
მეცნიერებისა და ინოვაციის მოწინავე ხაზიდან
კოსმოსური ნაგვის ავტობუსისოდენა გროვა ჩვენს მთვარეს დაეცა. მისი ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენა არც ისე მარტივი საქმეა.
მთვარეზე დაშვებული ნაგავი
ბუმ! 4 მარტს, გზააბნეული კოსმოსური ნაგვის გროვა მთვარის უკანა მხარეს დაეცა და კრატერებით ისედაც უხვ ზედაპირს დამატებითი ღრმულები შემატა. კოსმოსზე დამკვირვებლებმა გამოთვალეს, რომ მოხეტიალე რაკეტის ნარჩენების საბოლოო განსასვენებელი ჰერცშპრუნგის 570-კილომეტრიან კრატერში იქნებოდა. დაცემის ზუსტი ადგილი კი NASA-ს მთვარის სადაზვერვო ორბიტულმა აპარატმა ჰერცშპრუნგის ჩრდილოეთ საზღვართან ახლოს, ახლად გაჩენილი ორმაგი კრატერით დაადგინა. მთვარის კვლევის გააქტიურებასთან ერთად, ექსპერტები ღრმა კოსმოსში ობიექტების მონიტორინგის და გამოყენებული რაკეტების ნაწილთა განთავსების რეგულაციის საჭიროებაზე ლაპარაკობენ. „მომავალში მსგავსი მოვლენა მხოლოდ საინტერესო დაკვირვების საგანი ვეღარ იქნება. მთვარის ორბიტასა და მის ზედაპირზე მყოფი ადამიანებისთვის ეს დიდ პრობლემად იქცევა“, – ამბობს კოსმოსური არქეოლოგი ელის გორმანი. – ნადია დრეიკი
ბუნების გემოვნების კანონმდებელი

პერდიუს უნივერსიტეტის ბიოქიმიკოსებმა პეტუნიების შესწავლით ბენზოალდეჰიდის წარმომქმნელ პროცესს უპოვეს გასაღები. ბენზოალდეჰიდი არომატების ინდუსტრიაში რიგით მეორე ყველაზე გამოყენებადი ნაერთია. შედეგად შეიძლება მივიღოთ ისეთი პოპულარული გემოების და არომატების სრულიად ნატურალური ვერსიები, როგორიც ნუში და ალუბალია. – ჰიქს ვოგანი
ნიჟარები ჭარბი მოპოვების გამო საფრთხეში არიან

ახალი კვლევის მიხედვით, Triplofusus giganteus-ი, ამერიკის ყველაზე დიდი ზღვის ლოკოკინა, მისი ნიჟარის შეუზღუდავი მოპოვების გამო, გადაშენების საშიშროების წინაშეა.
ასაკის და რეპროდუქციული მომწიფების განსასაზღვრად, მეცნიერებმა ნიჟარებიდან მოიპოვეს ქიმიური ელემენტების იზოტოპები. შედეგად აღმოჩნდა, რომ მდედრები გამრავლებას გვიან იწყებენ. მათ ნიჟარებზე ნადირობამ შთამომავლობის ყოლის შესაძლებლობა ბევრს შეიძლება წაართვას.
ეს ნიჟარა ფლორიდის სიმბოლოა, თუმცა მისი შეგროვება არც აქაა შეზღუდული. მოპოვების რეგულაცია ნიჟარების გადარჩენისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა, ამბობს კვლევის ავტორი გრეგორი ს. ჰერბერტი. – სინთია ბარნეტი