მდინარე სენის რენესანსი
საფრანგეთის ყველაზე სახელგანთქმული მდინარე ოლიმპიური მასშტაბით იწმინდება
მდინარე სენის რენესანსი
საფრანგეთის ყველაზე სახელგანთქმული მდინარე ოლიმპიური მასშტაბით იწმინდება
მამაკაცი პარიზის ხელოვნების ხიდის მოაჯირზე ძვრება. ქვემოთ, წვიმის შედეგად ადიდებული სენის ყავისფერი ნაკადი ლუვრის მუზეუმის გასწვრივ მოთქრიალებს. უამრავი მაყურებელი იყრის თავს და აჩერდება სანახაობას. შემდეგ კი მამაკაცი ხტება.
ტომა ერთ-ერთია პარიზის უმაღლესი რანგის მეხანძრეთაგან, ვინც „ლა მონეს სამაშველო ცენტრში“, შუაგულ პარიზში მდებარე მოტივტივე სახანძრო სადგურზე მუშაობს (სამსახური ოფიციალურად მოითხოვს, უსაფრთხოების მიზნით თანამშრომელთა გვარები არ გამჟღავნდეს). ის სულ რამდენიმე წამს დაყოფს მდინარეში, სანამ სხვა მეხანძრეები 3°C ტემპერატურის წყლიდან ამოიყვანენ და სამაშველო ნავში გადაიყვანენ. ვარჯიში დასრულებულია; პილოტი სწრაფად იღებს გეზს ბაზისკენ – 1927 წლის სატვირთო გემისკენ, რომელიც რეკონსტრუქციის შედეგად აღჭურვილია სპორტული დარბაზით, აკვარიუმით და ღია ცის ქვეშ მდებარე საშხაპეებით, საიდანაც პარიზის უმშვენიერესი ხედები იშლება. ნავის ქვეშ გიგანტური, 180 სმ სიგრძის ლოქო ჩასაფრებულა, რომელსაც როჯერი შეარქვეს.
1811 წლიდან, ნაპოლეონის განკარგულების საფუძველზე, პარიზის სახანძრო ბრიგადა გახდა საფრანგეთის არმიის ქვედანაყოფი, რაც მხოლოდ საფრანგეთში გვხვდება. „სამდინარო“ ძალები მკაცრი მომზადებისა და შერჩევის პროცესს გადიან. ისინი აქრობენ ბარჟის ხანძრებს, დახრჩობისგან იხსნიან ადამიანებს; 2019 წლის აპრილის საბედისწერო დღეს მათ წვლილი შეიტანეს ნოტრ-დამის მძვინვარე ხანძრის ჩაქრობაში უშუალოდ სენიდან წყლის მიწოდებით.
წლების განმავლობაში ეს მეხანძრეები პარიზში იმ მცირერიცხოვან ჯგუფს მიეკუთვნებოდნენ, რომელთაც სენაში ცურვის ოფიციალური უფლება ჰქონდათ. სამდინარო ტრანსპორტის მიმოსვლისა და დაბინძურების მიზეზით, სენაში ცურვა უკვე 100 წელზე მეტია იკრძალება, თუმცა ეს მალე შეიცვლება. 1,5 მილიარდ დოლარად შეფასებული ამბიციური გაწმენდითი პროექტის შემდეგ, მდინარე წამყვან როლს შეასრულებს 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიურ და პარაოლიმპიურ თამაშებში. სენა ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიის სცენად იქცევა და, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, მდინარეზე სამი საცურაო ღონისძიებაც ჩატარდება.
„ჩვენი მიზანია ისეთი ოლიმპიური მემკვიდრეობა დავტოვოთ, რომ თქვენ და მე ან ნებისმიერს, ვინც პარიზში აღმოჩნდება, შეგვეძლოს სენაში ცურვა“, – ამბობს ქალაქის ვიცე-მერი პიერ რაბადანი, რომელიც პასუხისმგებელია სპორტზე, ოლიმპიურ და პარაოლიმპიურ თამაშებსა და სენაზე.
სიგრძის თვალსაზრისით, სენა ჯუჯასავითაა ნილოსთან, ამაზონთან, დუნაისა და ლუარასთან შედარებითაც კი. მიუხედავად ამისა, ამ 777-კილომეტრიან მდინარეს დაპყრობილი აქვს მთელი მსოფლიოს გონება, მისი მეანდრებიანი მოხაზულობა კი თვით საფრანგეთის მეტაფორას წარმოადგენს. „უკანასკნელი ოცი საუკუნის განმავლობაში სენის ნაპირებზე საფრანგეთის ისტორიის მრავალი გადამწყვეტი მომენტი გათამაშდა“, – წერს ისტორიკოსი ჟან ფავიე თავის წიგნში „პარიზი: ისტორიის ორიათასი წელიწადი“.
სანამ ის ონფლიორსა და ჰავრს შორის ზღვას შეუერთდება, სენის დაკლაკნილი მარშრუტი თითოეულ მოსახვევში ამბავს მოგვითხრობს: იქნება ეს რომაელთა მიერ გალიის დაპყრობა, ვიკინგების შემოსევები, რიჩარდ ლომგულის უშველებელი შატო-გაიარის დაცემა, მის ზვირთებში მიმოფანტული ჟანა დ’არკის ფერფლი, საფრანგეთის რევოლუცია თუ რესპუბლიკის აღზევება. გადასახლებაში გარდაცვლილი ნაპოლეონის ცხედარიც, საბოლოოდ, მისი ანდერძის თანახმად, პარიზს სენის გავლით დაუბრუნდა; მდინარეს იმპერატორი „მთავარ ქუჩად“ მოიხსენიებდა.
სენა დიდი ხანია ცივილიზაციისა და ეროვნული იდენტობის სახეა და ის საუკუნეების განმავლობაში წარმოადგენდა შთაგონების წყაროს ფრანგული კულტურისათვის – შუა საუკუნეების ფოლკლორიდან იმპრესიონისტულ მხატვრობამდე.

დიდი ხნის წინ, სანამ თანამედროვე კამპანიების წყალობით მდინარეებს პიროვნული უფლებები მიენიჭებოდათ, როგორც გარემოს დაცვის სამართლებრივი გზა, ფრანგ ხალხს სენა უკვე გაპიროვნებული ჰყავდა. მწერალ ვიქტორ ჰიუგოსთვის მდინარე იყო როგორც მუზა, ისე – მკვლელი მას შემდეგ, რაც მისი ქალიშვილი ლეოპოლდინი ნავზე უბედური შემთხვევის შედეგად დაიხრჩო. სენა პლენერული ფერმწერებისთვის პოზირებდა და მენესტრელებსა და მუსიკოსებს მელოდიებს ჩასჩურჩულებდა. ეს წყლოვანი პერსონაჟი კაცობრიობის ისტორიის უდიდეს მონაკვეთში წმინდად ითვლებოდა – განსაკუთრებით მის სათავესთან.
მიუხედავად იმისა, რომ მდინარე პასტორალურ ბურგუნდიაში იწყებს დინებას, მისი სათავე პარიზის საკუთრებაშია. ამ შთამბეჭდავად გამწვანებულ არემარეში პატარა წყაროები ერთ ნაკადად მოჩუხჩუხებენ. სენის პირველ გადასასვლელად პატარა საფეხმავლო ქვის ხიდი დგას. აქ ძველი კელტები მკურნალ მდინარის ქალღმერთ სეკვანას მსხვერპლს სწირავდნენ; მათ მოჰყვნენ გალო-რომაელი მლოცველები, რომელთა ტაძარი XIX საუკუნეში აღმოაჩინეს და გათხარეს არქეოლოგებმა. „ის ცნობილია თავისი ხის „ვოტივური ნივთებით“, სენისთვის შეწირული ქანდაკებებით“, – ამბობს სილვი რობენი, არქეოლოგიის მთავარი კურატორი პარიზის კარნავალეს მუზეუმში. მსხვერპლშეწირვის მიზანი ის იყო, „რომ ან რამე სურვილი ჩაეთქვათ, ან მადლობა გადაეხადათ უკვე ახდენილი სურვილისთვის“.
სენა ეროვნული იდენტობის სახეა და ოდითგანვე წარმოადგენდა ფრანგული კულტურის შთაგონების წყაროს.
მართლაც, სათავიდან შესართავამდე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა – ნეოლითური ხის კანოეები, პირველი საუკუნით დათარიღებული სათევზაო ხაფანგები, ჯვაროსანი რაინდების მიერ მდინარეში გადაყრილი თილისმები – ცხადყოფს მდინარის არსებით როლს საფრანგეთის ისტორიაში. ეს მასალა ასევე გვიჩვენებს, თუ რამდენი სახე ჰქონია სენას: ღვთაებრივი მდინარიდან კანალიზაციამდე.

BRIDGEMAN IMAGES
სარეცხი საპნის ქაფი, ადამიანის ფეკალიები, შუა საუკუნეების ყასბების მიერ გადაყრილი ცხოველთა ნაწილები… საუკუნეების განმავლობაში სენას ნაგავსაყრელად იყენებდნენ. წყლის დაბინძურებასთან ერთად, მდინარე მოათვინიერეს და კომერციულ არტერიადაც აქციეს. ადამიანებმა საინჟინრო ჩარევით სენის კალაპოტი სრულიად გარდაქმნეს – მდინარის ნაპირებზე ქარხნები ააშენეს, დინებები რაბებითა და ნავმისადგომიანი არხებით დაარეგულირეს, სიღრმე – მიწის ამოხაპვით, ხოლო კუნძულები ამოძირკვეს, რათა სამდინარო ტრანსპორტის მოძრაობა არ შეფერხებულიყო. ამჟამად სენის მარშრუტი საჭრისით ნაკვეთს ჰგავს და მიიკლაკნება წყალშემკრებ აუზში, სადაც საფრანგეთის მოსახლეობის თითქმის 30% ცხოვრობს.
ხიდები ერთ-ერთი ადრეული საინჟინრო მიღწევა იყო. ახ. წ. IV საუკუნისთვის, რომაელებმა ხის საძირკვლით იმ ხიდის აგება შეძლეს, რომელიც დღევანდელ კუნძულ სიტეს უკავშირდებოდა. ეს პარიზის წინამორბედის, ლუტეციის მშენებლობისთვის გადამწყვეტი მომენტი აღმოჩნდა. რომაელებისთვის სტრატეგიულად კიდევ უფრო ხელსაყრელი იქნებოდა სენის იმ მონაკვეთის ათვისება, რომელიც ქალაქ როტომაგუსს, დღევანდელ რუანს მიუყვებოდა. ვიკინგებმა ის მოგვიანებით დედაქალაქად გამოაცხადეს და ნორმანდიას თავიანთი სახელი – „ჩრდილოეთის ხალხი“ – უწოდეს. ავტომობილების ხანას მოჰყვა სულ უფრო დახვეწილი ხიდების მშენებლობა: ტანკარვილის ხიდი 1959 წელს აღიმართა და ის პირველი იყო, რომელმაც ესტუარი გადაკვეთა; 1995 წელს აგებული ნორმანდიის ხიდი გახსნისას მსოფლიოში ყველაზე გრძელი ბონდის ხიდი იყო; 2008 წელს აშენებული რუანის გუსტავ ფლობერის ხიდი კი იმ დროისთვის ევროპის ყველაზე მაღალი ვერტიკალურად ასაწევი ხიდი გახლდათ.

სენის ხიდები საყვარელ თემას წარმოადგენდა იმპრესიონისტი მხატვრებისთვის, რომლებიც თავიანთ ნამუშევრებში მრეწველობასა და ბუნებას ხშირად აერთიანებდნენ. ეს ავანგარდისტები კლასიკური მხატვრობისთვის დამახასიათებელ ალეგორიულობას ჩამოშორდნენ და ნახატებით ყოველდღიურ ცხოვრებას გამოსახავდნენ. კლოდ მონეს 1872 წლის „შთაბეჭდილება, მზის ამოსვლა“, რომელიც სწორედ ის ნახატია, რომელმაც იმპრესიონისტული მიმდინარეობა დაიწყო, ჰავრის ნავსადგურის საკვამურების თავზე ატმისფრად გადღაბნილ ცას ასახავს.
1837 წელს პარიზიდან გამოსულმა პირველმა სამგზავრო მატარებელმა დამსვენებლები კუნძულ შატუზე ჩაიყვანა, რომელიც იმპრესიონისტების კუნძულის სახელითაცაა ცნობილი. მან სწრაფადვე მიიზიდა ბონვივანები საცეკვაოდ, დასალევად და ნავებზე გასართობად – რაც უკვდავყოფილია პიერ ოგიუსტ რენუარის 1880-1881 წლის შედევრში „საუზმე მენიჩბეთა წრეში“. მდინარის მდგომარეობა ნაკლებად მომხიბლავი იყო. XIX საუკუნეში ქარხნებისა და ადამიანების საყოფაცხოვრებო ჩამდინარე წყლები ხშირად პირდაპირ სენაში ირეცხებოდა. პარიზის სრულიად ახლებური საკანალიზაციო სისტემა, რომელიც ქალაქმგეგმარებელი ბარონ ოსმანის სეისმური ურბანული განახლების პროექტის მიმდინარეობისას შემუშავდა, პარიზისთვის საინჟინრო ტრიუმფს წარმოადგენდა, თუმცა სენის სიჯანსაღეს საფრთხეს უქმნიდა.
სენის წყლის ხარისხის გაუმჯობესება 1991 წელს დაიწყო, როდესაც ევროკავშირის საბჭომ წყლის დაბინძურების მთავარი წყაროს – ურბანული ჩამდინარე წყლების – შესახებ კანონი მიიღო. პარიზის აგლომერაციის სანიტარიის სამსახურმა სანიტარული ქსელების მოდერნიზებისთვის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადადგა, მათ შორის, უმსხვილესი ინფრასტრუქტურული ინვესტიციები ჩადო სენის ქვემო წელის (Seine Aval) გამწმენდ სადგურში, რომელიც ტერიტორიის ჩამდინარე წყლების სამ მეოთხედზეა პასუხისმგებელი. მოგვიანებით, 2015 წელს, ქალაქმა შეიმუშავა საცურაო გეგმა, რომლის ფარგლებში კონკრეტული ზომები მიიღეს სენისა და მისი შენაკადის, მარნის გასაწმენდად, რათა სენაში ცურვა 2024 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის შესაძლებელი ყოფილიყო – ძირითადი პირობა, რომელიც უნდა შეესრულებინათ მათ, როგორც ოლიმპიადის მასპინძლებს. გეგმის მიხედვით, მუნიციპალურ საკანალიზაციო სისტემებს დაუკავშირდებოდა 23 000-ზე მეტი საცხოვრებელი ბინა და ასევე საცხოვრებელი ნავი, საიდანაც აქამდე გადაუმუშავებელი ჩამდინარე წყლები იღვრებოდა მდინარეში. „ოლიმპიურმა თამაშებმა ამაჩქარებლის როლი შეასრულა“, – ამბობს რაბადანი. „თამაშები რომ არა, [პროექტი] სავარაუდოდ კიდევ 10 წელიწადს გაგრძელდებოდა“.
გაწმენდის შედეგები იგრძნობა მდინარე სენის ქვემო წელზე მდებარე საფრანგეთის ზოგიერთ ყველაზე ურბანიზებულ რეგიონში. ნორმანდიის ბუკლე-დე-ლა-სენის რეგიონულ ბუნების პარკში ქარხნები ტყეების პირისპირ დგას; რეკრეაციული პარკები ესაზღვრება ჟენვილს, რომელიც საფრანგეთის ერთ-ერთი უდიდესი შიდა სამდინარო ნავსადგურია; გიგანტურ ქარის ტურბინებს აწარმოებენ ჰავრის ნავსადგურში, სენის ესტუარის ბუნების ნაკრძალის მახლობლად, რომელიც მნიშვნელოვანი შესასვენებელი ადგილია ისეთი დაუცველი გადამფრენი ფრინველებისთვის, როგორიცაა ლელწამა.
(მარცხნივ) „მობანავეები ანიერში“, რომელიც ნეოიმპრესიონისტ ჟორჟ სერას 1884 წლის ნამუშევარია, სენის მრავალ ფუნქციას წარმოაჩენს – დასვენების მოყვარულთა სათამაშო მოედნიდან ელექტროსადგურამდე.
მერი ევანსი/BRANDSTAETTER IMAGES
(მარჯვნივ) ალექსანდრე III-ის ხიდსა და ინვალიდების ხიდს შორის სპორტსმენები 2023 წლის ქალთა მსოფლიო ტრიათლონის ოლიმპიური თამაშების სატესტო ღონისძიებისას სენაში ეშვებიან.
„ჩვენ უკვე გვყავს სელაპების პოპულაცია, რომელიც სენის ესტუარს ხშირად სტუმრობს, რაც 15 წლის წინ არ გვინახავს“, – ამბობს მარტინ ბლანპენი, რომელიც „ესტუარის სახლის“ დირექტორია. ამ ნაკრძალში 350-მდე სახეობის ფრინველს ვხვდებით. „ჩვენ იმ ტერიტორიაზე ვართ, რომელიც ძირეულად შეცვალა ადამიანმა, მაგრამ რომელიც, ამისდა მიუხედავად, ძალიან საინტერესო ბიომრავალფეროვნებას და ბუნებრივ მემკვიდრეობას მოიცავს“, – ამბობს ბლანპენი.
პირქუში ცის ქვეშ, წყალ-ჭაობების გასწვრივ, პრომენადი მიიკლაკნება. ჰორიზონტზე ნორმანდიის ხიდი ზეციური სიდიადით აღიმართება, თითქოს სენის თავზე ძაფებით ჩამოეკიდებინათ.
სწორედ ამ ხიდის ქვეშ გაცურა ერთმა გაბედულმა სპორტსმენმა და თავგადასავლების მაძიებელმა 49-დღიანი ოდისეის უკანასკნელი კილომეტრები 2021 წლის 24 ივლისს. არტურ ჟერმენმა – რომელიც, სხვათა შორის, პარიზის მერის, ანა იდალგოს შვილია – ცურვით სენის მთელი სიგრძე დაფარა. დიდი გამოწვევა იყო ადმინისტრაციული დაბრკოლებებიც – ცურვის ნებართვის აღება გზად ყოველი ქალაქისგან იყო საჭირო. ჟერმენი კაიაკით ეზიდებოდა კემპინგის ინვენტარს და არაერთხელ გადაკვეთა ერთმანეთთან შეუთავსებელი ლანდშაფტები – უხვი მცენარეულობიდან ატომურ ელექტროსადგურამდე.
ამ გამოცდილებისა და მომზადების პროცესის დიდი ნაწილი იყო „იმის გაგება, თუ როგორ ცხოვრობს მდინარე, რადგან მდინარე ცოცხალია“, – ამბობს ჟერმენი. სენის სათავიდან 66 კილომეტრის მოშორებით, კერძოდ, წყაროსთან, რომელსაც „ლა დუი“ ეწოდება, მდინარის ტემპერატურა 6°C-ით დაეცა – რაც დიდი დარტყმაა ეკოსისტემისთვის. დროდადრო, როდესაც შენაკადი სენას შეუერთდებოდა, იგი ხედავდა, როგორ იცვლებოდა მდინარის ფერი. ბოლო რაბის გავლის შემდეგ ჟერმენს თავისი საცურაო გრაფიკის შედგენა წყლის დონის შესაბამისად მოუხდა. „მარტივად რომ ვთქვათ, პატივი უნდა მეცა ბუნებისთვის. მდინარე ჩემზე ძლიერია“.
ჟერმენმა გზად, დაახლოებით ყოველ ხუთ კილომეტრში ერთხელ, წყლის ნიმუშები აიღო, რომელთაც ადგილიდანვე უგზავნიდა პარიზის ლაბორატორიას. მხოლოდ ოთხი შედეგი გადასცდა სახიფათო ნიშნულს ნაწლავის ჩხირისა და ნაწლავის ენტეროკოკის ბაქტერიის შემცველობაზე.
„ძალიან ბევრი ადამიანია პარიზში, რომელმაც არ იცის, რომ სენა დღეს ჯანსაღია. არ ვამბობ, რომ სუფთაა, მაგრამ წყალქვეშა სიცოცხლისთვის ჯანსაღია“, – ამბობს სანდრინ არმირაი, გარემოსდაცვითი საგანმანათლებლო ცენტრ „თევზჭერისა და ბუნების სახლის“ დირექტორი. „ჩვენ წყლის ხარისხს იმის მიხედვით ვაფასებთ, თუ რა ბინადრობს მასში. რაც უფრო მეტი სახეობა გვყავს, გარემოც უფრო ჯანსაღია“. 1970-იანი წლებისთვის სენა პარიზის ჩაყოლებაზე ბიოლოგიური თვალსაზრისით თითქმის მკვდარი იყო. დღეს აქ 36 სხვადასხვა სახეობის თევზი გვხვდება. „ეს იმას ნიშნავს, რომ წყლის ხარისხი საგრძნობლად გაიზარდა“, – ამბობს არმირაი.
არმირაის საგანმანათლებლო ცენტრის აკვარიუმებში წარმოდგენილია მრავალი ის სახეობა, რომლებიც დღეს სენაში ბინადრობენ, მათ შორის ემბლემური ქარიყლაპია – მტაცებელი 700 კბილით, რომელსაც არმირაი „მდინარის ზვიგენს“ უწოდებს. შენობის გარეთ, ნავმისადგომის ქვეშ, ორი ევრაზიული ალკუნი იკეთებს ბუდეს, რაც სენაში კვლავ „შემოტყუებულ“ მობუდარ ფრინველთა სახეობების მზარდი რიცხვის მხოლოდ ერთ მაგალითს წარმოადგენს.
კლიმატის ცვლილება სენის მომავალსაც ემუქრება, რასაც მხოლოდ რეზერვუარები ვერ მოაგვარებს.
მიწისქვეშ, პარიზის აუსტერლიცის მატარებლის სადგურის მახლობლად, ნაღვარევი წყლის ცისტერნა იმალება, რომელიც 20 ოლიმპიური ზომის საცურაო აუზის წყლის ეკვივალენტს იტევს. ეს ბეტონის ავზი ეყრდნობა სვეტებს, რომლებიც მიწისქვეშ 80 მეტრამდე აღწევს. აუსტერლიცის აუზი ქვაკუთხედია იმ გეგმისა, რომ სენა საცურაოდ უსაფრთხო იყოს.

შარმეს არქივები/BRIDGEMAN IMAGES
პარიზის სანიტარული სისტემა დიდწილად XIX საუკუნის ინჟინერ ეჟენ ბელგრანის მემკვიდრეობაა. როგორც წვიმის წყალი, ისე ჩამდინარე წყალი, არხების მეშვეობით მიწისქვეშა კანალიზაციის უზარმაზარ ლაბირინთში ჩაედინება და გრავიტაციის ძალით პარიზის გარეთ მდებარე გამწმენდ სადგურებში აღმოჩნდება, თუმცა ძლიერი წვიმების დროს სენაში კანალიზაციის სარქვლებს აღებდნენ, რათა ქუჩები არ დატბორილიყო.
ასეთი ვითარების თავიდან აცილებას ხელს შეუწყობს აუსტერლიცის აუზი, რომელიც 40 ინჟინრის მიერ შექმნილი ნამდვილი ტექნიკური საოცრებაა. პარიზი უაღრესად კარგად დაგეგმარებული ქალაქია, რომლის წიაღშიც გადახლართულია ძველ კარიერთა ფენები, მეტროს გვირაბები, კანალიზაცია, გაზის მილები და ელექტროკაბელები. ამ მაღალი სიმჭიდროვის ურბანულ გარემოში მიწისქვეშა გვირაბი გათხარეს და სენის ქვეშ გაიყვანეს მილი, რამაც ნაღვარევი წყლის ნაკადის გადინებას შეუწყო ხელი. საბოლოოდ, აუსტერლიცის აუზის მიერ შეკავებულ წყალს ნელ-ნელა ჯერ კანალიზაციაში, შემდეგ კი წყლის გამწმენდ სადგურებზე უშვებენ, სანამ კვლავ მდინარეს დაუბრუნებენ.
ჯერ კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი. შარშან აგვისტოში იძულებულნი გახდნენ ზოგიერთი საცურაო სატესტო ღონისძიება გაეუქმებინათ მას შემდეგ, რაც წყლის დაბინძურების დონე წვიმის შედეგად გაიზარდა; გამორჩეულად ძლიერმა ქარიშხალმაც შეიძლება შეუშალოს ხელი ოლიმპიური ღონისძიებების ჩატარებას, თუმცა სამეცნიერო კვლევებმა უკვე შარშან ზაფხულში აჩვენა, რომ სენაში ცურვა ათიდან საშუალოდ შვიდი დღის განმავლობაში იყო შესაძლებელი და მას შემდეგ დამატებით სამი კოლექტორი და ნაღვარევი წყლის ავზი გაიხსნა. საბოლოო შედეგი იქნება ის, რომ მდინარე ხალხს დაუბრუნდება მას შემდეგ, რაც პარიზის სანაპიროებზე გზატკეცილები ფეხით მოსიარულეთა ზონებად გადაკეთდება.

ისევე როგორც ბევრი სხვა რამ, სენის მომავალიც საფრთხეშია კლიმატის ცვლილების გამო; ეს ის ფარული საფრთხეა, რომელსაც წყლის შემაკავებელი ავზები ვერ მოაგვარებს. წყალდიდობა ყოველთვის იყო პარიზის პრობლემა.
წარმოიდგინეთ დატბორილი პარიზი: სენა ნავმისადგომების თავზე მოჩქეფს, წყალი მეტროს გვირაბებში მოთქრიალებს, პარიზელები ქუჩებში ნავებით გადაადგილდებიან. ასეთი წარღვნა ფანტაზიის ნაყოფი არ არის. 1910 წლის იანვრის დიდი წყალდიდობა ძველებურ საფოსტო ბარათებზეა აღბეჭდილი და წყლის ნიშნულებით ხიდებსა და შენობებზე საუკუნოდაა შემონახული. ეს მოვლენა გამოიწვია სწორედ ისეთი პირობების თანხვედრამ, როგორიც იყო კოკისპირული წვიმა, ადიდებული შენაკადები და ზამთრის თოვლის ნაადრევი დნობა.
„დღეს შეიძლება უარესი შედეგი მივიღოთ“, – ამბობს რეჟისორი მატიე შვარცი. მისი დოკუმენტური ფილმი Quand la Seine Débordera („როდესაც სენა გადმოედინება“) იკვლევს, თუ როგორ შეიძლება, კლიმატის ცვლილებასთან ერთად, უფრო გახშირდეს 1910 წლის იანვარში განვითარებული ე.წ. საუკუნის წყალდიდობის მსგავსი მოვლენები. გლობალური დათბობით გამოწვეული ექსტრემალური კატაკლიზმები უკვე ხდება, ქარიშხლებს კი თან სდევს უფრო ინტენსიური თავსხმა წვიმები.
ადიდებულმა წყალმა შეიძლება წალეკოს მდინარის პირას გაშენებული სოფლები და ძვირფასი წყალ-ჭაობები, როგორიცაა მარე-ვერნიე, სადაც ნახშირბადის შემაკავებელი ტორფიანი ჭაობების ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონცენტრაციაა საფრანგეთში. ამასთანავე, ზღვის დონის მატება სენის წყლის დონეს ცვლის.
„მოქცევის დროს წყალი აღწევს პოზის კაშხლამდე, რომელიც რუანის ზემო დინებასთანაა და შემდეგ ქვემოთ მიემართება. ამჟამად ჩვენ ვხედავთ, რომ მარილიანობა მატულობს და მატულობს“, – ამბობს ლორენს დერვუ, ნორმანდიის ბუკლე-დე-ლა-სენის პარკის დირექტორი. ამან შესაძლოა არა მხოლოდ დააზიანოს ქარხნები, რომლებიც სენის წყალს გაგრილებისთვის ტუმბავს, არამედ ასევე იმოქმედოს პარკის მრავალფეროვანი ეკოსისტემების ფლორასა და ფაუნაზე: მარშებზე, ტყეებსა და ცარცის კლდეებზე, რომლებიც უკვე ჩამოშლის პირასაა.

სენასთან დაკავშირებული უძველესი პრაქტიკა ერთ გამოსავალს გვთავაზობს: მდინარის სატვირთო ტრანსპორტის გამოცოცხლებას ნახშირბადის ემისიის შესამცირებლად. თავისი 100-მეტრიანი სატვირთო გემის მესაჭის ჯიხურში, სადაც ჰაერი თამბაქოს სუნითაა გაჟღენთილი, კაპიტანი სებასტიან ნეი შტურვალს მართავს. სასურსათო მაღაზიების ქსელ „ფრანპრისთვის“ მშრალი საქონლით სავსე 40 კონტეინერი გადააქვს. ნეი მეოთხე თაობის „ბატელიე“, ანუ პროფესიონალი მენავეა კონფლან-სენტ-ონორინიდან, რომელიც საფრანგეთის შიდა სანაოსნო გზების დედაქალაქია.
ნეის ხელობა უბრალო სამსახურზე მეტია. ეს საუკუნოვანი ცხოვრების წესია, როგორც განმარტავს შიდა წყლების ტრანსპორტისა და სანაოსნო გზების მუზეუმის კურატორი ლორან რობლენი. ეს მუზეუმი ციცაბო კლდეზე აღმართული ბრწყინვალე სასახლეა, რომელიც სენისა და უაზის შესართავს გადაჰყურებს. მუზეუმის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა ქილების კედელია, სადაც ყველა ის ნივთია წარმოდგენილი, რომლებიც მენავეს ცხოვრების განმავლობაში წყალზე გადაუტანია: ღვინო, მდოგვის მარცვლები, აზბესტიც კი.
„უხსოვარი დროიდან ვიყენებდით მდინარეებს“, – ამბობს რობლენი. ძველად nautes-ი, ნაოსანთა ძლევამოსილი გილდია, გალო-რომაულ ლუტეციაში სენაზე ვაჭრობის მონოპოლიას ფლობდა. მოჩუქურთმებული სვეტი, რომელიც მათ იმპერატორ ტიბერიუსს ახ.წ. პირველ საუკუნეში მიუძღვნეს, დღეს პარიზის სიმბოლოა. სამდინარო ტრანსპორტი მუდმივად ვითარდებოდა – კანოეებიდან ბუქსირიან ბარჟებამდე, ორთქლმავლებიდან სატვირთო გემებამდე. დროთა განმავლობაში გზატკეცილები მთელ ქვეყანაში დაიგო და სატვირთო მანქანები საქონლის გადაადგილების უფრო სწრაფ და იაფ გზად იქცა, მაგრამ სამდინარო ტრანსპორტი სულ უფრო მეტ ეკოლოგიურად მეგობრულ ალტერნატივას გვთავაზობს.
„ჩვენ არ გვხვდება საცობები და სატრანსპორტო ავარიები, – ამბობს ანტონი დენიო, „ფრანპრის“ ტრანსპორტის დირექტორი, – და ეკოლოგიური ბალანსიც მოსაწონია ნახშირბადის 20%-ით უფრო ნაკლები ემისიით“. ეს ნიშნავს გზებზე 3615 ერთეულით ნაკლებ სატვირთო მანქანას და 82 600 ლიტრი საწვავის დაზოგვას ყოველწლიურად. „ის უფრო ძვირია, ვიდრე სახმელეთო სატვირთო ტრანსპორტი, მაგრამ ჩვენ ეკომეგობრულ არჩევანს ვაკეთებთ“.
დინების ხელშეწყობით, ნეი თავისი ბარჟით მარნისა და სენის შესართავს ჩაუვლის. უეცრად სიბნელეში პარიზის სინათლეები ჩნდება. ტალღები ნავს ეხეთქება, მდინარე ნავმისადგომებს შორის მიედინება, ქალაქის 37 ხიდის ქვეშ კი მორევები და ტალღები იმღვრევა. ნოტრ-დამის კარგად ნაცნობი სილუეტი ამ ყველაფრის შუაგულში კუნძულზე უდრეკად დგას.
ნეის ნავი Pont Neuf-ისკენ („ახალი ხიდი“) მიიჩქარის. ღილაკზე თითის დაჭერით, იგი მესაჭის ჯიხურს ადაბლებს, რათა ხიდის 400-წლოვან ქვის თაღებს შორის გაძვრეს. რაციაში ხმები ხარვეზებით ისმის – მდინარე სავსეა სასადილო კრუიზებით.
სულ მალე ეს „მთავარი ქუჩა“ ოლიმპიური თამაშების საზეიმო გახსნის ცერემონიას უმასპინძლებს, ხოლო 2025 წლიდან პარიზელებისთვის სამ საცურაო სივრცეს გახსნის გასაგრილებლად – განსაკუთრებით ზაფხულის სითბური ტალღების დროს, რაც კლიმატის ცვლილების მორიგი შედეგია. თინეიჯერები ნაპირებთან დაისვენებენ. სპორტსმენები იასპარეზებენ. ბავშვები თავქუდმოგლეჯით გადახტებიან წყალში. ერთად ისინი იმ მოცურავეების ნაკვალევს გაჰყვებიან, რომელთაც 1900 წელს პარიზის პირველ ოლიმპიადაში მიიღეს მონაწილეობა და ამაზე ბევრად ადრეულ, XVII საუკუნის ჰედონისტების ტრადიციას გაიხსენებენ, რომელთაც შიშვლად ბანაობა უყვარდათ; ასევე კიდევ უფრო ადრინდელ, იმ თაობათა რიგს მიაგებენ პატივს, რომელთაც თავიანთი ცხოვრება სენის გასწვრივ, მასთან ერთად და მის წყლებში გალიეს, სანამ მდინარის ამ მოსახვევში დიდებული ქალაქი გაშენდებოდა.
სრული ვერსია იხილეთ ჟურნალის ბეჭდურ ვერსიაში