
მართლაც ისეთი საძაგელნი ვართ, როგორც ვიქცევით?
ავტორის თქმით, საზიზღარ „პოსტებს“ და „ტვიტებს“ სასტიკი ადამიანური ბუნება არ გვაწერინებს, თუმცა, შეიძლება, ამაში ჩვენს ევოლუციასაც ერიოს ხელი
ყელი უნდა გამოგჭრან და შენი ლპობადი, მწერებით სავსე სხეული გარეულ ღორებს აჭამონ“, – ეს ტექსტი (და სხვა ფრაზები, რომლებსაც აქ ვერ დავბეჭდავთ) Facebook-ის ანონიმურმა მომხმარებელმა კაილ ედმუნდს მისწერა მას შემდეგ, რაც ბრიტანელმა ჩოგბურთელმა 2017 წლის შეჯიბრება წააგო.
ცოტა ხნის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, Twitter-ზე დაწერა, რომ მისი „ატომური ღილაკი… უფრო დიდი და ძლიერია“, ვიდრე კიმ ჩენ ინისა. ამ „ტვიტმა“ დაასრულა რამდენიმეკვირიანი ონლაინ დუელი, რომელშიც ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს „რაკეტის კაცი“ და „გიჟი“ უწოდა, კიმმა კი ტრამპი „განგსტერად“ და „ფსიქიკურად გაუწონასწორებელ ბებრუხანად“ მოიხსენია.
დღეს ინტერნეტი განსაკუთრებით ფეთქებადი სივრცეა. იქნებ, სოციალურ მედიაში გავრცელებული აგრესია ადამიანის ბუნებას ააშკარავებს? გვაჩვენებს, რომ სინამდვილეში საძაგელი, აგრესიული მხეცები ვართ? არა.
მართალია, რომ სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაული მატულობს, პოლიტიკურმა უთანხმოებამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და საზოგადოებრივ სფეროში, მით უმეტეს, ონლაინ, ღვარძლიანობის დონეც მაღალია, მაგრამ ეს ყველაფერი იმიტომ არ ხდება, რომ სოციალურმა მედიამ ადამიანის მხეცურ ბუნებას მისცა გასაქანი.
მე, როგორც ევოლუციური ანთროპოლოგი, უკვე წლების განმავლობაში იმას ვიკვლევ და აღვწერ, თუ როგორ გარდაიქმნა ჩვენი მოდგმა უკანასკნელ ორ მილიონ წელიწადში ჯოხებითა და ქვებით შეიარაღებული მაიმუნისებრი არსებიდან ავტომობილის, რაკეტის, საოცარი ხელოვნების, ერებისა და გლობალური ეკონომიკური სისტემების შემქმნელამდე.
როგორ მოვახერხეთ ეს? ჩვენი ტვინი გაიზარდა და თანამშრომლობის უნარიც უაღრესად განვითარდა. ჩვენი გონება ერთად მუშაობისთვის, მრავალფეროვანი სოციალური ურთიერთობების გაბმისა და პრობლემების შემოქმედებითად გადაჭრისთვისაა შექმნილი. სწორედ ეს მემკვიდრეობა მიიღეს 21-ე საუკუნის ადამიანებმა.
ჩემი აზრით, ონლაინაგრესიის ზრდა შემდეგი ფაქტორების ფეთქებადმა კომბინაციამ გამოიწვია: ადამიანთა ევოლუციური სოციალური უნარების ერთობლიობამ, სოციალური მედიის ბუმმა და სპეციფიკურმა პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა კონტექსტმა, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით. სწორედ ამ კომბინაციამ გაზარდა სივრცე, რომელშიც უფრო და უფრო მეტი ადამიანი აფრქვევს აგრესიასა და შეურაცხყოფას ონლაინ.
აი, რას ვგულისხმობ. ყველას გვსმენია ჯანსაღი კვების წამახალისებელი აქსიომა: „ის ხარ, რასაც ჭამ“. ქცევის შემთხვევაში ვიტყოდით: „ის ხარ, ვისთანაც მეგობრობ“. ის, თუ როგორ აღვიქვამთ, შევიგრძნობთ და ვიქცევით სამყაროში, დიდადაა განპირობებული იმით, თუ ვის და რის გარემოცვაში ვართ ყოველდღე – ვინ არის ჩვენი ოჯახი, საზოგადოება, ინსტიტუტები, რწმენა და მისაბაძი პიროვნებები.
ზეგავლენის ეს წყაროები ნეირობიოლოგიაშიც კი აღიბეჭდება. ჩვენი ტვინი და სხეული მუდმივად იცვლება ისე, რომ სამყაროს ჩვენეული აღქმა დამოკიდებული და გადაჯაჭვულია ჩვენთვის ყველაზე ახლობელი ადამიანებისა და ადგილების კანონზომიერებებთან.
ამ პროცესს ღრმა ევოლუციური ფესვები აქვს და სწორედ ის აძლევს ადამიანს ეგრეთ წოდებულ საზიარო რეალობას. გონებასა და გამოცდილებას შორის არსებული კავშირი საშუალებას გვაძლევს, სხვა არსებებზე უკეთ თანავიარსებოთ ერთ სივრცეში და ეფექტურად ვითანამშრომლოთ. სწორედ ესაა ჩვენი სახეობის წარმატების ერთ-ერთი მიზეზი.
მაგრამ მუდმივად იცვლებოდა ის, თუ ვის შევხვდებოდით ამ სისტემაში. დღეს ჩვენს გარემოცვაში, შესაძლოა, უფრო მეტი ვირტუალური, სოციალური მედიის მეგობარი აღმოჩნდეს, ვიდრე ფიზიკური პირი; დღეს Twitter-ის, Facebook-ისა და Instagram-ის მეშვეობით უფრო მეტ ინფორმაციას ვიღებთ, ვიდრე ფიზიკური სოციალური გამოცდილებით; განცხადებებს რეკლამებით დაფინანსებულ 24-საათიან საინფორმაციო გამოშვებებში უფრო ვისმენთ, ვიდრე სხვა ადამიანებისგან.
ჩვენ რთულ საზოგადოებაში ვცხოვრობთ – ის პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესების გარშემოა აგებული, ეს პროცესები კი ჩვენ შორის უთანასწორობასა და გათიშულობას ზრდის. ასეთი დაქსაქსულობა მიკერძოებასა და ცრუ შეხედულებებს იწვევს, რაც, თავის მხრივ, ადამიანებს კიდევ უფრო აცილებს ერთმანეთს. ჩვენ ვიყოფით, სოციალური ინტეგრაციის გზები კი, მით უმეტეს სოციალურ მედიაში, მრავლდება. რა შეიძლება მოჰყვეს ამას?
ისტორიულად, ჰარმონია ასე შევინარჩუნეთ: თანაგრძნობისა და გულკეთილობის გამოვლენით და შეკრებისას ურთიერთშეკავშირებულობის გაზრდით. სოციალური მედიის ქსელებში ანონიმურობა და პირისპირ ურთიერთობის ნაკლებობა იწვევს ადამიანის სოციალური ბუნების არსის მნიშვნელოვანი ნაწილის დაკარგვას, შედეგად კი ხშირდება და მძიმდება აგრესია. მტრობის წარმოშობა დღეს უფრო ადვილია, ვიდრე ოდესმე ყოფილა, მით უმეტეს, იმ ადამიანებთან, ვისთანაც პირისპირ შეხვედრა არ გიწევთ. როდესაც ქცევას შედეგი არ მოჰყვება, ეს სოციალურ მედიაპლატფორმებზე აგრესიის, არაცივილურობისა და უხეში ქცევის წახალისებას იწვევს.
ცხადია, ისინი, ვისაც ვირტუალურ სამყაროში ვხვდებით, ყოველთვის მოახდენენ ჩვენზე გავლენას. საკითხავი ისაა, ვინ გვინდა, რომ შეგვხვდეს? როგორი საზოგადოების შექმნა გვსურს და როგორმა საზოგადოებამ უნდა შეგვქმნას ჩვენ? ანუ, როგორ შევცვალოთ ისინი, ვინც ჩვენს ტვინსა და სხეულზე ზემოქმედებენ და, ამგვარად, როგორ შევამციროთ აგრესია?
ადამიანებს მრავალფეროვანი კავშირებისა და თანამშრომლობის ჩამოყალიბება შეუძლიათ. სწორედ ამაში მდგომარეობს გამოსავალიც. ჩვენ გვაქვს როგორც აგრესიის ჩახშობის, ისე ერთიანობის წახალისების უნარი.
სოციალურ მედიაში, სადაც ე.წ. ტროლი (ონლაინმჩაგვრელი) შორეული და ანონიმურია, საუკეთესო განზრახვების მქონე ინდივიდიც კი, შეიძლება, ყვირილის მეტს ვერაფერს გახდეს. თუმცა, როდესაც მჩაგვრელს ერთიანად ვუპირისპირდებით, აგრესიის ჩახშობას ხშირად უფრო ეფექტურად ვახერხებთ.
აი, დაფიქრდით, რა გავლენა ჰქონდა მოძრაობას #MeeToo (#მეც), Times Up-სა და Black Lives Matter-ს. ნახეთ, რამოდენა საზოგადოებრივი წნეხი განხორციელდა მედიაკორპორაციებზე – ჩვენ მათ „ყალბი ახალი ამბებისა“ და სიძულვილის ენის მეთვალყურეობას ვაიძულებთ.
ეს მოძრაობები მშვენიერი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია ხალხს სოციალური მედიის გამოყენება დადებითი მოვლენების წასახალისებლად და უარყოფითი ქცევის დასასჯელად.
დიახ, თითქოს მსოფლიო უფრო და უფრო აგრესიული ხდება, მაგრამ ამის მიზეზი სულაც არაა ის, რომ ჩვენ გულის სიღრმეში აგრესიულნი ვართ. ეს ასე იმიტომ ხდება, რომ არ გავერთიანებულვართ და არ გაგვიკეთებია ის რთული სოციალური სამუშაო, რომელიც ჩვენს თანამედროვე მსოფლიოს სჭირდება. ჩვენ არ შევწინააღმდეგებივართ ჩაგვრას, ძალადობასა და აგრესიულ შევიწროებას, არ განგვივითარებია პროსოციალური მიდგომა და ქმედებები. ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა გავაკეთოთ როგორც პირისპირ, ისე – სოციალურ მედიაში.
არაკეთილგანწყობილი რეპლიკების სროლა ონლაინ
როგორ და რატომ ჩაგრავენ ზრდასრული ამერიკელები ერთმანეთს ინტერნეტში? 2017 წელს„პიუს“ კვლევითმა ცენტრმა ამაზე რაოდენობრივი კვლევა ჩაატარა. 4000 ადამიანში 10-დან 4 ამბობდა, რომ მათ ავიწროებდნენ. ამის მიზეზი, ძირითადად, პოლიტიკა იყო: მსხვერპლთა მესამედი – როგორც დემოკრატები, ისე რესპუბლიკელები – ამბობდა, რომ მათ პოლიტიკური შეხედულებების გამო შეუტიეს. მსხვერპლთა ნახევარზე მეტმა განაცხადა, რომ მათ არ იცოდნენ მჩაგვრელის ვინაობა. გამოკითხულთა მესამედზე ცოტა ნაკლებმა თქვა, რომ როდესაც ონლაინ ჩაგვრას შეესწრნენ, მათ პასუხი გასცეს ან სხვანაირად იმოქმედეს, მესამედზე ნაკლებმა კი თქვა, რომ მათ არაფერი გაუკეთებიათ. – ნინა სტროქლიკი
აგუსტინ ფუენტესი National Geographic-ის გრანტის მფლობელი მკვლევარია. ასევე ნოტრ-დამის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის პროფესორი და მრავალი წიგნის ავტორია, მათ შორის: „რასა, მონოგამია და სხვა ტყუილები: ადამიანის ბუნების შესახებ მითების დამსხვრევა“ და „შემოქმედებითი ნაპერწკალი: როგორ გამოარჩია წარმოსახვამ კაცობრიობა“.