
"მეუღლე მტრებმა მომიკლეს..."
პოპულაციების საუკეთესო დაცვის შემთხვევაშიც კი, ირემი ბუნებრივი გზით ვერ აღდგება
ირემი (Cervus elaphus) საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი ძუძუმწოვარია. ბრაკონიერობის და საარსებო გარემოს ათვისების გამო სახეობა გადაშენებამდეა მისული და ორ „წერტილშია“ დარჩენილი: ლაგოდეხის (500 ინდივიდამდე) და ბორჯომ-ხარაგაულის დაცულ ტერიტორიებში. აქ, რაოდენობა ლაგოდეხის მცირე პოპულაციასთან შედარებითაც კი „თითზე ჩამოსათვლელია“. პოპულაციების საუკეთესო დაცვის შემთხვევაშიც კი, ირემი ბუნებრივი გზით ვერ აღდგება. საჭიროა ხელოვნურ პირობებში გამრავლება და სხვადასხვა „წერტილში“ ნამატის გაშვება, რომ ეს ახლად შექმნილი „კუნძულოვანი” პოპულაციები ბუნებაში თავად გამრავლდნენ, ერთმანეთს დაუკავშირდნენ და გავრცელდნენ სხვა ვარგის არეალებშიც.
სადაა გაშვებისთვის ოპტიმალური არეალები, სადაც შეწუხების ფაქტორი (დასახლებები, ბრაკონიერობა) მინიმალური, ხოლო საკვები ბაზა უხვია? ილიას სახ. უნივერსიტეტის მეცნიერები, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ხელშეწყობით, ამ მიმართულებით ატარებენ კვლევებს. დიდძალი მასალის კომპიუტერულმა (გეოინფორმაციული სისტემა – GIS) ანალიზმა სამიზნედ ალგეთის რეგიონი და გომბორის ქედი გამოყო.
„ლაგოდეხის პოპულაცია იზოლირებული არაა, ჩრდ. კავკასიაში გადადის და, დაცვის პირობებში, ინდივიდების შეყვანა არ უნდა დაჭირდეს“, – ამბობს პროფესორი ზურაბ გურიელიძე. ბორჯომის იზოლირებული პოპულაციის ანალიზი ახლა მიმდინარეობს და, ამ ეტაპზე, უცნობია, საჭიროა თუ არა აქ დამატებითი ინდივიდების შეყვანა. გამრავლების ცენტრად, თბილისის ეროვნული პარკის ტერიტორია მოიაზრება, სადაც შესაბამისი ინფრასტრუქტურაა მოსაწყობი.