მართვის სადავეების ხელში აღება
ბოლივიაში, ახალ ზელანდიასა და ავღანეთში ქალებმა პოლიტიკური ძალაუფლების მოპოვების საკითხში უდიდეს წარმატებებს მიაღწიეს, მაგრამ, გავლენის ზრდასთან ერთად, მრავალნი კვლავაც აწყდებიან კულტურულ წინააღმდეგობასა და ძალადობასაც კი


მართვის სადავეების ხელში აღება
ბოლივიაში, ახალ ზელანდიასა და ავღანეთში ქალებმა პოლიტიკური ძალაუფლების მოპოვების საკითხში უდიდეს წარმატებებს მიაღწიეს, მაგრამ, გავლენის ზრდასთან ერთად, მრავალნი კვლავაც აწყდებიან კულტურულ წინააღმდეგობასა და ძალადობასაც კი
ბოლივიელ მერს ეგონა, რომ დაიღუპებოდა.
2019 წლის 6 ნოემბერი იდგა. მუნიციპალიტეტის შენობა ცეცხლში გახვეულიყო, ოქტომბრის საკამათო საპრეზიდენტო არჩევნებისა და იმ საპროტესტო გამოსვლების შემდეგ აალებული, რომლებმაც სოციალისტი პრეზიდენტი ევო მორალესი დაამხეს. მორალესის პარტიის „მოძრაობა სოციალიზმისკენ“ (MAS) წევრი, 48 წლის მერი მარია პატრისია არსე-გუსმანი კვამლს გამოექცა და გარეთ მყოფი განრისხებული ბრბოსთვის თავის არიდებას შეეცადა.
მტკივანი მუხლის გამო ისედაც კოჭლობდა, მაგრამ ვინტოს ქუჩებში მაინც გარბოდა. იგი მერი 2015 წლის ივნისიდან იყო. ფეხსაცმელები გასძვრა, მაგრამ მაინც არ შეჩერებულა. „შემდეგ ხელი მტაცეს და ყვირილი დამიწყეს, რომ მკვლელი ვიყავი“, – მოგვიანებით მიყვებოდა არსე. ასე დაიწყო მისი მრავალსაათიანი სატანჯველი.
ჩაწიხლული, ჯოხებით ნაცემი და ქვებდაშენილი ფეხშიშველი მერი იმ ადგილას წაათრიეს, სადაც დამხობილი პრეზიდენტის მემარცხენე მხარდამჭერებსა და მათ მემარჯვენე მოწინააღმდეგეებს შორის შეტაკების დროს 20 წლის მამაკაცი, ლიმბერტ გუსმან-ვასკესი დაიღუპა. მორალესის მოწინააღმდეგე მეამბოხეებმა არსე დაადანაშაულეს მემარცხენეთა დაფინანსებასა და მხარდაჭერაში, რომლებიც იმ ძალადობაში მონაწილეობდნენ, ახალგაზრდა მამაკაცი რომ შეიწირა. „მეგონა, მოკვლას, ცეცხლის წაკიდებას მიპირებდნენ“, – ამბობს არსე.

35 წლის ლატიფა მუჰსინი ბამიანის პროვინციის გუბერნატორის მოადგილეა. ფოტოზე მუჰსინი, რომელსაც საკუთარი პროვინციის გარემოს დაცვის პირობა აქვს დადებული, ავღანეთის პირველ ეროვნულ პარკ ბანდ-ე-ამირში თავისი ყოველკვირეული გასეირნებით ტკბება მეუღლესთან (მის გვერდით) და საერთო მეგობართან ერთად.
ვიღაც კაცმა წითელი საღებავი გადაასხა, ქალმა კი წელამდე თმა მოაჭრა. ბრბოში ზოგიერთები გაიძახოდნენ, რომ ორ ვაჟიშვილს მოუკლავდნენ. სხვები მოითხოვდნენ, გადამდგარიყო და დაეგმო ყოფილი პრეზიდენტი მორალესი, რომელიც გაყალბების ბრალდებების ფონზე არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადეს. ჯარისა და პოლიციის მხარდაჭერის დაკარგვის შემდეგ მორალესი გადადგა.
სოციალურ მედიაში ვრცელდებოდა ნიღბიანი მეამბოხეებით გარშემორტყმული დატანჯული, მაგრამ უდრეკი არსეს ვიდეორგოლები. „არ გავჩუმდები! და თუკი ჩემი მოკვლა სურთ, დაე, მომკლან!“ – ამბობდა იგი ერთ-ერთ ნაწყვეტში. საბოლოოდ, უცნობებმა გამოიხსნეს მოტოციკლეტით და დასაცავად პოლიციას ჩააბარეს.
არსეზე თავდასხმა ბოლივიის პოლიტიკაში არსებულ მწვავე დაპირისპირებას ირეკლავდა, მაგრამ მან ასევე ნათელი მოჰფინა შემდეგ წინააღმდეგობას: ბოლივია ეროვნულ და ადგილობრივ მთავრობაში ქალების წარმომადგენლობის ხელშეწყობითაა ცნობილი, მაგრამ, ამავდროულად, იქაურობა ქალთათვის სამხრეთ ამერიკაში ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ადგილს წარმოადგენს. მთელ სამხრეთ ამერიკაში ფემიციდის – სქესის გამო ქალების მკვლელობის – უმაღლესი მაჩვენებელი სწორედ ბოლივიაში ფიქსირდება. 2018 წლის მონაცემებით, ყოველ 100 000 ქალზე 2,3 მკვლელობა მოდის. 2019 წელს 117 ქალი მოკლეს. ბოლივიელი ქალების საშუალოდ 70% სექსუალური ან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლია.
ამის გამო არსე და ბოლივიის პოლიტიკაში ჩაბმული სხვა მრავალი ქალი ამბობს, რომ ის თავდასხმა, ნაწილობრივ, მაჩიზმის კულტურით იყო გამოწვეული – ქალთა მიმართ გამოვლენილი ნეგატიური განწყობის უკიდურესი ფორმა, რომელიც ქალ ლიდერებს ეწინააღმდეგება მთელ მსოფლიოში, მათ შორის, ბოლივიის მსგავს ადგილებშიც, სადაც 2010 წლის კანონი ყველა პარტიას ავალდებულებს ფედერალურ, სახელმწიფო და ადგილობრივ თანამდებობებზე კანდიდატების, სულ მცირე, ნახევრის ქალებით დაკომპლექტებას. ამჟამად ქალებს ეროვნულ საკანონმდებლო ორგანოში ადგილების 53% უკავიათ.
არსე ეჭვობს, რომ თავდასხმის მიზეზი მისი ძალისხმევით მოქმედი ქალთა გაძლიერების პროგრამებია: უნარებზე დამყარებული დასაქმების ტრენინგები, მაგალითად, კალათების დაწვნისა და კულინარიული კურსები, რომლებიც ქალთა ფინანსური დამოუკიდებლობისკენაა მიმართული. მისი თქმით, ეს პროგრამები ზოგიერთ მამაკაცს გულზე არ ეხატებოდა.

2015 წელს ელ-ალტოს პირველ ქალ მერად არჩევის შემდეგ სოლედად ჩაპეტონ-ტანკარას (ფოტოში შუაგულში) მალევე დაემუქრნენ და მის ოფისში განზრახ მოწყობილმა ხანძარმა ექვსი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ჩაპეტონი, რომელმაც მექრთამეობისა და ნეპოტიზმის წინააღმდეგ გაილაშქრა, ამბობს, რომ „მრავლის მიღწევით ამაყობს, მიუხედავად მის ხელთ არსებული შეზღუდული რესურსებისა“.
ცილისმწამებლები არსეს ძალადობის წასაქეზებლად საზოგადოებრივი რესურსების არასათანადოდ გამოყენებაში სდებენ ბრალს, რასაც იგი უარყოფს. „ყველაფერ ამაში დიდი მაჩიზმია. ვფიქრობ, ჩემთვის ჭკუის სწავლება და სხვებისთვის ჩემი მაგალითად ქცევა სურდათ“, – ამბობს არსე.
თავდასხმიდან რამდენიმე კვირის გასვლის შემდეგ არსე დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად კოჩაბამბაში თავის სამსახურს დაუბრუნდა, რომლის ვადაც 2020 წლის 30 მაისს ეწურებოდა. დეკემბრის თბილ დილას მაგიდასთან დამხვდა. „შიში მუდამ თან მდევს. აქ თავს დაცულად არ ვგრძნობ“, – მითხრა მან.
ამბოხისას მის კაბინეტს ფანჯრები ჩაუმსხვრიეს და ჯერაც ცელოფნის პარკები იყო აკრული, „ქალებმა (პოლიტიკური) ასპარეზი ბრძოლით მოვიპოვეთ და მას ვერ დავთმობთ, – თქვა ცრემლმორეულმა არსემ, რომელსაც მის მიერ დაკავებული მერის თანამდებობა ჰქონდა მხედველობაში, – თუ დავნებდები და მათ გამარჯვების საშუალებას მივცემ, ეს როგორი გზავნილი იქნება ხალხისადმი, იმ ქალებისადმი, რომელთაც მიზნისკენ შეუჩერებლივ სვლას მოვუწოდებ?“
ისტორიის განმავლობაში და მთელ მსოფლიოში ქალები, რომლებიც პოლიტიკურ ძალაუფლებას ესწრაფოდნენ, ხშირად აწყდებოდნენ წინააღმდეგობას, შეურაცხმყოფელი მიმართვებიდან, პოლიტიკურ ნიადაგზე მკვლელობამდე. ქალებმა საგრძნობ წარმატებას მიაღწიეს, მაგრამ მათ კვლავაც ნაცნობი დაბრკოლებები ხვდებათ. მსოფლიოს ქვეყნების ნახევარზე მეტში, რომელთა რიცხვში ბოლივიაც არის და ავღანეთისა და ერაყის მსგავსი კონფლიქტებით დაზარალებული სახელმწიფოებიც, დღეს საკანონმდებლო გენდერული კვოტირება ქალთა ფორმალურ პოლიტიკურ თანამონაწილეობას უზრუნველყოფს, მაგრამ ასეთ კვოტირებას თავისი შეზღუდვებიც აქვს. ზოგიერთი მას აკრიტიკებს როგორც არადემოკრატიულსა და დისკრიმინაციულ წესს და ამტკიცებს, რომ ქალებისთვის მხოლოდ და მხოლოდ სქესის საფუძველზე უპირატესობის მინიჭებით, მსგავსი კვოტირება დამსახურებების პრინციპით არჩევას უთხრის ძირს. და კვოტირება ქალ ხელისუფალთ ვერ იცავს მათდამი გამოთქმული ზოგჯერ უხამსი, სექსისტური ხასიათის კრიტიკისგან.

ვინტოს მერი, 48 წლის მარია პატრისია არსე-გუსმანი თავდასხმის მსხვერპლი გახდა 2019 წლის არჩევნების შემდგომი სასტიკი საპროტესტო გამოსვლებისას. იგი მიიჩნევს, რომ თავდასხმის სამიზნე გახდა, რადგან ქალია და მხარს უჭერს ქალთა გაძლიერების პროგრამებს.
პოლიტიკური საშვისკენ დაბრკოლებების გადალახვა ერთი გამოწვევაა, ხოლო ის, თუ რისი გაკეთება შეუძლიათ ან არ შეუძლიათ ქალებს, როდესაც ხელისუფლების სადავეებს აიღებენ ხელში – მეორე. პარტიასა თუ პარლამენტში ქალების შეყვანას მხოლოდ საჩვენებელი ხასიათი ექნება, თუკი ქალი პოლიტიკოსები გამოჩნდებიან, მაგრამ ნაკლებად იქნებიან შესმენილნი. შემდეგ კი დგება საკითხი, თუ რომელნი შეაღწევენ ქალთაგან ძალაუფლების კულუარებში და რამდენად წარმოადგენენ ისინი სხვებს.
ზოგიერთმა მთავრობამ პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის მხრივ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია, კვოტირების დაწესების გარეშეც.
ახალი ზელანდია – მსოფლიოში პირველი ქვეყანა, სადაც 1893 წელს ქალებმა ხმის მიცემის უფლება მიიღეს – მსოფლიოში მე-20 ადგილზეა პარლამენტში ქალ წევრთა რაოდენობით. შედარებისთვის, პარლამენტთაშორისი კავშირის – შვეიცარიაში მდებარე პარლამენტების გლობალური ორგანიზაციის – თანახმად (საქართველოს 145-ე), ხოლო შეერთებულ შტატებს 81-ე ადგილი უჭირავს. ზოგიერთ ქვეყანაში ქალების ყოფნა გადაწყვეტილების მიმღებ თანამდებობებზე მაინცდამაინც არ ნიშნავს ამ ქვეყანაში ქალთათვის უფრო მეტ გენდერულ თანასწორობას. ძალაუფლებაში ყოფნა ყოველთვის არ ნიშნავს ძალაუფლების ქონას.


ბოლივია
(მარცხნივ) ელ-ალტოს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის ოფისში ორშაბათობით დილიდან რიგში მდგომ ქალებს ამ ოფისში ძალადობის შესახებ განაცხადები შეაქვთ, რომლებიც ჩამწკრივებულ თაროებზე დახვავებულა.
(მარჯვნივ) 2020 წლის იანვარში ლა-პასში, საპრეზიდენტო სასახლის წინ, ფემიციდის მსხვერპლთა ოჯახის წევრები საპროტესტო აქციას ატარებენ. ამ დღეს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ხეანინე ანიეს ჩავესმა, იმ კანონის ცვლილებისკენ მოუწოდა, რომელიც მოძალადეებს ხელს აფარებს.
ოდესღაც ერაყი ახლო და შუა აღმოსავლეთში ქალთა უფლებების მხრივ მოწინავე ხაზზე იდგა. ქვეყანაში 1959 წელს მიღებულმა პირადი სტატუსის კანონმა მრავალცოლიანობა და ბავშვთა ქორწინება შეზღუდა, იძულებითი ქორწინებები აკრძალა და ქალთა უფლებები გააუმჯობესა განქორწინების, ბავშვზე მეურვეობისა და მემკვიდრეობის კუთხით. სადამ ჰუსეინის სეკულარული პარტია „ბაასის“ მიერ შემუშავებული 1970 წლის კონსტიტუციით ყველა მოქალაქეს თანაბარი უფლებები მიენიჭა.
ჰუსეინი სასტიკი, სისხლიანი დიქტატორი იყო, მაგრამ 2003 წელს მისმა დამხობამ გზა გაუხსნა კონსერვატიული სასულიერო პირებისა და პარლამენტარების აღზევებას, რომელთაც ქალთა უფლებების შეზღუდვა სურდათ. რელიგიურ პოლიტიკურ პარტიებს „მართლაც არ სჯერათ, რომ ქალებს მაღალ თანამდებობებზე მუშაობა შეუძლიათ“, – ამბობს ჰანა ედვარი, რომელიც 50 წელიწადზე მეტია ადამიანის უფლებების სფეროში მუშაობს.
2003 წლის შემდგომი კონსტიტუციის დადგენილებით, ქვეყნის საპარლამენტო ადგილთა მეოთხედი ქალთათვისაა განკუთვნილი, მაგრამ, დარბაზში ყოფნა მაინცდამაინც არ ნიშნავს იმას, რომ მათ ვინმე მოუსმენს. ნურა ალ-ბაჯარი, 2010 წელს პირველად არჩეული ქალი პარლამენტარი მოსულიდან, ამბობს, რომ პარლამენტში გაბატონებული რელიგიური პარტიები და გაერთიანებები „მიიჩნევენ, რომ ქალები იქ უბრალოდ რაოდენობის შესავსებად არიან და არა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში რეალურად მონაწილეობის მისაღებად“.
ერაყის მინისტრთა კაბინეტში ან სხვა მაღალი დონის თანამდებობებზე ქალები არ ინიშნებიან და, ალ-ბაჯარის თქმით, ერაყელი ქალი პარლამენტარები ერთმანეთის მოკავშირენი არ არიან, „გულახდილად რომ გითხრათ, ჩვენ, ქალები, ერთმანეთს და ამით, საკუთარ თავებს არ ვუჭერთ მხარს. ხშირად, საქმე შურში, თავკერძობასა და მეტოქეობაშიცაა“.

ჯუდიტ იოლანდა ვეგა (მარცხნივ) დასთან, ესტელასთან ერთად ლოცულობს იქ, სადაც ჯუდიტის 18 წლის ქალიშვილის, ებიგეილ კინტანას გვამი იპოვეს. ფემიციდის მსხვერპლთა სახელით სამართლის მისაღწევად დებმა ჯგუფი ჩამოაყალიბეს.
ედვარის თქმით, ერაყის 84 ქალი კანონმდებელი რომ გაერთიანდეს, 329-ადგილიან პარლამენტში ისინი მნიშვნელოვან ბლოკს ჩამოაყალიბებდნენ. 2018 წლამდე პარლამენტში ქალთა დახურული ფრაქციის ჩამოყალიბების მცდელობები მარცხით დასრულდა. ედვარი სემინარებს უტარებს კანონმდებლებს და ცდილობს, რომ ქალთა მიმართ დამოკიდებულება შეცვალოს პარლამენტში.
„ჩვენ არ გვსურს კონფრონტაცია, არამედ, თანამშრომლობა, თუნდაც ქალთა იდეებთან დაპირისპირებულ აგრესიულ პოლიტიკოსებთან“, – ამბობს ედვარი.


ახალი ზელანდია
(მარცხნივ) მაორი ზედამხედველები 2020 წლის უაიტანგის დღეზე. 900-მდე მოხალისე ზედამხედველი ადგილობრივ თემებში ჯანდაცვასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას უწყობს ხელს.
(მარჯვნივ) პარლამენტის წევრი კირიტაპუ ალანი მატაატუა კაპა ჰაკას საშემსრულებლო ხელოვნების კონკურსს ესწრება ქალიშვილ ჰივაიტერანგი ალან-კოუტსთან ერთად. ალანის თქმით, მისი მთავარი საზრუნავი მოშორებულ და სასოფლო თემებში მცხოვრებთა და სხვათა ინტერესების დაცვაა.
ის ისეთ ხალხს გულისხმობს, როგორიც 2014 წელს „ჯაფარის კანონად“ ცნობილი კანონპროექტის მხარდამჭერი კონსერვატიული პარლამენტარები არიან. ამ დოკუმენტის სხვა 254 მუხლს შორის ისეთი დებულებაც შედიოდა, რომელიც, არც მეტი, არც ნაკლები, ცხრა წლის გოგონების ქორწინებას კანონიერს ხდიდა, ხოლო მეორე დებულების თანახმად, ქმარი არ უნდა ყოფილიყო ვალდებული, ცოლს ფინანსურად დახმარებოდა, თუ ეს უკანასკნელი ძალზე ახალგაზრდა ან ძალზე ხანდაზმული იქნებოდა მისი სქესობრივად დაკმაყოფილებისათვის. ქალთა უფლებების აქტივისტები ამ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა წარმმართველ ძალას წარმოადგენდნენ და მისი საპარლამენტო დღის წესრიგიდან ამოღება შეძლეს.
„მას საზოგადოებრივი აზრი დავუპირისპირეთ. ისეთი ბედნიერი ვიყავი იმის შემხედვარე, რომ მას არა მხოლოდ ჩვენი ხმები, არამედ … ერაყის საზოგადოების აზრიც მკვეთრად დაუპირისპირდა. ეს უბედნიერესი წუთი იყო“, – ამბობს ედვარი.
ავღანელ ქალებს, ერაყელთა მსგავსად, ომიანობის ათწლეულების, უცხოელთა სამხედრო ჩარევების, თალიბანის მსგავსი რადიკალური ისლამისტების აღზევების, დაცემისა და ხელახლა აღზევების და პოლიტიკური არამდგრადობისა და დაუცველობის პირისპირ ყოფნა უწევთ. თუმცა, ქალთა ფრაქცია იქ ათწლეულის წინ შეიქმნა. იქ 27%, ანუ ავღანეთის ქვედა პალატის 249 ადგილიდან 68, ქალთათვისაა განკუთვნილი.
შინქაი ქაროხაილი დედაქალაქ ქაბულის წარმომადგენლად პარლამენტში პირველად 2005 წელს აირჩიეს. მან ქალთა ფრაქციის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, რომელსაც „შიიტური პირადი სტატუსის კანონად“ ცნობილი კანონპროექტის ადრეულმა ვერსიამ უბიძგა მოქმედებისკენ. მისი შინაარსი ერაყის „ჯაფარის“ კანონპროექტის მსგავსი იყო. „საშინელებები ეწერა“, – ამბობს ქაროხაილი კანონპროექტის მუხლების შესახებ.
„პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ ამ საზოგადოებაში გადაწყვეტილების მიმღებნი კაცები არიან“, – ამბობს ქაროხაილი, რომელსაც ამ კანონპროექტის წინააღმდეგ გამოსვლისთვის მოკვლითაც ემუქრებოდნენ.
ქალთა საპარლამენტო ფრაქციაში შედიან ქალები სამოქალაქო საზოგადოებიდან, სასამართლო ხელისუფლებიდან და მედიიდან, მაგრამ მისი 150-მდე წევრიდან ქალი პარლამენტარი მხოლოდ ოცდახუთამდეა: „ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ერთ მუჭად შევკრულიყავით და გვეთქვა, თუ რა არის ჩვენი პრიორიტეტი. ჩვენ ავღანეთის ქალთა სასიკეთოდ უნდა ვიშრომოთ“, – ამბობს ქაროხაილი.

პრემიერმინისტრი ჯასინდა არდერნი ახალი ზელანდიის პარლამენტს მიმართავს. კოვიდ-19-ის კრიზისისას მან გადამწყვეტი ზომები მიიღო ქვეყანაში მკაცრი იზოლაციის გამოსაცხადებლად. „კივებო, წადით სახლში. იყავით ძლიერნი და გულისხმიერნი“. – თქვა მან
ამ კანონპროექტში შესწორებები შევიდა და ქალთა უფლებების აქტივისტების მხრიდან უწყვეტი წინააღმდეგობის მიუხედავად, ის 2009 წელს კანონის სახით დაამტკიცეს – იმავე წელს, როდესაც ქალთა მიმართ ძალადობის საწინააღმდეგო კანონი მიიღეს, რომელსაც ქალთა ფრაქცია იცავდა.
დღეს ავღანელი ქალები ახალი, მაგრამ ნაცნობი გამოწვევის – თალიბანისა და ქალთა მიმართ მისი მჩაგვრელი მიდგომების დაბრუნების – წინაშე დგანან. 2001 წელს, 11 სექტემბრის მოვლენების შემდეგ, ამ დაჯგუფების მიერ „ალ-ქაიდას“ ლიდერის, ოსამა ბინ ლადენის, ავღანეთში შეკედლების გამო შეერთებული შტატების მეთაურობით შეჭრილმა სადამსჯელო ჯარებმა დაამხეს თალიბანის მთავრობა. 2020 წლის თებერვალში შეერთებულმა შტატებმა თალიბანთან სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერა ხელი, რომლის მიზანიც 18-წლიანი ომის დასრულება იყო. გაუგებარია, ჯერ კიდევ რა გავლენა აქვს თალიბანს ამ ომით განადგურებული ქვეყნის შიგნით და როგორ აპირებს მის გამოყენებას, როდესაც შეერთებული შტატების ჯარები იქიდან გავლენ.
„ჯერჯერობით ნამდვილად არ ვიცით, ჩვენ მხრიდან რისი დათმობა და მსხვერპლად გაღება სურს თალიბანს, – ამბობს ქაროხაილი, – ქალები მუდამ წაგებულნი იყვნენ ომში და ჩვენ არ გვსურს, რომ სამშვიდობო შეთანხმების შედეგად დამარცხებულნიც ვიყოთ“. მისი თქმით, ქალებმა დაიმსახურეს მოლაპარაკების მაგიდასთან ჯდომის უფლება.
ქალთა უფლებების ცნობილი დამცველი და ისლამის მკვლევარი, ჯამილა ავღანი, იმ მცირერიცხოვან ქალთა შორის იყო, რომელთაც თალიბანთან შეხვედრის საშუალება მისცეს. იგი ქალთა დელეგაციაში შედიოდა, რომელიც შარშან ზაფხულში კატარის დედაქალაქ დოჰაში სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართულ თალიბანის წარმომადგენლებს შეხვდა.
ავღანეთის ქალები ახალი გამოწვევის წინაშე დგანან. მათ იმ უფლებების დაკარგვისა ეშინიათ, რომლებიც 2001 წელს ხისტი თალიბური მთავრობის დამხობის შემდეგ მოიპოვეს.
„თალიბანმა გვითხრა, რომ დაეთანხმებიან ქალთათვის შარიათით მიცემულ უფლებებსა და წესებს“, უფრო ზუსტად კი, ამ უფლებების მათეულ განმარტებას, რომელსაც ავღანი მიიჩნევს „სრულიად მიუღებლად და არაისლამურად“ ქალთათვის დაწესებული შეზღუდვების გამო. „ჩვენ ვერ დავუბრუნდებით მაშინდელ, თალიბანის მმართველობისდროინდელ ყოფას. ისინი ქალებს სკოლასა და სამსახურში სიარულს უკრძალავდნენ. ამგვარ რამეს ვერ მოვითმენთ“, – ამბობს იგი.
მას შემდეგ, რაც 2001 წელს თალიბანი მმართველობას ჩამოაშორეს, ავღანი ისლამის საშუალებით ქალთა გაძლიერების საკითხზე მუშაობს და თავისი „ნურის საგანმანათლებლო და პოტენციალის განვითარების ორგანიზაციის“ მეშვეობით ქვეყნის მასშტაბით 6000-მდე იმამს ქალთა უფლებებს აცნობს. მან ასევე 50 000-მდე გოგონასა და ქალისთვის წერა-კითხვის შესწავლა და რელიგიური განათლების მიღება უზრუნველყო. იგი ამბობს, რომ თალიბანი „ბევრჯერ, ძალიან ბევრჯერ“ დამუქრებია და გასული რვა წლის განმავლობაში მის ქსელში გაწევრიანებული რვა იმამი მოკლეს. მას სურს, რომ „ისლამის მცოდნე“ ქალმა აქტივისტებმა ერთობლივად შეიმუშაონ შარიათის ისეთი ინტერპრეტაციები, რომლებიც თალიბანის ვერსიის ალტერნატივები იქნება.
მაგრამ ქაროხაილისა და ავღანის ხედვა ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება. ამბობს, რომ მართალია, თალიბანთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში ქალთა მონაწილეობა მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ „რომელ ქალებზე ლაპარაკობთ? … არ შეიძლება, მცირეოდენი პოლიტიკური ელიტა დაუშვათ სადღაც და შემდეგ თქვათ, რომ შეხვედრაზე ქალები იყვნენ წარმოდგენილნი“.


ავღანეთი
(მარცხნივ) 28 წლის პარლამენტარი მარიამ სამა პარლამენტს ტოვებს – იმ დღეს, როდესაც საკანონმდებლო ორგანომ ძლივს მიიღო ბავშვთა უფლებების დაცვის კანონი. „ჩვენ ვართ ომის შემდგომი, ახალი თაობის ქალები. ჩვენ მოთხოვნები გვაქვს“, – ამბობს იგი.
(მარჯვნივ) 28 წლის ზარიფა ღაფარი ავღანეთის ვარდაკის პროვინციის (თალიბანის საყრდენი ტერიტორია) მერია. ღამეებს ქაბულში ატარებს, თუმცა, არც იქ არის უსაფრთხოდ: მარტში თავს დაესხნენ, მაგრამ არ დაშავებულა.
ავღანის მსგავსი კრიტიკა აქამდეც მოუსმენია; „ხანდახან ვფიქრობ, რა უნდა ვქნა? სამოქალაქო საზოგადოება თავშეკავებულია, ფიქრობს, რომ კონსერვატორი ან ისლამისტი ვარ, ზოგიერთი ისლამისტი კი აცხადებს, რომ ახალი ტიპის ისლამი შემომაქვს. ყველას წარმომადგენელი ვერ ვიქნები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ შემიძლია იმ მრავალი ქალის წარმომადგენლად ყოფნა, ვისაც ისლამური ღირებულებებისა სწამს“.
ეს ის საკითხია, რომელთა მოგვარებასაც თვით ახალი ზელანდიის მსგავსი მშვიდობიანი, ისტორიულად პროგრესული დემოკრატიული სახელმწიფოებიც ცდილობენ: რომელ ქალთა სიტყვას ისმენენ, რომელი თემებიდან და ვისი სახელით ლაპარაკობენ ისინი? ახალი ზელანდიის ამჟამინდელი მეთაური, 39 წლის ჯასინდა არდერნი, ქვეყნის მესამე ქალი პრემიერმინისტრია. ახალ ზელანდიას პრემიერმინისტრი არასოდეს აურჩევია მისი მკვიდრი მაორი მოსახლეობიდან, რომელიც ქვეყნის თითქმის ხუთი მილიონი მცხოვრებიდან დაახლოებით 16,5%-ს შეადგენს. მაორი წევრები პარლამენტში 1868 წლიდან შევიდნენ, დღეს კი, 150 წელიწადზე მეტი ხნის შემდეგ, შვიდი არჩეული მაორი და წარმომადგენლობით პალატაში სულ 29 მაორი წევრია, რომელთაგან 11 ქალია.
ოკლენდის უნივერსიტეტის პროფესორის, მაორების კულტურის მკვლევრის, ადგილობრივი ივის (ტომის) პარლამენტის თავმჯდომარისა და თავისი ნგატი კაჰუს ტომის ბელადის, მარგარეტ მუტუს თქმით, კოლონიზაციამდე მაორი ქალები „მამაკაცებთან ინაწილებდნენ თანაბარ, მაგრამ ურთიერთშემავსებელ ძალაუფლებას“. იგი ამბობს, რომ ქალები თავიანთი ხალხის სულიერ კეთილდღეობაზე იყვნენ პასუხისმგებელნი, ხოლო მამაკაცები ამქვეყნიურ საკითხებს აგვარებდნენ.
„გადაწყვეტილებების მიღებისა და ძალაუფლების გამოყენების მხრივ, ქალებს არსებითი ადგილი ეჭირათ“, – ამბობს იგი და დასძენს, რომ კოლონიზატორთა დასავლურმა პატრიარქალურმა ტრადიციებმა, განსაკუთრებით კი ქრისტიანობამ, „ამ სისტემას უზარმაზარი ზიანი მიაყენა“.
1800-იანი წლების ბოლოს მაორი ქალები ქალთათვის ხმისა და პარლამენტში არჩევის უფლებების მოსაპოვებლად იბრძოდნენ. მუტუს თქმით, „მაორი ქალებს არასოდეს დაუშვიათ, რომ მათ როლი ან ხმა არ გააჩნდათ, როგორც ამას თეთრკანიანი ქალები უბრალოდ უშვებდნენ“.
მაორების კულტურამ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მრავალმხრივ მოიკიდა ფეხი, მაგრამ ასიმილაციაც შეიძლება კოლონიალიზმის ერთ-ერთი ფორმა იყოს. მაორების მისალმებები, მაგალითად, „კია ორა“, არამაორი ადამიანების მიერ ფართოდ გამოიყენება, სკოლის მოსწავლე ბიჭებს კი, ჰაკას საბრძოლო ცეკვის შესრულებას ასწავლიან. გარეგნული ინტეგრაციის მიუხედავად, ზოგიერთ მაორი და არამაორი თემებს შორის ურთიერთობა დაძაბულია და სავსეა მიწის უფლებებთან დაკავშირებული გადაუწყვეტელი დავებითა და ბრალდებებით, რომ სახელმწიფო მაორი ქალების მიმართ ტენდენციურია.
36 წლის კირიტაპუ ალანი ლეიბორისტულმა პარტიამ პარლამენტში შეიყვანა და იგი 120-წევრიან წარმომადგენელთა პალატაში 29 მაორიდან ერთ-ერთია. ალანი იხსენებს, 17 წლისა რომ იყო, როგორ მგზავრობდა ბლის საკრეფად უელინგტონის გავლით ავტოსტოპით, რათა პლანტაციებისკენ მიმავალი ბორნისთვის მიესწრო. იგი იგონებს, „სკად“ წოდებულ პარლამენტის შენობას რომ უყურებდა და უნდოდა გაეგო, რატომ გრძნობდა ასეთ გაუცხოებას „ძალაუფლების იმ კულუარებსა თუ პარლამენტის პალატებთან“. ფიქრობდა: „აქ მყოფი ხალხი როგორ წარმომადგენს მე – და ესმით კი მათ ჩვენნაირი ხალხისა?“

ქაბულის ზარღონას სკოლა ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი გოგონათა სკოლაა 8500-ზე მეტი მოსწავლითა და 230 მასწავლებლით. სკოლაში შიშობენ, რომ თალიბანმა ძალაუფლება კვლავ შეიძლება ჩაიგდოს ხელში და გოგონებს განათლების მიღება აუკრძალოს.
სამართლისა და პოლიტიკის შესასწავლად ალანი კოლეჯში დაბრუნდა. სწავლის პერიოდში იგი არდერნის ლეიბორისტულ პარტიაში გაწევრიანდა და მაშინდელი პრემიერმინისტრის, ჰელენ კლარკის ადმინისტრაციაში სტაჟიორად დაიწყო მუშაობა. ალანი ამბობს, რომ მან როგორც ახალგაზრდა მაორი ქალმა მხოლოდ ფიზიკური შრომის გამოცდილებითა და ერთსქესიან ურთიერთობაში მყოფმა დაქორწინებულმა დედამ, 2017 წელს პარლამენტში შეაღწია დიდი იღბლისა და მუხლჩაუხრელი შრომის წყალობით და არა რაიმე სტრუქტურული კიბის მეშვეობით, რომელიც მას დაწინაურებაში მიეხმარებოდა. „ახალგაზრდა ხარ და მკვიდრი, თუ ახალგაზრდა და ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი, ან ახალგაზრდა და ქალი, თუკი არაპრივილეგირებულად ცხოვრობთ, არსებითი გამოწვევების გადალახვა გიხდება“, – ამბობს იგი.
პრემიერმინისტრი ჯასინდა არდერნი პრესის პირველ გვერდებზე მოხვდა როგორც დაუქორწინებელი ფეხმძიმე ქალი, რომელიც ქვეყანას მართავდა. როდესაც ალანმა თავისი ოთხი თვის ჩვილი პარლამენტში წაიყვანა, მისი თქმით, ამით გამოიწვია „უზარმაზარი გესლიანი წინააღმდეგობა. როგორ ბედავს დედა, პარლამენტში იყოს და თან ბავშვს უვლიდეს? თუკი გვსურს, რომ სულ უფრო მეტ ქალს შევუწყოთ ხელი არა უბრალოდ სამუშაოდ, არამედ ძალაუფლებისა და ხელმძღვანელი თანამდებობებისკენ, მაშ, ქალებმა მართლაც ისე უნდა აიღონ მართვის სადავეები ხელში, როგორც ეს სინამდვილეშია საჭირო“.
2017 წელს თავისი ამაღელვებელი პირველი საჯარო გამოსვლისას კივის ბუმბულებისგან დამზადებულ ოჯახის საგვარეულო კოროვაის ლაბადაში გამოწყობილმა ალანმა მოყვა, როგორ დასაჯეს მისი ბებია, რომლის სახელიც მას ჰქვია, სკოლაში მშობლიურ ენაზე ლაპარაკის გამო და როგორ შეუცვალეს სახელი „კირიტაპუდან“ „კიტიზე“.
„იმ სკოლაში ბებიას საკუთარი იდენტობა და, ზოგიერთი იტყვის, რომ ხმაც წაჰგლიჯეს. ასე რომ, ბებია, ვდგავარ აქ, ამ პალატაში, რათა პატივი მივაგო შენს სახელს, გავახმოვანო უხმონი, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზის გამო საკუთარ სათქმელს ვერ ამბობენ“, – თქვა ალანმა თავის სიტყვაში.
ალანის გადაწყვეტილებას, გამხდარიყო იურისტი, შემდეგ კი – პოლიტიკოსი, სამართალთან, ადამიანის უფლებებთან, სახელმწიფო ხელისუფლებასა და ადგილობრივ თემებზე გავლენასთან დაკავშირებულმა საკითხებმა მისცა ბიძგი. „ამან ბიძგი მისცა ჩემს კარიერას – იმას, რომ ნამდვილად გავრკვეულიყავი სამართალსა და მის პრაქტიკულ გამოყენებაში, იმაში, თუ როგორ შეიძლებოდა სამართლის გამოყენება არა მხოლოდ ჩაგვრის საშუალებად, არამედ როგორ შეიძლებოდა მისი ქცევა განთავისუფლების ან ჩაგვრის აღმკვეთ საშუალებად მაინც“.
და მაინც, მხოლოდ და მხოლოდ კანონი ბევრს ვერაფერს იზამს. საკანონმდებლო რეფორმასაც თავისი ჩარჩოები აქვს, განსაკუთრებით, თუ საზოგადოებრივი დამოკიდებულებები არ შეიცვალა ან არსებულ კანონთა აღსრულება სუსტია. ქაღალდზე ბოლივიის 2009 წლის კონსტიტუცია ქალთათვის თანაბარ უფლებებს უზრუნველყოფს. 2013 წლის 348-ე კანონის მსგავსი კანონმდებლობა ქალთა მიმართ ძალადობას სისხლის სამართლებრივ დანაშაულად ცნობს და ფემიციდისთვის 30-წლიან პატიმრობას განსაზღვრავს ვადამდელი განთავისუფლების გარეშე, მაგრამ განაჩენის გამოტანის რაოდენობრივი მაჩვენებელი სავალალოდ მცირეა. ფემიციდის საქმეთა 4%-ზე ნაკლები სრულდება სასჯელის დადებით.
2019 წლის აპრილში 32 წლის პარლამენტარმა, შირლი ფრანკო-როდრიგესმა, ფემიციდისა და გაუპატიურების საქმეების სასამართლო დაგვიანებების შესასწავლად კომისიის ჩამოყალიბება მოითხოვა. „პრობლემა იმაშია, რომ, მართალია, კანონებიც, უფლებებიცა და სანქციებიც გვაქვს, მაგრამ არ არსებობს მათი დაცვის უზრუნველმყოფი მექანიზმები, ასე რომ, ყველაფერი რიტორიკულია; ისინი არ მუშაობს“, – ამბობს იგი.
პოლიტიკაში ქალებზე ძალადობა და მათი შეურაცხყოფა იმდენად გავრცელებულია, რომ ამასთან საბრძოლველად 2012 წელს ბოლივიამ პირველმა მიიღო კანონი. 243-ე კანონი სისხლის სამართლებრივ დანაშაულად აღიარებს ისეთ ქმედებებს, როგორებიცაა ქალი პოლიტიკოსების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელება მათდამი ნდობის დაკარგვის მიზნით, ან, როგორც ეს მერ არსეს შემთხვევაში მოხდა, ქალზე ზეწოლა არჩევნების გზით დაკავებული თანამდებობიდან გადადგომის მიზნით და მასზე ფიზიკური თავდასხმა. მერმა ოფიციალური საჩივარი შეიტანა, მაგრამ არ იცის, სამართალს მიაღწევს თუ არა.
პოლიტიკაში ქალებზე ძალადობა და მათი შეურაცხყოფა იმდენად გავრცელებულია, რომ ამასთან საბრძოლველად 2012 წელს ბოლივიამ პირველმა მიიღო კანონი.
2019 წელს ბოლივიის დეპუტატ ქალთა ასოციაციამ, არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელიც ქალთა პოლიტიკური უფლებების დასაცავად დეპუტატებსა და მერებს ერთად უყრის თავს, სხვადასხვა ფორმით შევიწროებისა და დაშინების თაობაზე 127 საჩივარი მიიღო. 2018 წელს 117 საჩივარი ჰქონდათ, 2017-ში კი – 64.
ამ ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი, ბერნარდა სარუე-პერეირა ეჭვობს, რომ სინამდვილეში ეს რაოდენობა გაცილებით მეტია, მაგრამ ქალებს შიში ხელს უშლით, განაცხადონ შეურაცხყოფისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ.
ბოლივიის 339 მუნიციპალიტეტში მხოლოდ 33 ქალი მერია, რომელთაგან 11-ს საჩივარი აქვს შეტანილი. დაზარალებული ბოლივიელი ქალები ხელისუფლების ყველა დონეზე მოღვაწეობენ, მათ შორის პარლამენტში და ისინი ფართო პოლიტიკური სპექტრიდან არიან. შევიწროება არაა დამახასიათებელი ერთი რომელიმე გეოგრაფიული მდებარეობისთვის ან არ ეხება მხოლოდ რომელიმე კონკრეტული ეროვნების ქალებს ამ ქვეყანაში, რომელშიც მოსახლეობის 48%-მდე მკვიდრი წარმომავლობისაა. „ეს უბრალოდ ყველა ქალს ეხება, ვინც პოლიტიკურ ძალაუფლებას აღასრულებს“, – ამბობს პერეირა.
ზოგიერთი მერისთვის, მაგალითად, ბერტა ელიანა კისპე-ტიტოსთვის, სამუშაო ადგილზე მისვლაში შეუშლიათ ხელი, ფიზიკურად დასხმიან თავს და მის ოჯახს დამუქრებიან. კისპე 27 წლის იყო, როდესაც 2015 წელს პირველ ქალ მერად დაინიშნა კოიანაში, პატარა სასოფლო მუნიციპალურ დასახლებაში. ის 5000 მოსახლეს ითვლის ადგილობრივი აიმარას ჯგუფიდან, რომელსაც კისპეც განეკუთვნება. MAS-ის პარტიის წევრ კისპეს თქმით, მას სირთულეები დაეწყო, როდესაც კირქვის მოპოვების მრეწველობის მოწესრიგებას შეუდგა. 2016 წლის სექტემბრის ერთ ღამეს, როდესაც სამსახურიდან წამოვიდა, ნიღბიანმა კაცებმა სცემეს.
„გამაფრთხილეს, რომ თუ არ გადავდგებოდი, შედეგებზე ჩემი დები, ჩემი ოჯახი აგებდა პასუხს“, – ამბობს კისპე. თვითმმართველობიდან მისი ოთხი თანამშრომელი გაიტაცეს, რომელთა დაბრუნების სანაცვლოდ, კისპეს საჩივარი უნდა გამოეტანა. ის ასეც მოიქცა, გატაცებების გამო საქმე არც კი აღძრულა. მუნიციპალიტეტის იმ შენობის კარი, რომელშიც ის მუშაობდა, შეადუღეს, ჩარაზეს და აგურებით ამოაშენეს და კისპე იძულებული გახდა, თავისი უსაფრთხოებისთვის სხვა ქალაქში გადასულიყო.
ელ-ალტოს 39 წლის აიმარა მერი, სოლედად ჩაპეტონ-ტანკარა, პოლიტიკური სპექტრის სხვა მხრიდანაა. ეროვნული ერთიანობის ფრონტის წევრმა ჩაპეტონმა მოწინააღმდეგე პარტიიდან მამაკაცი თანამდებობის პირი გადააყენებინა და ფესვგადგმულ კორუფციასთან ბრძოლა გააჩაღა თავის მილიონიან ქალაქში, რომელიც ბოლივიაში სიდიდით მეორეა, რაც მისი მოღვაწეობის ქვაკუთხედად იქცა.
ჩაპეტონი თვლის, რომ გაუმართლა, მუნიციპალიტეტის შენობაში რომ არ იმყოფებოდა, როდესაც 2016 წლის 17 თებერვალს განზრახ მოწყობილმა ხანძარმა ექვსი საჯარო მოხელე შეიწირა. სჯერა, რომ იგი თავისი ანტიკორუფციული საქმიანობის გამო იქცა სამიზნედ. გასული ოქტომბრის საკამათო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ჩაპეტონს კვლავ დაესხნენ თავს, რადგან, მისი თქმით, – „მრავალი ადამიანი ამბობდა, რომ ჩემ გამო MAS-ის პარტიამ ელ-ალტოში მხარდაჭერა დაკარგა“, გადაწვეს მერის ოფისი და სახლი, სადაც ჩაპეტონი მშობლებთან ერთად ცხოვრობდა. იგი დროებით ოფისში გადავიდა, ხოლო განცალკევებულ ოჯახს რამდენიმე გაუმჟღავნებელ ადგილსამყოფელზე მოუწია გადასვლა. ტელეფონში იყურება და იმ მუქარის შემცველ გზავნილებს მიჩვენებს, სისტემატურად WhatsApp-ით რომ იღებს. „ცოდვებისთვის მიგეზღვება“ – წერია ერთ-ერთში. „ამ ყველაფერს ეს კახპა სჩადის, – ნათქვამია სხვა შეტყობინებაში, – მისი თანამდებობიდან წასვლა გვინდა!“
ჩაპეტონი კი ამას არ გეგმავს. „არასოდეს დავეჭვებულვარ, – ამბობს იგი, – ვიცოდი, რომ სწორად ვმოქმედებდი“.
რანია აბუზეიდმა National Geographic-ის 2019 წლის ნოემბრის ნომრისთვის რუანდასა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ქალთა მზარდი შესაძლებლობების შესახებ დაწერა. ანდრეა ბრიუსმა 2017 წლის აგვისტოში სანიტარიული პირობების შესახებ სტატიისთვის გადაიღო ფოტოები.