
მეფედ კურთხევა და აპოკომბიონი
მონეტაზე სამეფო, უფრო საიმპერატორო სამოსში გამოწყობილ ახალგაზრდა მამაკაცს ვხედავთ
მე-20 საუკუნის დასაწყისში, ქალაქ ტფილისის თავადაზნაურობის კოლექციაში ვინმე მოქალაქე მედვედევისგან შეძენილი სპილენძის მონეტა ინახებოდა, რომელიც 1921 წელს წითელი არმიის მიერ საქართველოს დაპყრობისას, ექვთიმე თაყაიშვილის მიერ საფრანგეთში გადასარჩენად წაღებულ ეროვნულ საგანძურს გაჰყვა. მოგვიანებით ის სამშობლოში დაბრუნდა და ამჟამად საქართველოს ეროვნული მუზეუმის ნუმიზმატიკურ ფონდშია დაცული.
მონეტაზე სამეფო, უფრო საიმპერატორო სამოსში გამოწყობილ ახალგაზრდა მამაკაცს ვხედავთ. ასომთავრულად შესრულებულ ზედწერილში ვკითხულობთ: „გიორგი ძე თამარისი“. მონეტა გიორგი IV ლაშას (1210-1223) ეკუთვნის და იგი უნიკუმია, ანუ ერთადერთია მსოფლიოში. მონეტაზე გამოსახული „ზეციური ხელები“ მეფეს ე.წ. აპოკომბიონს – ოქროს მონეტებით სავსე ქისას აწვდიან. ამ დეტალის პარალელები მხოლოდ ბიზანტიურ ხელოვნებაში მოიძებნება: წმინდა სოფიას ორი მოზაიკა და იოანე ციმისხის (969-976) ოქროს მონეტა. სადღესასწაულო სამოსი, თავზე შარავანდი და ზებუნებრივი ძალის მიერ აპოკომბიონის გადაცემა მიუთითებს, რომ მონეტაზე მეფის კორონაციის რიტუალია ასახული. ქართულ ნუმიზმატიკაში არ მოიძებნება სხვა მონეტა, სადაც მეფედ კურთხევის რიტუალია გამოსახული.
„კორონაციის სცენის გამოსახვა ამ მონეტის მემორიალურ ბუნებაზე მიუთითებს. აშკარაა, რომ ეს მონეტა განსაკუთრებული მოვლენების აღსანიშნავადაა მოჭრილი“, – ამბობს ნუმიზმატი ირაკლი ფაღავა.