
მდინარისებრი სიმშვიდე
აფრიკის ერთ-ერთ ყველაზე ტურბულენტურ გარემოში მოხვედრილ ფოტოგრაფს კენიის მთიანეთში ანკესით თევზაობა ანუგეშებს.
ხეობაში სინათლის უკანასკნელი სხივები არე-მარეს ანათებს, წყლის ჩხრიალი კი ყველა სხვა ხმას ახშობს. მდინარის ნაპირს ჩემს ძაღლ, მოსისთან ერთად მივუყვები. თითქოს სათევზაოდ დავდივართ, სინამდვილეში დიდი ხნის წინ გარდაცვლილი ნატურალისტების – ჯონ ბეროუზის, ჯონ მიურისა და ლორენ აისლის ცხელ კვალს ვადგავართ და ასევე ჩემი ცოცხალი, თუმცა ამ კენიური ხეობიდან ძალიან შორს მცხოვრები მშობლების – ნორმანის და პაულას დაჟინებული თხოვნით მივემართებით. ტყეში წადი – ჩამძახიან მათი ხმები – მდინარის გასწვრივ იარე, სადაც საღამოს სილურჯეში შეიძლება შენთვის აქამდე უცნობი რიტმები გაიგონო. იქ თევზების, ყვავილებისა და მათი დამაკავშირებელი ძალების გარემოცვაში შენი აღელვებული გონების დამშვიდებას შეძლებ.
ცენტრალური კენიის მთიანეთში შესვლა პირველად 2013 წელს გავბედე. იმედი მქონდა, რომ იქაური მდინარეები თავისი გარდამქმნელი ძალით ჩემს სიხისტეს შეარბილებდნენ. დარდისგან თავისუფალი არასოდეს ვყოფილვარ, თუმცა აფრიკის ზოგიერთ ყველაზე კონფლიქტურ გარემოში ფოტოჟურნალისტობამ დამატებით მავთულხლართებში გამხვია. დროთა განმავლობაში გამირთულდა ჩემში მძვინვარე და ლინზების მიღმა დანახული კონფლიქტების გარჩევა. თანდათან ისინი ერთმანეთს გადაეჯაჭვნენ და შინაგანი დაძაბულობის და დისკომფორტის შეგრძნება გამიღვივეს.
ბოლო დროს ჩემს გამძაფრებულ ტანჯვაზე თევზაობა ანტიდოტივით მოქმედებდა. სათევზაო ძუა ბოლოს 10 წლის ასაკში ვისროლე. იმ ადგილებს, სადაც ბავშვობაში ვცხოვრობდი, გარს ატლანტის ოკეანის წყლები ერტყმოდა. თავდაპირველად ნიუ-ჯერსის სანაპიროზე, შემდეგ კი მასაჩუსეტსში თევზაობისას სატყუარებს ვიყენებდი. თევზაობის საფუძვლები დედაჩემის იმდროინდელმა მეგობარმა კაცმა მასწავლა. იგი თბილი და მზრუნველი ადამიანი იყო. შეერთებული შტატების სპეცრაზმში დამმკითხველად მუშაობამ მძიმე ნაიარევები დაუტოვა, თუმცა მზის ჩასვლისას ანკესით ხელში წყლის პირას მდგარი მშვიდი ჩანდა.
გადავწყვიტე, მივლინებებს შორის ნაირობის ქაოსს გავქცეოდი და ჩემი სახლიდან ნაყოფიერი, ტალღოვანი გორაკებისკენ მემოგზაურა, რომლებიც ცენტრალური კენიის რაგატის და მათიოიას ფარვატერებს ერტყმის გარს. ნელი დინების მქონე მდინარე რაგატი დაცულ ენდემურ ტყეში მიიკლაკნება. მდინარე მათიოია კენიის ჩაის წარმოების შუაგულში, აბერდერის ფერდობებთან და მთა კენიას დნობად ყინულოვან მწვერვალებთან ახლოს მიედინება. ორივე მდინარეში ახლომახლო მდებარე რამდენიმე სათევზაო კლუბის თევზის მოშენების პროგრამით შენარჩუნებული ორაგულისა და ცისარტყელისებრი კალმახის პოპულაციები ბინადრობენ.
მათიოიას ნაპირას, მდინარის ხმაურის მუდმივ გარემოცვაში, ერთი უბრალო კოტეჯის ხშირი სტუმარი გავხდი. იქამდე ჯონ ნგაი მოზესმა მიმიყვანა, მოხერხებულმა 57 წლის მამაკაცმა, რომელიც სველ ქვებზე თავისი ასაკისთვის უჩვეულო გრაციოზულობითა და თავდაჯერებულობით გადაადგილდებოდა. ჯონის ცხოვრება მაშინ დაიწყო, როდესაც ხეობის სილამაზე კონფლიქტმა და უსამართლობამ შებღალა. იგი 1961 წელს დაიბადა, მდინარის ზემოთ, სოფელ კიამუტურიში, სადაც მისი დედა იყო დაპატიმრებული. მაშინ ბრიტანელმა კოლონისტებმა დაახლოებით მილიონი კენიელი დააკავეს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი მოძრაობის ჩასახშობად. მისი ისტორია მახსენებს, რომ ძალადობა და სისასტიკე ასეთ უშფოთველ ადგილებამდეც აღწევს ხოლმე.

სოფელთან ახლოს ჯონმა თევზით სავსე მშვიდი ტბორები დამანახა. ქვებსა და სწრაფ დინებებს გვერდი ფრთხილად ავუარე, წყალში შევაბიჯე და ანკესი ვისროლე. პირველი სტუმრობისას ჩემთვის უცნობი იყო თევზაობის პრინციპები: სატყუარის მიწოდება, ანკესის ისე მოჭიმვა, რომ სატყუარამ წყლის ზედაპირზე თავისუფლად იმოძრაოს და თევზს ნამდვილ მწერში აერიოს. ისევე როგორც უმეტესობას, მჯეროდა, რომ ანკესით თევზაობის სირთულეს მხოლოდ ძუის წინ და უკან ტყორცნა წარმოადგენდა. სინამდვილეში, ანკესით თევზაობა კომპლექსური ხელოვნებაა, რომელიც თევზის მოსატყუებლად ტექნიკის, ეკოლოგიის, მდინარის რიტმების და თევზის კვების ჩვევების ზედმიწევნით ცოდნას საჭიროებს.
მდინარის გადაკვეთისას მივხვდი, რომ მე და ჯონს თევზაობისადმი განსხვავებული მიდგომა გვქონდა. ჯონს თევზთან შეჭიდების ნაცვლად მისი დაჭერა ერჩივნა, ამიტომ ხანდახან ძუაზე სატყუარას ამაგრებდა. მე კი, ჩემი მედიტაციური მიზნებიდან გამომდინარე, გადავწყვიტე, ბევრად ნელ და ნაკლებად ნაყოფიერ გზას გავყოლოდი. ჯონს შეეძლო ეამბა ჩემთვის მდინარის, მისი ისტორიის და ეკოლოგიის შესახებ, მაგრამ ანკესით თევზაობის ტექნიკური სიფაქიზის შესწავლა ჩემ პირად გამოწვევად რჩებოდა.
ასე შევუდექი ამ მოხდენილი და მშვიდი ხელოვნების შესწავლას წიგნებით და ვებგვერდებიდან, ცდით და შეცდომებით. თითქმის ათჯერ მოვინახულე ცენტრალური კენიის მდინარეები, სანამ ანკესზე პირველი კალმახი წამოვაგე, თუმცა მიუხედავად თავდაპირველი წარუმატებლობისა, ასეთმა ექსკურსიებმა სიმსუბუქე და სიხარული მაგრძნობინა. სეირნობის და ანკესის სროლის დროს გავიაზრე, რომ თევზის ჭერა უბრალოდ საბაბი იყო გარემოზე დასაკვირვებლად.
როდესაც თევზმა ჩემს ანკესზე წამოგება დაიწყო, მივხვდი, რომ მდინარეებმა იმაზე მეტი შემმატეს, ვიდრე ველოდი. მე აქ დროის სასიამოვნოდ გასატარებლად და სიმშვიდის მოსაპოვებლად მოვედი, თუმცა ჩქერებში გადაადგილებისას ბუნებასთან ისეთი კავშირი ვიგრძენი, როგორიც ბავშვობაში, ზაფხულობით. მაშინ ზვიგენი და მუცელნემსა ჩემში ისეთ ცნობისმოყვარეობას აღძრავდა, რომ გული მიჩქარდებოდა.
პიტ მიულერი National Geographic-ის სტატიების ავტორია, რომელიც ფოტოგრაფიას და ეთნოგრაფიულ კვლევებს გარემოს დეგრადაციის ემოციური გავლენის შესასწავლად იყენებს.