ამ გამორჩეულ დღეს ყველა ფუსფუსებდა შილუნგში, რომელიც ერთი პატარა სოფელია იუნანის პროვინციაში (ჩინეთი). ეს კადრი ჟილ საბრიმ გადაიღო: თავსხმა წვიმაში მდგარი მამაკაცები აღმართავენ ფიჭვის ტოტებისგან გაკეთებულ ჩირაღდანს – მორთულს ფერადი ლენტებითა და ბუშტებით. ლოცვის შემდეგ, როდესაც ბინდი ჩამოწვება, ჩირაღდანს ააბრიალებენ. ამ დღეს „ჩირაღდნის ფესტივალი“ იმართება და თავისი მნიშვნელობით ის ახალ წელსაც კი უტოლდება. აღნიშნული დღესასწაულით პაის და ის ეთნიკური უმცირესობები მოსავლის აღებას ზეიმობენ.

ფოტო: თანგ ცაი
საბრიმ კინაღამ გამოტოვა ეს ღირსშესანიშნავი ღონისძიება. თავიდან მას ისიც კი ეეჭვებოდა, საერთოდ თუ ჩატარდებოდა ფესტივალი: „COVID-19 კვლავ არსად გამქრალა და შარშან დღესასწაულები გააუქმეს“, – განმარტავს იგი. და რომ ეზეიმათ კიდეც, ასობით სოფლიდან რომელს უნდა სწვეოდა? „ტურისტული დანიშნულების ადგილებში აწყობდნენ სანახაობებს, რომლებიც ზედმეტად კომერციალიზებული იყო და ფესტივალის ჭეშმარიტ არსს შორდებოდა“, – ამბობს საბრი. თავის იუნანელ მეგობართან რამდენიმე დღის განმავლობაში ბჭობდა, სანამ ფესტივალის წინა დღეს ერთი მიყრუებული ადგილი არ აღმოაჩინა.
შილუნგში საბრიმ იპოვა ის ავთენტიკურობა, რომელსაც ეძებდა. „ყველაფერთან ერთად, ჩვენ ძალიან თბილად მიგვიღეს: თითოეულ სახლში გვეპატიჟებოდნენ სადილად“, – აღნიშნავს იგი. ეს ფოტო „აჩვენებს, რომ ტრადიციებმა შესაძლოა გაუძლონ დროს, მიუხედავად ურბანიზაციის, მოდერნიზაციისა თუ კულტურული ერთგვაროვნებისკენ სწრაფვის ტენდენციისა“.