მაიას დაკარგული იმპერია
მაიას იმპერიის მამაცი და ძლევამოსილი მეფეები – „მეფე გველები“ თავიანთ ძალაუფლებასა და დიპლომატიას მაიას კულტურის ისტორიაში ყველაზე ძლიერი კავშირების შესაქმნელად იყენებდნენ


მაიას დაკარგული იმპერია
მაიას იმპერიის მამაცი და ძლევამოსილი მეფეები – „მეფე გველები“ თავიანთ ძალაუფლებასა და დიპლომატიას მაიას კულტურის ისტორიაში ყველაზე ძლიერი კავშირების შესაქმნელად იყენებდნენ
უძველეს ქალაქ ოლმულის ტერიტორიაზე უბრალო სტუმრისთვის არაფერია სანახავი. დღეს აქ მხოლოდ მექსიკის საზღვართან მდებარე, ჩრდილოეთ გვატემალის ჯუნგლების შუაგულში ჩაკარგული, ხე-მცენარეულობით დაფარული ციცაბო ბორცვებია. პეტენის აუზის ეს ჯუნგლები ხშირი და ცხელია, თუმცა უფრო მშრალი, ვიდრე წარმოგიდგენიათ. ირგვლივ გამეფებულ სიჩუმეს კი ციკადების დაფდაფების მსგავსი ხმები და ღრიალა მაიმუნების წამოძახილები არღვევს.
თუ უფრო ყურადღებით დააკვირდებით, შეამჩნევთ, რომ ამ ბორცვების უმეტესობა მასიურ რკალებადაა განლაგებული. თუ კიდევ მიუახლოვდებით, დაინახავთ, რომ ბორცვი ადგილ-ადგილ თლილი ქვისგანაა ნაკვეთი, ზოგან ფერდებზე გვირაბებიცაა გაჭრილი. ბოლოს და ბოლოს აღმოაჩენთ, რომ ეს ბორცვები კი არა, ათასწლეულის წინ გამქრალი მაიას ცივილიზაციის ალალბედზე მიტოვებული უძველესი პირამიდებია.
დღევანდელ ცენტრალური ამერიკისა და სამხრეთ მექსიკის ტერიტორიაზე მდებარე ეს მიწა ოდესღაც აყვავებული დასახლება იყო; მეცნიერები 250-290 წლებს მაიას კულტურის ისტორიის კლასიკურ ხანად მიიჩნევენ, რადგან ამ პერიოდში დამწერლობა და ხელოვნება თავისი განვითარების უმაღლეს მწვერვალს აღწევს. თუმცა ეს პოლიტიკური რყევების ეპოქაც იყო: ორი მოქიშპე ქალაქ-სახელმწიფო დაუსრულებლად იბრძოდა ძალაუფლების მოსაპოვებლად. მცირე ხნით, ერთ-ერთმა ქალაქ-სახელმწიფომ სძლია მეორეს და იმპერიის პირველი ნიშნებიც გამოიკვეთა. სწორედ მაშინ, ამ სამფლობელოს კაანულის დინასტიის „მეფე გველები“ მართავდნენ. სულ რამდენიმე ათეული წელია, რაც ჩვენ ამ ქალაქ-სახელმწიფოს არსებობა შევიტყვეთ. მის ირგვლივ მდებარე არქეოლოგიური ველების, მათ შორის, ოლმულის წყალობით, არქეოლოგები დღესაც ცდილობენ „მეფე გველების“ ისტორიის შეკოწიწებას.
ოლმული ნამდვილად არ არის მიმდებარე ტიკალის მსგავსი დიდი და ცნობილი არქეოლოგიური სანახაობა. ის არც მკვლევრების ყურადღებას იპყრობდა, სანამ 2000 წელს იქ იტალიური წარმოშობის, სიმპათიური, თავისუფალი მანერებით გამორჩეული, თმაგაჩეჩილი გვატემალელი ფრანცისკო ესტრადა-ბელი არ ჩავიდა. ის რაიმე განსაკუთრებულს, კლასიკური პერიოდის წარწერიან ფილებს ან მდიდრული ორნამენტებით დამშვენებულ სამარხებს სულაც არ ეძებდა, უბრალოდ მაიას ისტორიის საწყისებში გარკვევა სურდა. ესტრადა-ბელის პირველ აღმოჩენებს შორის იყო ერთი ნაგებობა, სადაც ფრესკის ნაშთები აღმოჩნდა, შორეულ გზაზე მიმავალი მეომრების გამოსახულებით. მოგვიანებით დადგინდა, რომ ეს კონსტრუქცია სულ რამდენიმე კილომეტრში მდებარეობდა ოლმულის იმ ადგილიდან, სადაც პირამიდების კომპლექსის ცენტრი იკვრებოდა.
უცნაურია, მაგრამ, როგორც ჩანს, ფრესკის ნაწილი თავადვე გაუნადგურებიათ. თითქოს, მასზე აღბეჭდილი ისტორიის წაშლა უნდოდათ. ესტრადა-ბელიმ რამდენიმე ახლომდებარე პირამიდა გათხარა. უძველესი მეზოამერიკელები პირამიდებს საფეხურებად აგებდნენ. პირამიდაზე ყოველი ახალი ფენის დამატებისას, ოლმულის ხალხი ქვედა ფენასაც ინარჩუნებდა. ამით მკვლევრებს საშუალება მიეცათ, შიგნით გაეთხარათ და ენახათ ადრე ნაგები სტრუქტურები თითქმის პირვანდელი სახით, ისეთით, როგორიც მაიას ხალხმა დატოვა.
2013 წელს ესტრადა-ბელის ჯგუფმა ერთ დიდ პირამიდაში შეაღწია. ისინი სარიტუალო ნაგებობისკენ მიმავალ უძველეს კიბეს აუყვნენ და დაინახეს გასაოცრად კარგად შემონახული, უძველესი სამარხის შესასვლელის რვა მეტრი სიგრძის, მოხატული ფრიზი.
ზოგადად, ბათქაშის ფრიზები ფაქიზია და ძალიან იშვიათი. ამ ფრიზზე გამოსახული იყო ოლმულის მეფე ორი მამაკაცის თანხლებით. ისინი ამოდიოდნენ უცნაური ურჩხულების ხახებიდან, გვერდებს ქვესკნელის არსებები უმშვენებდნენ, აქეთ-იქით კი ორი უზარმაზარი შებუმბლული გველი იხვეოდა. ეს განსაცვიფრებლად ექსპრესიული და სიმბოლურად დატვირთული ნამუშევარი იყო.
ფრიზის ქვედა ნაწილში ესტრადა-ბელიმ ასო-ნიშნებისა თუ გლიფების ზოლი შენიშნა, რომელიც ოლმულის მეფეთა სია აღმოჩნდა. ცენტრთან ახლოს მოჩანდა ერთი გლიფი – კბილებდაკრეჭილი გველი, რომლის შემხედვარე არქეოლოგი მაშინვე მიხვდა, რომ მისი კარიერის ყველაზე დიდ აღმოჩენას უმზერდა.
„მე დავინახე [სახელი] კაანული“, – ამბობს ის. „და აი, უეცრად ჩვენ მაიას ისტორიის ყველაზე საოცარი მონაკვეთის ეპიცენტრში აღმოვჩნდით“.
კაანულის, ანუ „მეფე გველების“ აღმოჩენისა თუ იმპერიის შესაქმნელად მათი ბრძოლის ისტორიის დასაბამი მათი დაუძინებელი მტრის ქალაქ ტიკალშია. საუკუნეების განმავლობაში დომინირებდა ტიკალი მაიას დაბლობ ტერიტორიებზე და 1950-იანი წლებიდან მოყოლებული, მას მაიას არქეოლოგიაშიც ცენტრალური ადგილი უჭირავს. ოდესღაც ამ ფართოდ გაშლილ ქალაქში 60 000-მდე ადამიანი ცხოვრობდა. მისი დიდებული ნაგებობები 750 წელსაც ისევე აოცებდა მნახველებს, როგორც დღეს მათი ნანგრევები – ტურისტებს.
ტიკალში აღმოჩნდა აკლდამის ქვების მსგავსი, ასობით სტელა ნატიფად ნაკვეთი წარწერებით. მეცნიერებმა გაშიფრეს ეს წარწერები და მოახერხეს ქალაქის ისტორიის აღდგენა, ვიდრე მის დაცემამდე მე-9 საუკუნეში. თუმცა, ამ ისტორიაში რჩებოდა უცნაური შუალედი – დაახლოებით 560-690 წლები. ამ პერიოდში არც სტელებზე ამოუკვეთავთ რამე და ბევრი არც არაფერი აუგიათ. 130-წლიანი დროის შუალედით დაბნეულმა არქეოლოგებმა მას „ტიკალის წყვეტა“ უწოდეს და ძველი მაიას ისტორიის ამოუხსნელ საიდუმლოდ ჩათვალეს.
არქეოლოგებმა ამ შუალედის ამოვსება ნელ-ნელა, 1960-იანი წლებიდან შეძლეს, როდესაც კლასიკური ხანის სხვადასხვა არქეოლოგიურ ველზე შენიშნეს უცნაური გლიფი – სამეფო სიმბოლოებით გარშემორტყმული, მოცინარი და კბილებდაკრეჭილი გველის თავი. 1973 წელს არქეოლოგმა ჯოის მარკუსმა ივარაუდა, რომ ეს სამეფო ემბლემის გლიფი უნდა ყოფილიყო – ქალაქისა და მმართველი დინასტიის აღმნიშვნელი სიტყვები, რომლებიც გერბის ფუნქციას ასრულებდა. მკვლევარი დაინტერესდა, რაიმე საერთო ხომ არ ჰქონდა ამ ემბლემას ტიკალის „წყვეტასთან“. იქნებ, უცნობმა მეომრებმა დაიპყრეს ქალაქი? თუ ეს ასეა, მაშინ საიდან უნდა მოსულიყო ამხელა ძალა და რატომ არაფერი იცოდნენ არქეოლოგებმა მის შესახებ?
პეტენის ჯუნგლები ცხელი და მშრალია გვალვების პერიოდში და თითქმის გაუვალი – წვიმების სეზონზე, სავსეა შხამიანი მცენარეებითა და მწერებით. აქ მუდამ დათარეშობენ შეიარაღებული ნარკომოვაჭრეები. მიუხედავად ამისა, ჯოის მარკუსი თვეობით იკვლევდა ჯუნგლებს, დადიოდა ნანგრევებში და აგროვებდა გლიფების სურათებს. სადაც მივიდოდა, ყველგან მოცინარი გველის სიმბოლოს პოულობდა. განსაკუთრებით ბევრი, უძველეს ქალაქ კალაკმულში, დღევანდელი მექსიკის სამხრეთ საზღვართან აღმოჩნდა.
„ეს „თანამგზავრი“ დასახლებები კალაკმულის ირგვლივ ტრიალებდნენ. ასე რომ, ამ კუთხით, ცენტრში მოქცეული ეს ქალაქი იყო რაღაც, შავი ხვრელის მსგავსი, – ამბობს მარკუსი, – კალაკმული იყო თანაბარი მანძილებით დაშორებული სტრუქტურების ქსელის გული“.
მარკუსი მიუახლოვდა კალაკმულს. ორი ცენტრალური პირამიდა ზედხედიდანაც კარგად მოჩანდა. არქეოლოგი აღაფრთოვანა ქალაქის გრანდიოზულობამ – აქ 50 000-მდე ადამიანს უნდა ეცხოვრა. სტელები ყველგან იყო მიმოფანტული, თუმცა უმეტესობაზე აღარაფერი ჩანდა. კირქვა იმდენად მყიფე იყო, რომ ასწლეულების ეროზიას წარწერები მთლიანად წაეშალა; მხოლოდ ორი გველის გლიფი იპოვეს.
გველების იდუმალებით შთაგონებულმა ახალგაზრდა ბრიტანელმა მკვლევარმა საიმონ მარტინმა გადაწყვიტა შეეგროვებინა ცნობები კალაკმულსა და უფრო მცირე არქეოლოგიურ ველებზე ნაპოვნი გველების გლიფების შესახებ. მან გამოიყენა ბრძოლებსა და მაიას სამყაროში პოლიტიკურ ინტრიგებზე არსებული მინიშნებები, რათა შეექმნა, შეძლებისდაგვარად, სრული სურათი „მეფე გველებისა“ და მათი დინასტიის შესახებ.
„ტიკალის შესახებ ინფორმაციას, თვითონ ეს ქალაქი გვაწვდის. მაშინ, როდესაც კალაკმულზე სხვებისგან ვიგებთ“, – ამბობს მარტინი. კალაკმული თითქოს ნისლიდან ამოიზარდა. თანდათან, ამ შემთხვევითი მინიშნებების ახსნამ ერთი და იმავე მიმართულებით დაიწყო მითითება.
საბოლოოდ, მარტინმა და არქეოლოგმა ნიკოლაი გრუბემ გამოსცეს წიგნი სახელწოდებით „მაიას მეფე-დედოფალთა ქრონიკები“, რომელიც აღწერდა უძველესი მაიას სამყაროს სამეფოების ერთმანეთთან გადაჯაჭვულ ისტორიებს. ერთი ბრწყინვალე საუკუნის განმავლობაში ამ სამყაროს ცენტრში აღმოჩნდნენ „მეფე გველები“. გველების სამეფოს მარტინიც შავ ხვრელს ადარებს, რომელმაც შთანთქა ირგვლივ მდებარე ყველა ქალაქი და შექმნა ის, რაც, შესაძლოა, მაიას იმპერია ყოფილიყო.
მე-5 საუკუნის ბოლოსთვის ტიკალი რეგიონის ერთ-ერთ უძლიერეს ქალაქ-სახელმწიფოს წარმოადგენდა. არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ ის თავის პოზიციას ბევრად დიდ ქალაქთან კავშირის საშუალებით ინარჩუნებდა. ეს უნდა ყოფილიყო ტეოტიუაკანი – ტიკალის ჩრდილოეთით, 1000 კილომეტრით დაშორებული, დიდი ქალაქი მაღლა მთებში, დღევანდელ მეხიკოსთან. საუკუნეების განმავლობაში, ეს ორი ქალაქი „ძერწავდა“ მაიას მხატვრობას, არქიტექტურას, მეთუნეობას, საბრძოლო იარაღების ფორმებსა და ქალაქგეგმარებას. მაგრამ ყველაფერი შეიცვალა მე-6 საუკუნეში, როცა ტეოტიუაკანმა გაწყვიტა კავშირი მაიას რეგიონთან და ტიკალი საკუთარი თავის იმედად დატოვა.
სწორედ ამ დროს გამოდიან სცენაზე გველები. დანამდვილებით არავინ უწყის, საიდან მოვიდნენ; კალაკმულზე მათი მბრძანებლობის უტყუარობა 635 წლამდე არ ჩანს. ზოგი მკვლევარი ვარაუდობს, რომ კლასიკურ ეპოქამდე ასობით წლით ადრე, ისინი სხვადასხვა ადგილას გადადიოდნენ და ზედიზედ აარსებდნენ ძლიერ ქალაქებს. მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ ვარაუდია. პირველი ნათლად გასარჩევი გველის გლიფი გვხვდება ქალაქ ციბანჩეში – სამხრეთ მექსიკაში, კალაკმულიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 80 კილომეტრის მანძილზე.
სადაც არ უნდა ყოფილიყო გველების სამშობლო, ფაქტია, რომ მე-6 საუკუნის დასაწყისში ერთმანეთის მიყოლებით მმართველმა ორმა „მეფე გველმა“ აღმოაჩინა, რომ ტიკალი დაუცველი იყო და მასზე გასაბატონებლად გაბედული პოლიტიკური თამაში წამოიწყო. პირველმა მეფემ, „ქვის ხელიანმა იაგუარმა“ ათწლეულები შეალია მაიას დაბლობებზე მდებარე ქალაქებთან სამოკავშირეო მოლაპარაკებებს.
დღეს ასეთი ვიზიტები, შესაძლოა, უწყინარი ჩანდეს: საქორწინო გარიგება, მაიას უძველესი ბურთის თამაში (შეჯიბრი ბურთით, რამდენიმე ჯოხითა და ქვის რგოლებით, რომელშიც ბურთი უნდა გაეძვრინათ) ან უბრალოდ, მონახულება. არადა, ხშირად სწორედ ასეთი ხერხებით იპყრობდნენ მაიას სამყაროში – ძღვნის მირთმევის, პატივის მიგებისა და ძლიერი კავშირების დამყარებით. როგორც ირკვევა, „მეფე გველები“ ამგვარი დიპლომატიური ურთიერთობების ნამდვილი დიდოსტატები იყვნენ.
მოკლე ხანში გველებმა გადაიბირეს ტიკალის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქი კარაკოლი და დასავლეთით მდებარე მეომარი ქალაქი ვაკა. გველებმა ნელ-ნელა მოიპოვეს სხვა ქალაქების ერთგულებაც ტიკალის ჩრდილოეთით, აღმოსავლეთით და დასავლეთით. ასე შეიკრა ტიკალის გარშემო მოკავშირე ქალაქების უზარმაზარი მარწუხი. ბოლოს და ბოლოს, „ქვის ხელიანი იაგუარი“ და მისი მოკავშირენი მზად იყვნენ ტიკალზე შეტევისთვის, მაგრამ სანამ მისი პოლიტიკური სვლები ნაყოფს გამოიღებდა, „მეფე გველი“ გარდაიცვალა. გეგმის სისრულეში მოყვანა მომდევნო მეფეს (შესაძლოა, ძეს), „ზეცის მჭვრეტელს“ ხვდა წილად. ახალგაზრდა მეომარი ხელმწიფე ახოვანი აღნაგობის გახლდათ, მისი ქალა კი სხვადასხვა დროს მიყენებულ ჭრილობებს დაესერა.
კარაკოლში სამსხვერპლოს კედლის წარწერა გვამცნობს, რომ „ზეცის მჭვრეტელს“ ტიკალის მმართველობა 562 წლის 29 აპრილს დაამხო. იგი ვაკადან აღმოსავლეთისკენ გაუძღვა გველების მთავარ ჯარს, ხოლო რაზმები კარაკოლიდან, ახლომდებარე ქალაქ-სახელმწიფო ნარანხოდან და, სავარაუდოდ, ოლმულიდან დასავლეთის მიმართულებით მიიწევდნენ ტიკალისკენ.
გველებმა და მათმა მოკავშირეებმა მალე დაამარცხეს ტიკალი, გაძარცვეს ქალაქი და, სავარაუდოდ, მისი მეფე ქვის დანით საკუთარ სამსხვერპლოზე შესწირეს მსხვერპლად. ალბათ, მათი ახალი ბატონების, მეფე გველებისადმი ერთგულების ნიშნად, სწორედ ამ პერიოდში გაანადგურა ოლმულის ხალხმა იმ ფრესკის დიდი ნაწილი, რომელიც პატივს მიაგებდა ტიკალსა და ტეოტიუაკანს და, რომელსაც ესტრადა-ბელი ამ მოვლენებიდან 1400 წლის შემდეგ იპოვის. ასე დაიწყო გველების ბატონობის ხანა.
მაიას ისტორიის შემდგომი 30 წელი უფრო ბუნდოვანია. მექსიკელმა არქეოლოგებმა ენრიკე ნალდამ და სანდრა ბალანცარიომ დაადგინეს, რომ „ზეცის მჭვრეტელი“ ამ გამარჯვებიდან 10 წელიწადში, 30-35 წლის ასაკში გარდაიცვალა. 2004 წელს ამ ორმა არქეოლოგმა ციბანჩეს პირამიდაში აღმოაჩინეს სამარხები, რომლებშიც იპოვეს სისხლიანი რიტუალებისთვის განკუთვნილი ძვლისგან გამოთლილი ნემსი, ნეფრიტის ნიღბები, ობსიდიანი და მარგალიტები. ყველაფერს სინგურის მტვრის სქელი ფენა ედო. ნემსის ცალ მხარეს წარწერაა: „ეს არის ზეცის მჭვრეტელის სისხლიანი შესაწირი“. ტიკალის „წყვეტის“ პერიოდის მმართველი რვა „მეფე გველიდან“ მხოლოდ ორის, მათ შორის, „ზეცის მჭვრეტელის“ ნეშტია ნაპოვნი.
„მეფე გველების“ შემდეგი კვალი კალაკმულიდან დასავლეთით, საკმაოდ შორეულ, მდიდარ ქალაქ პალენკეშია. პალენკე დახვეწილი არქიტექტურით გამოირჩეოდა. მისი მობათქაშებული პირამიდები და საგუშაგო კოშკები მოხერხებულად განეთავსებინათ მექსიკის ყურემდე და ცენტრალურ მაღალმთიანეთამდე გადაჭიმული მთების ძირში. წყალუხვი მდინარეებისა და ჩანჩქერების წყალობით, ქალაქს საკანალიზაციო სისტემაც უნდა ჰქონოდა.
კალაკმულის სამარხებში ნაპოვნ ამ ნიღბებს გველების დინასტიის ელიტისთვის საიქიო ცხოვრებაში გადასვლა უნდა შეემსუბუქებინათ. მწვანე ნეფრიტისგან დამზადებული გამოსახულებები ნაყოფიერებისა და აღორძინების წლიური ციკლის სიმბოლოა.
მწვანე ნეფრიტისგან დამზადებული ნიღაბი.
გვატემალა. რელიეფი ლა-კორონადან. უძველესი ქალაქი საკნიკტე. მეფე იუკნომ ჩენ II. თარიღი გლიფზე: 635 წლის 11 თებერვალი.
მეფე გველის, სავარაუდოდ, „ცეცხლის ბრჭყალის“ (გარდაიცვალა 697 წელს) აღდგენილი სამარხი. მოსასხამი შემკულია ნეფრიტისა და ნიჟარის მძივებით.
ოლმული – ამ ქალაქ-სახელმწიფოში აღმოჩენილ 8 მ-იან ფრიზზე გამოსახული მითოსური სცენა ოლმულისა და გველების სამეფოს კავშირზე მიგვითითებს. ცენტრალური ფიგურა დაახლ. 590 წელს გარდაცვლილი ოლმულის მეფეა, რომელიც ამ ფრიზით შემკულ სამარხშია დაკრძალული.
ვაკა (პერუ) – დაახლ. 656 წელს გველების დინასტიის კიდევ ერთი მოკავშირე – მეფე „იაგუარის სამეფო ტახტი“ დაკრძალეს ამ ქალაქ-სახელმწიფოში. მის საფლავში აღმოჩნდა შეღებილი თიხის მცირე ზომის ფიგურები, რომლებიც ქვესკნელის რიტუალს განასახიერებდნენ. გველი მეფე იუკნომ ჩენი (ზედა რიგი, მარცხნიდან ბოლო) თამაშობს მეფის როლს. მის ქალიშვილს „ქალბატონ დუმფარის ხელს“ (მარცხნივ) ჯადოსნობით გაუჩენია ირემი (ქვედა რიგი, მარცხნიდან ბოლო).
გველების დინასტიის მეფე „იაგუარის სამეფო ტახტის“ საფლავში აღმოჩენილი შეღებილი თიხის მცირე ზომის ფიგურა.
მაიას სამყაროს ცენტრზე გასაბატონებლად, გველების დინასტიის ძალებმა 562 წლის 29 აპრილს მოქიშპე ქალაქ ტიკალს შეუტიეს. ამ ილუსტრაციაზე ასახულია გამარჯვების მომენტი: გამარჯვებული მეფე გველი „ზეცის მჭვრეტელი“ თავს დასდგომია ტიკალის მეფეს, „ფრინველის ორეულს“, რომელიც მეფე გველის ფერხთითაა დაბმული. ამ დამარცხებამ ტიკალს 130-წლიანი მონობა მოუტანა.
გველების დინასტიის ეს სიმბოლური გლიფი გვხვდება მაიას სხვადასხვა რეგიონში.
კალაკმულის სამარხებში ნაპოვნ ამ ნიღბებს გველების დინასტიის ელიტისთვის საიქიო ცხოვრებაში გადასვლა უნდა შეემსუბუქებინათ. მწვანე ნეფრიტისგან დამზადებული გამოსახულებები ნაყოფიერებისა და აღორძინების წლიური ციკლის სიმბოლოა.
მწვანე ნეფრიტისგან დამზადებული ნიღაბი.
გვატემალა. რელიეფი ლა-კორონადან. უძველესი ქალაქი საკნიკტე. მეფე იუკნომ ჩენ II. თარიღი გლიფზე: 635 წლის 11 თებერვალი.
მეფე გველის, სავარაუდოდ, „ცეცხლის ბრჭყალის“ (გარდაიცვალა 697 წელს) აღდგენილი სამარხი. მოსასხამი შემკულია ნეფრიტისა და ნიჟარის მძივებით.
ოლმული – ამ ქალაქ-სახელმწიფოში აღმოჩენილ 8 მ-იან ფრიზზე გამოსახული მითოსური სცენა ოლმულისა და გველების სამეფოს კავშირზე მიგვითითებს. ცენტრალური ფიგურა დაახლ. 590 წელს გარდაცვლილი ოლმულის მეფეა, რომელიც ამ ფრიზით შემკულ სამარხშია დაკრძალული.
ვაკა (პერუ) – დაახლ. 656 წელს გველების დინასტიის კიდევ ერთი მოკავშირე – მეფე „იაგუარის სამეფო ტახტი“ დაკრძალეს ამ ქალაქ-სახელმწიფოში. მის საფლავში აღმოჩნდა შეღებილი თიხის მცირე ზომის ფიგურები, რომლებიც ქვესკნელის რიტუალს განასახიერებდნენ. გველი მეფე იუკნომ ჩენი (ზედა რიგი, მარცხნიდან ბოლო) თამაშობს მეფის როლს. მის ქალიშვილს „ქალბატონ დუმფარის ხელს“ (მარცხნივ) ჯადოსნობით გაუჩენია ირემი (ქვედა რიგი, მარცხნიდან ბოლო).
გველების დინასტიის მეფე „იაგუარის სამეფო ტახტის“ საფლავში აღმოჩენილი შეღებილი თიხის მცირე ზომის ფიგურა.
მაიას სამყაროს ცენტრზე გასაბატონებლად, გველების დინასტიის ძალებმა 562 წლის 29 აპრილს მოქიშპე ქალაქ ტიკალს შეუტიეს. ამ ილუსტრაციაზე ასახულია გამარჯვების მომენტი: გამარჯვებული მეფე გველი „ზეცის მჭვრეტელი“ თავს დასდგომია ტიკალის მეფეს, „ფრინველის ორეულს“, რომელიც მეფე გველის ფერხთითაა დაბმული. ამ დამარცხებამ ტიკალს 130-წლიანი მონობა მოუტანა.
გველების დინასტიის ეს სიმბოლური გლიფი გვხვდება მაიას სხვადასხვა რეგიონში.
პალენკე არ იყო დიდი – ალბათ, 10 000-იანი მოსახლეობით – მაგრამ წარმოადგენდა კულტურულ ცენტრს და დასავლეთთან ვაჭრობის ჭიშკარს, რაც მას ახალ დამპყრობელთა სამიზნედ აქცევდა. ამ დროს გველებს წინამძღოლობდა მეფე „დაკლაკნილი გველი“, რომელიც წინამორბედების მსგავსად, მოკავშირეებისა და ვასალების დახმარებით თავს დაესხა ქალაქს. პალენკეს დედოფალმა, „ქარიანი ადგილის გულმა“ სცადა ქალაქის დაცვა, მაგრამ ბოლოს 599 წლის 21 აპრილს დანებდა.
ასეთი ექსპანსიური მისწრაფებები იშვიათობა იყო კლასიკური პერიოდის მაიას ტომებისთვის. მათ ხშირად ახასიათებენ, როგორც მოქიშპეებს, დაქსაქსულებს და რომ ისინი დიდი ამბიციების გარეშე, მხოლოდ საკუთარი სამფლობელოების შესანარჩუნებლად იღვწიან. გველების დინასტია კი განსხვავებული იყო.
„პალენკეზე თავდასხმა უფრო დიდი გეგმის ნაწილი იყო“, ამბობს გილერმო ბერნალი, მექსიკის ეროვნული დამოუკიდებელი უნივერსიტეტის ეპიგრაფისტი. „არა მგონია, თავდასხმის მოტივი მხოლოდ მატერიალური ინტერესი ყოფილიყო. ძირითადი მიზეზი იყო იდეოლოგიური საკითხი. კაანულებს შორს მიმავალი გეგმა ჰქონდათ – იმპერიის შექმნა“.
მრავალი მკვლევრისთვის ამგვარი მიზნის არსებობა არადამაჯერებელია, კულტურული და გეოგრაფიული კონტექსტის გათვალისწინებით. თუმცა გველების დინასტიის მმართველობის სტილი აშკარად ატარებს ექსპანსიისთვის დამახასიათებელ ნიშნებს: მათ აღმოსავლეთით მდებარე დიდი ქალაქები მოკავშირეებად აქციეს, დაიპყრეს პატარები სამხრეთით და გააჩაღეს ვაჭრობა ჩრდილოეთით. პალენკე კი წარმოადგენდა მაიას სამყაროს დასავლეთ კიდეს. საკითხავია, როგორ ახერხებდნენ გველები ამ უზარმაზარი სამფლობელოს შენარჩუნებას ცხენებისა და მუდმივი ჯარის გარეშე?
ასეთი ვრცელი ტერიტორიის მართვას (დაახლოებით, 100 000 კვ/კმ) სჭირდებოდა მაიას ტომებში აქამდე არარსებული, რთული სახელმწიფო მოწყობა. ასევე აუცილებელი იყო ახალი სატახტო ქალაქის დაარსება, ნეფრიტით მდიდარი სამხრეთი ქალაქების სიახლოვეს. ციბანჩე კი კალაკმულიდან 125 კილომეტრში მდებარეობდა, რაც საკმაოდ დიდი მანძილი იყო გაუვალ ჯუნგლებში ფეხით გადასაადგილებლად. კალაკმულში დედაქალაქის გადატანა არსად იხსენიება, თუმცა 635 წელს გველებმა დაამარცხეს ღამურების სახელით ცნობილი დინასტია, კალაკმულში აღმართეს მონუმენტი და თავი ქალაქის ბატონებად გამოაცხადეს.
ერთ წელიწადში ტახტზე ავიდა გველების დინასტიის უდიდესი მმართველი და, შესაძლოა, მაიას ისტორიაში ყველა დროის უძლიერესი მეფე – იუკნომ ჩენ II, „ქალაქთა შემაზანზარებელი“, როგორც მას ზოგჯერ უწოდებენ. „ზეცის მჭვრეტელი“ და „დაკლაკნილი გველი“ იყვნენ სახელოვანი დამპყრობლები, მაგრამ იუკნომ ჩენი გახლდათ ჭეშმარიტი მეფე – ბრძენი მმართველი და სამხედრო ლიდერი; სპარსი კიროსისა და რომაელი ავგუსტუსის მსგავსი, მოქნილი პოლიტიკოსი. ქალაქის მმართველთა მოსყიდვითა თუ დაშინებით მან განიმტკიცა ძალაუფლება მაიას დაბლობებზე. გააკეთა ის, რაც ვერასდროს შეძლეს მისმა წინამორბედმა მეფეებმა და ვერც მემკვიდრემ. იუკნომ ჩენმა ასეთი ტაქტიკით 50 წლის განმავლობაში შეინარჩუნა ხელისუფლება.
მეფის ხასიათის გასაგებად საუკეთესო გზა, შესაძლოა, მის ქვეშევრდომთან შეხვედრა იყოს. ასევე, იმპერიის ბუნების გარკვევა ყველაზე კარგად მასზე დაქვემდებარებული ქალაქის გაცნობით შეიძლება. გველების დინასტიის ყველაზე საინტერესო ვასალი პატარა ქალაქი საკნიკტე იყო.
შეიძლება ითქვას, რომ არქეოლოგებმა ეს ადგილი ორჯერ აღმოაჩინეს. 1970-იანი წლების დასაწყისში ისინი შავ ბაზარზე გადააწყდნენ თხელ, გლუვი ზედაპირის მქონე ქვებს. ტექსტებით დიდებულად გაფორმებული ეს ქვები ძარცვისას ისე დაეზიანებინათ, რომ წარმომავლობის დადგენა შეუძლებელი იყო. ზოგზე მოცინარი გველიც მოჩანდა. მეცნიერებმა ძარცვის უცნობ ადგილს „არქეოლოგიური ველი Q“ დაარქვეს.
ველი Q აღთქმის კიდობნად ექცათ არქეოლოგებს. მათ შორის იყო მარჩელო კანუტოც. 2005 წლის აპრილში ის თან ახლდა მკვლევრებს, რომლებსაც პეტენის ჯუნგლებში „ლა-კორონად“ (ესპ. „გვირგვინი“) წოდებული ადგილი რუკაზე უნდა დაეტანათ. კანუტო ამ არქეოლოგიური ველის ასაკის დასადგენად კერამიკულ მასალას ეძებდა და მძარცველთა მიერ გაყვანილ თხრილს გადააწყდა, რომელიც პირამიდაში შედიოდა. შიგ შესულმა კი კედელზე, სულ რამდენიმე სანტიმეტრზე ამოკვეთილი გამოსახულება დაინახა: „რაღაც გაურკვეველი ნაჩხაპნის დანახვა შევძელი ქვაზე. გაოცებისგან კინაღამ შევხტი. ნუთუ ის ვნახე, რაც მგონია? შემდეგ ისევ დავაკვირდი და ნაჩხაპნზე მეტი რამ გავარჩიე – ეს ხელნაწერი იყო“. ტალახისა და მცენარეულობის ფენების ქვეშ აღმოჩნდა საოცრად დახვეწილი ორნამენტები, რომლის მსგავსი არასოდეს უნახავს ამ ნანგრევებში. „გავწმინდეთ იქაურობა და მაშინვე ვთქვით – ეს არის ველი Q!“.
მას შემდეგ კანუტო სულ იქ მუშაობს. საკნიკტეს, როგორც ჩანს, განსაკუთრებული სტატუსი გააჩნდა გველების სამეფოში. აქაურ უფლისწულებს კალაკმულში აგზავნიდნენ განათლების მისაღებად, სამმა მათგანმა გველების დინასტიის მეფის ასულებზეც იქორწინა. მასთან ახლოს, სამხრეთით მდებარე მეომარ ქალაქ ვაკასგან განსხვავებით, საკნიკტეს ბევრჯერ არ უბრძოლია. მათ მეფეებსაც მშვიდობიანი სახელები ერქვათ: „მზიანი ძაღლი“, „თეთრი ჭია“, „წითელი ინდაური“.
ნაკვეთი ქვები ასახავენ იუკნომ ჩენის სტუმრობას საკნიკტეში, გველების სამეფოს დედაქალაქის კალაკმულში ოფიციალურად გადატანამდე ცოტა ხნით ადრე. ერთი ოსტატურად შესრულებული სცენა თავისუფლად მჯდომ იუკნომ ჩენს წარმოგვიდგენს.
იუკნომ ჩენის სახელი მაიას მთელ სივრცეში გვხვდება. მან საკუთარი ქალიშვილი „დუმფარის ხელი“ ვაკას უფლისწულს მიათხოვა; ეს ქალბატონი შემდეგ ძლევამოსილი მეომარი დედოფალი გახდა. იუკნომ ჩენმა ახალი მეფეები დასვა სამხრეთით კანკუნში და დასავლეთით 160 კილომეტრში, მორალ-რეფორმაში. დოს-პილასში მან ტიკალის ახალი მეფის ძმა დაამარცხა და ერთგულ ვასალად გაიხადა.
იუკნომ ჩენმა სამეფოს დასავლეთ ნაწილში გაჭრა ახალი სავაჭრო გზა და ვასალი ქალაქები ერთმანეთთან დააკავშირა. მეცნიერებმა შენიშნეს ერთი უცნაურობა: გველების სამეფოსთან დაახლოებულ ზოგიერთ მოკავშირე ქალაქს არ გააჩნდა საკუთარი ემბლემის გლიფი. მართალია, გველების დინასტიას დაქვემდებარებული ქალაქების მეფეები კვლავ სიმდიდრესა და პატივში ცხოვრობდნენ, მაგრამ აღარ იყენებდნენ სამეფო ტიტულს.
კალაკმულის „მეფე გველებმა“ კი უფრო დიდებული ტიტული შემოიღეს: „კალომტე“ – „მეფეთ-მეფე“.
„ვფიქრობ, მათ შეცვალეს პოლიტიკური თამაშის სტილი და შექმნეს რაღაც სრულიად ახალი“, ამბობს ტომას ბარიენტოსი, გვატემალელი არქეოლოგი. „პირადად მე, ამას მაიას ისტორიაში გარღვევად აღვიქვამ“.
გველები ყურადღებით აკვირდებოდნენ ძველ მტერს, ტიკალს, რომელიც ისევ და ისევ ცდილობდა აჯანყებასა და შურისძიებას. 657 წელს, კავშირების გაძლიერების შემდეგ, იუკნომ ჩენი მეზობელ ვასალ მეფესთან (სახელად „ღმერთი, რომელიც ცას ურტყამს ჩაქუჩს“) ერთად თავს დაესხა ტიკალს და ჩაახშო აჯანყება. თუმცა, ოც წელიწადში ტიკალი კვლავ აჯანყდა და მეფე გველმაც კიდევ ერთხელ დაძრა ჯარი მის წინააღმდეგ. სწორედ ამ ბრძოლისას მოკლეს ტიკალის მეფე.
რატომ უქმნიდა საფრთხეს ტიკალი, ერთი შეხედვით, ყოვლისშემძლე გველების დინასტიას? ექსპერტების აზრით, მოკავშირეების შესანარჩუნებლად, მაიას მეფეებს მეტი სიფრთხილე მართებდათ. ისინი ხშირად დამარცხებულ მეფეებს სიცოცხლეს უნარჩუნებდნენ. შესაძლოა, ამის მიზეზი მაიას ისტორიის კლასიკური პერიოდის ბრძოლების, ხშირ შემთხვევაში, ცერემონიული ხასიათიც იყო – ბრძოლა განსაკუთრებული სისასტიკის გარეშე; ან, შეიძლება, მაიას მეფეებს უბრალოდ არ გააჩნდათ საკმარისად დიდი ლაშქარი დამარცხებული ქალაქის გასანადგურებლად.
რაც უნდა ყოფილიყო მიზეზი, იუკნომ ჩენი დახვეწილ პოლიტიკურ თამაშს მიმართავდა. მან ზავი დაუდო ტიკალის ახალ მეფეს. სწორედ მაშინ წარადგინა თავისი მემკვიდრე (სავარაუდოდ, ძე), „ცეცხლის ბრჭყალი“, რომელსაც ერთ მშვენიერ დღეს სამეფო ჩაბარდებოდა და ტიკალისა და გველების იმპერიის საბოლოო დაკარგვაც მოუწევდა.
დიდებული იუკნომ ჩენი დაახლოებით 86 წლის გარდაიცვალა. ალბათ, კალაკმულის მცხოვრებთა უმეტესობა ამ ასაკის ნახევარსაც ვერ მიაღწევდა. მდიდარი მეფეები მხოლოდ მსუბუქი ტამალეთი იკვებებოდნენ და კბილებიც ახალგაზრდისას მიუგავდათ. არასაკმარისი კვება ღარიბი ფენებისთვის სერიოზული პრობლემა იყო, თუმცა, შესაძლოა, დიდებულებს ჭარბი წონა და დიაბეტიც აწუხებდათ.
ზოგი ვარაუდობს, რომ სწორედ ასეთი გაზულუქებული პიროვნება გახლდათ „ცეცხლის ბრჭყალი“. სავარაუდოდ, ის მამის სიცოცხლეშიც კარგა ხანს მართავდა სამეფოს, მაგრამ, როგორც ეს ხშირად ხდება ისტორიაში, ის ახლოსაც ვერ მივიდოდა მამასთან. მიუხედავად მრავალჯერ სასტიკად დამარცხებისა, ტიკალი მაინც არ ისვენებდა და 695 წელს კვლავ აჯანყდა. ამჯერად აჯანყებას სათავეში ედგა ახალგაზრდა მეფე შთამბეჭდავი სახელით – „ზეცის მოკაშკაშე ღმერთი“. „ცეცხლის ბრჭყალმა“ კიდევ შეკრიბა გველების ლაშქარი.
უცნობია, რა მოხდა აგვისტოს იმ დღეს. მაგრამ, გველები სასტიკად დამარცხდნენ. რამდენიმე წლის შემდეგ, უკვე გაპარტახებული სამეფოს პატრონი „ცეცხლის ბრჭყალი“ თავადაც გარდაიცვალა და გველების იმპერიაზე ოცნებაც თან გაიყოლა. არქეოლოგთა უმეტესობა ამბობს, რომ გველების დინასტიამ ვეღარასოდეს აღიდგინა წარსული ძალაუფლება, მაგრამ გარკვეული გავლენა მაინც შეინარჩუნა რეგიონში. 711 წელს გველების ყველაზე ძლიერმა მოკავშირე ქალაქმა ნარანხომ განაცხადა, რომ ამ დინასტიის ერთგული რჩებოდა, ხოლო 10 წლის შემდეგ კიდევ ერთი გველი მეფის ასული აღბეჭდეს საკნიკტეს გლიფზე.
თუმცა, მე-8 საუკუნის შუა ხანებში გველებმა სრულიად დაკარგეს მომაკვდინებელი კბენის უნარი. კალაკმულის მეზობელმა ერთმა ქალაქმა „მეფე ღამურების“ დაბრუნების აღსანიშნად სტელაც აღმართა. მასზე გამოსახულია მეომარი, რომელიც ფეხით სრესს გველს. მომდევნო საუკუნეში, გაძლიერებულმა ტიკალმა დასაჯა ის ქალაქ-სახელმწიფოები, რომლებიც გველების მმართველობას უჭერდნენ მხარს – ვაკა, კარაკოლი, ნარანხო და ოლმული.
თუმცა ტიკალმა მაინც ვეღარ მიაღწია გველების დინასტიის მსგავს ძალაუფლებას. მე-9 საუკუნის შუა ხანებისთვის ძლევამოსილი მაიას ცივილიზაცია განადგურების პირას იდგა. ჭარბი მოსახლეობის, არასტაბილურობის ან გახანგრძლივებული გვალვის გამო, კლასიკური პერიოდის დიდი ქალაქები ქაოსმა მოიცვა და საბოლოოდ დაცარიელდა.
შეეძლო გველების დინასტიას ამ ნგრევის თავიდან აცილება? რა მოხდებოდა, თუ 695 წელს „ცეცხლის ბრჭყალი“ გაიმარჯვებდა?
„ვფიქრობ, კოლაფსის არიდება შესაძლებელი იყო, – ამბობს არქეოლოგი დევიდ ფრაიდელი, – მაიას სამყარო ვერ გაერთიანდა ერთი ძალაუფლების ქვეშ. სწორედ ეს იყო ანარქიის, მუდმივი ბრძოლებისა და გვალვებისგან მიყენებული გამანადგურებელი ზიანის ვერაცილების ძირითადი მიზეზი“.
ოდესმე შესაძლოა პასუხიც მივიღოთ. ორმოციოდე წლის წინ ჩვენთვის მეფე გველები ლეგენდებში ცოცხლობდნენ, ოცი წლის წინ მათ მხოლოდ კალაკმულის ბატონებად მიიჩნევდნენ, დღეს კი, ვიცით, რომ ისინი განაგებდნენ მაიას ტომების ისტორიაში უდიდეს და უძლიერეს სამეფოს.
ასე, საოცრად ნელა მიიწევს წინ არქეოლოგია. მეცნიერები უმცირესი მინიშნებებით, მისხალ-მისხალ ცდილობენ წარსულის თანმიმდევრული სურათის აწყობას.
ხშირად ექსპერტებიც ვერ თანხმდებიან. მაგალითად, კალაკმულის არქეოლოგიური ველის გათხრების ხელმძღვანელი რამონ კარასკო აცხადებს, რომ გველების დინასტიას არასდროს უცხოვრია ციბანჩეში და თავისი დიდება სულაც არ დაუკარგავს. მან იგივე მტკიცებულებები ნახა, თუმცა განსხვავებული დასკვნები გამოიტანა.
1996 წელს კარასკო ძვ. წ. 300 წლის წინა პერიოდით დათარიღებულ დიდებულ პირამიდას, კალაკმულის უდიდეს სტრუქტურას თხრიდა, როდესაც მის წვერთან დარბაზი აღმოაჩინა.
„გადავწიეთ დარბაზის სახურავი და ქვემოთ ჩავიხედეთ, – ამბობს მწეველის ხმისა და ორიგინალური გარეგნობის კარასკო, – დავინახეთ ძვლები, შესაწირი ძღვენი და უამრავი მტვერი. თითქოს, დროის მტვერს ვუყურებდით“.
ცხრა თვე დასჭირდა სამარხის გათხრას. კარასკომ შიგნით შეაღწია და მიხვდა, რომ ძლევამოსილი მეფე იპოვა. ძვირფას მოსასხამში გახვეული ცხედარი მძივებით იყო დაფარული. მეფე არ იყო მარტო, მსხვერპლად შეწირული ახალგაზრდა ქალი და ბავშვი მეზობელ საკანში განისვენებდნენ.
კარასკოს თქმით, მეფის სხეული „ტალახსა და მტვერს დაეფარა. შეიძლებოდა ნეფრიტის მძივების გარჩევა, მაგრამ ნიღაბი, თითქოს, არ ჩანდა“. მან აიღო ფუნჯი და ფრთხილად დაიწყო წმენდა. „პირველი რაც დავინახე – იყო თვალი, რომელიც წარსულიდან შემომყურებდა“.
ეს თვალი ნეფრიტის ულამაზესი ნიღბის ნაწილი იყო, რომელიც მეფისთვის საიქიო ცხოვრებაში პატივის მისაგებად მიეძღვნათ. შემდგომი კვლევებით დადგინდა, რომ მეფე საკმაოდ ზორბა, შესაძლოა, მსუქანიც იყო, ხერხემალში კი გამაგრებული იოგები აღმოაჩნდა. მისი სამარხი ნატიფი ორნამენტებით იყო შემკული.
სამარხთან ახლოს აღმოჩნდა ნეფრიტის თავსაბურავი, რომლის ცენტრშიც, ერთ დროს, იაგუარის თათი იყო მოთავსებული; გვერდით კი – თიხის ჭურჭელი მოცინარი კბილებდაკრეჭილი გველის თავის გამოსახულებითა და წარწერით: „ცეცხლის ბრჭყალის თასი“.
სრული ვერსია წაიკითხეთ სექტემბრის ნომერში.