
მეცნიერებისა და ინოვაციის მოწინავე ხაზიდან
ღამით, ძილის დროს, ხტუნია ობობები თითქოს სიზმრებს ხედავენ.
სიზმრების მქსოველები, REM-ში
„ქვიშის კაცმა“ ობობისნაირნიც შეიძლება მოინახულოს. ეკოლოგი დანიელა როსლერი ხტუნია ობობებს აკვირდებოდა. ისინი უმოძრაოდ, თავდაყირა ეკიდნენ აბრეშუმის ძაფზე, რვა ფეხი კი შეეკეცათ. მათი აბრეშუმის წარმომქმნელი ორგანოები პერიოდულად ირხეოდა ან ფეხი უთრთოდათ. შეიძლება, რომ ობობებიც ხედავდნენ სიზმრებს?
სიცოცხლის პირველ დღეებში მათი თავი გამჭვირვალეა, ამიტომ როსლერს შიგნით ჩახედვა შეეძლო. ის აკვირდებოდა ობობების მთრთოლვარე ბადურებს. სავარაუდოა, რომ ისინი ვიზუალურ სიზმრებს ხედავდნენ. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც REM-ის მსგავსი ძილი დაფიქსირდა უხერხემლო ცხოველებში. რაც უფრო მეტს ვიგებთ ხტუნია ობობების კოგნიტურ შესაძლებლობებზე, მით ნაკლებად გვეუცხოებიან და მეტად ვცემთ პატივს, აცხადებს როსლერი. – ელიზაბეთ ენ ბრაუნი
დამალული დნმ კვლევის ინსტრუმენტია

მეცნიერები ატმოსფერული ჰაერის, ყვავილების ფურცლების და ზღვის ღრუბლების სინჯების აღებით ცოცხალი არსებების მიერ გამოყოფილ გენეტიკურ მასალას პოულობენ. გარემოდან აღებული დნმ შეიძლება იყოს გამოყენებული რთულად მოსახელთებელი სახეობების საპოვნელად, მათი ურთიერთქმედების და დაავადებების მონიტორინგისთვის. – ელიზაბეთ ენ ბრაუნი
კიბორჩხალას ჯავშნიდან ბატარეებამდე

ელექტრონიკასა და ელექტრომანქანებზე მოთხოვნა ბატარეების საჭიროებას ზრდის და მათი, მდგრადი მასალისგან – ზღვის პროდუქტების ნარჩენებისგან – დამზადებული ვარიანტიც გამოჩნდა. ნივთიერება ქიტოზანის მიღება შესაძლებელია კიბორჩხალას, კრევეტების და ომარების ჯავშნებიდან. „მას თქვენს სუფრაზე იპოვით“, – ამბობს კვლევითი ჯგუფის წევრი ლიანგპინგ ხუ. ქიტოზანი შეიძლება გარდაიქმნას ბიოდეგრადირებად ელექტროლიტად თუთიის ბატარეებისთვის, რაც ლითიუმის პოტენციური ალტერნატივაა. – ჰიქს ვოგანი