
მახვილგონივრული სვლით მუდმივი განვითარებისკენ
NATIONAL GEOGRAPHIC SOCIETY-ის აღმასრულებელი დირექტორისგან
1929 წელს, როდესაც ექსპედიციის წევრებმა National Geographic-ის საზოგადოების დროშით და მზის კომპასით ხელში ანტარქტიკის უკაცრიელ ტერიტორიებს პირველად გადაუფრინეს, ეს გმირობის ტოლფასი იყო. რიჩარდ ე. ბირდი ხელმძღვანელობდა სამხრეთ პოლუსის თავზე სახიფათო ფრენას, რომლის დროსაც ანტარქტიდის 380 000 კვადრატული კილომეტრის ტერიტორია ასახეს ფირზე.
თითქმის ნახევარი საუკუნის წინ მკვლევარი ელისონ კრიშიტიელო დედამიწის საიდუმლოებებისა და კლიმატის ცვლილების გამოსაკვლევად სახიფათო ექსპედიციაში გაემგზავრა. მან თავის ჯგუფთან ერთად კანადის უმაღლეს მწვერვალზე ყინულის კერნის ნიმუში აიღო, რომელიც ალბათ 30 000 წლის მონაცემებს შეიცავდა. ამ ექსპედიციამ ასევე დაანგრია სტერეოტიპები ქალი მეცნიერების შესახებ: „ჯერ არასოდეს გათხრილა ყინულის კერნი ამ სიღრმესა და ასეთ სიმაღლეზე“, – ამბობს ელისონი.
მჯერა, რომ ჩვენს ძლიერებას განაპირობებს რთულ ამოცანებთან შეჭიდების უნარი, მკვლევართა ხედვა, პროფესიონალიზმი და ადამიანის გამომგონებლური ბუნების კარნახით სვლა.
ვინაიდან წელს საზოგადოების 135 წლის იუბილეს აღვნიშნავთ, მეც გამოვეხმაურები ამ ნომრის მთავარ თემას – დღეგრძელობას. მაინც როგორ ახერხებს National Geographic-ი ცოდნის ჰორიზონტის მუდმივად გაფართოებას? ვფიქრობ, ამას განაპირობებს რთულ ამოცანებთან შეჭიდების უნარი, ჩვენი მკვლევრების პროფესიონალიზმი, გამჭრიახობა და ადამიანის გამომგონებლური ბუნების კვალდაკვალ სვლა.
საზოგადოება სამი სტრატეგიული მიმართულებით განაგრძობს მუშაობას:
• ინვესტირება მკვლევართა საქმიანობაში, რათა და დავძლიოთ კრიტიკული საკითხები, როგორებიცაა კლიმატის ცვლილება და ბიომრავალფეროვნების რღვევა.
• მკვლევართა ინკლუზიურობის ხელშეწყობა. ჩვენ 140 ქვეყანაში ვარჩევთ მეცნიერებს, განმანათლებლებს და ამბის მთხრობელებს, ვცდილობთ ვითანამშრომლოთ ადგილობრივ თემებთან, გავავრცელოთ შავკანიან, მკვიდრ და სხვა ფერადკანიან მკვლევართა ხმა. 2022 წელს ჩვენი გრანტების 60%-ი აშშ-ის საზღვრებს გარეთ გაიცა და ბენეფიციართა ნახევარი ქალები იყვნენ.
• მეცნიერების, ჟურნალისტიკის, ღონისძიებების, საგანმანათლებლო საქმიანობისა და ახალგაზრდული პროგრამების საშუალებით ვცდილობთ მკვლევართა საქმიანობაში საერთაშორისო აუდიტორიის ჩაბმას. 2023 წლის დადგომასთან ერთად განვაგრძობთ მეცნიერების ხელშეწყობას და ცნობისმოყვარეობის გაღვივებას მილიონობით ადამიანში. შემოგვიერთდით, რათა ერთად შევქმნათ შემდეგი 135 წელი და მეტი.

ჯილ ტიფენტალერი, National Geographic Society-ის აღმასრულებელი დირექტორი