დიდი გადაფრენა ზღვისა და მთის გასაყარზე
ჩვენს პლანეტაზე სულ სამი ადგილია, სადაც ფრინველთა მიგრაციის დროს, შემოდგომასა და გაზაფხულზე, მილიონზე მეტ მტაცებელს ითვლიან. აღმოსავლეთ შავი ზღვის სამიგრაციო დერეფანი სწორედ ამ სამეულის წევრია


დიდი გადაფრენა ზღვისა და მთის გასაყარზე
ჩვენს პლანეტაზე სულ სამი ადგილია, სადაც ფრინველთა მიგრაციის დროს, შემოდგომასა და გაზაფხულზე, მილიონზე მეტ მტაცებელს ითვლიან. აღმოსავლეთ შავი ზღვის სამიგრაციო დერეფანი სწორედ ამ სამეულის წევრია
უკვე მეთერთმეტე წელია Batumi Raptor Count-ი (BRC) აჭარაში სოფელ სახალვაშოსა და შუამთის სადგურებიდან და ჭოროხის დაჭაობებული ტერიტორიიდან მიგრაციის პროცესს აკვირდება. შემოდგომაზე, შემდეგ კი უკუმიგრაციისას, საგაზაფხულო სეზონზე, ორნითოლოგები ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ და გადამფრენ მტაცებლებს ითვლიან.
სახალვაშოსა და შუამთის სადგურებზე “ბერდვოჩერები” ცაში ნებისმიერი ფრინველის გამოჩენისთანავე ერთმანეთს რაციით უკავშირდებიან. სეზონზე რამდენიმე დღე სოფლის თავზე მართლაც შესანიშნავი სანახაობა იშლება. ყოფილა დღეები, როდესაც ორნითოლოგებს აქ 100 000-ზე მეტი კრაზანაჭამია აღურიცხავთ. მათ გარდა შავი ზღვის სამიგრაციო დერეფანს 35-მდე სახეობის სხვა ფრინველებიც იყენებენ. „ბათუმის ძაბრს“ გადაიფრენენ შავი და თეთრი ყარყატები და ვარხვებიც; ზოგავენ ენერგიას, რომ დანიშნულების წერტილამდე უსაფრთხოდ გადაფრინდნენ.

ყოველ წელს თბილ ქვეყნებში გამოსაზამთრებლად ჩვენი პლანეტის 12 ათასამდე სახეობის თითქმის 20% ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ იწყებს მიგრაციას, გაზაფხულის დასაწყისში კი უკან დაბრუნებას. ბუების გარდა მტაცებლების ყველა სახეობა დღისით მიგრირებს; ღამე სადმე უნდა დაიბუდონ – დაისვენონ და აღიდგინონ ძალები. მათი მთავარი საკვები მწერები და სხვა ფრინველებისა და ძუძუმწოვრების ხორცია.
ამ რეჟიმში ენერგიის დაზოგვა გადარჩენის მთავარი პრინციპი ხდება. ამიტომ მიმინოები, კრაზანაჭამიები და სხვა მტაცებლები გადაფრენისას თერმალებს იყენებენ და ერიდებიან დიდ წყალსატევებსა და მთაგორიან ადგილებს.
აღმოსავლეთ შავი ზღვის სამიგრაციო დერეფანი სწორედ ამიტომაა მტაცებლების დიდი თავშეყრის ადგილი. დიდი გადაფრენისას ჩრდილოეთის სტეპებიდან წამოსულ ფრინველებს შეუძლიათ შავი და კასპიის ზღვების გვერდის ავლით კონცენტრირდნენ შუაში და გადმოიფრინონ დიდი კავკასიონის ქედი, სადაც დასასვენებლად და ღამის გასათევად შედარებით დაბალ უღელტეხილებს ირჩევენ. შემდეგ კი იმის გამო, რომ მიგრაციის ძირითადი მიმართულება სამხრეთ-დასავლეთია, წინა აზიასა და აფრიკაში მოსახვედრად, ერთად იყრიან თავს ჯერ კოლხეთის დაბლობზე – აჭარის მთებისა და შავი ზღვის შეყრის ადგილზე, შემდეგ კი ბათუმსა და ჭოროხის დელტაზე.
საქართველოში ბაზიერობის ტრადიცია საუკუნეებს ითვლის აჭარაში ყველა ბაზიერი, რომელიც ფრინველს ქვეყნის ტერიტორიაზე იჭერს, არალეგალურ საქმიანობას ეწევა, კანონდამრღვევია, თუმცა ბევრ რაიონში, მათ შორის სახალვაშოსა და ხელვაჩაურში, ბაზიერობის ტრადიციას ძალიან ფესვგადგმულია. რადგან სახელმწიფოს არ აქვს ამ შემთხვევების გამოვლენისა და პრევენციის ეფექტური მექანიზმი, ორი გზაღა რჩება: ან თვალი უნდა დახუჭოს კანონდარღვევაზე, ან ყველა ბაზიერს სამართლებრივი პასუხი მოსთხოვოს. თუმცა, ყველაფერთან ერთად, ქვეყანაში არ არსებობს ფრინველების თავშესაფარი და, ხშირად, ბაზიერები ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებისთვისაც ერთადერთ იმედად რჩებიან, სადაც დაზიანებული ან დაჭრილი ფრინველის მიყვანა შეუძლიათ.
ნადირობა მონადირეებზე
აჭარის რეგიონი საქართველოში უკანონო ნადირობის მხრივ რუკაზე ცხელ წერტილადაა მონიშნული.
სახალვაშოს სადგურზე ორნითოლოგები ცაში მტაცებლების თვლას განაგრძობენ. საღამოვდება. აღმართიდან შუახნის კაცი ჩნდება. მონადირე ძაღლით. „ბერდვოჩერები“ მის გამოჩენას ყურადღებას არ აქცევენ; ზურგზე თოფმოკიდებული მონადირეტყის სიღრმეში უჩინარდება.
მეორე დღეს იმავე სურათის მომსწრეები ხელვაჩაურშიც ვხდებით. მთები პერიოდულად მათი თოფების სროლის ექოს გამოსცემენ.
აჭარის რეგიონი – საქართველოში, სოფელი სახალვაშო კი აჭარის რეგიონში უკანონო ნადირობის მხრივ რუკაზე ცხელ წერტილადაა მონიშნული. ყოველ შემოდგომაზე აღმოსავლეთ შავი ზღვის სამიგრაციო დერეფანში ბრაკონიერები 10 000-მდე მტაცებელ ფრინველს ხოცავენ. BirdLife International-ის ინფორმაციით, ყოველ წელს საქართველოში უკანონო ნადირობას 37 000-მდე ფრინველის სიცოცხლე ეწირება.

საქართველოში სპორტულ-სამოყვარულო ნადირობა მხოლოდ გადამფრენ ფრინველებზეა დაშვებული. ყოველ წელს, გარემოს დაცვის მინისტრის ბრძანებით, ცხადდება ნადირობის სეზონი, ფრინველთა სახეობების ნუსხა და ლიმიტები, თუმცა ამ სიაში არ ხვდებიან გადამფრენი მტაცებლები, შესაბამისად, მათზე ნადირობა ავტომატურად ბრაკონიერობას ნიშნავს.
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა შეუძლია ყველას, ვინც 10-ლარიან საშვსა და იარაღის ფლობის დამადასტურებელ დოკუმენტს აიღებს. ნადირობა დაშვებულია სამონადირეო მეურნეობებშიც, თუმცა მათი უმრავლესობა აღმოსავლეთ საქართველოშია. კანონი ფრინველების დახოცვას კრძალავს ეროვნულ პარკებში, ნაკრძალებსა და ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში.
აჭარაში გადამფრენი ფრინველების თავშეყრის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ადგილი ჭოროხის დაჭაობებული ტერიტორიაა, რომელიც 2011 წელს აქ ნადირობის აკრძალვის მიზნით ბათუმის ადმინისტრაციული ნაწილი გახდა.
მტაცებლებზე მეტად აქაურობა ბეღურასნაირი და წყალმცურავი ფრინველების საყვარელი ადგილია.
მიუხედავად იმისა, რომ აქ ნადირობა 2011 წლიდან ოფიციალურად აიკრძალა, ჭოროხის დელტა მონადირეებსა და სახელმწიფოს შორის ჯერ კიდევ სადავო საკითხად რჩება. დაახლოებით ერთი წლის წინ, შემოდგომაზე, აჭარის მთავრობის სახლთან მონადირეთა ფედერაციამ საპროტესტო აქცია გამართა. მონადირეები სეზონის დროს ჭოროხის დელტაზე ნადირობის უფლებასა და ჯარიმების გაბათილებას ითხოვდნენ.
ბრაკონიერობის გამოვლინებაზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მუშაობს. 2017-2018 წლებში დეპარტამენტმა უკანონო ნადირობის 383 და 248 შემთხვევა დააფიქსირა.
სრული ვერსია წაიკითხეთ აგვისტოს ნომერში.
რეჟისორი – გიორგი გაფრინდაშვილი (Omedia)
ავტორები – ნათია ხულუზაური, სოფო აფციაური
ოპერატორი – ლევან ლეკიაშვილი, ნიკა პაპოშვილი, ზაქარია სონღულაშვილი
დრონის კადრები – გიორგი გაფრინდაშვილი (Omedia)
მონტაჟი – გიორგი გაფრინდაშვილი (Omedia)
მუსიკა – Fly High by Nikitaka