
მედიცინის მომავალი
კაცობრიობა უზარმაზარი ნაბიჯებით მიიწევს წინ, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების შესაძლებლობები კი უსაზღვროა. მთვარი მაინც ალბათ ისაა, თუ რამდენად სწორად ვმართავთ და გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობებს.
National Geographic-ი ახალ წელს ტრადიციულად ახალი თემით იწყებს, ეს თემა მედიცინაა. ჩვენ შევეცდებით მოგითხროთ გამაოგნებელი ამბები ამ სფეროში არსებულ უახლეს კვლევებზე, ტექნოლოგიურ მიღწევებზე, სამედიცინო განათლებაში მომხდარ გადატრიალებებზე და იმაზე, თუ როგორ შეიძლება ჩვენი ყოველდღიური მოხმარების საგნები ჯანმრთელობისთვის თვალყურის დევნებაში, დაავადებების პრევენციასა თუ მათ მკურნალობაში დაგვეხმაროს.
ზოგიერთი პროექტი თითქოს საშიშადაც კი ჟღერს – წარმოგიდგენიათ, თვალის კონტაქტური ლინზა, რომელიც სისხლში გლუკოზის დონეს განგისაზღვრავთ, მობილურით გადაღებული „სელფი“, რომელიც, შესაძლოა, პანკრეასის სიმსივნის დადგენაში დაგვეხმაროს, ან კი დნმ-ის ორიგამი, რომელიც თქვენი კონკრეტული გენის რედაქტირებას შეძლებს?
როდესაც ვეტერანმა ჟურნალისტმა ფრენ სმითმა მედიცინის უახლეს მიღწევებზე სტატიის დაწერა გადაწყვიტა, „საცდელ თაგვობასაც“ დათანხმდა და დნმ-ის სეკვენირება გაიკეთა. ბევრი არ უფიქრია: „არასოდეს მაშინებდა იმის გაგება, თუ რა შეიძლება დამემართოს მომავალში. არცოდნით უფრო დაცული ვერ იქნებიო“ – ამბობს იგი.
სმითს სურდა, თავად გამოეცადა „პერსონალიზებული მედიცინის“ შესაძლებლობები, რომელიც, ტრადიციული სამედიცინო პრაქტიკისგან განსხვავებით, გენეტიკური კვლევების და მონაცემთა ანალიზის საშუალებით თითოეულ პაციენტს ინდივიდუალურად უსვამს დიაგნოზს და უდგენს მკურნალობის გეგმას.
თუმცა, დღეს კარგად დავიწყებული ძველიც ახალი ძალით, პროგრესად გვევლინება. „ჩინური მედიცინა“ დასავლური სკოლის მეცნიერების ყურადღების ცენტრში ექცევა – 2000 წელზე მეტი ხნის სამედიცინო რეცეპტები სკრუპულოზურად შესწავლის საგანი ხდება და თანმედროვეობასთან ადაპტირდება. ფაგოთერაპია კი, სულ უფრო და უფრო მეტად იძენს აქტუალობას, რადგან ანტიობიოტიკებით ხშირად ვეღარ ერევიან ბაქტერიებს, რომელთაც მუტაციის უნარი აღმოაჩნდათ და მათ მიმართ რეზისტენტობა გამოიმუშავეს.
სულ რამდენიმე ათეული წლის წინ, ალბათ, ფიქრიც კი ზედმეტი იყო იმაზე, რაც დღეს უკვე რეალობაა. კაცობრიობა უზარმაზარი ნაბიჯებით მიიწევს წინ, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების შესაძლებლობები კი უსაზღვროა. მთვარი მაინც ალბათ ისაა, თუ რამდენად სწორად ვმართავთ და გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობებს.
გმადლობთ, რომ კითხულობთ National Geographic საქართველოს.