგმა და ნიუ-ჰემფშირის უნივერსიტეტის დამსახურებულმა პროფესორმა, უინ უოტსონმა (4), შეისწავლა pH-ის ცვლილება, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ომარების ყნოსვას: შედეგად, ომარებს შეიძლება გაუჭირდეთ საკვების მოძიება, მტაცებლების აღმოჩენა ან ერთმანეთის ფერომონების შეგრძნება შეჯვარების სეზონზე, რაც ისედაც უკვე რთულდება, რადგან მდედრი ომარები ცივ ტემპერატურას არჩევენ, ხოლო მამრები შედარებით უფრო თბილ წყლებშიც მშვენივრად გრძნობენ თავს და, ამგვარად, პოტენციური წყვილები ერთმანეთს შორდებიან.

დედამიწა წყლის პლანეტაა და რაც წყალქვეშ ხდება, იმას აშკარად ხმელეთზეც აქვს გავლენა. მაგალითად, მეინის ყურეში თევზის პოპულაციებთან დაკავშირებული ცვლილებები პირდაპირ ზემოქმედებს ზღვის ფრინველებზე. მეთოვლიები ოკეანეში მზის სხივების ამრეკლავ ვერცხლისფერ თევზებს ხედავენ და ბარტყებისთვის მიაქვთ. როდესაც მშობლები ჩვეულ ნადავლზე ნადირობენ, როგორიცაა ხეკი ან ქაშაყი, ბარტყებს იოლად შეუძლიათ ამ თხელი, ვერცხლისფერი თევზის გადაყლაპვა, თუმცა, წყლის დათბობასთან ერთად, მეთოვლიებს ნადავლის არჩევა ვერცხლისფერი თევზის უფრო დიდი ასორტიმენტიდან შეუძლიათ, როგორიცაა შედარებით განიერი, სხივფარფლიანი თევზი Peprilus triacanthus, რომელმაც ჩრდილოეთისკენ შუა ატლანტის ოკეანიდან გადაინაცვლა.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ზრდასრული ფრინველი მაინც პოულობს შესაფერის ნადავლს, ბევრისთვის ვერცხლისფერი თევზი უბრალოდ ვერცხლისფერი თევზია. ელიზაბეთ კრეიგმა (5), ზღვის ფრინველების კვლევის დირექტორმა შოლსის საზღვაო ლაბორატორიიდან, აღმოაჩინა, რომ ბარტყები ვერ ყლაპავენ Peprilus triacanthus-ს. ისინი ვერ იღებენ საკმარის საკვებს, ბევრი მცირე ზომის რჩება და ან იღუპება ბუდის დატოვებამდე, ან ძალიან სუსტია მიგრაციისთვის.
ეს არის იმის აშკარა დადასტურება, რაც უკვე ვიცით: ოკეანის ეკოსისტემები დეგრადაციას განიცდის. მე ვხედავ დრამატულ ეკოლოგიურ ცვლილებებს, რომელთაც მილიონობით წელი უნდა დასჭირვებოდათ აქამდე მოსასვლელად, თუმცა მათ ჩემივე ცხოვრებაში მოვესწარი. გვხვდება წარმატებული ამბებიც. უამრავი მტკიცებულება აჩვენებს – როდესაც უწყვეტად ვიცავთ ოკეანის სივრცეებს, ვხსნით ბარიერებს და ვაძლევთ შანსს ზღვის სიცოცხლეს, ბუნება პოულობს თავის გზას: ის სიცოცხლისუნარიანია და შეუძლია განიკურნოს, მაგრამ მას ცოტა დახმარებაც სჭირდება.
პომოლობი ერთ-ერთი იმედისმომცემი მაგალითია მეინის ყურეში. თევზის ეს სახეობა ცილის მნიშვნელოვანი წყაროა მრავალი ცხოველისთვის, რადგან ის მტკნარ წყალსატევებში ქვირითობს, ოკეანეში მიგრირებს, შემდეგ კი უკან ბრუნდება. ოკეანესა და ესტუარებში, სადაც მდინარეები ზღვაში ჩაედინება, მათ სხვა თევზები და ფრინველები შეექცევიან, როგორებიც არიან არწივი, შაკი და ჩვამა. ტყის მდინარეებში მიგრირებისას ის შეიძლება ენოტის და მელას მსხვერპლიც გახდეს. ბოლოს, საქვირითე ადგილებთან მიღწევისას, უნდა მოერიდოს ისეთ მტაცებლებს, როგორიცაა დიდპირა ქორჭილა. ამ განსაცდელს გადარჩენილი ინდივიდები ოკეანეში ბრუნდებიან. რამდენიმე თვის შემდეგ მათ თავიანთი ლიფსიტებიც მიჰყვებიან.
პომოლობი პრაქტიკულად გაუჩინარდა ყურიდან, რადგან კაშხლები ხელს უშლიდა მის მიგრაციას. საკვანძო მდინარეებზე, როგორებიცაა პენობსკოტი და პრესუმფსკოტი, კაშხლების დემონტაჟმა – ძირითადად ჩრდილოეთის ორაგულის პოპულაციათა აღდგენის იმედით – გამოიწვია პომოლობის უძველესი სამიგრაციო მარშრუტის აღორძინება; ახლა იქ ყოველ გაზაფხულზე მილიონობით თევზი იყრის თავს.
ალბათ ყველაზე განსაკუთრებული ადგილი, რომელიც ამ რეგიონში გამოვიკვლიე, კაშეს-ლეჯია – უნიკალური წყალქვეშა მთის ქედი მეინის ყურის შუაგულში. ბრაუნის უნივერსიტეტის საზღვაო ეკოლოგი ჯონ უიტმენი (6) მას იმ დროის მანქანას უწოდებს, როდესაც ყურე ზღვის ცოცხალი ორგანიზმებით იყო სავსე.
იმ საოცრებებს შორის, რომლებიც ჯერ კიდევ გვხვდება მეინის ყურეში, რუხი სელაპებიც არიან. სელაპი ცნობისმოყვარედ შესცქერის ფოტოგრაფ ბრაიან სკერის შოლსის კუნძულებთან.
მეინის ყურეში ჩაყვინთვისას სკერი საოცარ არსებებს შეხვდა, მათ შორის ამ ბიოლუმინისცენციურ ბალნიან ციანეას
მეინის ყურეში ჩაყვინთვისას სკერი საოცარ არსებებს შეხვდა, მათ შორის შიშველლაყუჩა მოლუსკს, იმავე ზღვის ლოქორას
იმ საოცრებებს შორის, რომლებიც ჯერ კიდევ გვხვდება მეინის ყურეში, რუხი სელაპებიც არიან. სელაპი ცნობისმოყვარედ შესცქერის ფოტოგრაფ ბრაიან სკერის შოლსის კუნძულებთან.
მეინის ყურეში ჩაყვინთვისას სკერი საოცარ არსებებს შეხვდა, მათ შორის ამ ბიოლუმინისცენციურ ბალნიან ციანეას
მეინის ყურეში ჩაყვინთვისას სკერი საოცარ არსებებს შეხვდა, მათ შორის შიშველლაყუჩა მოლუსკს, იმავე ზღვის ლოქორას
როგორც უიტმენმა დააფიქსირა, კაშეს-ლეჯზე წარმოდგენილია ყველა ტიპის ჰაბიტატი, რომელიც კი ახალი ინგლისის სანაპიროსთან გვხვდება და იქაურ სახეობებს სხვაგან იშვიათად თუ მოკრავთ თვალს. წყალქვეშა კლდოვანი ქედების წყალობით, ტალღებს და დინებებს დიდი მოცულობით პლანქტონი მიაქვთ იმ არსებებამდე, რომლებიც მას შეექცევიან; უიტმენი ამბობს, რომ ეს სასურსათო ლიფტს ჰგავს.
მკვლევართა თქმით, იმისთვის, რომ კლიმატი სტაბილურობას ოდნავ მაინც მიუახლოვდეს, უნდა დავიცვათ ოკეანის საკვანძო ჰაბიტატების მინიმუმ 30%. დღეს მხოლოდ 8%-მდეა ფორმალურად დაცული. უიტმენისთვის, რომელიც 1970-იანი წლებიდან შეისწავლის კაშეს-ლეჯს, ამ ტერიტორიისთვის საზღვაო ნაკრძალის სტატუსის მინიჭება უფრო აქტუალურია, ვიდრე ოდესმე. მისი დაცვით შევძლებთ თევზის ჯანსაღი მარაგის უზრუნველყოფას მომავლისთვის. კაშეს-ლეჯზე თევზის ბიომასა 300-ჯერ მეტია, ვიდრე სანაპიროზე. ამასთან, ცხადია, რომ აქ მობინადრე ცხოველები მხოლოდ ერთი ადგილით არ შემოიფარგლებიან, არამედ მრავლდებიან და ვრცელდებიან.
კაშეს-ლეჯზე არის ასევე ყველაზე ვრცელი კელპის ტყე აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს წყალმცენარეები არა მხოლოდ კვებითი ჯაჭვის საფუძველია, არამედ გამორჩეული ეკოსისტემისაც. იქ ჩაყვინთვისას გამაოცა ამ უკიდეგანო ქარვისფერ-ჟოლოსფერმა ტყემ, რომელიც წყლის სიღრმეში ირხეოდა. ოკეანე ნახშირბადის ყველაზე დიდი შთამნთქმელი რეზერვუარია ჩვენს პლანეტაზე. ჩვენი ყოველი მეორე ჩასუნთქვა მისი ფიტოპლანქტონის წყალობაა.

მეცნიერები იკვლევენ ამ პროცესში კელპის როლს. მათ შორისაა დაგლას რაშერი (7) ბიგელოუს ოკეანოლოგიის ლაბორატორიიდან. მან თითქმის 10 წელი მიუძღვნა სანაპირო კელპის ტყეების შესწავლას მეინის უკიდურესი სამხრეთიდან მის ჩრდილოეთ საზღვრებამდე კანადასთან და მათი სტაბილური კლება დააფიქსირა.
ხუთწლიანი კვლევითი გრანტის განმავლობაში, რაშერის კვლევამ ასევე აჩვენა, თუ რამდენად სწრაფად იცვლება სიტუაცია გაუტყეურების მიმართულებით.
ერთ-ერთი გზა, რომლითაც მეთევზეები ცდილობენ ადგილობრივი სახეობების კლებით გამოწვეული ეკონომიკური ზიანის შემცირებას, არის ახალ და მდგრად მეთოდებზე გადასვლა. კოლინ ფრენკი კეიპ-კოდის ნახევარკუნძულზე გაიზარდა. ის შთაგონებული იყო თევზჭერის ბიზნესით დაკავებული ქალებით. მას შემდეგ, რაც ზურგის ტრავმამ ომარების ჭერის მისი ათწლიანი კარიერა დაასრულა, დააარსა საწარმო Summit Point Seafood და კელპის მოშენებას მიჰყო ხელი, რომლის საოპერაციო ხარჯები მიდიებისა ან ხამანწკებისაზე ნაკლებია. შემოდგომაზე ფრენკი ამ წყალმცენარის გრძელ ზოლებს რგავს, გაზაფხულზე კი მოსავალს ყიდის კომპანიებზე, რომლებიც ამზადებენ ვეგანურ ბურგერებს ან ამ სუპერსაკვებს ნუტრიენტებისა და მარილის წყაროდ იყენებენ წყალმცენარის არშემცველი ისეთი პროდუქტისთვის, როგორიცაა პური.
ოკეანის ეკოსისტემები დეგრადირდება. ჩემს სიცოცხლეშივე ვხედავ ისეთ რადიკალურ ეკოლოგიურ ცვლილებებს, რომლებსაც მილიონობით წელი უნდა დასჭირვებოდა.
კიდევ ერთი საწარმო, Bangs Island Mussels, საოჯახო ბიზნესი კასკოს უბეში, პორტლენდის სანაპიროზე, მიდიების მოშენებასთან ერთად, კელპსაც ზრდის. კომპანია იყენებს ინტეგრირებული მულტიტროფიკული აკვაკულტურის სახელით ცნობილ მეთოდს, რომელიც ამ ორ სახეობას ერთმანეთთან ჰარმონიული ზრდის საშუალებას აძლევს. ეს საწარმო ფლობს დიდ ტივებს, რომლებიც წყალში ვერტიკალურად უშვებს თოკებს და ერთგვარ სუბსტრატს ქმნის მიდიების გასაზრდელად; როდესაც ისინი მომწიფდებიან, პროდუქციას საბითუმო მოვაჭრეებსა და დისტრიბუტორებზე ყიდის. მის მიერ გამოყენებული მეთოდი ქმნის განახლებად რესურსს, რომელიც რეალურად სარგებლის მომტანი შეიძლება იყოს გარემოსთვის.

კომპანიის თანამფლობელი და აღმასრულებელი დირექტორი მეტ მორეტი წუხს, რომ, ოკეანის მჟავიანობის ზრდის გამო, მიდიებს გაუჭირდებათ საკმარისად დიდხანს გადარჩენა იმისთვის, რომ ნიჟარის ჩამოყალიბება მოასწრონ. ამიტომ კომპანია დახურულ სათავსოში მიდიების გამოზრდის ისეთ ტექნოლოგიას ავითარებს, რომელიც მათ ნიჟარის წარმოქმნამდე გადარჩენის მეტ შანსს მისცემს დაუცველ პერიოდში. მიდიები ტყვეობაში მანამდე იზრდებიან, სანამ მათი გარსი საკმარისად არ გასქელდება, რომ უფრო მჟავე ოკეანეს გაუძლონ.
მკვლევრების თქმით, კლიმატის ოდნავ მაინც დასასტაბილურებლად ოკეანის საკვანძო ჰაბიტატების მინიმუმ 30% უნდა დავიცვათ.
ამავდროულად, ზოგიერთი მეთევზე ამრავალფეროვნებს თავის საქმიანობას, ცდილობს შექმნას ახალი ბაზრები იმ სახეობებისთვის, რომლებსაც ტრადიციულად კომერციული მიზნებისთვის არ იყენებდნენ. ჩემი ორი მეზობელი, სემ სიუოლი და მაიკ მეისი, მწვანე კიბორჩხალას ბიზნესის წამოსაწყებად გაერთიანდა. ეს ინვაზიური სახეობა ძირითადად ესტუარებში ბინადრობს.
მწვანე კიბორჩხალები ორსაგდულიანი მოლუსკებით იკვებებიან, რომლებიც მეტად ფასობენ მეინის შტატში. ამ ბიზნესის არსია კიბორჩხალების მიერ მიყენებული ზიანის შემცირება და შემოსავლის კიდევ ერთი წყაროს შექმნა ექსპერიმენტების მოსურნე პარტნიორებისთვის. მეისი შეეცადა მკვლევრებთან გაერკვია, თუ როდის იცვლის ეს კიბორჩხალა გარეგან ჩონჩხს, რათა ის რბილგარსიანი და საკვებად ვარგისი იყოს – როგორც ვენეციაში, სადაც მსგავსი ტიპის კიბორჩხალა დელიკატესად იყიდება. მეისის თქმით, ამ კიბორჩხალას მოპოვება, სავარაუდოდ, მეთევზეებისთვის ყოველთვის მხოლოდ დამატებითი საქმიანობა იქნება, მაგრამ ორსაგდულიანი მოლუსკების ფასი ყველაზე დაბალი მაშინაა, როცა გაზაფხულის ბოლოს კიბორჩხალები გარეგან ჩონჩხს იცვლიან. ამიტომ მათი წარმოება შესაძლოა ეკონომიკურადაც მომგებიანი იყოს და მოლუსკების პოპულაციასაც აღდგენის შესაძლებლობა მისცეს.
გარეგანი ჩონჩხის ცვლის დაწყებისას მეისის და სიუოლს რბილგარსიანი კიბორჩხალები ბოსტონის და პორტსმუთის (ნიუ-ჰემფშირის შტატი) ზღვის პროდუქტების მაღალი კლასის რესტორნებში მიაქვთ, რომლებიც სოლიდურ ფასს იხდიან.
ასე რომ, შესაძლოა, მეინის ყურისთვის იმედი არსებობს. ამ წყლების კვლევის პროცესში ბევრი რამ მაწუხებს, რასაც ვხედავ; გამაფრთხილებელი ნიშნები სამეცნიერო მონაცემთა ტენდენციებს ირეკლავს. ხშირად ვფიქრობ იმაზე, თუ რა შეიძლება ენახათ მკვიდრ ტომებს – ვამპანოაგებს, აბენაკებს, პასამაკუოდებსა და მიკმაკებს – დიდი ხნის წინ და ვოცნებობ ვიმოგზაურო დროში, ასობით წლით უკან, რათა ამ სიცოცხლით სავსე წყლებში ჩავყვინთო.
მიუხედავად იმისა, რომ ამდენი დავკარგეთ საუკუნეების განმავლობაში, მაინც იმედი მაქვს, რომ წარსულის გამოცდილებითა და დღევანდელი მეცნიერული ცოდნით შეიარაღებულნი შევძლებთ დასუსტებული ეკოსისტემის აღდგენას.
(1) პერშინგის მოხსენებამ სათაურით „სწრაფი დათბობის ფონზე ნელი ადაპტაცია ვირთევზას მოპოვების კოლაფსს იწვევს მეინის ყურეში“ ბიძგი მისცა კვლევას ამ წყლების საგანგაშო სისწრაფით დათბობის შესახებ.
(2) მეინის ყურეში 60-ზე მეტი მდინარე ჩაედინება, რომლებიც ოკეანის საშუალო ტემპერატურაზე უფრო თბილია, განმარტავს ტილბურგი. ამავდროულად, რეგიონის შედარებით მარჩხი წყლები ატმოსფერულ სითბოსაც შთანთქავს.
(3) ფილდსმა დაადგინა, რომ ნიჩაბფეხიანების შემადგენლობის 73% ლიპიდებია. ეს ზოოპლანქტონი გადამწყვეტია არა მხოლოდ ომარების გადარჩენისთვის; ის უპირველესი საკვებია გადაშენების პირას მყოფი ჩრდილოური სადა ვეშაპისთვისაც.
(4) უოტსონმა ათობით სამეცნიერო ნაშრომი გამოაქვეყნა ომარების ბიოლოგიის შესახებ. მისი კვლევითი ჯგუფი წლების განმავლობაში აკვირდებოდა და შეისწავლიდა ომარების ოკეანის ფსკერზე გადაადგილებას და ერთმანეთთან კომუნიკაციას.
(5) კრეიგმა გამოაქვეყნა ნაშრომი, რომელშიც ნაჩვენებია, თუ როგორ მოქმედებს ოკეანეების დათბობის გამო სხივფარფლიანი თევზის (Peprilus triacanthus) მიგრაცია მეთოვლიების ბარტყების გადარჩენაზე: ბარტყებისთვის მიტანილი თევზის 80% შეუჭმელი რჩება.
(6) უიტმენი წამყვანი მეცნიერია, რომელიც ცდილობს კაშეს-ლეჯის პერმანენტულ კონსერვაციას, საკონსერვაციო სამართლის ფონდთან პარტნიორობით.
(7) რაშერმა დაადგინა, რომ ზღვის წყლის ტემპერატურის მატება იწვევს ინვაზიური წითელი „კორდის“ გამოჩენას, რომელიც ჰაბიტატებს ანაცვლებს კელპის შემცირების ფონზე.
სრული ვერსია იხილეთ ჟურნალის ბეჭდურ ვერსიაში