
მე აქ ვერ ვიცხოვრებ!
წყლის ხარისხის მონიტორინგისათვის მხოლოდ ქიმიური ანალიზი არაა საკმარისი
ევროკავშირს თავისი კანონები აქვს, რომელთა შორისაა ე. წ. „წყლის ჩარჩო დირექტივა“. ამ კანონის მიხედვით, ევროპის წყლის ეკოსისტემებში წყლის მაღალი ხარისხი უნდა შენარჩუნდეს. მას შემდეგ, რაც 2014 წლის ივნისში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებას მოეწერა ხელი, საქართველოსაც დაეკისრა ვალდებულება, მკაცრად გაეკონტროლებინა წყლის ხარისხი, ევროპის წყლის ჩარჩო დირექტივის შესაბამისად. წყლის ხარისხის მონიტორინგისათვის მხოლოდ ქიმიური ანალიზი არაა საკმარისი. ამიტომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიის ინსტიტუტის ჰიდრობიოლოგიისა და იქთიოლოგიის ლაბორატორია, შოთა რუსთაველის სამეცნიერო ეროვნული ფონდის გრანტის მხარდაჭერით, ჯავახეთის მნიშვნელოვან ტბებში (ფარავანი, საღამო, მადატაფა და ხანჩალი) გავრცელებულ ბენთოსის მაკროუხერხემლოებს იკვლევს. ეს ცხოველები ძალიან მგრძნობიარე არიან წყლის ხარისხის ცვლილების მიმართ, ამიტომ წყლის ხარისხის საკვლევად ისინი ფართოდ გამოიყენებიან მთელ მსოფლიოში. კვლევა 2014 წელს დაიწყო და 2017 წელს დასრულდება. ამ ტიპის ასეთი მასშტაბური კვლევა საქართველოში ჯერ არ ჩატარებულა. მკვლევრები ხელბადეებისა და ფსკერხაპის საშუალებით იღებენ სინჯებს ტბის ფსკერიდან და ცხოველთა პოპულაციის სტრუქტურას იკვლევენ.
„გარკვეულ პარამეტრებს ადგილზევე ვადგენთ, დანარჩენს – მოგვიანებით, ლაბორატორიაში. ამ კვლევების საფუძველზე, შევძლებთ წყლის ეკოსისტემების მონიტორინგის მეთოდების გაუმჯობესებას საქართველოსთვის“, – ამბობს ასოცირებული პროფესორი, იქთიოლოგი ბელა ჯაფოშვილი.