
ჯავახეთს ფრინველები
მიგრანტი ფრინველები ზამთრის მკაცრი კლიმატისგან გასაქცევად, ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ დიდ და რთულ მოგზაურობას ზაფხულის მიწურულს იწყებენ, ზამთრის დასასრულს კი უკან ბრუნდებიან
რუბრიკა: ვიდეოები
მსოფლიოში არსებული 10 ათასამდე ცნობილი ფრინველის სახეობის თითქმის 20% რეგულარულად მიგრირებს. ჯავახეთის ზეგნის ტბები წყალმცურავი ფრინველებისთვის მნიშვნელოვანი დასასვენებელი და საკვები ადგილია.
მიგრანტი ფრინველები ზამთრის მკაცრი კლიმატისგან გასაქცევად, ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ დიდ და რთულ მოგზაურობას ზაფხულის მიწურულს იწყებენ, ზამთრის დასასრულს კი უკან ბრუნდებიან.
მიგრაცია ნებისმიერი სახეობისთვის საკმაოდ სტრესული – ფიზიკურად და ემოციურად დამღლელი – პროცესია. გზის ხანგრძლივობის თანმდევი ამინდის გაუარესება და საკვების მოპოვების სირთულეები მათ სიცოცხლეს ხშირად საფრთხეს უქმნის.
ოლოლი, იგივე ყურებიანი ბუ (Asio otus) საქართველოს ტერიტორიაზე ბინადრობს დაბლობისა და მთის მაღალხეებიან ტყეებში და თაგვისებრი მღრღნელებითა და მწერებით იკვებება.
მკვლევარი ზურაბ ჯავახიშვილი ჯავახეთის ტბებზე კოლეგებთან ერთად ყოველ წელს ასობით ფრინველს რგოლავს. დარგოლვა ფრინველთა სამიგრაციო მარშრუტების დადგენის ერთ-ერთი მეთოდია.
ოლოლი, იგივე ყურებიანი ბუ (Asio otus) საქართველოს ტერიტორიაზე ბინადრობს დაბლობისა და მთის მაღალხეებიან ტყეებში და თაგვისებრი მღრღნელებითა და მწერებით იკვებება.
მკვლევარი ზურაბ ჯავახიშვილი ჯავახეთის ტბებზე კოლეგებთან ერთად ყოველ წელს ასობით ფრინველს რგოლავს. დარგოლვა ფრინველთა სამიგრაციო მარშრუტების დადგენის ერთ-ერთი მეთოდია.
მსოფლიოში მიგრაციის დროს ფრინველთა დასასვენებელი და საკვები რამდენიმე მნიშვნელოვანი ადგილი არსებობს, სადაც ყოველ სეზონზე გადამფრენი ფრინველების დიდი რაოდენობა იყრის თავს. ასეთ ადგილებს ფრინველები უსაფრთხოების, გეოგრაფიულად კომფორტული გარემოსა და საკვების არსებობის გამო ირჩევენ. საქართველო ამ მხრივ, საერთაშორისო თვალსაზრისით, უმნიშვნელოვანესი გეოგრაფიული არეალია. აღმოსავლეთ შავი ზღვის სამიგრაციო დერეფანი („ბათუმის ძაბრი”), სტეფანწმინდა, ვაშლოვნის დაცული ტერიტორიები, მდინარე ალაზნისა და ივრის ქვემო წელი და ჯავახეთის ზეგანი – ფრინველების დასვენებისთვის და კვებისთვის “მდიდარი” ტერიტორიებია. ჯავახეთის დაცული ტერიტორია (16200 ჰა) წყალმუცურავებისთვის ნამდვილი სამოთხეა. ამ ფრინველებიდან ბევრი გადაშენების პირას მყოფი სახეობაა და საქართველოსა და საერთაშორისო (IUCN) “წითელ ნუსხაშია” შეტანილი.

ჯავახეთში არსებული ტბების უმეტესი ნაწილი დაცულ ტერიტორიებს ეკუთვნის და მათ განსაკუთრებულობას ვულკანური წარმოშობის მთები, ვრცელი ზეგნები, სუბალპური მდელოები, მთის სტეპები, მტკნარი ტბები და ჭაობები ქმნის. გადამფრენი ფრინველები ჯავახეთის ტბებს სწორედ ამ კომპლექსური გეოგრაფიული თვალსაზრისით ირჩევენ. შავმიწა ვულკანური ნიადაგი და თხელი, მტკნარი ტბები სწორედ ისაა, რაც წყალმცურავებს ენერგიის აღდგენასა და შენარჩუნებაში ეხმარება. კოლხეთის დაბლობისგან განსხვავებით, ჯავახეთის ტბები, ზღვის დონიდან საშუალოდ 2000 მეტრზე მდებარეობის გამო, ზაფხულში შედარებით გრილია. მიწა კი მდიდარია ორგანული წარმონაქმნებით; საკვები აქ ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ მოგზაური წყალმცურავებისთვის ყოველთვის მოიძებნება.
რეჟისორი – გიორგი გაფრინდაშვილი (Omedia)
ოპერატორი – ლევან ლეკიაშვილი
მონტაჟი – გიორგი გაფრინდაშვილი (Omedia)
დრონის და ვარხვის ახლო კადრი – EcoFilms
მუსიკა – Newittmusic