
მარსის ციებ-ცხელება
ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად, სულ უფრო და უფრო ვუახლოვდებით მარსს და წითელი პლანეტით შეპყრობილები იმ დროზე ვოცნებობთ, როდესაც მის კოლონიზაციას შევძლებთ.
National Geographic-ი ხშირად მოგითხრობთ მარსის შესახებ. რაც ალბათ არც არის გასაკვირი, რადგან ეს იდუმალი, წითელი პლანეტა ოდითგანვე იპყრობს ჩვენს ყურადღებას: ჯერ კიდევ „ძვ.წ. III ათასწლეულში ამ „მოხეტიალე ვარსკვლავის“ თვალყურის დევნებისას შუმერებმა მისი ავისმომასწავებელი ფერი ავსულ ღვთაება ნერგალს დაუკავშირეს“, – ვკითხულობთ ნადია დრეიკის ვრცელ სტატიაში. ავსტრალიური აბორიგენული კულტურები თურმე მარსს კოლონგოს – ადგილობრივ წითელკუდა შავ კაკადუს უკავშირებდნენ, ხოლო კოლუმბამდელი მაიას ტომები რუდუნებით აღრიცხავდნენ ამ ციური სხეულის განალგებას ვარსკვლავების მიმართ და ამას დედამიწაზე სეზონის ცვლილებას უკავშირებდნენ. ბერძნებისთვის ის ომის ღმერთი იყო – არესი, რომელსაც რომაელები მარსს უწოდებნდნენ.
როგორც ნადია მოგვითხრობს, „1800-იანი წლების შუიდან ტელესკოპმა მარსი მითოლოგიიდან რეალურ სამყაროში გადმოისროლა“ და ის ერთი ჩვეულებრივი პლანეტა გახდა, თავისი ამინდითა და ცვალებადი რელიეფით, თუმცა კაცობრიობას ოდნავადაც არ განელებია მის მიმართ ინტერესი.
ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად, სულ უფრო და უფრო ვუახლოვდებით მარსს და წითელი პლანეტით შეპყრობილები იმ დროზე ვოცნებობთ, როდესაც მის კოლონიზაციას შევძლებთ. ბევრი იმაზეც კი არის თანახმა, მარსისკენ ცალმხრივი მგზავრობის ბილეთი აიღოს და სამუდამოდ გამოემშვიდობოს პლანეტა დედამიწას. ალბათ იფიქრებთ, მაინც რა უნდა გვითხრათ ისეთი, რაც უკვე არ ვიცით ან რისთვის თვალყურის დევნებაც თვითონ არ შეგვიძლიაო – მხოლოდ თებერვალში ხომ სამი “რობოტი ემისარი“ დაემგზავრა მარსს და ამ სამივე მოვლენის ხილვა პირდაპირ ეთერში შეგვეძლო. თუმცა, თუკი ჩვენთან ერთად „იმოგზაურებთ“ ისტორიასა და მეცნიერებაში, იქნებ ბევრმა ამბავმა გაგაკვირვოთ და იქნებ ბოლოს იმაზეც დაფიქრდეთ – ღირს კი მარსისკენ ცალმხრივ ბილეთზე ოცნება?
გმადლობთ, რომ კითხულობთ National Geographic Magazine – საქართველოს.