
მეცნიერებისა და ინოვაციის მოწინავე ხაზიდან
კვლევა იუწყება, რომ, მგლისგან განსხვავებით, ძაღლისა და ადამიანის სახეს კუნთები უფრო მეტყველს ხდის.
თვალებით კომუნიკაცია
რთულია უარი უთხრა ცუგას, როდესაც „ლეკვურად“ გიყურებს. ახალი კვლევის მიხედვით, ადამიანების მოთაფლვის ეს უნარი მრავალათასწლიანი ხელოვნური გადარჩევის დამსახურებაა.
ხმელეთის ძუძუმწოვრები გამომეტყველებას თვალებისა და პირის გარშემო არსებული პატარა კუნთების დახმარებით იცვლიან. პიტსბურგის დიუკეინის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ეს კუნთები ძაღლებსა და ადამიანებს უფრო მსგავსი აქვთ, ვიდრე მგლებს და ძაღლებს. მგლების სახის კუნთების უმეტესობა ნელა კუმშვადია, ადმიანების და მოშინაურებული ძაღლების კუნთები კი სწრაფად რეაგირებენ.
სახის გამომეტყველებით კომუნიკაცია „ადამიანების ფუნდამენტური უნარია“, – ამბობს კვლევის ხელმძღვანელი ენ ბაროუსი. „ბუნებრივია, რომ სელექციის პროცესში უპირატესობა მივანიჭეთ ძაღლებს, რომლებიც თვალებში გვიყურებდნენ“.
ახლა ბაროუსი და მისი კოლეგები იკვლევენ ძაღლების სწრაფად კუმშვადი კუნთების როლს ყეფის, როგორც კომუნიკაციის ხერხის, ჩამოყალიბებაში. – ენი როთი
3D ბეჭდვით მიღწეული პეპლის ეფექტი

აფრიკული პეპლის, Cynandra opis-ის ფრთებზე არსებული მიკროსკოპული წიბოები შუქთან ინტერაქციისას ირიდესცენციას იძენენ. არსებობს ასეთი „სტრუქტურული ფერების“ ფართო სპექტრი, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც პეპლების პიგმენტაციისთვის დამახასიათებელი არაა. შვეიცარიელმა მეცნიერებმა ფრთების ნანოსტრუქტურის ასლი გამჭვირვალე პლასტმასაზე 3D ბეჭდვის მეშვეობით ხელოვნურად შექმნეს. ინოვაციის გამოყენება შესაძლებელია ბანკნოტების, მელნის და მონიტორების დასამზადებლად. – სიმონე აინცმანი
გამთბარი ალპური სიმწვანე

ალპების სატელიტური გამოსახულებები გვამცნობს, რომ ტყის გავრცელების საზღვრის ზემოთ მცენარეულობა 40 წელიწადზე ნაკლებ დროში 80%-ით გაიზარდა. კლიმატის ცვლილების პირობებში ახალმა სახეობებმა შესაძლოა ამ ედელვაისის მსგავს უფრო მკაცრ პირობებს შეგუებულ სახეობებს აჯობონ. – სიმონე აინცმანი