
მეცნიერების მენეჯმენტი | მაკო მიქაბერიძე
რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელს მეცნიერებაზე და კიდევ ბევრ საინტერესო თემაზე ვესაუბრეთ
როგორ აღმოჩნდით მეცნიერების მენეჯმენტში?
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი 1995 წელს დავამთავრე და ჩემი სპეციალობა იმუნოლოგია იყო. 1990-იან წლებში ძალიან ბევრი საინტერესო რამ ხდებოდა ამ მიმართულებით მსოფლიოში და ძალიან მომწონდა ეს სფერო. თუმცა, ალბათ გახსოვთ, როგორ უჭირდა ამ დროს საქართველოს. კვლევისთვის ელემენტარული პირობებიც არ იყო და, სამწუხაროდ, ვერ შევინარჩუნე ჩემი პროფესია. საქმიანობის სფეროს გამოცვლაც რამდენჯერმე მომიწია. საბოლოოდ უმაღლესი განათლების მენეჯმენტიდან სამეცნიერო კვლევის მენეჯმენტში გადავინაცვლე.
რამდენი ხანია, რაც მეცნიერების მენეჯმენტში ხართ?
1998-2003 წლებში ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ (OSGF) უმაღლესი განათლების, შემდეგ კი სოციალური მეცნიერებების მხარდაჭერის პროგრამაში ვიყავი ჩართული. 2004 წელს ჩავაბარე ძალიან საინტერესო ინტერდიციპლინურ სამაგისტრო პროგრამაზე სოციალური მეცნიერებების მიმართულებით „ტრანსფორმაცია სამხრეთ კავკასიაში“, რომელსაც თსუ-ის სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი ახორციელებდა. საერთაშორისო პროექტს აფინანსებდა ღია საზოგადოების ინსტიტუტი (OSI) და ინტერდისციპლინური სამაგისტრო პროგრამების მომზადებასა და წარმართვაში ჩართული იყო აკადემიური სტიპენდიების პროგრამის უცხოელი და ადგილობრივი აკადემიური პერსონალი, აშშ-ის მაუნტ ჰოლიოკის კოლეჯის, ოქსფორდისა და რადგერსის უნივერსიტეტების პროფესორები. პროგრამის მოდელად ოქსფორდის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამების ფორმატი იყო აღებული, მიზანს კი რეგიონში მიმდინარე სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური ტრანსფორმაციის კვლევა წარმოადგენდა. 2005 წელს მომენიჭა მაგისტრის მეორე აკადემიური ხარისხი. შემდეგ მუშაობა გავაგრძელე სოციალურ მეცნიერებათა ცენტრში (CSS), რომელსაც რამდენიმე პროგრამული და კვლევითი მიმართულება ჰქონდა. ცენტრის ერთ-ერთი საერთაშორისო პროექტი საქართველოს უმაღლესი განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმების ხელშეწყობას ეხებოდა. ისე მოხდა, რომ ყველა ჩემი სამუშაო მხოლოდ ერთი კონკრეტული საკითხის შესწავლას არ გულისხმობდა. ყოველთვის ვცდილობდით, გაგვეზიარებინა მსოფლიოში არსებული საუკეთესო პრაქტიკა და საუკეთესო გამოცდილება. 2010 წლიდან თსუ-ის ბაზაზე CSS-მა ახალი ინტერდისციპლინური სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების განვითარება და დანერგვა დაიწყო, რაც გარკვეული რეფორმების გატარებასა და ევროპულ აკადემიურ სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობასაც ემსახურებოდა. 2016 წელს გავიმარჯვე IREX-ის სასტიპენდიო კონკურსში და გავიარე უნივერსიტეტების ადმინისტრირების მხარდაჭერის პროგრამა აშშ-ში – მეცნიერების მენეჯმენტის სპეციალური მოდული ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის პროგრამის მიხედვით და კვლევითი სტაჟირება ვაშინგტონის კვლევით ინსტიტუციებსა და ინდიანას უნივერსიტეტში, ბლუმინგტონში.
მანანა (მაკო) მიქაბერიძე: ზოგადად მიღებულია, თუკი ქვეყანას იმის პრეტენზია აქვს, რომ სამეცნიერო კვლევა ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაზე უნდა აისახებოდეს, მეცნიერებაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 1,5 პროცენტი მაინც უნდა იხარჯებოდეს; დღეს ეს წილი 0,3 პროცენტზე ცოტა მეტია, მაგრამ მჯერა, რომ მინიმალურ ნიშნულსაც მალე მივაღწევთ და უფრო მეტსაც შევძლებთ.
გამოდის, რომ განათლების რეფორმის მონაწილეც ხართ?
დიახ, ინტენსიური შეხება მქონდა უმაღლესი განათლების თემასთან. OSGF-ის მიერ დაფინანსებული ერთ-ერთი პროექტი, რომელშიც ჩართული ვიყავი, უმაღლესი განათლების სტრატეგიული მიმართულებებისა და პრიორიტეტების კვლევა იყო და მას ახორციელებდა განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი პარტნიორ ორგანიზაციებთან – Tempus-ის ეროვნულ ოფისთან, საერთაშორისო განათლების ცენტრთან და CSS-თან ერთად. შეიქმნა უმაღლესი განათლების რეფორმის პლატფორმა და მომზადდა საქართველოს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სისტემის სიტუაციური ანალიზის დოკუმენტი. იგი მოიცავდა უნივერსიტეტების ავტონომიისა და აკადემიური თავისუფლების, უმაღლესი განათლების და კვლევის დაფინანსების, კვლევისა და სწავლების ინტეგრაციის, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფისა და უმაღლესდამთავრებულთა დასაქმების მიმართულებებს. 2014 წლის ბოლოს დამიკავშირდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი, ქალბატონი მარინე ჩიტაშვილი, რომელთანაც თანამშრომლობის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება მქონდა OSGF-სა და CSS-ში და შემომთავაზა ფონდის პროგრამებისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით მოადგილის თანამდებობა.
რაც თქვენ ახლა მიამბეთ, ძალიან დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს. სამი შვილი და ორი შვილიშვილი გყავთ, როგორ ანაწილებთ დროს?
იცით, ძალიან მეხმარებოდა და ახლაც მხარში მიდგას ჩემი ოჯახი. მშობლების მხარდაჭერით ვახერხებდი პროფესიულ და კარიერულ განვითარებას. სწავლის პარალელურად ყოველთვის ვმუშაობდი და ამას ნამდვილად არ ვნანობ. ამასთანავე, თავისუფალი დრო მთლიანად ჩემს ოჯახს ეკუთვნოდა.
დღეს ძალიან აქტუალურია ეს თემა – ქალის როლი და ადგილი საზოგადოებაში.
ჩემი აზრით, ქალმა უნდა შეძლოს თვისი პოტენციალის რეალიზება როგორც ოჯახში, ასევე პროფესიულ და საზოგადოებრივ ასპარეზზე. ყველამ უნდა იზრუნოს თავისი შესაძლებლობების განვითარებისა და პროფესიული ინტერესების დაკმაყოფილებისთვის. წარმატებული, ფინანსურად დამოუკიდებელი ქალი ძალიან მნიშვნელოვანია თავისი ოჯახისა და საზოგადოებისთვისაც. სამწუხაროდ, დასაქმებულ ქალს ორმაგი დატვირთვა აქვს სამსახურსა და სახლში და ვისურვებდი, რომ ოჯახის წევრები თანაბრად ინაწილებდნენ საოჯახო საქმეს. ვფიქრობ, რომ დღეს ახალგაზრდა წყვილები ბევრად უფრო უდგანან ერთმანეთს მხარში და ერთად ზიდავენ ოჯახურ ტვირთს.
ოჯახური ძალადობის პრობლემაზე რას იტყოდით?
სამწუხაროდ, საქართველოში არსებობს ოჯახური ძალადობის პრობლემა, განსაკუთრებით რეგიონებში. მე მაინც მგონია, რომ ამ პრობლემის სათავე განათლებაშია. ჩვენ ბავშვობიდან უნდა ვასწავლიდეთ და არა მხოლოდ ოჯახში, რომ ნებისმიერი ადამიანი თავისუფალი და თანასწორია და ძალადობა მიუღებელია როგორც ქალის, ისე მამაკაცის მიმართ.
რა ხდება ამ მხრივ ქართულ მეცნიერებაში?
ძალიან საინტერესოა საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებაში გენდერული განაწილების თემა. ფონდი ყოველ წელს ამზადებს ანგარიშს განხორციელებული პროგრამებისა და კონკურსების შედეგების შესახებ. უნდა ითქვას, რომ სულაც არ არის დიდი სხვაობა. მეტიც, არის დარგები, რომლებშიც სამეცნიერო ხელმძღვანელი უფრო მეტი ქალია. ეს ძალიან მწვავე საკითხია ევროპასა და ამერიკაში. შეფასების პროცესებში დიდ ყურადღებას აქცევენ, რომ გენდერული ნიშნით არ მიიღონ მიკერძოებული გადაწყვეტილება.
ამ ეტაპზე მეცნიერებას მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო აფინანსებს. ძალიან მწირია დაფინანსება კერძო ფონდებიდან და თითქმის არ არის დაფინანსება კერძო კომპანიებიდან.
ფონდის ხელმძღვანელი 2017 წლის ივნისიდან ხართ, თუ შეიძლება, თქვენი მიზნების და ამოცანების შესახებ მიამბეთ.
ფონდში ვმუშაობდი დირექტორის მოადგილედ 2015 წლიდან და ვხელმძღვანელობდი პროგრამებსა და საერთაშორისო ურთიერთობებს. ამავე წლიდან ჩვენი დაწესებულება გახდა ევროპული კვლევების საბჭოს ეროვნული საკონტაქტო პირი საქართველოში და ფონდის პროგრამები და პროექტების შეფასება საერთაშორისო ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად ხორციელდება. ფონდის მიზნები ქვეყანაში საუკეთესო ხარისხის ინოვაციური სამეცნიერო კვლევების დაფინანსება, ახალგაზრდა მეცნიერთა განვითარება და მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობაა. გვაქვს ახალი ბილატერალური თანამშრომლობის სქემები, ვაპირებთ ახალგაზრდა მეცნიერთა მხარდაჭერის პროგრამების გაძლიერებასა და მეცნიერების დაფინანსების დამატებითი წყაროების მოძიებას.
როგორ ხდება კვლევის დაფინანსება?
ღია კონკურსის ფარგლებში ვაფინანსებთ როგორც ფუნდამენტურ, ასევე გამოყენებით კვლევას. სამწუხაროდ, არ გვაქვს რესურსები ყველა კარგი პროექტის დასაფინანსებლად, რაც ფონდის დიდი გულისტკივილია. პროექტების 35%, როგორც წესი, კარგია, მაგრამ ჩვენი საშუალო წარმატების ინდექსი მხოლოდ 18 პროცენტია. წლიდან წლამდე კვლევისთვის გამოყოფილი სახელმწიფო ბიუჯეტი საგრძნობლად იზრდება. 2016-17 წლების ბიუჯეტი 2012 წელთან შედარებით თითქმის 3-ჯერ არის გაზრდილი. თუმცა, ეს ჯერ კიდევ ძალიან ცოტაა იმისათვის, რომ საერთო სურათზე იქონიოს გავლენა. ახლა მეცნიერებას ძირითადად სახელმწიფო აფინანსებს. შეზღუდულია დაფინანსება კერძო ფონდებიდან და თითქმის არ არის დაფინანსება კერძო კომპანიებიდან. არადა, მთელი მსოფლიო გადასულია სამეცნიერო პროექტების კოლაბორაციულ მხარდაჭერაზე.
თქვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი მეცნიერებისთვის დაფინანსების დამატებითი წყაროს მოპოვებაში ხელშეწყობაც არის, არა?
დიახ, საქართველო 2016 წლიდან ასოცირებულია ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების ჩარჩო პროგრამასთან „ჰორიზონტი 2020“. ესაა დაახლოებით 80 მილიარდი ევროს ბიუჯეტის მქონე საკონკურსო პროგრამების ერთობლიობა, რომლებიც ემსახურება მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარებას ევროპაში. ძალიან აქტუალურია ინდუსტრიას, საჯარო და აკადემიურ ინსტიტუციებს შორის თანამშრომლობის მხარდაჭერა, ასევე საზოგადოებრივი გამოწვევებისა და გლობალური პრობლემების გადაჭრა ინოვაციური სამეცნიერო პროექტების მეშვეობით. საქართველოს მეცნიერებს 2016 წლიდან მიეცათ ამ პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობა ზუსტად იმ უფლებებით, როგორიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მეცნიერებს აქვთ.
მეცნიერებს რუსთაველის ფონდის გავლით შეაქვთ ამ პროგრამაში პროექტები?
არა, პირდაპირ შეაქვთ, ჩვენ უბრალოდ ინფორმაციის გამავრცელებლები ვართ და დამხმარე ინსტრუმენტების მეშვეობით ხელს ვუწყობთ მეცნიერებსა და ინსტიტუციებს, რომ უკეთესად გაერკვნენ „ჰორიზონტი 2020“-ის პროგრამებში. რუსთაველის ფონდი, როგორც ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) ეროვნული საკონტაქტო პირი, ეხმარება საქართველოს მეცნიერებს, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღონ ERC კონკურსებში.
წელს ვიწყებთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან პროგრამებს ევროკავშირის შვიდ წამყვან უნივერსიტეტში, რომლებშიც საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების ერთობლივი კვლევითი პროგრამები დაიწყება და შეიძლება კათედრებიც დაარსდეს.
ქართულ პროექტს თუ ჰქონია წარმატება?
ამ ეტაპზე „ჰორიზონტი 2020“-ის ფარგლებში 20-მდე პროექტია დაფინანსებული. ფონდი გასცემს დამხმარე გრანტებს პროექტის მომზადებისთვის, კონსორციუმში შესვლისთვის, სამეცნიერო პროდუქტიულობის გაუმჯობესებისთვის, აგრეთვე ინსტიტუციურ გრანტებს საშუამავლო ღონისძიებებისათვის, კვლევის მენეჯმენტის განვითარებისათვის, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს იმას, რომ ჩვენმა მეცნიერებმა წარმატებას მიაღწიონ „ჰორიზონტის“ პროგრამებშიც.
ფონდის ერთ-ერთი მიმართულება ქართველოლოგიური კვლევების ხელშეწყობაა, რას გულისხმობს ეს?
ფონდის ბიუჯეტის 10% იხარჯება საქართველოს შემსწავლელ მეცნიერებებში. გვაქვს რამდენიმე სპეციალური პროგრამა. ვთანამშრომლობთ ოქსფორდის უნივერსიტეტთან, ხოლო 2018 წლიდან ვიწყებთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან პროგრამებს ევროკავშირის შვიდ წამყვან უნივერსიტეტში, ესენია: ბრემენის, იენის, ვენეციის, ლეიდენის, ვილნიუსის, ტარტუს და უნგრეთის უნივერსიტეტები, რომლებშიც საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების ერთობლივი კვლევითი პროგრამები დაინერგება.
ამ უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ იქ მოისმინონ საქართველოს შესახებ სალექციო კურსები?
დიახ, რა თქმა უნდა.
ახალგაზრდა თაობას რას ეტყვით, რატომ არის მეცნიერება მნიშვნელოვანი?
ჩვენი ქვეყნის განვითარებას ვერ შევძლებთ მეცნიერების გარეშე. აუცილებელია ჩვენს ქვეყანაში ჩატარებული მეცნიერული კვლევის შედეგების ინტეგრირება ყოველდღიურ ცხოვრებაში; ყოველივე ეს ეკონომიკურ განვითარებაში უნდა აისახოს. ახალგაზრდების მოზიდვა მეცნიერებაში უაღრესად საჭირო საქმეა. სამეცნიერო კვლევა ძალიან საინტერესოა და მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის პირობებში ნიჭიერ, ახალგაზრდა მეცნიერებს დიდი პერსპექტივები აქვთ. მეცნიერება, ერთი მხრივ, ძალიან საინტერესოა, მეორე მხრივ კი – ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნის განვითარებისა და კეთილდღეობისთვის.