მეცნიერება კეთილისა და ბოროტის შესახებ
ბოლო ათწლეულებში მეცნიერებმა კეთილისა და ბოროტის მამოძრავებელი ფაქტორების გააზრებისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს


მეცნიერება კეთილისა და ბოროტის შესახებ
ბოლო ათწლეულებში მეცნიერებმა კეთილისა და ბოროტის მამოძრავებელი ფაქტორების გააზრებისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს
უკიდურესი ალტრუისტები და ფსიქოპათები ჩვენი საუკეთესო და ყველაზე საზარელი ინსტინქტების კარგი მაგალითია. მორალური სპექტრის ერთი მხარეს გვაქვს თავგანწირვა, გულუხვობა და სხვა კთილშობილური თვისებები, რომელთაც დადებითად ვთვლით; მეორე მხარეს კი ეგოიზმი, ძალადობა და გამანადგურებელი იმპულსები, რომლებიც ბოროტებად ითვლება.

მკვლევრები თვლიან, რომ ადამიანში ერთმანეთის დახმარების სურვილი ევოლუციურად განვითარდა, რადგან დიდ სოციალურ ჯგუფებში თანამშრომლობა აუცილებელი იყო გადარჩენისთვის, მაგრამ რადგან ამ ჯგუფებს საკვებისთვის კონკურენცია უხდებოდათ, მოწინააღმდეგეების დასახიჩრებისა და, შესაძლებელია, მოკვლის უნარიც გადამწყვეტი იყო. „ჩვენ დედამიწის ყველაზე სოციალური და, ამავდროულად, ყველაზე მოძალადე სახეობა ვართ“ – ამბობს ჟან დესეტი სოციალური ნევროლოგი ჩიკაგოს უნივერსიტეტიდან – „ჩვენ ორი სახე გვაქვს, რადგან ეს ორივე სახე საჭირო იყო გადასარჩენად.“

ბოლო ათწლეულებში მეცნიერებმა კეთილისა და ბოროტის მამოძრავებელი ფაქტორების გააზრებისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს. ორივე მათგანი ერთ, მთავარ ემოციურ თვისებას უკავშირდება: თანაგრძნობის უნარს (ემპათიას), ანუ ტვინის უნარს, განიცადოს, რას გრძნობს სხვა ადამიანი. მკვლევრების აღმოჩენით, თანაგრძნობის უნარი ჩვენს გულებში სიბრალულს აღძრავს და გვაიძულებს, დავეხმაროთ გაჭირვებულებს. სამეცნიერო კვლევა ძალადობრივ, ფსიქოპათიურ და ანტისოციალურ ქცევასაც თანაგრძნობის უქონლობას უკავშირებს, რაც ნერვული კავშირების შესუსტებითაა გამოწვეული. სწორედ ამ აღმოჩენებს ეფუძნება სავარჯიშო და სამკურნალო პროგრამები, რომლებიც ტვინში თანაგრძნობის უნარის გაძლიერებას ისახავს მიზნად.

ოდესღაც მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ ბავშვებს სხვების კეთილდღეობა არ ადარდებდათ, მაგრამ ბოლო დროის აღმოჩენები ცხადყოფს, რომ ახალშობილები თანაგრძნობას ერთი წლის შესრულებამდეც ავლენენ. ფსიქოლოგი მააიან დავიდოვი, და მისი კოლეგები დააკვირდნენ ბავშვების ქცევას, რომლებიც ვინმეს მწუხარების მოწმენი ხდებოდნენ (მომტირალი ბავშვის, ან მოჩვენებითად შეწუხებული საკუთარი დედის). ექვს თვემდე ასაკის ახალშობილებიც კი ასეთ სანახაობას შეწუხებული გამომეტყველებით პასუხობენ; ზოგიერთი მათგანი მზრუნველობის გამომხატველ ჟესტებსაც კი ავლენს. თვრამეტი თვის ბავშვები თანაგრძნობას ხშირად ისეთ დადებით სოციალურ ქმედებად გარდაქმნიან, როგორიცაა, მაგალითად, დაზარალებული ბავშვის სანუგეშოდ მასთან ჩახუტება ან სათამაშოს ჩუქება.

სრული ვერსია წაიკითხეთ მარტის ნომერში.