
მეტი ტვინი კვლევას შესაძლებელს ხდის
გაიცანით ტიშ ჰეველი. მას შემდეგ, რაც ტიშის მამა 2015 წელს ლევის სხეულის დემენციისაგან გარდაიცვალა, ოჯახმა მისი ტვინის მეცნიერებისათვის გადაცემა ისურვა კვლევებისათვის
მსოფლიოში ტვინის ნაკლებობაა. დაავადებების საკვლევად, რომლებიც მსოფლიოს მოსახლეობის 15%-ს აღენიშნება, ნეირომეცნიერებს ყველა სახის ტვინის ქსოვილი ესაჭიროებათ. გაიცანით ტიშ ჰეველი. მას შემდეგ, რაც ტიშის მამა 2015 წელს ლევის სხეულის დემენციისაგან გარდაიცვალა, ოჯახმა მისი ტვინის მეცნიერებისათვის გადაცემა ისურვა კვლევებისათვის. მათ იცოდნენ, რომ ამისათვის ბევრად მეტი რამ დასჭირდებოდათ, ვიდრე ორგანოების დონორის ბარათია. ამ გამოცდილებამ ტიშს ჩააგონა, ტვინის დონორის პროექტი წამოეწყო იმისათვის, რომ კრიტიკული საჭიროების შესახებ ინფორმაცია გაევრცელებინა და გაემარტივებინა შესაძლო დონორების მონაწილეობა. ამჟამად დაახლოებით 2000 ადამიანია დარეგისტრირებული პროექტში მონაწილეობისთვის.
ტვინის დონაციის შესახებ მითების გაქარწყლება
ორგანიზაცია, რომელიც ტიშ ჰეველმა ჩამოაყალიბა (ეწვიეთ საიტს braindonorproject.org), მიზნად ისახავს ადამიანის გარდაცვალების შემდეგ კვლევისთვის ტვინის დონაციის გამარტივებასა და ამ პროცესის მიმართ ჩამოყალიბებული არასწორი წარმოდგენების გაქარწყლებას. რა უნდა იცოდეთ ამის შესახებ.
1. ორგანოს დონორი
თუ მართვის მოწმობაში გიწერიათ, რომ ორგანოების დონორი ხართ, კეთილი საქმე გაგიკეთებიათ. თქვენი გული, რქოვანები და პანკრეასი შეიძლება ვინმეს გადაუნერგონ, მაგრამ თქვენი ტვინი თქვენთან დარჩება, თუ ცალკე შეთანხმება არ დადეთ.
2. ჯანმრთელი ტვინი
ტვინის ფიზიკურ მდგომარეობას გარდაცვალებისას არ აქვს მნიშვნელობა, მხოლოდ გარკვეული ინფექციური დაავადებები არის მნიშვნელოვანი. მეცნიერებას ყველანაირი ტვინი ესაჭიროება, რადგან კვლევის პროცესის დიდი ნაწილი დაავადებული და ჯანმრთელი ორგანოების შედარებაა.
3. ღია კუბო
ტვინის ამოღება გარეგნობას არ აზიანებს, რადგან მას თავის უკანა ნაწილის გაკვეთის საშუალებით იღებენ.
4. ხარჯები
თუ ტვინს აშშ-ში ექვსი ჯანდაცვის ინსტიტუტიდან ერთ-ერთის ტვინის ბანკს გადასცემთ, გარდაცვალების შემდეგ ოჯახს ტვინის ამოღების, დონაციის ან შენახვის ხარჯები არ ექნება.
5. დრო
თუ ტვინი მეცნიერებას გადაეცით, დროს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. პათანატომებმა ტვინი გარდაცვალებიდან 24 საათში უნდა მიიღონ. ასე რომ, აუცილებლად შეატყობინეთ ოჯახს თქვენი გადაწყვეტილების შესახებ და თუ როგორ უნდა შეასრულონ თქვენი სურვილი.
6. პროგრამაში ჩაწერა
დონაციის პროცესი არ არის რთული და აღწერილია საიტზე braindonorproject.org. იმის გასაჩუქებლად, რასაც ჰეველი „მსოფლიოს ყველაზე ძვირფას რესურსს“ უწოდებს, მხოლოდ რამდენიმე ფორმის შევსება და ელ-ფოსტით გაგზავნაა საჭირო.